Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვშიშობ, ვეღარ ვიპოვი სუროგატ დედას - რას შეცვლის კანონი სუროგაციის შესახებ?


სარეკლამო ბანერი მეტროში
სარეკლამო ბანერი მეტროში

ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურეობის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

ამავე კანონპროექტის მიხედვით, კანონით დარეგულირდება სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხიც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „მხოლოდ უანგარობის პრინციპს“ დაეფუძნება. მისი თქმით, სუროგატ დედას საშუალება ექნება მიიღოს „ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს“.

ახალ კანონპროექტზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია 12 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის მსვლელობისას გაავრცელა:

„უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, ასე ვთქვათ, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება, ეს ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს, სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არსებობს ინფორმაცია, შეიძლება ერთსქესიან [ერთი და იმავე სქესის მქონე - რედ.] წყვილებს გაჰყავთ. უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს".

როგორი საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს დღეს?

ეს არ არის პირველი მცდელობა, როცა საქართველოს ხელისუფლებას ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (ინ ვიტრო) დაბადებული ბავშვების მიმართულებით არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში ცვლილებები შეაქვს.

2020 წლის აგვისტოში, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამოსცა ბრძანება და ამ ბრძანებით ცვლილება შევიდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში. ცვლილების თანახმად, ექსტრაკორპორული (რაც ინ ვიტროს ნიშნავს) გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა შეუძლია ქალსა და კაცს, თუკი ისინი იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, ერთი წელი. ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, ასევე სულ მცირე, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.

მაშინ, თეა წულუკიანმა მისი ბრძანების შინაარსი განმარტა და თქვა, რომ ამ ბრძანებით ის ცდილობდა ებრძოლა სუროგაციის გზით დაბადებული ჩვილებით ვაჭრობის საფრთხისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ:

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

„100% იმ ქალებისა, ვინც თავის სხეულში გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ ითავსებს სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან შექმნილ ემბრიონს, საქართველოს მოქალაქეები არიან. ხოლო იმ წყვილების 98%, ვინც სუროგაციის სერვისით სარგებლობს საქართველოში, არიან უცხოელები. შესაბამისად, შემოდის წესი, კვლავაც, წყვილი იქნება გაგებული, როგორც ქალი და მამაკაცი. ასევე, ახალი წესია ის, რომ ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაული და პრევენცია მოვახდინოთ, რომ საქართველოდან სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი არ გახდეს სექსუალური ექსპლუატაციის, წამების, არაადამიანური მოპყრობის საგანი და ავიცილოთ თავიდან ფიქტიური წყვილები, ვინც დანაშაულის მიზნებისთვის, სუროგაციის გზით ქმნის ბავშვს და შემდეგ გაჰყავს საქართველოს გარეთ. ამიტომ, პირველი სექტემბრიდან, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ნოტარიუსთან მისული უცხოელი წყვილი, შერეული წყვილი თუ ქართველი წყვილი, ერთი წელი მაინც უნდა ცხოვრობდეს ფაქტობრივად ერთად, რადგან სახეზე გვყავდეს არა ფიქტიური წყვილი, არამედ წყვილი, რომელსაც მართლაც სურს ბავშვის ყოლა და მისი აღზრდა. ის კომპანიები, რომლებიც მილიონებს აკეთებენ იმაში, რომ გაყინული ემბრიონები შემოიტანონ საქართველოში, შემდეგ აქ გაჩნდნენ ჩვილები და ხანდახან აქვთ ცდუნება, რომ უკანონოდ გაიყვანონ ჩვილები საზღვრებს გარეთ, მათთან და ამ ორგანიზებულ დანაშაულთან, რა თქმა უნდა, საქართველო გააგრძელებს ბრძოლას“.

როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთ ფორმას, სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან არეგულირებს კანონმდებლობა და ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მათ შორისაა, მაგალითად, კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“, ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.

რაც შეეხება სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანას, ამ პროცედურის წესებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება.

ამ ბრძანების თანახმად, თუკი ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე (საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ.

რამდენი ბავშვია დაბადებული საქართველოში სუროგაციის გზით? მათ შორის, რამდენი ბავშვი უცხოელი წყვილებისთვის? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს გასული წლის ოქტომბერში მიმართა. ჩვენი კითხვები მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამისამართეს, საიდანაც 2022 წლის 24 ოქტომბერს მოვიდა პასუხი, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ სტატისტიკას“. პირველი კითხვა კი ყველანაირი რეაგირების გარეშე დარჩა.

რას ამბობს სუროგაციისა და დონაციის სააგენტო?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედმა სუროგაციისა და დონაციის სააგენტოების წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დარგის სპეციალისტების ჩართულობით მუშაობდა სუროგაციის შესახებ ახალ კანონპროექტზე, მათთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრის 12 ივნისის განცხადება, რომელიც საქართველოში უცხოელი წყვილებისთვის სუროგაციის მომსახურების აკრძალვას შეეხებოდა.

ნათია ჯანაძე, სუროგაციისა და დონაციის სააგენტოს, „აივიეფ ტურს ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერია. სააგენტო 2014 წლიდან, კლინიკა „რეპროარტის“ ბაზაზე ფუნქციონირებს. სააგენტოს მომსახურებით სარგებლობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი წყვილები, თუმცა, უცხოელი წყვილების წილი უფრო მეტია. 9 წლის განმავლობაში, სააგენტომ სუროგაციის 1000-მდე პროგრამა განახორციელა, ანუ სუროგატი დედების დახმარებით, 1000-მდე წყვილს ეყოლა შვილი.

ნათია ჯანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის, ნორმატიული აქტები და ბრძანებები, საკმაოდ მკაცრად არეგულირებს ქვეყანაში სუროგაციასთან დაკავშირებულ იურიდიულ და კლინიკურ პროცედურებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე კლინიკებისა და სააგენტოების ინტერესებში შედიოდა ქვეყანაში სუროგაციის შესახებ კონკრეტული კანონმდებლობის არსებობა და სწორედ ამიტომ გადაწყდა სუროგაციის შესახებ კანონპროექტის შექმნაც. თუმცა, მისი თქმით, კანონპროექტში არსებული ჩანაწერი უცხოელი წყვილებისთვის მომსახურების აკრძალვის შესახებ, მათთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო:

„შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ დღეს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვით, საკმაოდ რთული დოკუმენტბრუნვა გვაქვს, რომლის მიხედვითაც, დგება ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება წყვილსა და სუროგატ დედას შორის, დასტურდება წყვილის თანაცხოვრება, რომ ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, წყვილი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა, რომ ისინი მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ ერთად. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობდით, რომ შესაძლებელი იყო კანონმდებლობის გლობალურ ჩარჩოში მოქცევა, კიდევ უფრო დახვეწა. კანონპროექტის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ ექიმები, იურისტები. ველოდით, რომ შემოდგომაზე უკვე მზად იქნებოდა კანონპროექტი, თუმცა, გუშინდელი გამოსვლა ჩვენთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. სულ სხვა რამეს ველოდით და სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით“.

ნათია ჯანაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ნახსენები ფრაზა, რომლის თანახმადაც, არსებობს ინფორმაცია, რომ „ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ“ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები საზღვარგარეთ, ვერ იქნება სიმართლე, რადგან მისი თქმით, ეს პროცესი საქართველოში დღეს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს თანახმად, მკაცრადაა დარეგულირებული:

„არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან აქვს მას. მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან მოქმედი კანონმდებლობით, სანამ წყვილი დარეგისტრირდება როგორც სუროგაციის მომსახურების მსურველი წყვილი, მოწმდება ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს ნუსხაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული. ნოტარიუსი ამოწმებს წყვილის თანაცხოვრებას, ნამდვილად სურთ თუ არა რომ ჰყავდეთ შვილი. ამის შემდეგ უკვე ჩვენ ვამოწმებთ, რომ წყვილს ნამდვილად აქვს სამედიცინო ჩვენება იმისათვის, რომ აიყვანონ სუროგატი დედა. როგორც ქართველი, ისე უცხოელი წყვილი, თანაბრად მოწმდება. რამდენიმე რგოლი ამოწმებს, რომ წყვილი, ქალი და კაცი, ნამდვილად თანაცხოვრობენ - ნოტარიუსი ამოწმებს იმ დოკუმენტების ნამდვილობას, რომელიც საზღვარგარეთიდანაა გამოგზავნილი, ამ საბუთების საფუძველზე ფორმდება ნოტარიული კონტრაქტი და როდესაც ბავშვი იბადება, საბუთები ბარდება იუსტიციის სახლში. ამის შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები უშუალოდ ამოწმებენ ნოტარიულ კონტრაქტს, მთელი რიგი დოკუმენტების ნუსხას, რათა გასცენ ბავშვის დაბადების მოწმობა. ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილის მიერ ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებული საკითხი ნამდვილად არ დგას დღის წესრიგში და ეს ნამდვილად ვერ იქნება, უცხოელი წყვილებისთვის მომსახურეობის გაწევის აკრძალვის მიზეზი“.

რაც შეეხება ახალი კანონპროექტის კიდევ ერთ მიზანს, რომელიც სუროგატი დედებისთვის გაცემული ანაზღაურების „უანგარო პრინციპს“ ეფუძნება, ნათია ჯანაძისთვის, ამ ეტაპზე, უცნობია, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, როგორ განისაზღვრება სუროგატი დედების ჰონორარი:

„სუროგატი დედა მიიღებს კომპენსაციას გაწეული შრომისთვის, დახარჯული დროისთვის, მაგრამ რა თანხა იქნება ეს, ამის თქმა არ შემიძლია. ეს უნდა იყოს ლოგიკური თანხა. თუმცა, იმის გამო, რომ უცხოელი წყვილებისთვის მომსახურების აკრძალვის ფონზე სუროგატ დედებზე მოთხოვნა შემცირდება, ამის ხარჯზე შემიძლია გითხრათ, რომ კომპენსაციის რაოდენობა დაიკლებს“.

ნათია ჯანაძე არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტის ამ სახით ამოქმედების შემთხვევაში, სააგენტოების ნაწილმა ოპერირება შეწყვიტოს.

საქართველოში მოქმედი სუროგაციისა და დონაციის სააგენტოებისგან მიღებული ინფორმაციით, მათი მომსახურებით უმეტესად, უცხოელი წყვილები სარგებლობენ. ეს მონაცემი შესაძლოა 98%-საც აღწევდეს.

საქართველოში პირველი ბავშვი სუროგაციის პროგრამით 2007 წელს დაიბადა.

დღეს საქართველო სუროგაციის მიმართ ე.წ. „მეგობრულად განწყობილ“ ქვეყნებში შედის.

საქართველოში მხოლოდ გესტაციური და ალტრუისტული სუროგაციაა დასაშვები. გესტაციური სუროგაციის დროს, სუროგატ დედას, არ აქვს გენეტიკური კავშირი ბავშვთან, კვერცხუჯრედი პოტენციურ დედას ან დონორს ეკუთვნის ან პროცედურაში გამოყენებულია პოტენციური მამის ან დონორის სპერმა.

ალტრუისტული სუროგაციისას, სუროგატი დედა უანგაროდ აჩენს ბავშვს.

სწორედ ალტრუისტური სუროგაციით, ანუ ბავშვის უანგაროდ გაჩენის საკითხი დგება დღის წესრიგში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტის მიხედვით. როგორც მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, კანონით უნდა დარეგულირდეს „უანგარობის პრინციპი“. ხოლო რას გულისხმობს მისი ეს ფრაზა, კონკრეტულად რა ფორმით იგეგმება უანგარო სუროგაციის დარეგულირება, ამაზე პასუხები ჯანდაცვის უწყებიდან არ არის.

უწყების პრეს-სამსახური მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლება და გვეუბნება, რომ კანონპროექტზე სამინისტროსთან ერთად მუშაობდნენ სფეროს წარმომადგენლები, რეპროდუქტოლოგები, ევროკავშირის ექსპერტი. „ბევრი დეტალი, მაგალითად შერეული წყვილების, ან კომპენსაციის ოდენობის ნაწილი, ეს კანონქვემდებარე აქტებით დარეგულირდება და არა ამ კანონპროექტით“.

რას ამბობენ სუროგატი დედები ახალი კანონპროექტის შესახებ?

სუროგატი დედის ანაზღაურება დღეს საქართველოში 17-დან 23 ათას დოლარამდე მერყეობს. ამ თანხაში შედის ე.წ. ორსულობის ყოველთვიური სარჩო, 300 დოლარი, რაც მთლიანი ღირებულებიდან იქვითება. იმ შემთხვევაში, თუკი სუროგატი დედა ტყუპებს გააჩენს, ის დამატებით კიდევ 2000 დოლარს აიღებს.

