Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილის პრაიდის“ განცხადებით, ფესტივალთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება


ფოტო არქივიდან : ლგბტქი+ თემის მხარდამჭერი აქცია თბილისში
ფოტო არქივიდან : ლგბტქი+ თემის მხარდამჭერი აქცია თბილისში

ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“. ხვალ 8 ივლისს, თბილისში დაგეგმილ „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ღონისძიება დახურილ ფორმატში წელს მესამედ გაიმართება და „რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით“. როდესაც „ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. “გეი აღლუმი” ტარდება“. „თბილისი პრაიდის“ განცხადებით ამით „საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივებას“ ცდილობენ.

„არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი“, - წერია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აქვთ „მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

ფესტივალზე ელიან ქვიარ თემის წევრებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენელებს და საერთაშორისო პარტნიორებს. „უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი სტუმრები“.

„თბილისი პრაიდი“ მოუწოდებს „ყველა თანამოქალაქეს, დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები პრაიდის ფესტივალის მიმართ“ და არ გახდნენ „დეზინფორმაციის მსხვერპლი და გამავრცელებელი“. „დადექით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიყვარულის მხარეს“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

დღეს, "პრაიდის ფესტივალთან" დაკავშირებით სხვადასხვა რელიგური კონფესიების სახელით ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს კანონით შეზღუდოს "ლგბტ მოძრაობა".

2-იდან 8 ივლისამდე საქართველოს დედაქალაქში "თბილისი პრაიდის კვირეული" ტარდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი. კვირეულის სლოგანია "სიყვარულს ვერ დაამარცხებ". ღონისძიების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" და მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისა" ასევე მათი მხარდამჭერები.

"პრაიდის კვირეული" შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე. 2021 წელს კი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

XS
SM
MD
LG