ამ პროცესის ფონი კვლავ მწვავე პოლარიზაციაა.
მე-10 მოწვევის პარლამენტი, რომელსაც თვეების მანძილზე უცხადებდა ბოიკოტს ოპოზიციის დიდი ნაწილი, ნაკლებად ასახავს ძალთა თავდაპირველ გადანაწილებას, რომელიც, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველმა ორი წლის წინ განსაზღვრა. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზოგმა დეპუტატმა პოლიტიკური მრწამსი შეიცვალა, ზოგი გადაჯგუფდა, სხვები პარლამენტიდან წავიდნენ - ნებით ან ძალით.
კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტი 150-წევრიანია, მაგრამ ამჟამად დეპუტატების რიცხვი 141-ს არ აღემატება. აღარ შეივსება იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები, რომლთა პარტიებმაც, პოლიტიკური ბოიკოტის დროს პარტიული სიები გააუქმეს.
როგორია პარლამენტის კონფიგურაცია დღეს და რამდენად განსხვავდება ამჟამინდელი სურათი ხალხის თავდაპირველი არჩევნისგან?
ქართული ოცნება
2020 წლის არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტია პარლამენტში 90-მანდატით შევიდა (60 - პარტიული სიით, 30 - მაჟორიტარი);
დღეს „ქართული ოცნება“ პარლამენტში 75 მანდატს ფლობს. თუმცა ფოთის მაჟორიტარი მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების შემდეგ, შუალედურ არჩევნებამდე, პარლამენტში მმართველ პარტიას 74 დეპუტატი ჰყავს.
- „ქართული ოცნების“ რიგებს თავდაპირველად 6 დეპუტატი გამოეთიშა - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის (2021 წლის თებერვალი) შემდეგ. პარტიის „საქართველოსთვის“ 6 წარმომადგენელი პარლამენტში ამჟამად უფრაქციო დეპუტატის სტატუსს ატარებს.
- შემდეგ, ეტაპობრივად, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 9 დეპუტატი გამოეყო. ისინი ახლადშექმნილ მოძრაობა - „ხალხის ძალაში“ დაჯგუფდნენ - „ქართულ ოცნებასთან“ სიმბიოზური თანაცხოვრების შენარჩუნებით.
„ხალხის ძალის“ რიტორიკა, რომლის ელემენტებიც ხშირად ისმის მმართველი პარტიიდანაც, ფუნდამენტურად განსხვავდება 2020 წლის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებული პოზიციისგან.
2 წელიწადში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ შეცვალა პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძეს კახაბერ კუჭავა ჩაენაცვლა, ხოლო ეს უკანასკნელი შალვა პაპუაშვილმა შეცვალა. თალაკვაძისგნ განსხვავებით, კუჭავამ პარლამენტიც დატოვა.
ნაციონალური მოძრაობა
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკმა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) 36 მანდატი მიიღო - ყველა პარტიული სიით; ენმ-ს ბლოკს დღეს პარლამენტში მხოლოდ 27 მანდატი აქვს.
ცხრა დეპუტატიდან:
- სამი დეპუტატი პარლამენტიდან საკუთარი ნებით წავიდა, მათ შორის - პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე - ნიკა მელია, რომელმაც მიზეზად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაასახელა; ზაალ უდუმაშვილმა და ნონა მამულაშვილმა მანდატთან ერთად „ნაციონალური მოძრაობაც“ დატოვეს;
- ოთხი დეპუტატი "უფრაქციოს" სტატუსს ატარებს, მათ შორის სალომე სამადაშვილი და გრიგოლ ვაშაძე. თებერვალში სამადაშვილი პარტია "ლელოს" შეუერთდა.
- ერთი დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, ამჟამად პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარეა;
- კიდევ ერთ დეპუტატს - ლევან ვარშალომიძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს. ოფიციალურ მიზეზად გაცდენები დასახელდა.
წასულების ადგილი პარლამენტში ვეღარავინ შეავსო, რადგან ენმ-მა, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ბოიკოტის დროს, პარტიული სია გააუქმა; სიების აღდგენას კი აღარ დათანხმდა „ქართული ოცნება“.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, ყველა სხვაზე გვიან - 2021 წლის ივნისში შევიდა. მანამდე მან ხელი არ მოაწერა "შარლ მიშელის შეთანხმებას".
ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე სამუშაოდ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჯგუფებში ენმ-ის დეპუტატები არ მონაწილეობდნენ. ისინი ალტერნატიულ კანონპროექტებზე მუშაობდნენ.
ევროპული საქართველო
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველმა „ევროპულ საქართველოს“ 5 მანდატი მიანიჭა; მაგრამ პარტიის სახელით დღეს პარლამენტში არავინ არის.
- ერთი მანდატი გაუქმდა - ელენე ხოშტარიამ უარი თავიდანვე თქვა პარლამენტში შესვლაზე და უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა მას 2022 წლის თებერვალში დაუკმაყოფილეს; არჩევნების შემდეგ, პარტია მან მალევე დატოვა და საკუთარი პოლიტიკური პარტია - „დროა“ შექმნა.
- დანარჩენი ოთხი დეპუტატი კი - პარლამენტში არა პარტიის სახელით, არამედ ინდივიდუალურად შევიდა. აქედან 3 დეპუტატი უფრაქციოთა სიაშია, მათ შორის პარტიის ყოფილი თავმჯდომარე - დავით ბაქრაძე; ხოლო ტარიელ ნაკაიძე „რეფორმების ჯგუფის“ წევრია.
„ევროპულ საქართველოს“ პოზიცია ამ დრომდე არ შეუცვლია. ოპოზიციის პარლამენტში მუშაობის აზრს პარტია ვერც ამჟამად ხედავს - 2020 წლის არჩევნების შემდეგ ფორმირებულ პარლამენტს არალეგიტიმურად თვლის. პარტიას ხელი არ მოუწერია "შარლ მიშელის შეთანხმებისთვის" (2021 წლის 19 აპრილს).
ლელო
პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ სათვალავზე პარლამენტში თავდაპირველად 4 მანდატი იყო; საიდანაც ორი უკვე გაუქმებულია.
- პარტიის ლიდერმა - მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი თავისი ნებით დატოვა და ამის შესახებ მან 2021 წლის 31 ოქტომბერს, პარლამენტის შენობის წინ, აქციაზე განაცხადა.
- ნების საწინააღმდეგოდ, სადეპუტატო უფლებამოსილება დროზე ადრე, 2022 წლის 15 თებერვალს შეუწყვიტეს „ლელოს“ მეორე ლიდერს - ბადრი ჯაფარიძეს. „ქართულმა ოცნებამ“ მიზეზად მისი სასამართლო განაჩენი დაასახელა.
საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშსა და შესაბამის რეზოლუციის პროექტში, რომელიც, 8 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა, ევროპარლამენტარები ბადრი ჯაფარიძის მანდატის გაუქმებასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის განაჩენს "პოლიტიზირებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითად" ასახელებენ.
ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადგილები ვეღარ შეივსო, კვლავ პარტიული სიის გაუქმების მიზეზით.
წევრების გამოკლების გამო, "ლელოს" საპარლამენტო ფრაქცია ორჯერ დაეშალა და ამჟამად მხოლოდ 2-წევრიანი პოლიტიკური ჯგუფის სახით არის წარმოდგენილი. პარლამენტის ვებგვერდის თანახმად, ამ ჯგუფს მხოლოდ ანა ნაცვლიშვილი და დავით უსუფაშვილი წარმოადგენენ.
„ლელო“ არ მონაწილეობდა 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე სამუშაოდ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჯგუფებში და ალტერნატიულ კანონპროექტებზე მუშაობდა.
სტრატეგია აღმაშენებელი
ცესკოს მონაცემებით, გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელმა“ 2020 წლის არჩევნებზე 4 მანდატი მიიღო; მაგრამ ამჟამად, პარტიის სახელით პარლამენტში, მხოლოდ ორი დეპუტატი მუშაობს - გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე. თამარ ჩარკვიანის (ამჟამად უფრაქციო დეპუტატი) შემდეგ, ბოლოს, პარტიას თეონა აქუბარდია გაემიჯნა და ის „რეფორმების ჯგუფის“ წევრად რჩება.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ არ მონაწილეობდა 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე სამუშაოდ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჯგუფებში და კანონპროექტებზე, სხვებთან ერთად, ალტერნატიულ ფორმატში მუშაობდა.
ბოლო პერიოდში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ რიგებიდან ისმის განცხადებები, რომ პარტია პარლამენტის დატოვებას განიხილავს.
გირჩი
„გირჩს“ პარლამენტში 4 დეპუტატი ჰყავს, მაგრამ არა იმ შემადგენლობით, როგორც ეს ცესკოს მონაცემებით იყო.
პარლამენტში გასული თავდაპირველი ოთხეულიდან - ახლა დეპუტატებს შორის მხოლოდ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი არიან.
ზურა ჯაფარიძე, რომელიც 2020 წლის არჩევნების დროს „გირჩის“ თავმჯდომარე იყო, ახლა აღარც პარლამენტშია და აღარც „გირჩში“. ჯაფარიძემ პარლამენტის დატოვება 2021 წლის ივლისში, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა „შარლ მიშელის შეთანხმება“. ჯაფარიძემ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დააფუძნა.
