Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვინც მისმენს, კარგად მოისმინოს“ - სუს-ის სავარაუდო ჩანაწერებში მოსაუბრეებს ეჭვი აქვთ, რომ უსმენენ


12 სექტემბერს ინკოგნიტო წყაროს მიერ გავრცელებულ ათასობით საუბრის ჩანაწერში, რომელიც წყაროს მტკიცებით სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საეკლესიო პირებზე მიყურადების შედეგად შექმნილი დოკუმენტებია, სულ მცირე, 12 სხვადასხვა მოსაუბრე აღნიშნავს, რომ იცის, მის სატელეფონო საუბრებს რომ უსმენენ.

11 შემთხვევა, როდესაც მოსაუბრეები ახსენებენ, რომ მათ უსმენენ

შენიშვნა: რედაქციის გადაწყვეტილებით, საუბრის ჩანაწერის ტექსტებიდან, რომლის ნაწილის ავთენტიკურობის მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები არსებობს, იმ მოსაუბრეთა სახელი და გვარი, რომლებიც არ არიან საჯარო პირები, ამოღებულია.

1.

მ/წ 27 მაისს, მარნეული-ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელანმა, თავის მრევლის წევრთან [მინიშნებულია სახელი, გვარი და პირადი ნომერი] საუბრისას განაცხადა შემდეგი - „ვიცი რომ მისმენენ და პირდაპირ ვაცხადებ, გარეჯის დათმობა და ამათი მთავრობიდან წასვლა ერთი იქნება, აქ კიდევ საერთოდ აზერბაიჯანელი მერი დაგვასვეს, ამათ საერთოდ ღირსება სად აქვთ?”.

2.

ზესტაფონის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ მეგობართან [მითითებულია მხოლოდ სახელი და გვარი] საუბრისას უარყოფითად შეაფასა ქვეყანაში შექმნილი ვითარება და განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან საზამთროს გამყიდველს „მიადგნენ ე.წ. ძველი ბიჭები" და აიძულებდნენ დაეთმო ადგილი მათ სასარგებლოდ. ეპისკოპოსი დასძენს - „ვინც მისმენს, მოისმინოს და კარგად გაიგონოს, რომ სახელმწიფოს მართავენ ძველი ბიჭები და კრიმინალები. წინა ხელისუფლების დროს საჯარო მოხელეს კანონის ეშინოდა, დღეს კი ქ.თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის ასაღებად საჭიროა 10 ათასი ლარის გადახდა, რითიც საჯარო მოხელეები ჩაფლული არიან კორუფციაში. უშიშროებამაც იცის ყველაფერი, მაგრამ არ რეაგირებს სათანადოდ. მომავალშიც უარესი გველის, გაიყიდება ქართველი კაცი ოქტომბრის არჩევნებში და ქვეყანაში არსებული ვითარება გაგრძელდება კვლავინდებურად“.

მისივე თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ ქართველი კაცი „დაჩმორებული“ და ღირსებააყრილი ჩააბარა რუსეთს. მ.ხაჩიძემ საუბრისას ასევე უარყოფითად შეაფასა ქ.მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელანის მიერ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საწინააღმდეგო ქმედებები და განმარტა, რომ მარნეულის ეპისკოპოსი ასრულებს რუსების დავალებას და მოქმედებს მათი მითითებით.

3.

ზესტაფონის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ ხარაგაულის რაიონში მდებარე "მაცხოვრის შობის" სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ორგანიზატორს [მითითებულია სახელი გვარი და პირადობის ნომერი] დაავალა, რომ დაუკავშირდეს ვინმე [სახელი გვარი] და სთხოვოს ხსენებული ტაძრის ეზოს კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხის მოძიებაში დახმარება. საუბრისას მ.ხაჩიძემ უარყოფითად შეაფასა ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის პიროვნება, რა დროსაც განმარტა - „მაგას ხომ არ დაავიწყდა ეპარქიის ანგარიშიდან 105 ათასი რომ წაიღო. ვინ არის მაგის სამაიმუნო, სულ არ მინდა მაგათი 10 ათასი ლარი“. აღნიშნულზე [თანამოსაუბრემ] განაცხადა - „ვინც მისმენს, კარგად მოისმინოს, რომ ლურსმანაშვილი არის კორუმპირებული“.

შენიშვნა: დანაყოფში არსებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მშენებლობის დასრულებისთვის გეგმავს მხოლოდ 10 ათასი ლარის გამოყოფას, თუმცა აღნიშნული თანხის სიმცირის გამო მ.ხაჩიძე გამოთქვამს უკმაყოფილებას.

4.

დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტი კირიონ ონიანი ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის ძმასთან [სახელი. გვარი] საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამეტნის წევრი პავლე კუბლაშვილი გარკვეულ ჭორებს ავრცელებს, თითქოს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს „არ ევასება“ ი. იაკობიშვილი. არქიმანდრიტის განმარტებით, უმჯობესია ბ. ივანიშვილი და ქორეპისკოპოსი შეხვდნენ ერთმანეთს და გაისაბრონ, რათა თავიდან აიცილონ დაძაბულობა და გაურკვევლობა. ხსენებულზე [სახელი, გვარი] განაცხადა, რომ მისი ძმა მზადაა ბ. ივანიშვილთან შესახვედრად, თუმცა ეს უკანასკნელი არ გამოთქვამს მზადყოფნას. მისი თქმით - „მათგან განსხვავებით სამშობლო უყვარს მეუფეს. ჩვეულებრივი კრიმინალური მმართველობაა, სადაც სამშობლოს მაგათ გულში ადგილი არ უკავია. ეხლა ვინც მისმენს, აიტანოს ეს ამბავი ზემოთ, რომ კარგად გაიგონ. გარეჯის საკითხიც მარტივი მოსაგვარებელი იყო. მე ისიც ვიცი, რომ აზერბაიჯანის მხრიდან იყო მზადყოფნა მოლაპარაკებების, მაგრამ ჩვენებმა არაფერი გააკეთეს. ესეთ ჭაობში და სულში ჩაფურთხებულები არასდროს ვყოფილვართ, მიშას დროს ის მაინც ვიცოდით, ვისთან უნდა გვებრძოლა. ხელისუფლებამ თუ ასე გააგრძელა, კაცმა რომ ამათი მხარდაჭერა გულში გაივლოს, ეგაც კი ღალატი იქნება უკვე“. აღნიშნულთან დაკავშირებით კ. ონიანი მოიაზრებს, რომ ახლოვდება 2020 წლის საარჩევნო პერიოდი და ხელისუფლება ეცდება არ გამწვავდეს დავითგარეჯის საკითხი, თუმცა არც პრობლემას მოაგვარებს, რადგან შესაძლოა დაიძაბოს ვითარება ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან, რაც ნიშნავს ხმების დაკარგვას არჩევნებზე.

5.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილს დაუკავშირდა ამავე ტელევიზიის ჟურნალისტი ანა ახალაია, რომელმაც ქორეპისკოპოსს სთხოვა ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა და სხვა ტელევიზიებისთვის, მათ შორის ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ ინტერვიუს მიცემისგან თავის შეკავება.

თავის მხრივ, ი.იაკობიშვილმა ჟურნალისტს განუცხადა - „ბიძინა ჩემზე საუბრობს, რომ ყოველთვის ნასვამი და მთვრალია, მაგათ ვანახებ ნასვამობა როგორ უნდა. დამირეკე ხვალ და სადაც ვიქნები, იქ შევხვდეთ, იმიტომ რომ ლილუაშვილის სამსახურს არ დავუტოვოთ არაფერი. ესენი რომ მისმენენ მე ამის შესახებ ამერიკელები ყველანაირ ინფორმაციას მაძლევენ“.

6.

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონ ქიტიაშვილი პირად საუბრებში ნეგატიურად აფასებს ხელისუფლების მიერ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილებას. მიტროპოლიტის განცხადებით - „ხელისუფლება ემსახურება ეშმაკს, ამათ შევაჩვენებ. სამი სამსახური მისმენს, ვაფრთხილებ, ამათ კაცობათ მიშა სჯობდა. პირდაპირი მტერი იყო, ესენი ჩუმები, გათახსირებულები არიან“.

7.

ბოდბის მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა, მისივე ეპარქიის სასულიერო პირთან [სახელი, გვარი] საუბარში უარყოფითად შეაფასა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას პიროვნება და განაცხადა, რომ მისი ეკლესიიდან განკვეთის შესახებ საუბარი ჰქონდა პატრიარქ ილია მეორესთან. ი.იაკობიშვილის განმარტებით, პატრიარქი თანახმაა პ.ცაავა განიკვეთოს ეკლესიიდან. ხსენებულიდან გამომდინარე ი.იაკობიშვილი გეგმავს უახლოეს მომავალში პ.ცაავას კანონიკური დარღვევების შესახებ შესაბამისი მასალების მოძიებას - „უწმინდესს ვესაუბრე პეტრეზე და მითხრა განიკვეთოსო, ხოდა ახლა პირადად მე მივხედავ მაგ საქმეს. ტელეფონზე არ მინდა დეტალებზე საუბარი, ხომ მისმენენ, ხოდა გაიგონ კარგათ, მთავრობიდან ზოგი ხომ უჭერს მხარს?! ხოდა დედები აუფეთქდებათ სათითაოდ იქაც და აქაც. მიშა რომ ჩარეულია, გასაგებია, მარა ჩვენთან ამათ არ უნდა ეკადრათ! იკადრეს და პასუხიც მიიღონ. ხომ იცი ეს პეტრე რა ქვეშაფსიაა, ხელს დაადებს ყველას ამათ“.

