Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვადიმ ჩხეტიანი: მინდა, რომ ომი საქართველოს და უკრაინის გამარჯვებით დამთავრდეს


ვადიმ ჩხეტიანი
ვადიმ ჩხეტიანი
  • რატომ გადაწყვიტა უკრაინის დამცველთა რიგებში ჩადგომა პროფესიონალმა ქართველმა ჯარისკაცმა ვადიმ ჩხეტიანმა?
  • რატომ მიიჩნევს იგი საბრძოლო მეგობარს ყველაზე ახლობელ ადამიანად?
  • რა არის უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცი ყველაზე სანუკვარი, წინასაახალწლო სურვილი?

ჩვენს შეკითხვებს უკრაინიდან უპასუხებს ვადიმ ჩხეტიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ჯარისკაცი.

ვადიმ ჩხეტიანი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.
სამხედრო კარიერის განმავლობაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ავღანეთში, ნატოს საერთაშორისო კოალიციური ძალების რიგებში.
2018 წლიდან სამსახურს გადის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
მონაწილეობდა არაერთ ბრძოლაში.
მიღებული მძიმე საბრძოლო ჭრილობის შემდეგ, ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის.

კობა ლიკლიკაძე: ვადიმ, უკრაინაში ახლა არაერთი ეროვნების მოხალისე იბრძვის. კონკრეტულად თქვენ რამ გადაგაწყვეტინათ, რომ იარაღისთვის მოგეკიდათ ხელი და ჩამდგარიყავით უკრაინის დამცველთა რიგებში?

ვადიმ ჩხეტიანი: ეს გადამაწყვეტინა იმან, რომ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, ეს ომი არის არამარტო საქართველოს და უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს ომი. ამ ორ ქვეყანას, ჩვენს პატარა ქვეყანას და უკრაინას, რომელიც გაცილებით დიდია, საერთო მტერი გვყავს.

კობა ლიკლიკაძე: შენ ახლა ფრონტის ხაზზე არ ხარ, და არა იმიტომ, რომ ისვენებ, არამედ მკურნალობ, დაჭრილი იყავი. ეს ეპიზოდი რომ გაიხსენო, სად მიიღე საბრძოლო ჭრილობა?

ვადიმ ჩხეტიანი: არის ასეთი სოფელი, იამპოლი, იქ დავიჭერი. ოკუპანტები გვიტევდნენ. ჭურვი აფეთქდა და თავში ნამსხვრევი მომხვდა. ჰოსპიტალში დამაწვინეს, მაგრამ ჭრილობა რომ გამიკერეს, უკან დავბრუნდი, წინა ხაზზე. მერე ისე მოხდა, რომ ჯანმრთელობის გამო, რეაბილიტაციისთვის წამოვედი. გავიარე რეაბილიტაცია, მაგრამ ჯანმრთელობის გამო უკან ვეღარ წავედი.

კობა ლიკლიკაძე: ამ თემაზე საუბარი არაკორექტულად მიმაჩნია, მაგრამ, რაკი საქართველოში საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიდა ეს საკითხი, მინდა გკითხოთ: უკრაინა როგორ უზრუნველგყოფთ თქვენ – მებრძოლებს, მოხალისეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს? ვგულისხმობ ფინანსებს, მატერიალურ უზრუნველყოფას, აუცილებელ აღჭურვილობას, სამედიცინო მომსახურებას და ასე შემდეგ. როგორ ხართ უზრუნველყოფილი?

ვადიმ ჩხეტიანი: ხელფასს ჩვეულებრივ, რაც არის განსაზღვრული, იმას გვიხდიან როგორც უკრაინელებს, ისევე ჩვენ. არავითარი განსხვავება ჩვენ შორის არ არის. არის განსხვავება ხელფასში წოდების მიხედვით, ან თუ ვინმეს თანამდებობა აქვს, მაგრამ ხელფასს ყველას გვაძლევენ. ჩვენს ბატალიონში ძირითადად ვართ ქართველები, მაგრამ არიან ადგილობრივი უნგრელები და ასევე ბოშები, მაგრამ ყველა მსახურობს და ყველა იღებს ანაზღაურებას. არ არის განსხვავება შენ უკრაინელი ხარ, ქართველი თუ სხვა ეროვნების ხარ.

კობა ლიკლიკაძე: ვადიმ, ახსენეთ, მრავალეროვნული კონტინგენტი ვართო და რას ნიშნავს საბრძოლო მეგობრობა, უშუალოდ ბრძოლის ველზე ჩამოყალიბებული მეგობრობა? ერთი-ორი სიტყვა გვითხარით ამაზე, ან თქვენს მეგობრებზე მოგვიყევით.

ვადიმ ჩხეტიანი: მე მყავდა ერთი კარგი მეგობარი. სხვათა შორის ჩემი სეხნია იყო. ცხონებული მარტში დაიღუპა და მის შემდეგ ვერ გამოიტანეს მისი გვამი. იქ დარჩა. ის იყო ჩემთვის არა მარტო მეგობარი, არამედ ის იყო ჩემთვის ოჯახის წევრი. მეგობარი – ეს როგორ არის იცით, ერთ ბლინდაჟში რომ გძინავს, ერთ მიწურში რომ გძინავს, იქ პატარა ლუკმას რომ გადატეხავ... ამაზე დიდი მეგობრობა არ არსებობს.

კობა ლიკლიკაძე: თითქმის უკვე ერთი წელი გავა, რაც რუსეთმა ომი გააჩაღა უკრაინაში, სასტიკი ომი. ახალ წელს უამრავი ჯარისკაცი, უამრავი მოხალისე, რომ იტყვიან, სანგრებში შეხვდება. თქვენ რა სურვილი გაქვთ, ვადიმ? საახალწლო სურვილზე მინდა გკითხოთ - საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თქვენი მეგობრებისთვის?

ვადიმ ჩხეტიანი: ჩემი სურვილი იქნება, რომ დამთავრდეს ომი. რა თქმა უნდა, უკრაინის და საქართველოს გამარჯვებით. ეს არის პირველ რიგში ჩემი სურვილი. კიდევ ისაა, რომ ღმერთს ვთხოვ, ყველა დაბრუნდეს ჯანმრთელი და ცოცხალი. იმიტომ, რომ იქ [ფრონტზე] ისეთი ვითარებაა ამჟამად, რომ არ ვიცი... გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დგას. მინდა ყველანი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, ჯანმრთელი და ბედნიერი. მიჭირს საუბარი ემოციურად, რადგან მე აქ ვარ, მკურნალობას გავდივარ, ისინი კი იქ არიან. მე ძალიან მიმძიმს ეს, მართლა მაგრად მიმძიმს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG