Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამნაშავეებს, რომლებიც ბავშვებზე სქესობრივად ონლაინ ძალადობენ, პედოფილიის რეესტრში შეიყვანენ


ელექტრონულ რეესტრში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულში მხილებულებს აღნუსხავენ
ელექტრონულ რეესტრში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულში მხილებულებს აღნუსხავენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის გასამართლებულთა რეესტრის შექმნას გეგმავს.

ამ რეესტრში უნდა აღირიცხონ ის მსჯავრდებულები, რომლებმაც ბავშვების მიმართ სქესობრივი დანაშაულები ჩაიდინეს, მათ შორის, შანტაჟითა და მუქარით მოიპოვეს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და გაავრცელეს ისინი ინტერნეტში.

ელექტრონულ რეესტრში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულში მხილებულებს აღნუსხავენ და მათ დიდი ხნით ჩამოართმევენ კანონით მინიჭებულ უფლებებს.

ეს არ იქნება პირველი რეესტრი, რომელიც სქესობრივ დანაშაულებში მსჯავრდებულებს აღრიცხავს. უკვე ოთხი წელია, 2020 წლიდან, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია იმ მსჯავრდებულთა სპეციალური ბაზა, რომლებსაც მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო ჩამორთმეული აქვთ უფლებები.

2020 წლის მონაცემებით, რომელიც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 2021 წელს გამოითხოვა, რეესტრში იყო სქესობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული 1828 ადამიანი - 207 ქალი და 1621 კაცი.

ინფორმაცია ბაზაში დაცულთა რაოდენობის შესახებ საჯარო არ არის, ეს მონაცემი გამოთხოვის გარეშე არ ქვეყნდება.

რატომ გადაწყდა ცალკე რეესტრის შექმნა?

2020 წელს, როდესაც „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონი ამოქმედდა და რეესტრის შექმნა გადაწყდა, იქ სქესობრივი ხასიათის დანაშაულის რამდენიმე მუხლით გასამართლებულები შეიყვანეს, მათ შორის - გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების, პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმის, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის მუხლებით გასამართლებული მსჯავრდებულები.

თუმცა, ეს კანონი და რეესტრი არ ფარავს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

ამ მუხლით ჩადენილ დანაშაულებს 2022 წლის პირველი მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მესამე სამმართველო იძიებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბაზაზე, ცალკე, დამოუკიდებელი რეესტრის შექმნა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფამ, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი, ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალის უკანონოდ მოპოვებამ, გამოძალვამ და მუქარამ ბოლო წლებია ინტერნეტში გადაინაცვლა.

ლევან ქუთათელაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
ლევან ქუთათელაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი

„არის შემთხვევები, და არცთუ მცირე, როდესაც დაზარალებულები არასრულწლოვნები, მცირეწლოვნები არიან. შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა, რომ კანონმა ეს მუხლიც დაფაროს, რათა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გასამართლებული პირები, რომლებმაც დანაშაული დამამძიმებელ გარემოებებში ჩაიდინეს, დაექვემდებარონ სპეციალურ მონიტორინგს.

რეესტრის ამუშავების მიზანია ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ინტერნეტსივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევების მაქსიმალურად თავიდან აცილება“, - გვეუბნება ლევან ქუთათელაძე, პეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.

რა უფლებებს შეუზღუდავს კანონი რეესტრში მოხვედრილებს?

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ამ ადამიანებს შეეზღუდებათ:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის უფლება;
  • არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არა უმეტეს 30 მეტრის რადიუსში ყოფნის უფლება;
  • არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრება;
  • ტრანსპორტით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება.

მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ეს უფლებები მსჯავრდებულს შეეზღუდებათ 5, 10 თუ 15 წლით.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის დანაშაულებისათვის მსჯავრდებულები მონიტორინგის ქვეშ დარჩნენ.

ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ რეესტრში მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში უნდა მოხვდნენ ადამიანები, მაგალითად, როდესაც დანაშაული ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, 14 წლამდე მიუღწეველი პირის მიმართ ან თუკი სახეზეა დაზარალებულის გარდაცვალება ან სხვა დამამძიმებელი გარემოება.

არცერთი ეს დამამძიმებელი გარემოება, დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის კოდექსში ასახული არ არის. შესაბამისად, გვინდა, რომ, ერთი მხრივ, 157-ე პრიმა მუხლს დაემატოს დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო, მეორე მხრივ, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი გავრცელდეს ამ მუხლზეც“, - ამბობს ლევან ქუთათელაძე.

მისივე თქმით, ახლა, მოსამზადებელ ეტაპზე, იმართება შეხვედრები კრიმინოლოგებსა და დარგის ექსპერტებთან და მუშავდება პედოფილიასა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები.

ლევან ქუთათელაძე იმასაც ამბობს, რომ ცნობადობის ამაღლების მიზნით, უწყების თანამშრომლები აგრძელებენ შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, პედაგოგებსა და მანდატურებთან.

სქესობრივ მოძალადეთა ღია და დახურული ბაზები

იურისტი და უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი, ერთ-ერთია იმ სპეციალისტებს შორის, რომელიც 2020 წელს, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონზე მუშაობდა. მაშინ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომელი იყო.

როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, კანონის შექმნის პროცესში, კოლეგები ბევრს მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო სპეციალური რეესტრის შექმნის მთავარი მიზანი.

დღეს ამბობს, რომ მხოლოდ რეესტრის წარმოება, დანაშაულის პრევენციას ვერ უზრუნველყოფს და აუცილებელია საზოგადოების, მათ შორის, მოზარდების ცნობიერების ამაღლება:

გოგა ხატიაშვილი
გოგა ხატიაშვილი

„პირადად მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის რეესტრი და მონიტორინგი, უფრო მეტად ორიენტირებულია იმაზე, რომ ადამიანი, რომელმაც განმეორებითი სექსუალური ძალადობა ჩაიდინა, შედარებით მარტივად იქნეს იდენტიფიცირებული და დროულად მოხდეს მისი პასუხისგებაში მიცემა. მე უფრო ასე ვუყურებ ამ საკითხს.

ყველა ნაბიჯი, რომელიც დანაშაულის პრევენციისკენ არის მიმართული, მისასალმებელია, თუმცა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე, სქესობრივი განათლების ხელშეწყობაზე. მსგავსი ცოდნით შეიარაღებულ საზოგადოებას, დაცვის უფრო მეტი მექანიზმი აქვს“.

გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ოთხი წლის წინ, სქესობრივ დამნაშავეთა რეესტრის შექმნის პროცესში, სპეციალისტები მსჯელობდნენ იმაზეც, ხომ არ უნდა ყოფილიყო რეესტრი საჯარო, ისევე, როგორც, მაგალითად, ამერიკის ზოგიერთ შტატში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს სხვადასხვა საგამოძიებო უწყების ბაზაზე შექმნილი ოფიციალური საიტები, სადაც ინახება ინფორმაცია სქესობრივ ძალადობაში მსჯავრდებულთა შესახებ. გარდა საცხოვრებელი მისამართებისა, საიტებზე იძებნება მსჯავრდებულების ფოტოები, ვინაობა, დაბადების თარიღები, ინფორმაცია იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც მათ ჩაიდინეს.

სქესობრივ ძალადობაში მსჯავრდებული პირის შესახებ დაცული ინფორმაცია sexoffender.dc.gov-ზე. ფოტო და პირადი მონაცემები დაფარულია რადიო თავისუფლების მიერ
სქესობრივ ძალადობაში მსჯავრდებული პირის შესახებ დაცული ინფორმაცია sexoffender.dc.gov-ზე. ფოტო და პირადი მონაცემები დაფარულია რადიო თავისუფლების მიერ

ამავე საიტებზე ხაზგასმითაა მითითებული, რომ ამ ინფორმაციის ბოროტად გამოყენება, სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული პირების, მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა, დაშინება, შევიწროება, მათი კუთვნილი ქონების დაზიანება, დაუშვებელია და დასჯადია:

„ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც საქართველოში უარი ითქვა რეესტრის საჯაროობაზე, იყო ის საზოგადოებრივი განწყობები, რომელიც ამ ტიპის დანაშაულების მიმართ აქვთ ადამიანებს. არსებობდა ახალი დანაშაულის პროვოცირების, ადამიანებს შორის კონფლიქტის გაჩენის მაღალი რისკი და ამის გამო იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ბაზა იყოს დახურული“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

ამერიკული პრაქტიკა სქესობრივი მოძალადეების ღია ბაზების არსებობის შესახებ, არაერთხელ გაუკრიტიკებია სხვადასხვა უფლებადამცველ ორგანიზაციას. მათ შორის, Human Rights Watch-ი თავის ანგარიშში წერდა, რომ „ამგვარი ღია ბაზები ნაკლებად დაიცავს ბავშვებს სქესობრივი დანაშაულისგან და ის წაახალისებს ძალადობას ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ“. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ამით ირღვევა ყოფილი მსჯავრდებულების ფუნდამენტური უფლებები.