ზემოხსენებული საუბრის შემდგომ ი.იაკობიშვილი დაუკავშირდა გარდაბანი-მარტყოფის ეპისკოპოს იოანე შომახიას და განუცხადა შემდეგი - „ეს სინოდი ჩაივლის და მერე პეტრეს მივხედავ, ამ მთავრობაში ვიღაცეებს დაერხევათ მაგას რომ ამუშავებენ, მერე პეტრეს ავიყვან ერთი იმაში, ხოდა ტელევიზიის წინ ვალაპარაკებ ყველაფერს. აბა გაბედოს მერე და დამალოს ვისთან რა შეთანხმება ჰქონდა, ვერც მიშა უშველის და ვერავინ“.

8.

მ/წლის 31 ოქტომბერს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას დაუკავშირდა მისი მრევლის წევრი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი [სახელი, გვარი, პირადი ნომერი], რა დროსაც მათ შორის შედგა შემდეგი შინაარსის საუბარი: [სახელი, გვარი] - ვინც გვისმენს იცოდეს რომ მართალი ხარ. იმ გომელაურსაც და საერთოდ ყველას პირში ვეტყვი;

პ. ცაავა - წესით ვინც ტელეფონზე გვისმენს იმანაც კარგად იცის ყველაფერი და თქვენ ძველებმა მითუმეტეს უკეთ იცით.

9.

ქარელის სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა სტეფანე კორინთელმა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აცნობა, რომ იმყოფებოდა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებულ დენდროლოგიურ პარკში, სადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზეა გაკეთებული. ი.ოქრუაშვილს აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა საუბარში განაცხადა - "ვინც გვისმენს იმის გასაგონად ვამბობ, თუ მაგ კაცს (გულისხმობს ივანიშვილს) სურს ზავის დადება, მე თანახმა ვარ, თუ არადა მემებრძოლი კაცი ვარ და ომის გამგრძელებელიც". ს.კორინთელს ი.ოქრუაშვილის ნათქვამზე კომენტარი არ გაუკეთებია.

10.

შვედეთის სამრევლოს ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ვახტანგ ახვლედიანი თავის საყვარელ [სახელი, გვარი] საუბრისას ეჭვობს, რომ მათი სატელეფონო საუბრები ისმინება, რის გამოც გამოხატა უკმაყოფილება და აღნიშნა: "გვისმენენ და გვისმინონ მაგათი დედაც მოვტ..ან". მიტროპოლიტმა ასევე უარყოფითად შეაფასა არსებული ხელისუფლების მოღვაწეობა და განმარტა, რომ მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო.

11.

ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილმა, დავითგარეჯის სახელობის მამათა მონასტერში მოღვაწე არქიმანდრიტ კირიონ ონიანს [მითითებულია პირადი ნომერი] განუცხადა, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიას სასაზღვრო პოლიცია დაკომპლექტებული ჰყავს „ახალაიას” კადრებით. ქორეპისკოპოსი აცხადებს - „ამ მთავრობის პერიოდში მკვლელიც გამომიგზავნეს, თან ეს მკვლელი სახელმწიფო სამსახურში იყო და არც გაუნთავისუფლებიათ სამსახურიდან, ყვე..ებს იფხანენ რა! შვილმკვდარი მამების თემა ვერ მოუგვარებიათ, ეხლა ხო გვისმენენ ტელეფონზე ხოდა გაიგონ რაც ელოდებათ - 30 000 ადამიანი გამოვიდა შოთაძე გააგდეს და სხვისი გაგდებაც არ გაუჭირდებათ”.

კიდევ სამ შემთხვევაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათ შესაძლოა უსმენენ.

გავრცელებული დოკუმენტების შესახებ:

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი - 25 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა იყო განთავსებული. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

უშუალოდ საეკელესიო მსახურებზე სავარაუდო მიყურადების გარდა, ასევე არის ეკლესიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ჟურნალისტებსა და დიპლომატებს შორის შიდა კომუნიკაციის, ასევე ულტრამემარჯვენე ძალების წარმომადგენელთა შორის საუბრის ჩანაწერების შინაარსი.

მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ფარულ ჩანაწერებსა და ამ ჩანაწერების შინაარსის შესახებ, პროკურატურამ 14 სექტემბერს გამოძიება დაიწყო. პროკურატურა აცხადებს, რომ იძიებს კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

XS
SM
MD
LG