რადგან პარტიული სია გაუქმებული არ ჰქონდა, "გირჩმა", ზურა ჯაფარიძის ნაცვლად, პარლამენტში მეოთხე დეპუტატად ჰერმან საბო შეიყვანა.
იაგო ხვიჩიას „გირჩი“ პარლამენტში 2021 წლის აპრილში შევიდა, სულ ცოტა ხნით იმაზე ადრე, ვიდრე ოპოზიციის ნაწილი პარლამენტს უკვე „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერის შემდეგ შეუერთდებოდა.
„გირჩი“ ჩართული იყო „ქართული ოცნების“ მიერ ევროკომისიის რეკომენდაციებზე სამუშაოდ შექმნილ ჯგუფებში და დეპუტატ ხვიჩიას კანდიდატურა სახალხო სამცველის პოსტზეც წარადგინა. ჯერ ამ პოსტზე არავინ აურჩევიათ.
მოქალაქეები
„მოქალაქეები“ პარლამენტში ორი დეპუტატით გავიდნენ და ახლაც ორნი არიან - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომელმაც, ოპოზიციის კვოტით, ვიცე-სპიკერის პოსტიც დაიკავა.
ეს პარტია 2021 წლის თებერვალში, საპარლამენტო მუშაობაში 3-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ჩაერთო. მანამდე ისინი ქუჩის აქციებშიც მონაწილეობდნენ. ისინი არცთუ იშვიათად აკრიტიკებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს.
„მოქალაქეები“ ჩართული იყვნენ „ქართული ოცნების“ მიერ ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე სამუშაოდ შექმნილ თემატურ ჯგუფებში.
ლეიბორისტული პარტია
შალვა ნათელაშვილის პარტიამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, ერთადერთი მანდატი მიიღო - თავად ნათელაშვილისთვის.
გამოცხადებული ბოიკოტი „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ბოლომდე შეინარჩუნა და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში არცერთ სხდომას არ დასწრებია. 2021 წლის 15 თებერვალს, მას მანდატი გაცდენების მიზეზით გაუუქმეს.
გაუქმებამდე ცოტა ხნით ადრე, შალვა ნათელაშვილი აცხადებდა, რომ მზად იყო დაეწყო საპარლამენტო საქმიანობა და ამისთვის ამომრჩევლების გამოკითხვასაც ატარებდა.
პატრიოტთა ალიანსი
ცესკოს მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსს“ ამომრჩევლებმა 4 მანდატი მიანიჭეს, თუმცა ამ პარტიის სახელით ახლა პარლამენტში, დეპუტატებს შორის არავინ არის.
„პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში მოხვედრილმა ოთხმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიას ხელმძღვანელობით, 2021 წლის იანვარში, საკუთარი პარტია - „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა და მათი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფიც ამ სახელით მოქმედებს. „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ავთანდილ ენუქიძემ, ოპოზიციის კვოტით, ვიცე-სპიკერის პოსტიც დაიკავა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა 2020 წლის არჩევნები არალეგიტიმურად ცნეს და უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. რადგან მათი პარტიული სია გაუქმებული არ იყო, პარლამენტში მოხვდნენ სიის მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრები. პარლამენტში შესვლის დღეს ფრიდონ ინჯია განმარტავდა, რომ ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების“ ოპონირებისთვის გადადგეს, თუმცა პოლიტიკოსების ჯგუფი ოპონირებით არ გამოირჩევა.
ცვლილება "ევროპელი სოციალისტების" რიგებშიც მოხდა.
18 ოქტომბერს დეპუტატმა დავით ზილფიმინმა, პარტიის დამფუძნებელმა და პოლიტსაბჭოს წევრმა განაცხადა, რომ პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. პარლმენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ზილფიმიანი კვლავ ირიცხება პოლიტიკური ჯგუფის - „ევროპელი სოციალისტების“ წევრად.
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის", IRI-ის ბოლო კვლევით, გამოკითხულთა 72% მომავალი არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვას ისურვებდა; ხოლო არსებული სპექტრით მხოლოდ რესპონდენტების 22% აღმოჩნდა კმაყოფილი. კვლევის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს გამოკითხულთა მხოლოდ 15% ენდობა. ამასთან, გამოკითხულთა 52% სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას საქართველოში.
აშშ-ის "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის"- NDI-ს 2022 წლის ზაფხულის კვლევით კი, გამოკითხულთა უმრავლესობა (კვლავ) ფიქრობს, რომ პარლამენტი არ პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს.