Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ გადაუხდის ხელფასს მეშახტეებს


ტყიბულის შახტი
ტყიბულის შახტი

ვინ და რა გზით გადაუხდის მინდელის შახტის 1400-მდე თანამშრომელს ხელფასს? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არც შახტის მფლობელ კომპანია „საქართველოს ინდუსტრიის ჯგუფს“ აქვს და არც ხელისუფლებას. მას შემდეგ, რაც 16 ივლისს, გამთენიისას, მინდელის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოძიების დასრულებამდე მინდელის შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ისიც თქვა, რომ შახტში დასაქმებულები ხელფასს ჩვეულებრივად მიიღებენ.

რადიო თავისუფლებამ კითხვით მიმართა პრემიერის ადმინისტრაციას, თუ რა გზებით აუნაზღაურდებათ მეშახტეებს განაცდური, რაზეც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გადაგვამისამართა და განგვიმარტა, რომ ხელფასის ანაზღაურების საკითხზე დაწყებულია მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის.

თუკი მინდელის შახტში საწარმოო შემთხვევების გამოძიებების ნუსხას გადავხედავთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოძიებამ, შესაძლოა, თვეები გასტანოს ან, მეტიც, წლები გაგრძელდეს. ამის თქმის საფუძველს იძლევა სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან 81-ში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. გამოძიება გრძელდება მინდელის შახტში 5 აპრილს მომხდარ შემთხვევაზეც, რომლის დროსაც 6 მეშახტე დაიღუპა.

ამგვარი გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაიხდის თუ არა კომპანია ან ხელისუფლება თვეების ან წლების განმავლობაში დახურული შახტის მეშახტეების ხელფასს, ამას არც ხელისუფლება განმარტავს და არც კომპანია. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, კომპანიის წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კომპანიას ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე თქმით, კანონი ბიზნესს ვერ დაავალდებულებს ხელფასების გადახდას.

რადიო თავისუფლებამ კითხვით მიმართა პრემიერის ადმინისტრაციას, თუ რა გზებით აუნაზღაურდებათ მეშახტეებს განაცდური, რაზეც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გადაგვამისამართა და განგვიმარტა, რომ ხელფასის ანაზღაურების საკითხზე დაწყებულია მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის. ეკონომიკის სამინისტრომ არ უპასუხა რადიო თავისუფლების წერილობით კითხვას, თუ რა ტიპის მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომპანიასთან ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, დაიწყო თუ არა სამინისტროსა და კომპანიას შორის რაიმე მოლაპარაკებები.

ეს შახტი მთელ ქალაქს ინახავს. დახურვის შემდეგ მთელი ტყიბული პარალიზებული იქნება.

ასევე უცნობია ხელისუფლების პოზიცია კომპანიის წინადადებაზე, რომელიც 16 ივლისის საღამოს გავრცელდა და რომლის მიხედვითაც, კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზადაა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს შვილობილი კომპანია „საქნახშირი“.

17 ივლისს შახტის დახურვა გააპროტესტეს ტყიბულელმა მეშახტეებმა. ისინი მინდელის სახელობის შახტთან შეიკრიბნენ. მეშახტეების თქმით, მათთვის მიუღებელია შახტის დახურვა და ნაცვლად დახურვისა, უსაფრთხოების ზომების დაცვა მოითხოვეს.

„ეს შახტი მთელ ქალაქს ინახავს. დახურვის შემდეგ მთელი ტყიბული პარალიზებული იქნება. ჩვენ გვყავს ოჯახები და შვილები, ასევე გვაქვს ფინანსური ვალდებულებები და შახტის დახურვა არ შეიძლება“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

თუკი კომპანია თავად იღებს შახტების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებას, მას აქვს ვალდებულება იძულებით მოცდენის გამო დასაქმებულებს აუნაზღაუროს ხელფასი, ხოლო თუ შახტის მუშაობა ჩერდება სხვა სამართლებრივი საფუძვლით, ამ შემთხვევაში, ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს მთავრობასა და „ინდუსტრიულ ჯგუფს“ შორის შეთანხმებით.
ლინა ღვინიანიძე

ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, "საქნახშირისთვის", რომელიც ოპერირებას უწევს ტყიბულის შახტებს, ეს ერთგვარი სოციალური პროექტია, რადგან, მისი სიტყვებით, კომპანია ოპერირების დაწყების დღიდან, ანუ უკვე 12 წელია, ზარალზე მუშაობს. მისი თქმით, ამგვარ სიტუაციაში ოპერირების შეჩერება ოპტიმალური გადაწყვეტილებაა.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ტყიბულში 9 800-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათგან 1400 ადამიანი მინდელის სახელობის შახტშია დასაქმებული. ტყიბულში რომ შახტის გარდა სამუშაო ადგილები პრაქტიკულად არ არსებობს, ამას ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ლინა ღვინიანიძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც, არაერთი წელია, მეშახტეების უფლებებს იცავს. სწორედ ამიტომ ის თვლის, რომ, შახტის დახურვის შემთხვევაში, ხელისუფლებამ ტყიბულელთა ალტერნატიულ დასაქმებაზე უნდა იზრუნოს. რაც შეეხება განაცდურის ანაზღაურებას და იმას, თუ ვინ გადაუხდის მეშახტეებს თვეების მანძილზე ხელფასს, ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ეს საკითხი დამოკიდებულია იმ სამართლებრივ საფუძველზე, რომლის გამოც პრემიერ-მინისტრმა შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო:

„თუკი კომპანია თავად იღებს შახტების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებას, მას აქვს ვალდებულება იძულებით მოცდენის გამო დასაქმებულებს აუნაზღაუროს ხელფასი, ხოლო თუ შახტის მუშაობა ჩერდება სხვა სამართლებრივი საფუძვლით, ამ შემთხვევაში, ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს მთავრობასა და „ინდუსტრიულ ჯგუფს“ შორის შეთანხმებით. თუკი შახტის დახურვის გადაწყვეტილებას მთლიანად სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე, მაშინ სახელმწიფომვე უნდა აიღოს საკუთარ თავზე განაცდენის ანაზღაურება, რომელიც იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იმ დასაქმებულების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ უსაფრთხოების საკითხების გამკაცრებას და რაზეც სახელმწიფომ არ მიიღო არც ერთი სწორი გადაწყვეტილება“.

რაც შეეხება საწარმოო შემთხვევების გამოძიების საკითხს, ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ დღესდღეობით საქმე გვაქვს სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩავარდნასთან:

„წლებია ვლაპარაკობთ შსს-ს არაეფექტიან ფუნქციონირებაზე. სახალხო დამცველი წლიურ ანგარიშში მიუთითებს მაჩვენებლებზე, რომლებიც ძალიან დრამატულია. სახალხო დამცველი აანალიზებს საწარმოო შემთხვევის 90 საქმეს, სადაც ის მიუთითებს, რომ ამ საქმეებიდან მხოლოდ სამ შემთხვევაში დადგა რეალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით და ყველა სხვა შემთხვევაში სასჯელის სახედ ჯარიმა იქნა გამოყენებული. საქმეთა 72,2 % არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5 000 ლარამდე. რეალურად, ეს არის საერთო სურათი, თუ როგორ მუშაობს შსს იმ დანაშაულებზე, რომლებიც უკავშირდება საწარმოო შემთხვევების შედეგად ადამიანების დაღუპვასა და დასახიჩრებას“.

სწორედ ამიტომ, ლინა ღვინიანიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავნ პარლამენტს წინადადებით, შეიქმნას დროებითი საგამოძიება კომისია უკანასკნელ ხანებში ტყიბულში მომხდარი საწარმოო შემთხვევების შესასწავლად და იმის დასადგენად, თუ რატომ ვერ ახერხებდა შსს სათანადო და დროული გამოძიების ჩატარებას.

16 ივლისს, გამთენიისას, მინდელის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა. ამ შემთხვევამდე სამი თვით ადრე, 5 აპრილს, მინდელის შახტში 6 მეშახტე დაიღუპა. გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. რაც შეეხება 16 ივლისის შემთხვევას, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს 4 საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან, რომელთაგან გერმანელ ექსპერტთა ჯგუფი კონსულტაციების გასამართად საქართველოში 18 ივლისს ჩამოვა.

XS
SM
MD
LG