Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეტლით მოსარგებლე მერი არაადაპტირებულ გარემოში


ზესტაფონის ახლადარჩეული მერი გიორგი გოგლიჩიძე მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჯერჯერობით მხოლოდ მეგობრების დახმარებით ახერხებს შესვლას. მართალია, შენობას გარე პანდუსები აქვს, მაგრამ ისინი იმდენად ციცაბოა, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანს დამოუკიდებლად პანდუსზე გადაადგილებაც უჭირს.

მერი ეტლში კაბინეტში შესვლას ცდილობს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:46 0:00

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში შენობის ადაპტაციის პროექტზე მუშაობას არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ვერ იწყებენ. მას შემდეგ კი რაც გიორგი გოგლიჩიძე ოფიციალურად შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას, პროცესი ადგილიდან დაიძვრება, ტენდერი გამოცხადდება და ლიფტიც დამონტაჟდება. მანამდე კი ზესტაფონის ახლადარჩეულ მერს სამსართულიანი შენობის ფაქტობრივად ყველა სართულზე მოსახვედრად სჭირდება ადამიანები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ან ეტლს მიაწვებიან, ან საერთოდაც მას ასწევენ და კიბეებზე აიყვანენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მას ეს პრობლემა, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობების უმრავლეს ნაწილში შეხვდება.

კიდევ სად გაუჭირდება მერს გადაადგილება?

მუნიციპალიტეტის მერი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირია. იგი ანგარიშვალდებულია მოსახლეობისა და საკრებულოს წინაშე. მერი შეიმუშავებს ბიუჯეტს და დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენს. იგი დეპუტატებთან ათანხმებს ასევე გადასახადებსა და მოსაკრებლებზე მომზადებულ გადაწყვეტილებებს, მუნიციპალური ქონების საკითხებს, თვითონ ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი სამსახურების ხელმძღვანელებს. შესაბამისად, უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გარდა, მერს ხშირად უწევს ვიზიტები ადგილობრივი თვითმართველობის საჯარო თუ არასაჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საგანმანათლებლო ცენტრებში, სამედიცინო ობიექტებში, სამხარეო ადმინისტრაციაში და ა.შ. ამ შენობების დიდი უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული არ არის.

რამდენი შენობა აკმაყოფილებს მისაწვდომობის სტანდარტს?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების შემდეგ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება შეაფასოს და მუდმივად აწარმოოს სტატისტიკა, რამდენად ხელმისაწვდომია გარემო შშმ პირებისთვის არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებში, არამედ ყველა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობაში. თუმცა, როგორც შშმ პირთა უფლებების აქტივისტმა, სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების დაცვის საბჭოს წევრმა კობა ნადირაძემ გვითხრა, დღემდე ეს მონაცემები სახელმწიფოში არ გროვდება. მათ შორის არ ხდება მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების აღწერა. „სრული მონაცემები, თუ რამდენი შენობაა პროცენტულად მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, არ გვაქვს“, - აღნიშნა კობა ნადირაძემ, რომელიც ჩამოთვლის იმ ხარვეზებსაც, რომლებიც ე.წ. ადაპტირებულ შენობებს აქვს:

  • ძალიან ხშირად გვხვდება პანდუსები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სტანდარტების დაუცველადაა ორგანიზებული
  • გადაადგილების შიდა სივრცეები, სართულებს შორის გადაადგილების საშუალებები არ არსებობს
  • სანიტარული კვანძები, კაფეტერიები, ადმინისტრაციული უჯრედები თუ საჯარო დაწესებულებების მიერ მიწოდებული სერვისები უმეტეს შემთხვევაში მიუწვდომელია შშმ პირებისთვის.
  • მისაწვდომობის გათვლა ხდება ძირითადად ეტლით მოსარგებლე პირზე მაშინ, როდესაც სრულიად არ არის გათვალისწინებული მცირე მხედველის ან უსინათლოს; სმენის არმქონე ან სმენადაქვეითებულის, მობილობის სხვა შეზღუდვის მქონე პირების საჭიროებების შეფასება.​

შეუსრულებელი ვალდებულებები

შშმ პირთა უფლებების დამცველები შენიშნავენ, რომ სახელმწიფოს, საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, არ აქვს შშმ პირთა ხელმისაწვდობის გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო ერთიანი ხედვა.

გვაქვს ორი დადგენილება, ორი ტექნიკური რეგლამენტი. ერთში არ გვაქვს ზედამხედველობის აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი. მეორე, 2016 წლის დადგენილება ითვალისწინებს რაღაცა დონეზე მისაწვდომობის სტანდარტებს, თუმცა მითითებას აკეთებს ამერიკის მისაწვდომობის სტანდარტებზე, რომელიც არ არის გადათარგმნილი და სპეციალურ სააგენტოში დარეგისტრირებული. შესაბამისად ესეც არ მოქმედებს და არანაირი ისეთი დოკუმენტი, მისაწვდომობის სტანდარტებზე არ არსებობს“,- გვითხრა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა მარიამ ჯანიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში დაწყებულია ასევე საკანონმდებლო მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცითი მოწყობის წესის დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდისა და სანქცირების სისტემის შემუშავების საკითხზე. თუმცა, როგორც სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ამბობს, იმ პირობეში, როდესაც სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებიც კი არ არის ადაპტირებული, ძნელია ვისაუბროთ სანქცირების სისტემის ამოქმედებაზე. მისი აზრით, მთავარია დაიგეგმოს ცვლილებები, რომლებიც შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირებას შეუწყობს ხელს.

ზესტაფონი - ქალაქი ჩავლით
please wait

No media source currently available

0:00 0:07:53 0:00

ზესტაფონი, ამ მხრივ, სავარაუდოდ, კარგი გამონაკლისი იქნება. ეტლით მოსარგებლე გიორგი გოგლიჩიძის ქალაქის მერად არჩევა, საზოგადოების მოლოდინით, გააუმჯობესებს შშმ პირთა გარემოს ხელმისაწვდომობის მდგომარეობას. მერის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაც ეს იყო. ზესტაფონში ცვლილებების განხორციელებას ამ მიმართულებითაც ელიან.

XS
SM
MD
LG