„ლელოში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხაზარაძის გამონათქვამი წლების წინ, „ქართული ოცნების“ კოალიციის შექმნისას, ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვების [„შუა უნდა გაიკრიფოს!“] „ოპოზიტია“, მაგრამ სხვა პარტიებთან გაერთიანების სურვილს არ ასახავს.
პარალელურად, ოპოზიციურ პარტიებს ერთობას სთავაზობს პატიმარი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ამ ეტაპზე ერთობის საკითხი საკამათოა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაშიც.
ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დიდ ნაწილს ერთიანობის იდეა არ მოსწონს.
შუა უნდა შეიკრიბოს?
ვინ უნდა შეიკრიბოს? რის გარშემო უნდა შეიკრიბოს? - ვეკითხებით „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს, რომელიც გვიხსნის, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებული სლოგანი - „ბიძინა ივანიშვილის გამოთქმის პირდაპირი ოპოზიტი“ - უპირატესად „მიმართულია არა პოლიტიკური პარტიებისკენ, არამედ საზოგადოებისკენ“ და არ წარმოადგენს სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანების მოწოდებას.
„ეს მესიჯი გაგზავნილია იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ალტერნატივის გაჩენა... "ლელო" საკუთარ თავს სწორედ შუას ნაწილად მოიაზრებს, რომელსაც არც "ქართული ოცნების" აწმყო მოსწონს - მისი პრორუსული გადაწყვეტილებებით და არც "ნაციონალური მოძრაობის" წარსული და შეცდომები მოსწონს... შუა უნდა შეივსოს მრავალფეროვნებით და არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ორი პოლუსი ჩანაცვლდეს სამი პოლუსით... საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არჩევნის მრავალფეროვნება“, - ირაკლი კუპრაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ლელო“ გაერთიანებას არ გეგმავს და ამ ეტაპზე არ ელაპარაკება არცერთ სხვა პოლიტიკურ ძალას; ხოლო უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდისთვის, სხვა პარტებთან ურთიერთობა არა თანამშრომლობის, არამედ კოორდინაციის რეჟიმში წარმოუდგენია, იქნება ეს ამომრჩევლების უფლებების დაცვა, ხმების დაცვა თუ სხვა.
„ლელოს“ გენერალური მდივანი განმარტავს, რომ ამ ტიპის კოორდინირება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალასთან.
და „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“? პასუხია - კი, თუმცა „არა რაიმე ფორმით გაერთიანების კუთხით“.
და 5%-იანი საარჩევნო ბარიერი? მოახერხებს „ლელო“ ამ მაღალი ბარიერის დაძლევას, რომლის შემცირებაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა? ირაკლი კუპრაძე გვეუბნება, რომ „ლელოს“ ამ მხრივ პრობლემა არც ამ ეტაპზე აქვს და არც მომავალში ექნება.
ბოლო კვლევებს თუ გადავხედავთ, საქართველოს მომავალი პარლამენტი, სავარაუდოდ, ორპარტიული იქნება - „ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა 5%-იანი ბარიერის გადალახვასთან ყველაზე ახლოს დგას გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. 2024 წლის არჩევნებზე, ამ დროისთვის, დამოუკიდებლად აპირებენ გასვლას და როგორც გვეუბნებიან - უცვლელია მიზანიც - რომ 50% ვერ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობას - პარტია „საქართველოსთვის“ ოპოზიციური ძალების გაძლიერებასა და დამოუკიდებლად მოქმედებაში ხედავს.
„შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენი პარტია მომავალ არჩევნებზე წარმოდგენილი იქნება სრულიად დამოუკიდებელი სუბიექტის სახით... ბარიერის პრობლემა არ იქნება არანაირი პრობლემა. მთავარია ქართველი ხალხი რას გადაწყვეტს და რასაც გადაწყვეტს, ამას "ქართული ოცნება" ძალიან კარგად გამოცდის საკუთარ თავზე, ისევე, როგორც ეს 2012 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოსცადა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, ბერდია სიჭინავა.
სააკაშვილის მოწოდება - მაქსიმალურად ფართო ერთობა
პარალელურად, ერთობაზე ლაპარაკობს პატიმარი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, „ვივამედიდან“ გამოგზანილ მორიგ წერილში, რომელიც მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
„ახლაც ჩემს ფუნქციად ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას და ვისთანაც ამ ეტაპზე გაერთიანება ვერ ხერხდება, მათთან მოგვიანებით მისასვლელი გზის დატოვებას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
„ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც“, - ექსპრეზიდენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი, ლაპარაკობს „იდეურ ერთობაზე“ და ასეთი ერთობის შესაძლებლობას იაგო ხვიჩიას „გირჩთანაც“ ხედავს, მაგალითად - „ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის“ თემებთან და ასევე საყოველთაო ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით.
„გირჩი“ წინააღმდეგი არ არის, რომ მისთვის საინტერესო საკითხებზე „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ იმუშაოს, მაგრამ გაერთიანება არავისთან სურს.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ უთხრა ჟურნალისტებს, ბარიერის გადასალახად გაერთიანებას არავისთან გეგმავენ და მომავალი ურთიერთობების გაბმა „ბარიერგადალახულების“ რანგში ურჩევნიათ.
