„თბილისი პრაიდმა“ შს სამინისტროსგან დაცვის „უმყარესი გარანტიები“ მიიღო, რაც იმედს აძლევთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა შს სამინისტრომაც.
„სიყვარულს ვერ დაამარცხებ“ - 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული ფესტივალით დასრულდება. სტუმრებს შორის იქნებიან ელჩები და დიპლომატები.
ღია მუქარა
„8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“, - თქვა კოკა მორგოშიამ, „ალტ-ინფოს“ ლიდერმა და 8 ივლისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორმა.
აქტიურობენ სხვებიც - მსგავსი მზადებით, მოწოდებებითა და მუქარით. ისევე, როგორც 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის წინ.
„8 ივლისს უნდა იყოს დღე, როცა - აქამდე თუ შიშით და ისტერიკით იხსენებდნენ 5 ივლისის მოვლენებს ლიბერალურ ფლანგზე, დღეს იგივე უნდა ხდებოდეს 8 ივლისთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს მართლაც იქნება ძალის დემონსტრირება იმისთვის, რომ შეირყა ლიბერალების გავლენა“, - ამბობს „კონსერვატიული მოძრაობისა“ და „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, შოთა მარტინენკო.
აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს ვაჟა-ფშაველას ძეგლთან იბარებენ და უკვე თითქმის მეათე დღეა, რაც ინფორმაციას ავრცელებენ.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ წაგართვათ ეგ ევროინტეგრაციის გზა. ქართველობა კი არა, ევროპელობა უნდა დაგაკარგინოთ“, - მიმართავს ფესტივალის მონაწილეებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზურა ზუკაკიშვილი, ფეისბუკში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მისი განმარტებით - „გარყვნილების დემონსტრირება“ და „პროპაგანდა“ იყო ახლახან ლისზე გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-ზეც, რომელიც მუსიკის მოყვარულების დიდი სიყვარულით სარგებლობს.
ორგანიზატორები ფულსაც აგროვებენ „რეგიონებიდან ხალხის ტრანსპორტირებისთვის“ და ამბობენ, რომ ეს დღე გადამწყვეტი იქნება „ისტორიული პერსპექტივისთვის, ზნეობისთვის და არსებითად ქართველობისთვის!“ ფულს იღებენ ყველასგან და მათ შორის პენსიონერებისგანაც, რომლებსაც საქართველოს „მტრებზე ჯავრის ამოყრა“ სურთ.
7 ივლისს, TBC ბანკში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ 8 ივლისის აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს საბანკო ანგარიშები გაეყინა.
აქციას მხარს უჭერს არაერთი სასულიერო პირი:
- „ჩვენ მაგათ დავასრულებთ! არა ძალადობას კი არა, ვინც ქვეყანას რყვნის, რა ენის მოჩლექით ლაპარაკი მაგათთან...“, - ამბობს „ალტ-ინფოს“ ეთერში დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, 5 ივლისის აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მაშინდელი განცხადებით - „ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის, სიწმინდისთვის!“
- მრევლს ქადაგებისას, „არაჯანსაღ ჯგუფებთან“ „მშვიდობიანად“ დაპირისპირებისკენ მოუწოდებს მღვდელი საბა ჭიკაიძეც. „ჩვენ ისინი ვერ გადაგვაგვარებენ, ჩვენ ისინი ვერ გაგვრყვნიან“, - ამბობს ის ეკლესიაში, ქადაგებისას.
ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო, რომლშიც ბავშვები, სავარაუდოდ - დები, [დაახლოებით 10 და 6 წლის], „ერსა და ბერს“ 8 ივლისის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
გოგოები დაზეპირებული ტექსტით ერთხმად ამბობენ, რომ მათი მამა მიდის აქციაზე „მომავლისა და ტრადიციების დასაცავად“, „რათა აღიკვეთოს გარყვნილება საქართველოში“. ბავშვები ამბობენ ლექსსაც, რომელშიც „კაცის ქალად ქცევა“ და „კაცის კაცთან საქვეყნოდ გორვაა“ ნახსენები.