სუროგატ დედებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, თუკი ორსულობა წყდება 24 კვირამდე არა სუროგატი დედის მიზეზით, წყვილი ფარავს სუროგატი დედის სამედიცინო პროცედურების ხარჯს, ხოლო ქალს უხდის 500 დოლარს. იმ შემთხვევაში, თუკი ორსულობა წყდება 24 კვირიდან 32 კვირამდე, მაშინ წყვილმა სუროგატ დედას 5 500 დოლარი უნდა გადაუხადოს.

სუროგატ დედობას ქალები საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თანხმდებიან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ებრძვის. არიან მრავალშვილიანები, არ აქვთ საკუთარი საცხოვრებლები, აქვთ სხვადასხვა სახის, მათ შორის, ბანკის ვალი. არის უიშვიათესი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ქალები სუროგაციას საკუთარი სწავლის დაფინანსების გამო თანხმდებიან.

მაია 31 წლისაა. ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. ქმარს გაცილებულია. ცხოვრობს ქირით. ცდილობს რამდენიმე სამსახურში იმუშაოს, მაგრამ თვის ბოლოს მისი შემოსავალი იმდენად მწირია, რომ ბინის ქირის გადახდის შემდეგ, ფაქტობრივად, უფულოდ რჩება. სწორედ მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ მიიყვანა ის ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სააგენტოში, სადაც წყვილთან ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების თანახმად, წარმატებული ორსულობისა და ბავშვის დაბადების შემდეგ, მას დაახლოებით 18 ათასი დოლარი უნდა მიეღო. თუმცა, ორსულობა დროზე ადრე შეწყდა.

მაია ისევ გეგმავს გახდეს სუროგატი დედა. თუმცა, ამბობს, რომ უმჯობესია ეს პროცესი 2024 წლის პირველ იანვრამდე მოასწროს, სანამ ახალი კანონი შევა ძალაში, რადგან მისთვის ბუნდოვანია, რა იგულისხმება ჯანდაცვის მინისტრის ნახსენებ „უანგარობის პრინციპით“ დარეგულირებულ ანაზღაურებაში:

„ვინღა დათანხმდება სუროგატ დედობას, თუკი მეტ-ნაკლებად ადეკვატური ანაზღაურება აღარ გვექნება. ამ ნაბიჯზე ჩვენ იმიტომ მივდივართ, რომ გვიჭირს და თუ მხოლოდ მშობიარობის ხარჯებს აანაზღაურებენ, გამოდის, რომ ფაქტობრივად, უფასოდ ვთანხმდებით სუროგაციას. იმ თანხაზე, რომელიც სუროგატობის შედეგად უნდა მივიღო, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. პირველ რიგში ჩემი შვილების კეთილდღეობა. კარგი იქნებოდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, რომ სუროგატობას მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხმდებოდნენ ქალები, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ“.

ორი წლის წინ, როგორც სუროგატმა დედამ, ანაზღაურების სახით 20 ათასი დოლარი მიიღო 30 წლის ეკამ. ცოლ-ქმარი ჩინეთიდან იყო. ეკა არაერთ სუროგატ დედას იცნობს, რომლებიც სწორედ სუროგაციის გზით მიღებული ანაზღაურების შედეგად ახერხებენ საცხოვრებელი პირობების მცირედით გაუმჯობესებას.

ის ერთხელ კიდევ აპირებს სუროგატ დედობას. უნდა, საკუთარი ბინა ჰქონდეს, მაგრამ ახლა შიშობს, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, ამას ვეღარ მოახერხებს:

„სამი შვილი მყავს. მქონდა ბანკის ვალები, ბინა დაყადაღებული. იმ თანხის ნაწილით, რაც ჩინელმა წყვილმა გადამიხადა, ვალები დავფარე, ნაწილი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისევ და ისევ ბავშვებს მოვახმარე. გუშინ გავიგე, სუროგატობისთვის ანაზღაურების პრინციპი იცვლებაო. ჩემს გარშემო, ქალები, მხოლოდ იმიტომ თანხმდებიან სუროგაციას, რომ მათ ფული სჭირდება, თორე ვის უხარია ცხრა თვე ორსულობა, თან მაშინ, როცა შენი სამი და ოთხი შვილი უკვე გაჩენილი გყავს? იმ ქალებისთვის, ვინც სუროგატი დედის სტანდარტს აკმაყოფილებს, სუროგაცია არის ერთადერთი შანსი, რომ შედარებით ნორმალური თანხა გამოიმუშავონ მცირე დროში. ამ თანხას ვერც კონსულტანტად მუშაობით გამოიმუშავებ, ვერც სილამაზის სალონში მუშაობით, ვერც დამლაგებლობით. გგონიათ, გვიხარია და იმიტომ ვთანხმდებით სუროგატ დედობას? გვიჭირს და იმიტომ ვდგამთ ამ ნაბიჯს, რომ სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ შვილებს“.

გაჩნდება თუ არა სუროგატი დედის პოვნის პრობლემა ქართველი წყვილებისთვის?

35 წლის სალომემ ნახევარი წლის წინ შეიტყო, რომ მას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა აქვს, რომელიც ორსულობის შენარჩუნებას უშლის ხელს. რამდენიმე რეპროდუქტულოგთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ შვილი სუროგატი დედის დახმარებით გაეჩინა. ეს წინადადება თავად შესთავაზა ექიმს:

„სხვათაშორის, გაუკვირდა, ქართველ წყვილებს არც კი ვთავაზობთ ამ გზით შვილის გაჩენას, რადგან ამის ფინანსური შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არ აქვთო“, - მეუბნება სალომე და აგრძელებს: „ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ რეპროდუქტოლოგებთან ვიზიტისას, რიგში უმეტესად უცხოელი წყვილები იდგნენ ხოლმე“.

სალომეს ქმარი შვედია. ახლა ქალს ორი კითხვა აქვს - ცოლ-ქმარს, როგორც შერეულ წყვილს, მიეცემა თუ არა საქართველოში სუროგაციის გზით შვილის გაჩენისა და შემდეგ, მისი საზღვარგარეთ გაყვანის უფლება და მეორე, მოახერხებს თუ არა „უანგარო“ სუროგატი დედის პოვნას:

„გუშინ შევიტყვე ეს ინფორმაცია და არაერთი კითხვა გამიჩნდა, რაზეც, სამწუხაროდ, მიუხედავად მცდელობისა, პასუხები ვერ მოვიძიე. დავრეკე ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზეც, სადაც არ ჰქონდათ პასუხები. ითქვა, რომ ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ნებადართული. ჩემი ქმარი შვედია, შვედეთის მოქალაქე, მე ქართველი ვარ, საქართველოს მოქალაქე, თუმცა უნდა მივიღო შვედეთის რეზიდენტობა, რომ იქ შევძლო ოჯახთან ერთად ცხოვრება. ასეთ შემთხვევაში, რა ხდება? რა იქნება შერეული ოჯახების შემთხვევაში? სწორედ ახლა ვიკეთებ სტიმულაციას, რომ ჩემი და ჩემი ქმრის ბიოლოგიური ნიმუშებით ემბრიონი შეიქმნას. ვგეგმავდით, რომ ემბრიონი გაგვეყინა და 2024 წელს, სუროგატი დედის დახმარებით გაგვეჩინა შვილი. ახლა, გამოდის, რომ უნდა ვიჩქაროთ და სასწრაფოდ ვიპოვოთ სუროგატი დედა, რომ 2024 წლის პირველ იანვრამდე დადგეს ორსულობა. სკანდინავიის ქვეყნებში, შვედეთში, საიდანაც ჩემი მეუღლეა, არ არის დაშვებული სუროგაცია, ამიტომ რაკი საქართველოში გვქონდა ამის საშუალება, გვინდოდა, რომ ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა, მაგრამ ახლა არ ვიცით, რა და როგორ იქნება“.

რაც შეეხება სუროგატი დედების ანაზღაურების საკითხს, სალომე თვლის, რომ სუროგატი დედის პოვნა შესაძლოა ამ ცვლილებამაც გაართულოს:

„არ ვიცი, ეს საკითხი როგორ უნდა დარეგულირდეს, მაგრამ ალბათ კანონში არ უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც სუროგატ დედებს აუკრძალავს თანხის მიღებას და მაინც იქნება წყვილსა და სუროგატ დედას შორის მოლაპარაკების შესაძლებლობა. ვფიქრობ, თავად სააგენტოებიც შეწყვეტენ ფუნქციონირებას, რადგან ვეღარც ისინი მიიღებენ მათთვის განკუთვნილ ჰონორარს. გამოდის, რომ ჩვენ თავად უნდა ვიპოვოთ სუროგატი დედები, რაც გამორიცხულია. თუკი კანონპროექტის ლოგიკა ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუწყონ ხელი, მაშინ ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მხოლოდ უანგარობის პრინციპით მოხდება მომსახურების გაწევა, აბსურდულია. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ქალები, ვინც სუროგაციას თანხმდებიან, სოციალურად გაჭირვებულები არიან და მათ უკიდურესად სჭირდება ეს თანხა“.