„არ გვჭირდება ვინმესთან გავერთიანდეთ ბარიერის გადასალახად... "გირჩი“ რომ "ნაცმოძრაობაში" ან "ლელოში" შევა, ამას საერთოდ არ განვიხილავთ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთ პარტიასთან უკვე შექმნა ერთობა - ეს „სტრატეგია აღმაშენებელია“. სააკაშვილს, თავის წერილში, გიორგი ვაშაძის მაგალითი მოჰყავს იმის დასტურად, რომ წარსულის უთანხმოებებს პოლიტიკოსებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ.
პარალელურად, „ერთობა“ დარღვეულია თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ და პარტია ურჩების ჩამოშორებას ცდილობს.
პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და მისი მომხრეები ღია დაპირისპირებაში არიან პარტიის ხელმძღვანელობასთან, მას შემდეგ, რაც თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილმა დაიკავა.
მელია ღიად ლაპარაკობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალურ მმართველობაზე.
„ერთობის საკითხი არ დადგებოდა, რომ არ დაერღვიათ ერთობა, შესაბამისად, მენეჯმენტმა თვალი უნდა გაუსწოროს მათ მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებს. თუ შეცდომა არ აღიარე, შეცდომას ვერ გამოასწორებ, თუ კრიზისს არ აღიარებ, კრიზისს ვერ გადალახავ“, - დაწერა მელიამ ფეისბუკზე, 20 ნოემბერს.
22 ნოემბერს გამოქვეყნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის 11-პუნქტიანი მანიფესტი, რომელიც პარტიის პრინციპებს, გეგმებს ასახავს და ტექსტში მითითებულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით, ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად“.
მანიფესტზე ხელმოწერა პარტიის ყველა წევრს მოეთხოვება.
დოკუმენტი მთავრდება შემდეგი სიტყვებით: „ამ მანიფესტზე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება შიდაპარტიული ერთიანობისა და ძალების კონსოლიდაციისკენ“.
პარტიაში აცხადებენ, რომ ვინც გააგრძელებს დაპირისპირების კამპანიას და პარტიისთვის გარედან დარტყმას, ის პარტიის მიღმა დარჩება.
ბევრი მოელის, რომ ეს პროცესი ნიკა მელიასა და მისი მომხრეების გამიჯვნით დასრულდება.
ნიკა მელიამ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიაში ერთობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ათობით ათასი ადამიანის აზრის გათვალისწინებით, რომლებიც, 9 ნოემბრის შემდეგ, საერთო განცხადებას აწერენ ხელს. „უარი უთხარით არაფორმალურ მმართველობას, გააღეთ პარტიის კარი; - არა იმისთვის, რომ ხალხი წავიდეს, არამედ იმისთვის, რომ თანამებრძოლები დაბრუნდნენ და ახლები მოვიდნენ მოძრაობაში“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ნიკა მელია ლობირებს და ამ დროისთვის 40 700-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
რას ფიქრობენ სხვა პოლიტიკური ძალები?
კვლავ უცვლელი პოზიცია აქვს „ევროპულ საქართველოს“. ეს ოპოზიციური პარტია არც ერთობაზე ფიქრობს და ვერც აზრს ხედავს.
პარტიის პოზიციაა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი მხარდამჭერების გაზრდაზე უნდა იზრუნოს და როგორც აცხადებს, ახლა სწორედ ხალხთან კომუნიკაციით არის დაკავებული.
„ეს რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ შინაარსზე ფოკუსირებითა და მოქალაქეებთან პირდაპირი კონტაქტით, რასაც "ევროპული საქართველო" აკეთებს. ეს ვერ მოხდება ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და მუდმივად იმაზე სპეკულირებით, თუ ვინ ვისთან გაერთიანდება“, - უთხრა ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, რომლის შეფასებითაც „პუტინისტური სულისკვეთების ივანიშვილის რეჟიმი“ „გაერთიანებაზე მუდმივი სპეკულირებით“ ვერ შეიცვლება.
საქმიანობას ერთიანი ფრონტით განაგრძობს ზურა ჯაფარიძის „გირჩისა“ და ელენე ხოშტარიას „დროას“ წყვილი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ერთად იყრის კენჭს. სამეული წყვილად მას შემდეგ იქცა, რაც მათგან გამოთიშული „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმას შეუერთდა.
როდესაც გაერთიანება გამოცხადდა, „გირჩი - მეტი თავისუფლებაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „დროა“ და „გირჩი“ დაიღალნენ პარტიების გაერთიანების მოწოდებებით და ამიტომ საკუთარი, „თვითკმარი, ამბიციური“ გაერთიანება შექმნეს. ასევე განმარტეს, რომ საერთო ქოლგის ქვეშ დგომა გამოირიცხება გიორგი გახარიას პარტიასთან - „საქართველოსთვის“ და ასევე - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ტანდემთან.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თუკი 5%-იანი ბარიერის პირობებში მცირე პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, ეს „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს.
გოცირიძის პოზიციაა, რომ გაგრძელდეს ბრძოლა ბარიერის დასაწევად, ანდა შეიქმნას ოპოზიციური ერთობა, სადაც არ იქნებიან - „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“, რომლებსაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ.
კანონმდებლობის თანახმად, 2024 წლის არჩევნებისთვის პარტიებს ბლოკებად გაერთიანება ეკრძალებათ და ალტერნატივად მათ შერწყმა ან გაერთიანება რჩებათ, მათ შორის - სახელის მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობის სანაცვლოდ.