სოციალურ ქსელებში გაჩაღდა დისკუსია ბავშვების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ივლისს განაცხადა, რომ „მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების [„თბილისი პრაიდის“ ფესტივალის] უსაფრთხო ფორმატში ჩატარება“ და „თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.
უწყების ინფორმაციით:
- სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან.
- დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას.
- შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა - გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით.
შს სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, „დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ... ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მანდატის ფარგლებში".
შს სამინისტროსთან ღია და ინტენსიური კომუნიკაციის არსებობას რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი მარიამ კვარაცხელია.
„საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, შსს-თან გვაქვს ძალიან მყარი, ცალსახა გარანტიები ჩვენი დახურული ღონისძიების დაცვის შესახებ. გვაქვს უმყარესი გარანტიები, რომ დაცულები ვიქნებით“, - კვარაცხელია ასევე აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორების მუქარის შემცველი ყველა განცხადება უკვე გადაცეს შს სამინისტროს და რეაგირებას ელოდებიან.
„თბილისი პრაიდის“ განმარტებით, დეზინფორმაციაა, რომ თითქოს 8 ივლისს, ქუჩაში ე.წ. გეიაღლუმი ტარდება. „რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით...“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
„თბილისი პრაიდს“ აქვს რჩევები როგორც ფესტივალის მონაწილეებისთვის, ასევე სხვა მოქალაქეებისთვის - რადგან „ქალაქში შესაძლოა შეიქმნას დაძაბული ან პოტენციურად სახიფათო სიტუაციები“:
- საჭიროა მოერიდოთ ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო მაღალი რისკის ზონა იქნება;
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მარტო გადაადგილებას;
- რადგან ძალადობრივი ჯგუფები „ხშირად ინდივიდებზე გარეგნობის ან თვალსაჩინო მახასიათებლების საფუძველზე ირჩევენ აგრესიის ობიექტს“, „ღია და ამაყი თვითგამოხატვის“ მხარდაჭერის მოუხედავად - „შესაძლოა გონივრული იყოს ამ პოტენციური რისკის გათვალისწინება საჯარო სივრცეებში გადაადგილებისას“;
- დატენეთ მობილური მოწყობილობები და დარწმუნდეთ, რომ გაქვთ საშუალება, დაუკავშირდეთ სხვებს;
- თუ ღონისძიებების მიღმა რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, ან გარკვეულ ვითარებაში თავს დაუცველად ან არაკომფორტულად იგრძნობთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ თბილისი პრაიდის გუნდს. ფესტივალის ტერიტორიაზე კი ღონისძიების პერსონალს ან/და დაცვას.
მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე ფეისბუკის საშუალებით მიმართავს ხვალინდელი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს - „შავმაისურიან რჯულის დამცველებს“ და მოუწოდებს მათ, რომ ხელი აიღონ ძალადობაზე ღმერთის დაცვის სახელით.
„გაიხადეთ ეგ შავი მაისურები, დაყარეთ აგურები, დაუშვით მუშტები, მოეშვით ღრიალს და ადამიანების დევნას ქრისტეს სახელით (მას ეს არ გაუკეთებია), დაკავდით წიგნებით, სპორტით, სიკეთით და სიყვარულით. თუ არა და როგორც თქვენ სდევნით სხვა ადამიანს, ისევე იქნებით დევნილნი ღმერთისგან, რადგან თავად ცოდვილებმა გაბედეთ მის მსჯავრში ჩარევა“, - წერს დეკანოზი.
საქართველოს დედაქალაქში „თბილისი პრაიდის კვირეული“ 2 ივლისს გაიხსნა და უკვე ჩატარდა არაერთი ღონისძიება, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია. კვირეულის სლოგანია „სიყვარულს ვერ დაამარცხებ“.
„პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა.
პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას“, - აცხადებს „თბილისი პრაიდი“.