ქალების ნაწილი, რომლებიც სუროგატი დედების გზით ცდილობენ შვილის გაჩენას, ფიქრობენ, რომ ახალი კანონპროექტი მათ დაეხმარება უფრო „იაფად“ შეძლონ სუროგატი დედების პოვნა. ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ მალე გავრცელდა სოციალური ქსელის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში, სადაც ჯგუფის წევრების მცირე ნაწილი თვლის, რომ მთავრობის ინიციატივა ქართველი წყვილებს მეტ შანსს აძლევს გახდნენ მშობლები:

„სუროგაცია საქართველოში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის იქნება დაშვებულიო და მალე მიიღება კანონი. ესაა მთავრობის ახალი ინიციატივა, ანუ ასეთი დიდი ფასები აღარ იქნება მგონი და საქართველოში ქართველ წყვილებსაც ეშველებათ“.

„როცა უცხოელი არ იქნება და ქართველი მეტს ვერ გადაიხდის, დაუწევენ ფასებს. რაც უცხოელი ხალხი დაინტერესდა საქართველოში დონაციით და სუროგაციით, მას მერე გაიზარდა ფასები და ქართველ წყვილებს ზედაც არ უყურებენ არც ექიმები და არც სუროგატები. მათხოვრებად აღგიქვამენ“.

სკეპტიკურად უყურებენ ამ პერსპექტივას ჯგუფის სხვა წევრები:

„გამოდის, რომ უცხოელი, თუ საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, ვერ გაიკეთებს და ქართველებს რა ამით? ქართველ წყვილებს უფრო გაუძვირებენ, ასე მგონია, უცხოელები რომ აღარ ეყოლებათ“.

დახურული ჯგუფის მომხმარებელთა ნაწილი სუროგატი დედების პერსპექტივიდან უყურებს ახალ კანონპროექტს:

„სუროგატებზეც რომ იფიქროთ შეიძლება? ტყულად არავინ გაიკეთებს და არც დაბალ ფასს არ დათანხმდებიან ქალები, ასე მგონია. მაშინ სახელმწიფომაც შესაბამისად უნდა დააკმაყოფილოს სუროგატი. სიცოცხლეს სასწორზე დებენ ქალები ფულის გამო. დიახ, ყველა ფულის გამო აკეთებს სუროგაციას, ეს ხომ ახალი ამბავი არ არის“.

იაფი სუროგაციის პროგრამებია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უცხოელი წყვილები სუროგატ დედებს საქართველოში ეძებენ. მაგალითად აშშ-ის ზოგიერთ შტატში, სუროგაცია დაახლოებით 150 000 - 200 000 დოლარი ჯდება, 10-ჯერ ძვირი ვიდრე საქართველოში. ამ თანხაში შედის როგორც სუროგატი დედის კომპენსაცია, ისე სააგენტოს მომსახურების, სუროგაციისთვის მზადებისა და იურიდიული საკითხებისთვის აუცილებელი ხარჯები.

საქართველოში სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აშშ-დან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი ქვეყანა გახდა სუროგაციისთვის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, რომელსაც ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.

2022 წლის მონაცემებით, სუროგაცია დაშვებულია სულ რამდენიმე ქვეყანაში:

ავსტრალია, საქართველო, კანადა, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ლაოსი, კოლუმბია, აშშ-ის რამდენიმე შტატი და ინდოეთი.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაუგზავნიან.

გასულ წელს მსგავსი კანონპროექტის მიღების ინიციატივა იყო რუსეთის პარლამენტშიც. 2022 წლის ნოემბერში, პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რუსეთი მიიღებს კანონს, რომელიც უცხოელებს აუკრძალავს რუსეთში სუროგატი დედების მომსახურების მიღებას:

"ბავშვების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, უცხოელებისთვის სუროგაციის მომსახურების გამოყენების აკრძალვით", - წერდა ვოლოდინი ტელეგრამით. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სუროგატი დედების მიერ გაჩენილი 45000-მდე ბავშვი წაიყვანეს უცხოეთში.

* სუროგატი დედებისა და დედის სახელი, რომელსაც სურს სუროგაციის გზით შვილის გაჩენა, ანონიმურობის დაცვის მიზნით შეცვლილია.

XS
SM
MD
LG