მართალია, დიდ ბრიტანეთში არ არსებობს ოფიციალური, მთავრობის მიერ შექმნილი ღია რეესტრი სქესობრივ ძალადობაში მსჯავრდებულთა შესახებ, თუმცა, იქ მოქმედებს ე.წ. სარას კანონი (Sarah's Law), რომლის თანახმადაც, მშობელს, მეურვეს, უფლება აქვს მიმართოს პოლიციას კონკრეტული ადამიანის შესახებ, რომელსაც მის არასრულწლოვან ოჯახის წევრთან აქვს კომუნიკაცია და მიიღოს ინფორმაცია, ხომ არ აქვს მას წარსულში ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაული.

„სარას კანონი“ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც 2000 წელს, დასავლეთ სასექსში აღმოაჩინეს 8 წლის სარა პეინის ცხედარი, რომელიც მკვლელობამდე გააუპატიურეს. სარა პეინი გააუპატიურა და მოკლა კაცმა, რომელსაც მანამდეც ჰქონდა ჩადენილი სქესობრივი დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ.

სქესობრივ დამნაშავეთა ბაზებს აწარმოებენ კანადა, ავსტრალია, ირლანდია, ინდოეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, თუმცა, ამ ბაზებზე წვდომის უფლება მხოლოდ შესაბამის ორგანოებსა და საგამოძიებო უწყებებს აქვთ.

როცა ბავშვს არ სურს, დედ-მამას გაანდოს თავისი ამბავი

ერთ-ერთი ბოლო ცნობა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბავშვების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 32 წლის კაცმა შექმნა ყალბი „ფეისბუკ“- და „ინსტაგრამ“- ანგარიშები, საიდანაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10-დან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგოს. ეცნობოდა მათ როგორც თანატოლი, მოიპოვებდა ნდობას და შემდეგ აიძულებდა ინტიმური ფოტოსურათების და ვიდეოების გაგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა ოჯახის წევრების დახოცვით და აშანტაჟებდა, რომ მეგობრებსა და ნათესავებთან გაავრცელებდა მათ შიშველ ფოტოებს.

ბრალდებული არასრულწლოვნებს აიძულებდა მათი სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედებასა და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევას, ამ მოქმედებების ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალის გადაღებას და მასთან გადაგზავნას.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ერთ-ერთმა დაზარალებულმა მიმართა. გამოძიების დაწყებისა და დამნაშავის იდენტიფიცირების შემდეგ კი გაირკვა, რომ 32 წლის კაცი კიდევ შვიდ სხვა არასრულწლოვანს აიძულებდა იმავეს.

„გვაქვს არაერთი ფაქტი, როდესაც ისე მოდის ჩვენთან არასრულწლოვანი, რომ მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იციან. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ისე დაიწყოს და დასრულდეს გამოძიება, რომ თუ ბავშვის სურვილი არ არის, მშობელმა ვერ შეიტყოს ამის შესახებ და სამართალწარმოება წარიმართოს მათი ჩართულობის გარეშე. ჩვენ ასეთი შემთხვევები გვაქვს და უნდა გვქონდეს კიდეც, რომ ყველა ბავშვი მაქსიმალურად იყოს დაცული, ერთი მხრივ, იმისგან, რომ ეს ინფორმაცია, მისი სურვილის შემთხვევაში, არ მივიდეს ოჯახის წევრების ყურამდე და, მეორე მხრივ, დაისაჯოს დამნაშავე“, - ამბობს ლევან ქუთათელაძე.

*პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე გემუქრებათ ინტიმური შინაარსის მიმოწერის, ფოტო-ვიდეოკადრების გავრცელებით, შეგიძლიათ დარეკოთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელი ხაზის ნომერზე - 199.

ფორუმი

XS
SM
MD
LG