2024 წლის იანვარ-თებერვალში საზღვარგარეთ ქვეყანამ დაახლოებით 803 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა. აქედან ადგილობრივი ექსპორტი 372,4 მლნ დოლარი იყო. უმთავრესად სწორედ რეექსპორტის დამსახურებით მოხდა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა.
“მთელი ეს გავლილი პერიოდი [უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან - რ.თ.] ექსპორტი მხოლოდ რეექსპორტის ძალიან მაღალი ზრდის გამო იზრდებოდა, რადგან ადგილობრივი ექსპორტი მცირდებოდა. თავის მხრივ, რეექსპორტი დაკავშირებულია ომთან, რის გამოც რუსეთს სანქციები დაუწესდა და მთელი რიგი პროდუქციით პირდაპირი ვაჭრობა შეიზღუდა“, - ამბობს ეკონომისტი ეგნატე შამუგია.
ამის მაგალითად ის გამოდგება, რომ გაზრდილი რეექსპორტის უდიდესი წილი მსუბუქი ავტომობილების დსთ-ს ქვეყნებში გატანაზე მოდიოდა.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ წელს რეექსპორტი მართლაც შენელდა. თუ წლევანდელი წლის იანვარ-თებერვლს 2022-2023 წლების შესაბამის პერიოდს შევადარებთ, გამოჩნდება, რომ 3%-იანი ზრდაა, მაშინ როცა შარშან რეექსპორტი 100%-ზე მეტად გაიზარდა.
თუკი რეექსპორტი და მისი მასშტაბი გეოპოლიტიკურ ვითარებაზეა მიბმული, ადგილობრივად წარმოებული საქონლის გატანის შესაძლებლობები ძირითად საექსპორტო ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მიხედვით განისაზღვრება და, როგორც ეკონომიკის ექსპერტი ეგნატე შამუგია ამბობს, პროგნოზის გათვალისწინებით, ექსპორტის ზრდა მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.
სად რა და რამდენი გავყიდეთ?
წელს საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქტის 66%-ზე მეტი დსთ-ს ქვეყნებში გაიყიდა, ევროკავშირზე მხოლოდ 9.6% მოდის. ქვეყნის მთლიან ექსპორტს რომ რეექსპორტი განსაზღვრავს, ამას სტატისტიკაც ადასტურებს, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს საქართველომ ყველაზე მეტი საქონელი ყირგიზეთში გაყიდა.
ყირგიზეთისგან განსხვავებით, სადაც შარშანდელთან შედარებით ექსპორტი თითქმის 180%-ით გაიზარდა, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში წელს უფრო ნაკლები პროდუქტი გავყიდეთ. რაც შეეხება საქონელს, მთლიანი ექსპორტის მესამედი მანქანების რეექსპორტზე მოდის, შემდეგ არის ღვინო და ფეროშენადნობები.
რა ელის ძირითად საექსპორტო საქონელს?
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფეროშენადნობების ექსპორტი კვლავ მცირდება. ფეროშენადნობების ასოციაციის ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი გვეუბნება, რომ დარგში ისევ მძიმე ვითარებაა, წელს ევროპაში ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა ამას იგი დროებითს უწოდებს.
„ვითარება მყიფეა და წითელ ზღვაში მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული. არც აშშ-ში და არც ჩინეთში ფეროშენადნობებზე ფასი არ შეცვლილა, მხოლოდ ევროპაში გაიზარდა, ისიც იმიტომ, რომ გემები გრძელი გზით ჩადიან. ფასი დაახლოებით 200 დოლარითაა მომატებული”, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი და ამატებს, რომ მათ პროდუქციაზე ექსპორტის ვარდნა ომმა გამოიწვია. ევროპაში ჯერ მეტალის პროდუქტებზე შემცირდა მოთხოვნა, ამან კი უკვე ფეროშენადნობებზეც იქონია გავლენა, შემცირდა როგორც მოთხოვნა, ისე ფასი.
“ეს როდის დასრულდება, რთულია თქმა. სანამ ევროპაში ომი არ დამთავრდება, არ მგონია, ვინმემ იმხელა ინვესტიციები განახორციელოს, რომ მეტალზე მოთხოვნა გაიზარდოს”, - ამბობს ის.
რაც შეეხება ავტომობილების რეექსპორტს, როგორც მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის “კავკასუს ავტოიმპორტის” კომერციული დირექტორი ალექსანდრე ვეკუა ამბობს, მანქანების რეექსპორტის ზრდის ტემპიც შენელდა. მიზეზი სომხეთია, სადაც, მისი თქმით, ავტომობილები თითქმის აღარ გაჰყავთ. საქსტატის მონაცემებით, სომხეთში ავტომობილების რეექსპორტი შარშანდელთან შედარებით მართლაც 69%-ით არის შემცირებული. ამ ეტაპზე ავტომობილების რეექსპორტის მთავარი ბაზარი ყირგიზეთი და ყაზახეთია.
„შარშან ამ დროს სომხეთში აქტიურად გადიოდა ავტომობილები, თუმცა წელს ფაქტობრივად აღარ იყიდება. სომხეთი მაინც რუსეთზე იყო დამოკიდებული და შემდეგ ალბათ რუსეთში მიჰყავდათ, თუმცა კანონმდებლობა შეიცვალა.
სომხეთში განბაჟებული ავტომობილი რუსეთში ვეღარ იმოძრავებს, თუ იქაც არ განბაჟდა, ამიტომ აღარ უღირთ და აღარ მიჰყავთ. ეგ ბაზარი მოგვაკლდა.
აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, პანდემიის შემდეგ სახმელეთო საზღვარია დაკეტილი, კი არის მსხვილი ბრუნვა, მაგრამ საზღვარი გახსნილი რომ იყოს, უფრო მაღალი იქნებოდა. ჯერ კიდევ უცნობია, როდის გახსნიან”, - ამბობს “კავკასიის ავტოიმპორტის” კომერციული დირექტორი.
“შარშანდელთან შედარებით ასევე შემცირდა ავტომობილების ფასიც, დაახლოებით 10-15%-ით. მაგალითად, გასული წლის დასაწყისში მანქანების დეფიციტიც კი იყო, ახლა კი პირიქითაა, ბაზრობები გადავსებულია. ჭარბი მიწოდება ავტომატურად აისახება ხოლმე ფასზე”, - გვეუბნება ალექსანდრე ვეკუა.
ფეროშენადნობებსა და ავტომობილების რეექსპორტთან ერთად საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი ღვინოა, რომლის მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთია. უკრაინის ბაზრის თითქმის დაკარგვის შემდეგ, რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა.
რუსეთში მაისიდან ღვინოზე აქციზი იზრდება, ეს ქართულმა კომპანიებმა გასული წლის ბოლოს უკვე იცოდნენ და ახლა მეღვინეები ცდილობენ, რუსეთში რაც შეიძლება მეტი ღვინის შეტანა მოასწრონ. ამიტომ რთულია თქმა, აქციზის ზრდა ღვინის ექსპორტს წელს შეამცირებს თუ არა.
ოფიციალური სტატისტიკით კი, წლევანდელი წლის იანვარ-თებერვალში 47 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული ღვინო გაიყიდა, აქედან თითქმის 76% - რუსეთში. რუსეთის წილის ასე ზრდა მოსალოდნელიც იყო, რადგან ქართველ მეღვინეებს სურთ, რუსეთში ღვინო აქციზის გაზრდამდე შეიტანონ.