ეროვნული ვალუტის კურსი დოლარსა და ევროსთან მიმართებით 10 აგვისტოდან 17 აგვისტომდე ყოველდღე ეცემოდა, 17 აგვისტოდან კი გამყარება დაიწყო, თუმცა საწყის პოზიციას ვერ დაუბრუნდა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდეტის აზრით, მთავარია დოლარიზაცია არ იყოს გამოწვევა საფინანსო სექტორისა და მსესხებლისთვის.
არჩილ მესტვირიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი თურქეთში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდა და შედეგს უფრო უარყოფითს ვარაუდობდა: ,,ეკონომიკაში მუდმივად არსებობს შოკები. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ინფლაცია მიზნობრივიდან იყოს გადახრილი. ეს იყო თურქეთის ფაქტორი და ჩვენ იქ ვაკვირდებოდით, რა იქნებოდა გადმოცემა თურქეთიდან, და უფრო ნაკლებია, ვიდრე პროგნოზირებული გვქონდა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები, ჩვენ იქაც უფრო მაღალ ფასებს ვპროგნოზირებდით. ეს იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისი რისკების ნაკლები მატერიალიზაცია მოხდა, ვიდრე ჩვენ ეს თავიდან გვქონდა პროგნოზირებული“.
„შეიძლება ნივთი არ იყიდო, მაგრამ საკვებს რას უზამ?შაქარი, მაიონეზი უკვე გაძვირებულია“.
ახალციხეში ამბობენ, რომ ლარის კურსის ცვლილების გამო პროდუქტზე ფასები ნაწილობრივ უკვე შეიცვალა. ბოლო დღეებში ბაზარში ხილ-ბოსტნეულის ფასმაც მოიმატა. მოვაჭრეების თქმით, პროდუქტი გაძვირდა და სოფლის მცხოვრებლებმაც საკუთარ ნაწარმზე ფასი გაზარდეს. სურსათის მაღაზიებში კი ჩივიან, რომ ლარის კურსის ვარდნამ იმპორტირებული პროდუქტი გააძვირა, მყიდველი კი შეამცირა:
,,ხილიც და ყველაფერიც იმატებს. მარტო ერთი და ორი პროდუქტი კი არა. ყველაფერი იმატებს. ძნელია უკვე, ხალხი ძალიან გაჭირვებულია“;
„დოლარის კურსით არაფერს ვიღებ, მაგრამ მეტად თუ ავიღებ, მეც მოვუმატებ“;
„ჯერ არაფერია მომატებული, რადგან ძველი შემოტანილია, მაგრამ მერე ჩვენც მოვუმატებთ, აბა, რას ვიზამთ?“.
მოქალაქეები ყველაზე მტკივნეულად აუცილებელი საჭიროებების - საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების - გაძვირებას განიცდიან. წარსულის გათვალისწინებით, მოსახლეობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად პროდუქტის გაძვირებასაც ელის:
,,ხალხი, რომელიც იყო, მოვიდნენ გუშინ მეგობრები ჩემთან და მითხრეს, რომ ყველაფერი გაძვირდა“;
„შეიძლება ნივთი არ იყიდო, მაგრამ საკვებს რას უზამ? შაქარი, მაიონეზი უკვე გაძვირებულია“.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ანალიტიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ დოლარიზაციის შემცირებას რამდენიმე წელი დასჭირდება:
,,ჩვენთვის მთავარია, რომ დოლარიზაცია არ იყოს გამოწვევა საფინანსო სექტორისთვის და მსესხებლისთვის, თუმცა ის დონე, რაც ახლა ჩვენ გვაქვს დოლარიზაციის, მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი მაღალია მსოფლიოში და ეს ყველა ანალიტიკოსის პუბლიკაციაში თუ სარეიტინგო სააგენტოს პუბლიკაციაში ნახსენებია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი. ჩვენ ის ტემპი, რაც გვაქვს დოლარიზაციის შემცირების, ვფიქრობთ, რომ კარგი არის და მას დასჭირდება რამდენიმე წელი, რომ დოლარიზაცია შემცირდეს იმ დონეზე, რომ ის აღარ იყოს გამოწვევა ფინანსური სექტორისთვის“.
საქართველოს ეროვნული ვალუტის რამდენიმე პუნქტით გაუფასურებას საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასის მნიშვნელოვნად მომატება არ გამოუწვევია, საწვავი კი რამდენიმე თეთრით გაიაფდა. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლებაა. ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 22 გვისტოსთვის 2.5851 ნიშნულზე, ხოლო ევროს კურსი 2.9954-ზე დაადგინა.