Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის და ენმ-ის მანიფესტი: სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას


არქივის ფოტო: საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე, თბილისი. 8 ნოემბერი, 2021 წელი
არქივის ფოტო: საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე, თბილისი. 8 ნოემბერი, 2021 წელი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 11 პუნქტი - 23 ნოემბრის მანიფესტი: „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“ - ამ სახელწოდებით ენმ-მა და მისმა დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მანიფესტი გამოაქვეყნეს.

„ვარდების რევოლუციიდან" 20 წლის თავზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მანიფესტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. 11-პუნქტიან მანიფესტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღებას.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირობას იძლევა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გაატარებს დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი და მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას.

„ჩვენი ერთობის 11 პუნქტი"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორებთან ერთად ჩაბმულია ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში და აყალიბებს სახელმწიფოს, სადაც:
  1. „ვარდების რევოლუციის“ იდეოლოგია ეფუძნება ქართველი ხალხის ძალისა და ბრძოლისუნარიანობის უსაზღვრო რწმენას და ევროპული კურსის ურყეობას;
  2. თითოეული ადამიანი პატივს სცემს სხვის უფლებებსა და თავისუფლებებს. თავისუფლება ეროვნული სიძლიერის წყაროა. პარტიებიც და ხელისუფლებაც საზოგადოების ინსტრუმენტია თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობისა და დაცულობის მისაღწევად და არა პირიქით;
  3. სახელმწიფო მუშაობს მთელი ხალხისთვის და არა პრივილეგირებული მცირე ჯგუფისთვის. კორუფცია და ნეპოტიზმი ჩანაცვლდება მერიტოკრატიით. ე.ი. შედეგი მიიღწევა შრომით და ნიჭიერებით. ახალგაზრდებს შეეძლებათ საკუთარი კარიერის განვითარება და წარმატების მიღწევა საკუთარ სამშობლოში და თითოეული ადამიანის პოზიციას, ხმას და ბედს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება;
  4. თანაბარი უფლებები, თანაბარი სამართალი და თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ყველას, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობის, რასის, სარწმუნოების, ასაკისა და სქესისა;
  5. ნებისმიერი ფორმის ოლიგარქია არის ქართული სახელმწიფოს და მოქალაქეთა კეთილდღეობის მტერი. საქართველოში ხელისუფლება მიტაცებულია რუსი ოლიგარქის მიერ, რომელიც ანადგურებს ერის ბუნებრივ სტრუქტურას, ლამობს ქართული მებრძოლი სულის ჩანაცვლებას - უმწეობისა და მონობის სულისკვეთებით. ახლავე თუ არ გავთავისუფლდით მისი მარწუხებისგან, საქართველო შეიძლება გაქრეს, ამიტომ ჩვენ სისტემაზე ტოტალურ შეტევას განვახორციელებთ;
  6. საქართველოს განვითარების გზა უკლებლივ ყველა რეგიონის წინსვლაზე გადის;
  7. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მიზანი;
  8. სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღებას;
  9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაატარებს დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი და მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას;
  10. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არცერთმა თაობამ თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. ამისთვის, პენსიონერებს, ათწლეულების განმავლობაში, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა კარგი პენსიით და თუ გადაწყვეტენ მუშაობითაც, იცხოვრონ ღირსეულად, რათა ისინი არ იმყოფებოდნენ მონოპოლისტური ვალის ტყვეობაში. ამასთანავე, მომავალ თაობებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ნამდვილი ევროპული განათლება ყველა დონეზე, პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციების გარეშე;
  11. პარტიის ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება პარტიის წევრების უშუალო ჩართულობას. პარტიის ყველა ორგანოს და საარჩევნო სიების შედგენა, ისევე როგორც მთავრობის წევრების კანდიდატურების დამტკიცება, უნდა ხდებოდეს პარტიის წევრების კენჭისყრის გზით".

დოკუმენტის თანახმად, მანიფესტზე ხელმომწერები ადასტურებენ, რომ პარტიის საქმიანობაში მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა „კრავს და აძლიერებს პარტიას".

მანიფესტში ხაზგასმით არის აღნიშნული ენმ-ის ამჟამინდელი თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირთა როლი.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მისი წევრების ფართო ჩართულობით, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად არჩეული, სრულად ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაიონული ორგანიზაციები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით, ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად".

დოკუმენტი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „ამ მანიფესტზე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება შიდაპარტიული ერთიანობისა და ძალების კონსოლიდაციისკენ".

ჯერჯერობით უცნობია, მოაწერს თუ არა მანიფესტს ხელს პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა და ქვეყნის საზღვარი მალულად გადმოკვეთა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სასამართლოებმა ბრალი ორ საქმეზე შეუფარდეს, სამი ეპიზოდი კი მიმდინარეა, ისიც და მისი თანაგუნდელებიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილს პოლიტპატიმრად თვლიან. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ "არა და არასდროს".

მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ციხეშია, შეიცვალა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - ნიკა მელიას ნაცვლად, ამ თანამდებობაზე ახლა ლევან ხაბეიშვილია. ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პოლიტსაბჭო ახალი წევრებით დაკომპლექტდა და ძველ კადრებს თანამდებობის დატოვება მოუწიათ. ნიკა მელია ღიად ლაპარაკობს "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.

XS
SM
MD
LG