Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და რა დგას „ნატალიას“ უკან: მონაცემთა ბანალური შეგროვება თუ სადაზვერვო ოპერაცია?


სატელეფონო ბოტი, რომელიც თავს ნატალიას უწოდებს, კვლავ ურეკავს ასობით ადამიანს და ეკითხება: "თქვენ სოფიიდან ხართ, ხომ?" ფოტოილუსტრაცია 
სატელეფონო ბოტი, რომელიც თავს ნატალიას უწოდებს, კვლავ ურეკავს ასობით ადამიანს და ეკითხება: "თქვენ სოფიიდან ხართ, ხომ?" ფოტოილუსტრაცია 

ბულგარეთში "ნატალიას" - სატელეფონო ბოტის საქმეზე სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ. შეიძლება ეს "სადაზვერვო ოპერაცია" იყოს მონაცემთა შესაგროვებლად ან წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების ადგილმდებარეობის მარკეტინგული კვლევა.

თავიდან უწყებები პასიურობდნენ, მაგრამ ახლა შემოწმებები დაიწყეს. ნატალია კვლავ რეკავს.

ზარები კი კვლავ გრძელდება

სატელეფონო ბოტი, რომელიც თავს ნატალიას უწოდებს, კვლავ ურეკავს ასობით ადამიანს და ეკითხება: "თქვენ სოფიიდან ხართ, ხომ?". სატელეფონო ზარები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთ მყოფ ბულგარელებს ქალის ხმა სთხოვს ინფორმაციას მათი ადგილმდებარეობის შესახებ და ეუბნება, რომ დეტალების დაზუსტება სურს, მათ სავარაუდო შენაძენთან დაკავშირებით.

ზარებს ახორციელებს ჩვენი ბიზნესკლიენტი, რომელსაც სტანდარტულ ხმოვან მომსახურებას ვთავაზობთ...
А1

საქმეს - სახელწოდებით "ნატალია" - ახლა იკვლევს ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო. თუმცა, კვლევა ჯერ კიდევ არ ნიშნავს შესაძლო დანაშაულის გამოძიებას, რადგან პოლიციას ამის არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

საქმეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაც განიხილავს. მობილურმა ოპერატორმა A1-მა, რომლის ტელეფონის ნომრიდანაც რეკავდა ნატალია, რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს აცნობა, რომ სრულად თანამშრომლობს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან.

А1-მა დაადასტურა, რომ ზარებს ახორციელებს მისი „ბიზნესკლიენტი, რომელსაც სტანდარტულ ხმოვან მომსახურებას“ სთავაზობს. А1, ამავე დროს, „გულმოდგინე შიდა შემოწმებასაც“ აწარმოებს.

რადიო თავისუფლებამ ექსპერტებს ჰკითხა, რას ფიქრობენ იმის შესახებ, თუ რა სურს ნატალიას და რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ამ ზარებს. ვერსიები საკმარისია. ზოგი ფიქრობს, რომ სატელეფონო ნომრების მფლობელების ადგილსამყოფელთან კავშირს ადგენენ. სხვების აზრით, საქმე უფრო სერიოზულ მისიას ეხება: ეს არის სადაზვერვო ოპერაცია აუდიოგრამების ანუ ადამიანების ხმების ჩანაწერების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, რასაც მომავალში სხვადასხვა მიზნით იყენებენ.

კერძო მონაცემების დაცვის კომისია თვლის, რომ ჯერ არ გამოკვეთილა კანონის დარღვევა, მაგრამ ექსპერტები სხვაგვარად უყურებენ ვითარებას.

რა მოხდა?

საუბრის დასაწყისში ე.წ. ნატალია თავის „მსხვერპლს“, ჩვეულებრივ, ეკითხება: „გამარჯობა, მე ნატალია ვარ. თქვენი შეფასების მოსმენა მსურს. უბრალოდ რომ დავაზუსტოთ, თქვენ სოფიიდან ხართ, ხომ?“

მათი უმეტესობა, ვისაც ნატალიამ დაურეკა და რომელთაც ესაუბრა თავისუფლება, ან რომლებთანაც სოციალურ ქსელებში განიხილა ეს თემა, სოფიაში ცხოვრობს. თუმცა, ათობით ზარი, სოფიის გარდა, განხორციელდა ასევე ვარნაში, გაბროვოში, პლოვდივსა და ბულგარეთის სხვა ქალაქებშიც. ეს სქემა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბულგარელებსაც მისწვდა.

ნატალიას ხმიდან და ქცევიდან ჩანს, რომ რეალური ადამიანი არ არის, არამედ სატელეფონო ბოტია. თუმცა, ბევრი ამას მაშინვე ვერ მიხვდა და გაუმხილეს, სადაც ცხოვრობდნენ. დამაზუსტებელი კითხვების დასმის მცდელობისას, ნატალია იბოდიშებს და კავშირი წყდება.

სოციალური ქსელების მეშვეობით ჩვენმა ბულგარელმა კოლეგებმა მოიპოვეს დაახლოებით 70 ნომერი, რომლიდანაც რეკავდა ნატალია. მათი პირველი ციფრები იყო 0883 27 ან 0884 33. არაოფიციალური ინფორმაციით, ნატალია იყენებს სხვა ოპერატორის ნომრებსაც.

"სადაზვერვო ოპერაციის" ვერსია

არმიის ყოფილმა უფროსმა ოფიცერმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა, რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს უთხრა, რომ, მისი აზრით, ეს სადაზვერვო ოპერაცია იყო და ბოტი იწერდა იმ ადამიანების ხმას, რომელთაც ურეკავდა.

ადამიანის პოვნა და მისი პროფილის შედგენა ადვილი იქნება...
არმიის ყოფილი უფროსი ოფიცერი

თუ ეს ასეა, მაშინ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოტის უკან დგანან, შეეძლოთ შეედგინათ ნატალიას სამიზნეთა აუდიოგრამების კატალოგი.

"ეს (აუდიოგრამა) ძალიან სახასიათო რამ არის, ისევე, როგორც ფოტო. ყველა ადამიანს აქვს თავისი აუდიოგრამა", - თქვა მან და მაგალითად მოიყვანა Siri (Apple Inc-ის მიერ შემუშავებული დაპროგრამებული ინტელექტუალური ხმოვანი ასისტენტი), რომელიც ცნობს ადამიანებს, რომლებიც მას ხმით მიმართავენ.

ციფრულ ფორმატში აუდიოგრამის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ხმის მიხედვით ადამიანის მოძებნა მონაცემთა ამ ბაზაში. ეს კატალოგი კომერციული მიზნებით იქნება გამოყენებული თუ სამხედრო მიზნებით, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ შექმნის მას და ვინ იყიდის.

თუ უცხო ქვეყანა ამას აკეთებს გადაბირებული პირის გზით, რომელსაც იყენებს, განმარტავს ყოფილი ოფიცერი, „თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ტელეფონის ნომერი, მოახდინოთ მისი ხმის ანალიზი ცოცხალი საუბრისას, ან ტელევიზიით თუ რადიოში გამოსვლის ჩანაწერითაც“.

ამგვარად შესაძლებელია ამ ადამიანის პროფილის შექმნა, მისი ადვილად პოვნა მეტყველებით, ადგილმდებარეობით ან ტექსტური შეტყობინებებით, და მასზე თავდასხმა, - თქვა ყოფილმა ოფიცერმა.

მან გაიხსენა, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრისას, 2008 წელს, რუსეთის დაზვერვამ ასეთი აუდიოგრამების საფუძველზე შეძლო დაედგინა, თუ არმიის ხელმძღვანელობაში ვინ რომელ ნომერს უპასუხებდა და შეტყობინებას შეტყობინებაზე უგზავნიდა მათ და მათი ოჯახის წევრებს მოწოდებებით - არ მიეღოთ მონაწილეობა ომში. ამას ფსიქოლოგიური ოპერაცია ჰქვია.

ვერსია "მოქმედი ნომრებისა და ადგილმდებარეობის შემოწმების" შესახებ

ეს, დიდი ალბათობით, უფრო მოქმედი ნომრებისა და ადამიანის შესაძლო ადგილმდებარეობის შემოწმებაა, ვიდრე სხვა რამ, - თქვა "ნატალიას" მოქმედებების შესახებ გიორგი შარკოვმა, სოფიის ტექნოპარკის კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის უფროსმა და ეროვნული კიბერუსაფრთხოების ყოფილმა ინსტრუქტორმა.

ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არადამაჯერებელი ამბავია...
დოქტორი გიორგი შარკოვი, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი

ხმის ჩაწერასა და აუდიოგრამების შექმნასთან დაკავშირებით შარკოვმა გვითხრა, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა მასობრივად არ კეთდება.

„ასეთი რამეები კეთდება მაშინ, როცა მიმდინარეობს ძალიან მიზანმიმართული თავდასხმა. მათ იციან, ვის ურეკავენ, სურთ საუბრის ჩაწერა და შემდეგ მისი ხმის იმიტირება, რომ ნაცნობებს დაურეკონ, ან კიდევ სხვა მიზნით. მაგრამ ამისთვის ბევრი რესურსია საჭირო. მე ამის არ მჯერა. მგონია, რომ ეს ძალიან გადაჭარბებულია“, - თქვა შარკოვმა.

მისი თქმით, როცა ნატალია ამგვარად ამოწმებს, მოქმედია თუ არა ტელეფონის ნომერი, „განსაკუთრებით, თუ ადამიანი არ ერთვება საუბარში და არ ამბობს, იმყოფება თუ არა ის სოფიაში, ეს კანონდარღვევა არ არის“. ასეთი მონაცემები - ტელეფონის აქტუალური ნომრები - სავაჭრო-მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენება.

„ადგილმდებარეობისა და ნომრის აქტუალობის გარდა, სხვას შემაშფოთებელს ვერაფერს ვხედავ“, - თქვა მან.

შარკოვს არ ჰგონია, რომ „ნატალიას“ შემქმნელებს აქვთ მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს მათი მფლობელების ტელეფონის ნომრებსა და სახელებს და დამატებით შესაძლოა, მათ საცხოვრებელ ადგილსაც, „იმიტომ რომ, ასეთ შემთხვევაში, ისინი ბევრად უფრო ნატიფ და მიზანმიმართულ თავდასხმას განახორციელებდნენ, რომ საკუთარი თავი წარედგინათ და მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მოტყუება მონაცემების და ინფორმაციის მოსაპოვებლად“.

მონაცემები საკმარისადაა, რომ კვლევა დაიწყოს

ადვოკატ ემილ გეორგიევის თქმით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხდა მონაცემთა ძალიან მასშტაბური შეგროვება და დამუშავება, რაც საკმარისია იმისთვის, რომ მონაცემთა დაცვის კომისიამ იმოქმედოს.

მან თქვა, რომ კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ითვალისწინებს სატელეფონო ოპერატორების მიერ ინფორმაციის გახსნას, როცა სახელმწიფო ორგანოს სურს შემოწმება და, რომ კომისიას შეუძლია შემოწმების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე.

ტელეფონის პირადი ნომერი, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, რადგან ის, თავისთავად, არ ადგენს ადამიანის პირადობას, თქვა გეორგიევმა.

„პირადი მონაცემები“ - ეს არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება ცოცხალ ადამიანს, რომლის იდენტიფიცირება მოხდა ან უნდა მოხდეს.

ევროპის კომისიის ინტერპრეტაციით, ცალკეული მონაცემები, რომლებმაც მთლიანობაში შეიძლება მიგვიყვანოს კონკრეტული პირის იდენტიფიცირებამდე, ასევე წარმოადგენს პირად მონაცემებს.

გეორგიევმაც აღნიშნა, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად არის პირადი მონაცემების დამუშავება, რაც ექვემდებარება საკანონმდებლო რეგულაციას.

პესიმისტური ვითარება

იულია პრიგონჩა, პირად მონაცემთა დაცვის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, თვლის, რომ "ნატალიასთან" დაკავშირებით უნდა ჩატარდეს გამოძიება, რადგან გაუგებარია, რა ინფორმაცია გროვდება ამ სატელეფონო ზარების საშუალებით.

ის მიიჩნევს ასევე, რომ ამაში შესაძლოა ჩართული იყოს ხმის ჩაწერა და "სპუფინგი" (თაღლითობა, რომლის დროსაც პროგრამა ან ადამიანი თავს სხვა ვინმედ ასაღებს პირადი მონაცემების გამოძალვის მიზნით).

ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება - Deep Fake-თან ერთად სხვა რამეებიც რომ გაჩნდება...
დოქტორი გიორგი შარკოვი, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი

პრიგონჩას თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, მრავალნაირი სცენარის განხორციელებაა შესაძლებელი.

ერთ-ერთი ასეთი სცენარის მიხედვით, "ამ ბიომეტრიული ხმების" შეგროვების შემდეგ შეიძლება მოხდეს გეოლოკაცია. ასე იყო ახლახან, როცა ამანათის გაგზავნის შესახებ შეტყობინებები დააგზავნეს ბმულის მითითებით.

შემდეგ "ნახავენ, კიდევ ვინ ცხოვრობს ახლომახლო, რა ტელეფონები აქვთ მათ და ხვალ თქვენს ნათესავს თქვენი ხმით დაურეკავენ", ამბობს პრიგონჩა.

ეს არ არის ბოლო დღეების თაღლითობის ერთადერთი ფართომასშტაბიანი კამპანია. პრიგონჩამ გვიამბო იმის შესახებ, რომ ბევრმა ბულგარელმა ასეთი ტექსტური შეტყობინება მიიღო საფრანგეთის ნომრიდან: „ბულგარეთის ფოსტა: თქვენი ამანათი ჩვენს საწყობშია. მის მისაღებად დაადასტურეთ თქვენი მისამართი და გადაიხადეთ გამოგზავნის ხარჯები“.

ამას მოსდევდა ბმული. ბმული აღარ არის აქტიური, ის ბულგარეთის ფოსტის ვებგვერდის ცუდი ასლი იყო და ხსნიდა ფორმულარს, რომლის შევსებისას მიმღებს მასში პირადი მონაცემები უნდა შეეტანა.

domaintools.com-ის მეშვეობით ჩატარებული კვლევით, დომეინი (საიტის სახელი) კანადურმა კომპანიამ შეისყიდა 17 ივნისს. მისი ჰოსტინგის მისამართი მოსკოვშია. იმავე მისამართზე განთავსებულია კიდევ 20 საიტი, რომელთაც, როგორც ჩანს, მსგავსი დანიშნულება აქვთ.

"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ტექნოლოგიებში ჩამოვრჩებით. როგორიც უნდა იყოს კანონი, თუ მომხმარებელი არ იქნება ინფორმირებული, მას ეფექტი არ ექნება", - დასძინა იულია პრიგონჩამ იმასთან დაკავშირებით, რომ უწყებებმა არ იციან, რა რეაქცია უნდა იქონიონ "ნატალიას" საქმეზე.

დოქტორი შარკოვი, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი კი აცხადებს: „ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება - Deep Fake-თან ერთად სხვა რამეებიც რომ გაჩნდება“.

XS
SM
MD
LG