“მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და ეროვნული უმცირესობები” - ამ თემაზე სასაუბროდ დღეს თბილისს ესტუმრა ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ლამბერტო ზანიერი. შეხვედრაზე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, თუ რა პროექტები ხორციელდება უმცირესობებისთვის სერვისების გასაუმჯობესებლად, არასამთავრობო სექტორი კი, თავის მხრივ, ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, თუ რა მიმართულებებია გასაძლიერებელი. ეუთომ ზოგადი რეკომენდაციები გასცა.
“ჩვენი სამსახური დროგამოშვებით გამოსცემს რეკომენდაციებს
ეუთოს წევრი ქვეყნებისთვის, რაც მნიშვნელოვანია უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. საზოგადოება იზრდება, ასე რომ, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომელია საკვანძო სფერო, სადაც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამ ინტეგრაციას”, - ამბობს ლამბერტო ზანიერი.
რეკომენდაციები შეეხებოდა ეროვნული უმცირესობისთვის არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას მართლმსაჯულების სივრცეში: თარჯიმნის უზრუნველყოფას, იურიდიული დახმარების გაწევას და საქმის დროულ გამოძიებას, იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსხვერპლის უფლებები იყოს დაცული და მოხდეს მათი რესოციალიზაცია.
ეუთოს უმაღლეს კომისარს მრგვალი მაგიდის წევრებმა საქართველოში არსებული ვითარება გააცნეს. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ასახელებენ, რის შესახებაც განუცხადეს ეუთოს უმაღლეს კომისარს.
ნინო ლომჯარია: “მე ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რასაც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა აწყდება ოკუპირებულ გალის რეგიონსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არის: გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტები და ა.შ.”
როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ლამბერტო ზანიერი გეგმავს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, შეხვედრების გამართვას და ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის გარკვევას.
კიდევ ერთი პრობლემური თემა, რაც საუბარში გამოიკვეთა, ეს იყო ქართული ენის სწავლების საკითხი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს: “დღეს, როცა ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობა 13 %-ზე მეტია, ვაწყდებით არაერთ პრობლემას, რომლის მოგვარებასაც ვცდილობთ (ამ პროცენტულ მაჩვენებელში არ შედის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, რადგან ბოლო
"არის რეგიონები, სადაც ვერ საუბრობენ სახელმწიფო ენაზე და ბევრი პრობლემა ამ ფაქტორსაც უკავშირდება“
სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ბელა ოსიპოვა ენობრივ ბარიერებს ქართული ენის სწავლების არასწორ მოდელს უკავშირებს:
“ბილინგვური სწავლების მოდელი არასწორად იყო შერჩეული, ამაზე განათლების სამინისტროც თანხმდება და ფიქრობს ახალი პროექტების დაწყებაზე. არის სახელმღძვანელოები პრობლემებიც. ეროვნულ უმცირესობებში ქართული ენის სწავლის ინტერესი ახალგაზრდების მხრიდან დიდია და არაერთი სტუდენტი აბარებს უმაღლესში და სახელმწიფო ენის ცოდნით ბრუნდება თავის რაიონში. საჭიროა დრო და წარმატებული პროექტების გაძლიერება, რომ რეგიონში სულ სხვა სურათი მივიღოთ”.
დაბალი მიმართვიანობის მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ომბუდსმენის ოფისში ათამდე განცხადებაა შესული, სადაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ძირითადად აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ ჩაიდინეს დანაშაული, რომელშიც გამოძიების პროცესში არ ხდება ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა.
სწორედ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებსა და ეროვნული ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე ისაუბრა ეუთოს უმაღლეს კომისართან შეხვედრისას მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლაშა მჭედლიშვილმა.
" 2016 წელს 4 პირს წარედგინა ბრალი ეროვნული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის ჩადენაში. 2017 წელს ეროვნული და ეთნიკური ნიშნით მხოლოდ ორი საქმე განიხილებოდა, რომელთაგან სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთ შემთხვევაში არ დაწყებულა. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, ეროვნული და ეთნიკური ნიშანი შეისწავლეს 4 სისხლის სამართლის საქმეში, რომელთაგან სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ."- ლაშა მჭედლიშვილი
რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან აღნიშა, რომ დისკრიმინაციული და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებს თუ გადავხედავთ, მიმდინარე გამოძიებებიდან 5-10 % არის ეროვნული ან ეთნიკური ნიშნით მოტივირებული, სამართლებრივი დევნა კი იწყება კიდევ უფრო მცირე შემთხვევებში, რაც არ იძლევა რაიმე ტენდენციაზე საუბრის საფუძველს.
როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები ამბობენ, არსებული პრობლემების ფონზე, ისინი აგრძელებენ პარტნიორებთან თანამშრომლობას, რეკომენდაციების გაზიარებასა და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებას.