Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკური უმცირესობების პარტიები და მათი არსებობის საკითხი საქართველოში


ავტორი: მარიამ მიქიაშვილი

მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა ამა თუ იმ დომინანტ ეთნიკურ ჯგუფზეა დაფუძნებული, თუმცა სხვადასხვა ისტორიული, გეოგრაფიული თუ დემოგრაფიული მიზეზების გამო იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი ქვეყანა, რომელშიც ეთნიკური უმცირესობები არ ცხოვრობდნენ. მათი ფართო საზოგადოებაში ინტეგრაცია ხშირად საკმაოდ პრობლემურია და სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური ზომების მიღებას მოითხოვს. ინტეგრაციის ერთ-ერთი საშუალებაა ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმეტესობა ამ მიზნის მისაღწევად ნებას რთავს საკუთარ ეთნიკურ უმცირესობებს, ჩამოაყალიბონ თავიანთი პოლიტიკური პარტიები. საქართველოს კონსტიტუცია კი კრძალავს რეგიონული თუ ეთნიკური უმცირესობების პარტიების არსებობას, დიდწილად პოტენციური სეპარატისტული მისწრაფებების გამო, რაც კავკასიის რეგიონში არცთუ იშვიათი მოვლენაა. მართალია, ამგვარი აკრძალვა დემოკრატიის ზოგად ჩარჩოებში ნამდვილად ჯდება, მაგრამ Freedom House და რამდენიმე სხვა ინსტიტუტი საქართველოს მაინც ურჩევს, დაუშვას უმცირესობათა პარტიების არსებობა, რათა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები უფრო დემოკრატიული გახდეს და ეთნიკურმა უმცირესობებმაც უკეთ შეძლონ ინტეგრაცია, თავიანთი პრობლემების დაძლევა.

ეთნიკური უმცირესობების პარტიების ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ მათი ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ, მაგალითად, ყველა უნგრელი სლოვაკეთში უნგრულ პარტიას აძლევს ხმას. კვლევები გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მეტად ხდება უმცირესობათა ინტეგრაცია მთელ საზოგადოებაში, მით უფრო კნინდება უმცირესობათა პარტიების მნიშვნელობა. ინტეგრაციის წინაღობა ხშირად არათანაბარი ეკონომიკური პირობებია. უმცირესობები ხშირად სახელმწიფოთა პერიფერიებში კომპაქტურად ცხოვრობენ და ეროვნული ენის ცუდად ცოდნის გამო მათ მიერ დასახლებულ ადგილებში ინვესტიციებიც ნაკლებია, რაც იწვევს ეკონომიკური კონტრასტის კიდევ უფრო გაღრმავებას. აღსანიშნავია, რომ ისტორიულ-კულტურულ მიზეზთა გამო სწორედ კომპაქტურად დასახლებული უმცერესობები ქმნიან პარტიებს. „გაბნეული“ უმცრესობები კი ძირითადად ბოლო პერიოდის იმიგრანტებად განიხილებიან და მათი მცდელობის მიუხედავად ევროპაში ჯერ არცერთი იმიგრანტული პარტია არ დაარსებულა. იდეოლოგიურად ასეთი პარტიები შეიძლება იყვნენ როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე შეხედულებების.

„ძველი ევროპის“ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც წარმატებით მოხდა მთელი მოსახლეობის კონსოლიდაცია „ფრანგი ერის“ ცნების ირგვლივ, უმცირესობათა პარტიებს თითქმის არანაირი პოლიტიკური წონა არ აქვთ, თუმცა კი მათი არსებობა დაშვებულია. პოსტ-სოციალისტურ ევროპაში, სადაც ეთნიკური ინტეგრაცია ისტორიულად ნაკლები იყო, უმცირესობათა პარტიების დაარსება დემოკრატიზაციის შედეგი და დასავლეთის ქვეყნების რჩევა გახლდათ. ზოგიერთი პარტია მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში იღებს მონაწილეობას (მაგ. სილეზიელ გერმანელთა პარტია პოლონეთში), ზოგიერთი კი საკმაო ძალაუფლებას აღწევს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან მუდმივად არის წარმოდგენილი ეროვნულ პარლამენტში და სამთავრობო კოალიციის მნიშვნელოვანი წევრი ხდება, მაგალითად, „მოსტ-ჰიდ“ უნგრული უმცირესობის პარტია სლოვაკეთში. აღსანიშნავია, რომ ხშირად ეთნიკური პარტია რეგიონული პარტიის როლსაც თამაშობს, რადგან ამა თუ იმ რეგიონში, შესაძლოა, მთლიანად ეთნიკური უმცირესობა სახლობდეს.

ეთნიკური უმცირესობების პარტიების არსებობის გამოწვევები საქართველოში

საქართველოში სეპარატიზმის შიში არსებობს როგორც პოლიტიკურ ინსტიტუტებში, ისე მოსახლეობაშიც. თუმცა, შიშსაც რომ თავი დავანებოთ, შესაძლოა უმცირესობათა პარტიების არსებობა მაინც არ იყოს მიზანშეწონილი. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობას ჯერჯერობით ეხმარება მაჟორიტარული სისტემის არსებობა - უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში გამარჯვებულები ძირითადად უმცირესობათა წარმომადგენლები არიან. აფხაზების (და ალბათ ოსებისაც) სამომავლო წარმომადგენლობის საკითხი, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უნდა გადაწყდეს ავტონომიური მმართველობის სისტემითა და ორპალატიანი პარლამენტის შექმნით. ამიტომ, ეს სხვა საკითხია და უმცირესობათა პარტიების არსებობის მიზანშეწონილობის კუთხით არ უნდა განვიხილოთ. ნათელია, რომ საკითხი ძირითადად სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შეეხება. ეროვნული უმცირესობები, სტატისტიკურად, მხარს უდიდესი უმეტესობით თითქმის ყოველთვის მმართველ პარტიას უჭერენ. თუკი მოხდება მათი გამოთიშვა საერთო ეროვნულ დონეზე მოასპარეზე პარტიების ამომრჩევლებიდან, შესაძლოა, საქართველოში ხელისუფლებათა ცვლის ტენდენცია სულ სხვაგვარად განვითარდეს, მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული უმცირესობების პარტიებს შემდგომში მოუწევთ სხვა პარტიებთან კოალიციაში შესვლა მთავრობის ფორმირებისთვის. ამისი მიზეზი კი იქნება ის, რომ უმცირესობათა პარტიები სასურველი პარტნიორები იქნებიან მმართველი პარტიებისთვის თუნდაც მხოლოდ პოპულისტური მიზნებიდან გამომდინარე.ამ შემთხვევაში კი საკმაოდ დელიკატური საკითხი წამოიჭრება: აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი პარტიების პოტენციური არასახარბიელო საპარლამენტო ურთიერთობები. მსგავსი სცენარის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის მუშაობაზე შეიძლება შემაფერხებლად აისახებოს ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა ისეთი პროგრამები, რაც რეგიონში უთანხმოებას იწვევს. ასეთ პროექტთა რიცხვი კი საკმაოდ დიდია. ისიც შესაძლოა, რომ მკაცრმა ეთნოპარტიულმა დიფერენციაციამ ინდივიდუალური ჩართულობა პოლიტიკაში გაზარდოს, მაგრამ ინტეგრაცია კიდევ უფრო შეაფერხოს, რადგან ასეთ პარტიებში გაწევრიანებულ პირებს ნაკლები პოლიტიკური კონტაქტი ექნებათ საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან, ხოლო მათი პრობლემების მოგვარების გარანტია მხოლოდ საკუთარი პარტიის არსებობა არ არის, არსებობს ალტერნატიული გზებიც.

რა ალტერნატივები არსებობს?

დასაშვებია, კომპრომისულ ვარიანტად დაწესდეს კვოტა პარტიულ სიებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობაზე. შეიძლება გაიჟღეროს აზრმა, რომ უმცირესობათა პარტიებს მივცეთ მოქმედების თავისუფლება მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში. თუმცა, ადგილობრივ დონეზე მაჟორიტარული სისტემის არსებობა და/ან კვოტირება პროპორციულ სიებში საკმარისად მოაგვარებს უმცირესობათა წარმომადგენლობითობის პრობლემას და არ გამოიწვევს მღელვარებას ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობაში. ამ შემთხვევაში დემოკრატიისა და საქართველოს კონსტიტუციის შეთავსება სავსებით შესაძლებელია. საქართველოს პარტიებს შეუძლიათ შექმნან ექსკლუზიურად უმცირესობათა ფრთები, რაც უმცირესობათა პარტიებისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ აქტიურობასაც გაზრდის, თანაც დანარჩენ მოქალაქეებთან ინტეგრაციის პარალელურად. და ბოლოს, უმცირესობების პრობლემებზე უფრო გულმოდგინედ სამუშაოდ შესაძლებელია ამ საკითხებით დაკავებული სამინისტროს შექმნაც. უმცირესობათა პარტიების არსებობა დღევანდელ საქართველოში არ წარმოადგენს არსებული გამოწვევების საუკეთესო ან, მითუმეტეს, ერთადერთ გზას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG