Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის გამოაბრუნებენ ევროკავშირიდან?


9 მაისს გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს საქართველოს 68 მოქალაქე, რომლებსაც აღარ ჰქონდათ ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩენისა და ცხოვრების უფლება. მათი რეადმისია განხორციელდა გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეთა დასაბრუნებლად დიუსელდორფ-თბილისის სპეციალური ჩარტერული ავიარეისი დაინიშნა, გერმანიის ფედერალურ პოლიციასა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსთან“ კოორდინაციით. ბოლო თვეებში საქართველოში უკვე რამდენიმე ნაკადად დააბრუნეს საქართველოს ათობით მოქალაქე. პროცესი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებმა და, უპირატესად, გერმანიამ მწვავე უკმაყოფილება გამოხატა საქართველოდან ლტოლვილის სტატუსის მომთხოვნ პირთა რიცხვის ზრდის გამო, რაც ორგანიზებული დანაშაულის რისკების ზრდასაც უკავშირდება. გაჩნდა საფრთხე, რომ, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებით, საქართველოს მოქალაქეებს დაეკარგათ უვიზო მიმოსვლის სიკეთე.

იძულებით დაგაბრუნებენ, თუკი უკანონო სტუმარი იქნებით

რეადმისიის პროცედურების გავლით, საქართველოში იძულებითი დაბრუნება გემუქრებათ იმ შემთხვევებში, თუკი თქვენ ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებთ ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ანდა ცხოვრების მოთხოვნებს. კერძოდ, ეს მოხდება, მაგალითად, მაშინ, თუკი თქვენ დაარღვევთ სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმებით დადგენილ ვადებს (ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის უფლება გათვლილია 90 დღეზე ყოველი 180 დღის განმავლობაში). ასევე თქვენ იძულებითი დაბრუნება გემუქრებათ იმ შემთხვევაში, თუკი უარს გეტყვიან თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადზე, მაგრამ საკუთარი ნებით არ დატოვებთ ევროკავშირის/შენგენის ზონის კონკრეტულ ქვეყანას. რეადმისიის პროცედურები განსაზღვრულია „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. რეადმისია უსაფრთხო და მოწესრიგებულ დაბრუნებას გულისხმობს. რეადმისია შეეხებათ პირებს, რომლებსაც არა აქვთ ჩადენილი დანაშაული. რეადმისია განსხვავდება დეპორტაციისგან, რაც გამოძევებას გულისხმობს.

ლტოლვილის სტატუსის მიღების საფუძველია, თუკი გდევნიან

ლტოლვილის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც არის დევნის მსხვერპლი პოლიტიკური შეხედულებების გამო ანდა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების გამო. პირს, რომელიც ითხოვს ლტოლვილის სტატუსს, უნდა ჰქონდეს საფუძვლიანი, დასაბუთებული შიში, რომ წარმომავლობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში არ იქნება დაცული მისი უფლებები და გაგრძელდება მისი შევიწროება. ლტოლვილის სტატუსის მიღების საფუძველი განისაზღვრება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” გაეროს 1951 წლის კონვენციის მიხედვით.

ლტოლვილის სტატუსს ვერ მიიღებთ სიღარიბის გამო

ლტოლვილის სტატუსის მისაღებად არ გამოგადგებათ ისეთი მიზეზები, როგორიც არის, მაგალითად, უმუშევრობა ან სხვა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. არადა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ხშირად სწორედ ამ მიზეზებით ტოვებენ ადამიანები საკუთარ ქვეყანას და ითხოვენ თავშესაფარს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში. განაცხადების უმრავლესობაზე საქართველოს მოქალაქეები უარყოფით პასუხს იღებენ. შედეგად, სტატუსზე უარის მიმღებ პირებს ნებაყოფლობით, რეადმისიის პროცედურების გავლით ანდა დეპორტაციის გზით, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევთ სამშობლოში დაბრუნება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გირჩევთ, არ გასწიოთ რისკი, რადგანაც ლტოლვილის სტატუსის უშედეგო ძიების პროცესში შესაძლოა არსებული ქონებაც დაკარგოთ და კიდევ უფრო გაღარიბდეთ.

ლტოლვილის სტატუსის მიღება რთული ან ძალიან რთულია

ლტოლვილის სტატუსის მიღება განსაკუთრებით რთულია იმ ქვეყნებში, რომლებმაც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, ისლანდია, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი. ამ ქვეყნებში ჩაითვალა, რომ საქართველოში სახიფათო მასშტაბით არ ირღვევა ადამიანის უფლებები და არ იდევნებიან ადამიანები. შესაბამისად, ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის განაცხადი ამ ქვეყნებში მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში (რამდენიმე დღე ან კვირა) განიხილება და დადებითი პასუხის ალბათობა მინიმალურია. თუმცა, ზოგადად, ევროკავშირის/შენგენის ზონის ყველა ქვეყანა მეტ-ნაკლებად ცდილობს, რომ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეამცირონ განაცხადის განხილვის ვადები, რაც ამჟამად რამდენიმე თვეს გულისხმობს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG