10 წელი ხდება, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) შემოვიდა საქართველოში, ძალიან მალე საქართველო-რუსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დასრულებიდან. 2008 წელს ევროკავშირის საბჭოს მიერ განსაზღვრული მანდატის თანახმად, EUMM-ის მოქმედების არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა. რეალობა განსხვავებულია. პირველივე დღიდან ევროკავშირის მონიტორებს არ მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა. როგორ მოხდა დროთა განმავლობაში ამ რეალობასთან ადაპტაცია ინფორმაციის მაქსიმალურად მიღებისთვის? როგორ აღიქვამს და აღნუსხავს ბორდერიზაციის პროცესს მისია? როგორია საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეთა დაკავებების სტატისტიკა? - ამ საკითხებსა და მისიის მუშაობის სპეციფიკაზე რადიო თავისუფლება ესაუბრა EUMM-ის ხელმძღვანელ ერიკ ჰიუს, რომელიც დანიელი დიპლომატი გახლავთ და საქართველოში მოქმედ მისიაში 2015 წლიდან მუშაობს. მისიის ხელმძღვანელად 2017 წლის დეკემბერში დაინიშნა.
ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია
რადიო თავისუფლება - ბატონო ჰიუ, 2008 წელს, როცა ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია შემოვიდა საქართველოში, ის ჯერ კიდევ არ იყო ერთადერთი მისია აქ, თუმცა სულ მალე იქცა ერთადერთ საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიად საქართველოში. თქვენი მანდატი ითვალისწინებს მხარეების მიერ 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების მონიტორინგს. რა შეიცვალა ამ ათ წელიწადში?
ერიკ ჰიუ - ზუსტად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, იყო ის ფაქტი, რომ 2008 წლის 1 ოქტომბერს, როცა ომიდან მოკლე ხანში ჩვენი მისია განთავსდა აქ მხარეების მიერ, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, „ექვსპუნქტიანი გეგმის“ შესრულებაზე დაკვირვებისთვის, ადგილზე იმყოფებოდნენ სხვა საერთაშორისო მოთამაშეები. აქ იყვნენ გაეროსა და ეუთოს მისიები. 2009 წლის შემდეგ ჩვენ დავრჩით ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიად ადგილზე და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი საქმიანობისთვის. ჩვენ ვაკვირდებით რა ხდება ადგილზე და შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე ვართ საერთაშორისო საზოგადოების თვალი და ყური იმისათვის, რომ ყოველდღიურად ვიცოდეთ როგორ ვითარდება მოვლენები ადამიანების უსაფრთხოებისა და საჭიროებების თვალსაზრისით. რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, ვფიქრობ, ადამიანებს დროდადრო ავიწყდებათ, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან (ABL) შედარებითი სტაბილურობა პლუსია. დასაწყისში, როდესაც მისია განთავსდა, იყო ინციდენტები: იყო სროლა და მოვლენები, რომლებსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა სტაბილურობისთვის. ვითარება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჯერაც მყიფეა, თუმცა, შედარებით სტაბილური. არ ვამბობ, რომ არ არის პრობლემები. ყველამ ვიცით, რომ სერიოზული პრობლემებია „ექვსპუნქტიანი შეთანხმების“ შესრულების მხრივ. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ფედერაციას აბსოლუტურად არ აქვს შესრულებული შეთანხმების მინიმუმ ერთი პუნქტი, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ჩვენი ყოფნა ადგილზე გარკვეულ დონეზე ემსახურება სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ ადგილზე ვართ. ჩვენ გვხედავენ. ჩვენ ვიუწყებით. თვალყურს ვადევნებთ ვითარებას და ვფიქრობ, ეს ახდენს გავლენას ვითარებაზე. ზოგად ტენდენციებს რაც შეეხება, გამოვყოფდი ორ-სამს. ერთი ეს არის მზარდი ბორდერიზაცია, როგორც ჩვენ ვუწოდებთ - დე ფაქტო საზღვრის შექმნა, რომელიც გამოიყურება როგორც საზღვარი და ხელს უშლის ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ერთი მხრიდან მეორეზე. ეს, რა თქმა უნდა, არის მთავარი საწუხარი და ის, რასაც ჩვენი მონიტორები ყოველდღიურად ადევნებენ თვალს. ეს ხელს უშლის გადაადგილების თავისუფლებას, გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე, ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრების უფლებაზე, მათ ყოფაზე. მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა რუსეთის ფედერაციასა და განდგომილ რეგიონებს შორის მზარდი ინტეგრაცია ე.წ. ხელშეკრულებებისა და თანმდევი შეთანხმებების საფუძველზე. იზრდება ინტეგრაცია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, აგრეთვე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ამის პარალელურად, ასოცირების შეთანხმების წყალობით საქართველო უახლოვდება ევროკავშირს და უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან. ასე რომ, ზოგად-პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, არის ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს ადგილზე არსებულ ვითარებაზე, კონფლიქტის მართვისა და გადაჭრის პერსპექტივაზე. ვიტყოდი, რომ მთავარი მიმართულება, რასაც თვალყურს ვადევნებთ, არის ე.წ. „ბორდერიზაცია“, მხედველობაში მაქვს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გაძლიერების ფაქტი, რაც სულ უფრო ურთულებს ადამიანებს ყოველდღიურობას, კომუნიკაციას, ოჯახის წევრებთან შეხვედრას, რელიგიური მნიშვნელობის ადგილებზე მისვლას. ჩვენ ვხედავთ პრობლემებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან დოკუმენტაციის შედგენის, დაკავებების სახით, როცა ადამიანები ცდილობენ ხაზი გადაკვეთონ იქ, სადაც ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ აკრძალულია ამის გაკეთება.
ბორდერიზაცია
რადიო თავისუფლება - როცა ახსენებთ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს და როცა ვლაპარაკობთ ბორდერიზაციაზე, როგორ განისაზღვრა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი დასაწყისში და როგორია ის ახლა, როცა რუსეთის ძალები იქ თავიანთ ნიშნებს ამონტაჟებენ?
ერიკ ჰიუ - ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი, როგორც იცით და ვფიქრობ, ქართველებმა იციან, საბჭოთა დროს იყო ხაზი, რომელიც საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკისგან უბრალოდ გამოყოფდა რეგიონებს, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული ხარისხის ადმინისტრაციული ავტონომია. ახლა, რა თქმა უნდა, არ არის დემარკაცია, რადგან საქართველოს ხედვით, ეს ტერიტორიები არის ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასე რომ, დემარკაცია არ არის. თუკი დააკვირდებით როგორ უყურებენ რუსები და სეპარატისტული რეგიონები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს, რომელსაც ისინი სახელმწიფო საზღვარს უწოდებენ, ნახავთ, რომ უმრავლეს ადგილას ის საკმაოდ სტატიკურია. თუმცა, ჩვენ მოწმე ვართ და ამას მთავარ ტენდენციად გამოვყოფ - ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გაძლიერების. წლების წინ, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე რუსმა მესაზღვრეებმა დაიწყეს პატრულირება, შემდეგ აშენდა ღობეები, დამონტაჟდა სადაზვერვო ტექნიკა და ასე გრძელდება ხაზის გამყარების პროცესი. შედეგად, ის სულ უფრო შეუღწევადი ხდება. ადამიანებისთვის ხაზის ორივე მხარეს უფრო გართულდა გადაადგილება, ოჯახის წევრების მონახულება, ხაზის გადაკვეთით საქონლის მწყემსვა, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზით გაყოფილი მიწის პატარა ნაკვეთების დამუშავება. ასე რომ, ეს არის ძირითადი ტენდენცია. ზოგჯერ ცხინვალის, სოხუმისა და მოსკოვის ხედვა იმაზე, თუ სად გადის სასაზღვრო ხაზი, განსხვავებულია, თუმცა, ძირითადი ტენდენცია არის ის, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი მყარდება. მთლიანობაში ეს სტატიკურია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. 3-4 წლის წინ ზოგიერთ ადგილას გლეხებს ნებას რთავდნენ ზოგიერთ ადგილას, ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების ძალების ან რუსეთის ძალების თანხმობით, გადაეკვეთათ ხაზი, დაემუშავებინათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც ძველ საკადასტრო საზღვრებში იყო. უსაფრთხოების ძალებმა იცოდნენ, რომ ადამიანები კვეთდნენ ხაზს, მაგრამ მაინც აძლევდნენ ამის უფლებას. საბოლოოდ, პოლიტიკა გამკაცრდა. ისინი აძლიერებენ თავიანთ ე.წ. სასაზღვრო რეჟიმს უფრო ძალისმიერად, რაც გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე.
რადიო თავისუფლება - მესმის, შეიძლება, საჯარო არ იყოს, მაგრამ აწარმოებთ, თუ არა ბორდერიზაციის რუკას თქვენთვის და თქვენი პარტნიორებისთვის?
ერიკ ჰიუ - ბორდერიზაციას ძალიან ახლოდან ვაკვირდებით. ეს ჩვენი საქმიანობის ნაწილია. აქ ვართ იმისთვის, რომ თვალყური ვადევნოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოების, გადაადგილების თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას. სამუშაოს ნაწილია აგრეთვე დავაკვირდეთ რა ინფრასტრუქტურა მონტაჟდება. ესენია: ახალი, როგორც ჩვენ ვუწოდებთ „მწვანე ნიშნები“ და როგორც ისინი უწოდებენ „საზღვრის ნიშნები“, ახალი ღობეები, ახალი სამეთვალყურეო პოსტები. ეს ყველაფერი კარგად ვიცით. ამის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას ევროკავშირის ინსტიტუტებს. ანუ, ვაკვირდებით კიდეც და ინფორმაციასაც ვაწვდით. ასე რომ, ევროკავშირის დედაქალაქებში, ევროკავშირის ინსტიტუტებში აქვთ სრული ინფორმაცია რა ხდება აქ. ჩვენ ინფორმაციას ვუგზავნით უფრო ფართო საერთაშორისო საზოგადოებასაც. ამიტომაც ვამბობ, რომ მსოფლიოს თვალი და ყური ვართ, როცა საქმე ეხება კონფლიქტის საკითხს. საკმაოდ კარგად ვფლობთ ვითარებას.
მანდატი: ბარიერები და ინფორმაციის მოპოვების განსხვავებული გზები
რადიო თავისუფლება - რაც შეეხება მანდატს: თქვენი მისია ოფიციალურად ფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. თქვენ მხოლოდ მისდევთ რეალობას, თუ არის რაიმე გეგმა მანდატის შეცვლის, ფუნქციების და არა ტერიტორიის შეცვლის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა?
ერიკ ჰიუ - როცა საქმე ეხება ჩვენი მისიის ფუნქციებს, ისინი ძირითადად უცვლელია. ამ დღეებში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის საბჭოს ფორმატში გადაწყვიტეს მისიის მანდატის გახანგრძლივება. ასე რომ, საქართველოში დავრჩებით 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არის კარგი ამბავი, რომელიც აჩვენებს ევროკავშირის ერთგულებას რეგიონული სტაბილურობის საკითხისადმი. ეს არის მთავარი საკითხი. მთავარია მისიის განგრძობადობა. აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ, როცა მისია შეიქმნა, ევროკავშირს ეგონა, რომ ის დააკვირდებოდა ვითარებას საქართველოს მთელ ტერიტორიას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს მოიცავდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც. დასაწყისშივე, პირველივე დღეს ჩვენ უარი გვითხრეს ამ ტერიტორიებზე შესვლაზე. ასე რომ, ჩვენ არ შეგვიძლია იქ პატრულისა და მონიტორების შეგზავნა, არც სამხრეთ ოსეთში და არც აფხაზეთში. თუმცა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ჩვენ ვითარებაზე დაკვირვების სხვა საშუალებებიც გვაქვს. თუკი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის აქეთ ჩვენ შეგვიძლია მანქანებით გადაადგილება, გვაქვს სრული წვდომა საქართველოს ობიექტებთან, შეგვიძლია გავესაუბროთ ადამიანებს, გვაქვს დაკვირვების სხვა საშუალებებიც იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა ხდება როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქმედო დონეზე ხაზის იქით. ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციის ღია წყაროებს. გვყავს ჯგუფები, რომლებიც აკვირდებიან ინტერნეტსა და სხვა მედიაში გამოქვეყნებულ საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციას. ვიყენებთ დაკვირვების ტექნოლოგიურ საშუალებებსაც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვაახლეთ ჩვენი პატრულირების ტექნიკა. მაგალითად, გვაქვს მანქანები ტელესკოპური ანტენებით, რომლებიც გვიფართოებს თვალთახედვის არეალს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიღმა. ჩვენ აგრეთვე ვესაუბრებით ადამიანებს, რომლებიც გადმოდიან გალის რაიონიდან, ახალგორიდან, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სხვა ნაწილებიდან. ამ საუბრებიდან ვიღებთ საკმაოდ კარგ სურათს იქ არსებულ ვითარებაზე. ასე რომ, ვიტყოდი, რომ, რა თქმა უნდა, ვერ ვასრულებთ ჩვენს მანდატს 100%-ით, მაგრამ მაინც გვაქვს საკმაოდ კარგი წარმოდგენა ვითარებაზე და ამ ინფორმაციას ვაწვდით ევროკავშირის დედაქალაქებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს.
რადიო თავისუფლება - ადმინისტრაციული გამყოფი საზღვრის მიღმა რა მანძილზე შეგიძლიათ დაკვირვება ამ ტექნიკის გამოყენებით?
ერიკ ჰიუ - მირჩევნია დეტალებში არ შევიდე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია აგრეთვე რელიეფზე, ამინდზე. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ უსაფრთხოების ძალების გარკვეულ მოქმედებებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიღმა. ეს ტექნიკა გვეხმარება უკეთესად დავინახოთ ხაზის იქითა ტერიტორია და ძალიან გვეხმარება. ამ გზით მოპოვებულ ინფორმაციას ვაჯერებთ სოციალურ მედიაში, ინტერნეტში, პრესრელიზებიდან მოპოვებულ ინფორმაციასთან, ვესაუბრებით ორგანიზაციებს, ადამიანებს, რომლებიც კვეთენ გამყოფ ხაზს. ხშირად გავდივართ გამშვებ პუნქტებთან საბერიოში, ენგურზე, ოძისში და სხვა უფრო მცირე პუნქტებზე. ვესაუბრებით ხალხს. ვიცით, რა ხდება დოკუმენტებთან დაკავშირებით, ვისმენთ მათ საწუხარს. ასე რომ, საკმაოდ კარგად ვიცით ძირითად პროცესებზე. ვიმედოვნებ, ერთ დღესაც ჩვენს მისიას მიეცემა შესაძლებლობა გადაკვეთოს ხაზი და ეს არის ევროკავშირის ერთგვარი ამოცანა. ეს ახლახანაც დადასტურდა. ევროკავშირის წევრებმა განაცხადეს - ჩვენ გვსურს, რომ ერთ დღესაც მისია შევიდეს და მეთვალყურეობა განახორციელოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
საქართველო - შეთანხმებების ერთადერთი შემსრულებელი
რადიო თავისუფლება - რაც შეეხება გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას, ვიცით, რომ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას შეთანხმებები აქვს გაფორმებული საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან: თავდაცვის სამინისტროსთან, შსს-სთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რითაც გარკვეულწილად რეგულირდება მათი საქმიანობა და მოქმედებები ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე. შეიცვლება ეს რეგულაციები? ვგულისხმობ იმას, მიეცემათ მათ უფლება უფრო აქტიურები იყვნენ იმ ტერიტორიაზე?
ერიკ ჰიუ - როგორც ამბობთ და მგონი, თქვენი პირველი კითხვაც ამას ეხებოდა - ჩვენ აქ ვართ „ექვსპუნქტიანი შეთანხმების“ შესრულების უზრუნველსაყოფად. რა თქმა უნდა, საქართველო არის შეთანხმების ერთ-ერთი მხარე. ჩვენ ვაკვირდებით სრულდება თუ არა ყველა პუნქტი. საქართველომ ცალმხრივად აიღო ზოგიერთი ვალდებულება სტაბილურობის შენარჩუნებისა და მშვიდობიანი განზრახვის საჩვენებლად. ჩვენ ამასაც ვადევნებთ თვალს. ძალიან მიხარია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რომლებიც წელიწადში ოთხჯერ იმართება, შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო ბოლომდე ასრულებს არა მხოლოდ „ექვსპუნქტიან შეთანხმებას“, არამედ მის შემდგომ ტექნიკურ შეთანხმებებსა და ცალმხრივად აღებულ ვალდებულებებსაც. დღემდე საქართველოს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები აკეთებენ ყველაფერს შეთანხმებების დასაცავად და ვიმედოვნებ, ისინი გააგრძელებენ ცალმხრივად, საკუთარი ნებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის ხელშეწყობისთვის და აჩვენებს საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას კონფლიქტის საკითხების მიმართ.
რადიო თავისუფლება - ანუ, ეს დამატებითი შეთანხმებები ნებაყოფლობითია.
ერიკ ჰიუ - საქართველოს ხელისუფლების ცალმხრივი შეთანხმებები, კი. და ისინი ძალიან უწყობს ხელს სტაბილურობას.
როგორ მუშაობს ცხელი ხაზი?
რადიო თავისუფლება - მინდა, მეტი ვთქვათ ცხელი ხაზის შესახებ. ეს ინფორმაციის გაცვლის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა. როგორ მუშაობს ცხელი ხაზი და ვისთვის არის ის მისაწვდომი?
ერიკ ჰიუ - მიხარია, რომ მკითხეთ ცხელ ხაზზე. ეს არის კომუნიკაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს კონფლიქტის მართვასთან. ვცდილობთ ვითარების სტაბილიზაციას, იმის უზრუნველყოფას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შეძლებისდაგვარად გაიოლებული ცხოვრება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან. საჭიროა კომუნიკაციის არხების არსებობა უსაფრთხოების ძალებს შორის, რომ მათ განიხილონ ინციდენტები. ამის ერთ-ერთი საშუალებაა ცხელი ხაზი. იცით, რომ თბილისი არ აღიარებს სეპარატისტულ რეგიონებს და არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები მათთან, თუმცა, ამის მიუხედავად, საჭიროა კომუნიკაციის საშუალებების არსებობა. ცხელი ხაზი აქტიურია 24 საათის განმავლობაში. მასზე დასაქმებულები ფლობენ რუსულს. ხშირად აქვთ უსაფრთხოების, საზღვრის დაცვის სამსახურებში მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, გვყავს ცხელ ხაზზე დასაქმებულები საქართველოს მხრიდან, სამხრეთ ოსეთიდან, აფხაზეთიდან და რუსეთის მხრიდან. ყველა ამ ადამიანს შეუძლია დაუკავშირდეს ერთმანეთს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დახმარებით. ჩვენ ერთგვარი შუამავლები ვართ. მაგალითად, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან გლეხი ეძებს თავის ვაჟს და ჰგონია, რომ ის რუსებმა დააკავეს. ის უკავშირდება ადგილობრივ პოლიციას. ადგილობრივი პოლიცია ურეკავს ცენტრალურ სამეთაურო უწყებას. ისინი უკავშირდებიან ცხელი ხაზის თანამშრომელს, რომელიც ჩვენ გვთხოვს მეორე მხარესთან დაკავშირებას. ამის შემდეგ, ჩვენ კონკრეტულად ვეუბნებით: ცხელი ხაზი გააქტიურდა საქართველოს მხარის თხოვნით და მათ სურთ გაიგონ დააკავეს თუ არა ირაკლი ამა და ამ სოფლიდან, რადგან მის ოჯახს სურს გაიგოს რა მოუვიდა მას. ჩვენ ვუკავშირდებით სამხრეთ ოსეთის რომელიმე დე ფაქტო უწყებას, რუსებს და ვცდილობთ მოვიპოვოთ ინფორმაცია, რომელსაც ვაწვდით ისევ საქართველოს მხარეს და ოჯახს, რომელსაც შეიძლება დამატებითი კითხვები ჰქონდეს ბიჭის ადგილსამყოფელის თაობაზე. ამგვარი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ პირი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს. როცა ადამიანებს აკავებენ და ეს მოვლენა გრძელდება, რა თქმა უნდა, საჭიროა მის გათავისუფლებაზე ზრუნვა. ეს მოითხოვს აგრეთვე ოჯახის მიერ ჯარიმის გადახდას. ყველაფერ ამას სჭირდება კოორდინაცია. ასეთი კოორდინაცია ხდება ყოველდღე, ყველანაირ საკითხზე: სამედიცინო მიზნით სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის დროს, მაგალითად, აფხაზეთის ზონაში, როცა ადამიანებს სჭირდებათ სასწრაფო დახმარების მანქანით გადაკვეთონ სასაზღვრო ხაზი და მოდიან გალის რეგიონიდან. ასეთ დროსაც კოორდინაცია ხდება ცხელი ხაზის მეშვეობით.
გამყოფი ხაზის გადაკვეთა: მოქალაქეთა დაკავების შემთხვევები არ მცირდება
რადიო თავისუფლება - იზრდება სამედიცინო მომსახურების მისაღებად გამყოფი ხაზის გადაკვეთის შემთხვევები?
ერიკ ჰიუ - დიახ, დრამატულად იზრდება. როცა მისია მუშაობას შეუდგა, პირველ წელს ცხელი ხაზი გამოყენებული იყო დაახლოებით 300-400-ჯერ. გასულ წელს ასეთი 1650 შემთხვევა იყო და წელს ცხელი ხაზის გააქტიურების ბევრად მეტი რაოდენობა გვექნება. ასე რომ, ეს არ არის ტელეფონი, რომელიც წელიწადში ერთხელ გამოიყენება. ის ყოველდღიურად 6-7-8-ჯერ აქტიურდება.
რადიო თავისუფლება - დაკავშირებულია ეს ზრდა დაკავებებისა და გატაცებების რაოდენობის ზრდასთან?
ერიკ ჰიუ - ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია არაერთ საკითხთან, მათ შორის - დაკავებებთანაც. დაკავებების რაოდენობა სამწუხაროდ, სტაბილურად ნარჩუნდება. არ ვიტყოდი, რომ ის იზრდება.
რადიო თავისუფლება - ნარჩუნდება დროის რა მონაკვეთში?
ერიკ ჰიუ - ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში წლიდან წლამდე დაკავებების რაოდენობა იგივეა. თუმცა, სხვა საკითხებიც არის. ვგულისხმობ ისეთ ტრაგიკულ მოვლენებს, როგორებიც იყო არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება, ცხინვალში დაკავებისას. გვქონდა გიგა ოთხოზორიას შემთხვევა. ამ შემთხვევებზე ძალიან მაღალია ცხელი ხაზის საშუალებით ინფორმაციის გაცვლა.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე
რადიო თავისუფლება - ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმეები ახსენეთ. ისინი განსხვავდება. ტატუნაშვილის მკვლელობაზე გკითხავთ. როგორ მიიღეთ პირველი ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე? მედიიდან, როგორც ყველა ჩვენგანმა, თუ ცხელი ხაზის საშუალებით?
ერიკ ჰიუ - თუ არ ვცდები, პირველი ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის მედიაში გამოჩნდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე და ამის შემდეგ ძალიან მოკლე ხანში ცხელი ხაზის საშუალებით შევუდექით კომუნიკაციას მომხდარის დასაზუსტებლად, გარემოებების გასაგებად და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იყო ძალიან ბევრი საუბარი ცხელი ხაზით, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) შეხვედრებზე ერგნეთში, ბევრი ვიმსჯელეთ ტექნიკურ შეხვედრაზე. ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ პირველი ინფორმაცია მედიიდან მოვიდა. ვფიქრობ, ეს გამოცხადდა სამხრეთ ოსეთში მოქმედი მედიის მიერ, რომ ის პატიმრობაში გარდაიცვალა და ახლდა ახსნა, რომელმაც საქართველოს მხარეს კითხვები გაუჩინა. ამას მოჰყვა არაერთი დისკუსია. თუმცა, ბევრ შემთხვევაში ცხელი ხაზია პირველადი კომუნიკაციის საშუალება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, პირველმა ინფორმაციამ მედიის გზით მოაღწია ჩვენამდე.
რადიო თავისუფლება - 24 თებერვალს ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ გაავრცელეთ პრესრელიზი და აცხადებდით გამოძიებაში დახმარებისთვის მზადყოფნის შესახებ. რამდენად ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება? ძალიან ინტენსიური იყო პროცესი, ვიდრე არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს გადასცემდნენ საქართველოს მხარეს. რა ხდება ახლა? გამოძიება გრძელდება და მაინტერესებს რამდენად აქტიურია ეს პროცესი?
ერიკ ჰიუ - ამ საკითხს ჩვენ კვლავაც ინტენსიურად განვიხილავთ IPRM-ის ფორმატში. დროდადრო აქტიურდება ცხელი ხაზიც. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით დისკუსიებში იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მეორე მხარეს გადმოესვენებინათ და შესაძლებელი ყოფილიყო მისი დაკრძალვა, ოჯახისთვის დასრულებულიყო ეს პროცესი, რაც მათ სჭირდებოდათ. ასე რომ, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით და კვლავაც ჩართულები ვართ პროცესში. ვფიქრობ, ევროკავშირის მონიტორინგის მისია ისევე, როგორც ეუთო (ჩვენ ორივენი ერგნეთში IPRM-ის შეხვედრებზე თანათავმჯდომარეები ვართ) მოვითხოვთ გამჭვირვალე გამოძიებას და ინფორმაციის მაქსიმალურ გაცვლას იმისათვის, რომ დადგინდეს სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების ძალების პატიმრობაში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები და თუკი დადგება კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მართლმსაჯულება აღსრულდეს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ეს უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებამ გაასაჯაროა წინასწარი მიგნებები, თუმცა, უნდა დაველოდოთ საბოლოო დასკვნებს. არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების საქართველოსთვის გადაცემის საკითხი კვლავაც განიხილება.
ევროკავშირის ინტერესი თამარ მეარაყიშვილის მდგომარეობის მიმართ
რადიო თავისუფლება - ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე, ივლისში თქვენს პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ თქვენ იკითხეთ თამარ მეარაყიშვილის - სამოქალაქო აქტივისტის მდგომარეობის შესახებ. რა ინფორმაცია მიიღეთ? თავად მან იცის, რომ თქვენ ინტერესდებით მისი მდგომარეობით?
ერიკ ჰიუ - ბევრს არ მოვყვები IPRM-ის ფორმატში გამართული დისკუსიის შესახებ, რადგან იქ არის კონფიდენციალურობის გარკვეული ხარისხი და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ მონაწილეებმა იცოდნენ - ინფორმაცია, რომელსაც ამ შეხვედრებზე ცვლიან, არ საჯაროვდება. იცით, რომ ერგნეთში IPRM-ის შეხვედრის შემდეგ მედიას ჰქონდა შეკითხვების დასმის საშუალება. საქართველოს და ცხინვალის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები სხვადასხვა საკითხზე და სავარაუდოდ, თამარ მეარაყიშვილზე. მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ მისი საკითხი იყო განხილული და წამოწეული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.
რადიო თავისუფლება - ეს პირველად მოხდა IPRM-ის ფორმატში?
ერიკ ჰიუ - როგორც ვიცი, ადრეც იყო განხილული. რა თქმა უნდა, როცა საქმე ადამიანის უფლებათა დამცველებს ეხება, ჩვენ ამაზე ყურადღებას ვამახვილებთ. შეხვედრაზე მივიღეთ განახლებული ინფორმაცია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყურადღებას ვაქცევთ, როგორც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. რასაკვირველია, ეს არის შემთხვევა, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ევროკავშირს ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ ძალიან მკაფიო პოლიტიკა აქვს, ზოგადად.
ბორდერიზაციისა და დაკავებების აღნუსხვა
რადიო თავისუფლება - ახდენს, თუ არა ევროკავშირის მონიტორინგის მისია დაკავების და ბორდერიზაციის ყველა შემთხვევის დოკუმენტირებას? როგორ აკეთებთ ამას? არ გეკითხებით დეტალებზე, არამედ პროცესზე.
ერიკ ჰიუ - ჩვენ გვყავს იქ ჯგუფები. ჩვენ ვპატრულირებთ კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში და გვყავს სხვადასხვა რაოდენობის პატრული. ყოველდღე გავდივართ ადგილებზე მანქანებით, ჩვენი მონიტორებით, რომლებიც არიან გამოცდილები, მომზადებულები და აღნუსხავენ, რაც ხდება. აგრეთვე, როგორც გითხარით, გვაქვს დაკვირვების სხვა საშუალებებიც. ვაჯერებთ მთელ ინფორმაციას ძალიან კარგ დეტალურ ჩანაწერებში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მიმდინარე ყველა მოვლენაზე - იქნება ეს ბორდერიზაცია თუ დაკავება. ასე რომ, დიახ. მოკლე პასუხი არის - დიახ. და ეს არის ჩვენი მოვალეობების ნაწილი. ჩვენ ვაგროვებთ მთელ ინფორმაციას და ამ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით ვამზადებთ ობიექტურ ანგარიშებს ბრიუსელისთვის. ამას ვაკეთებთ რეგულარულად: ყოველკვირეულად, ყოველთვიურად და, როცა საჭიროა, სპეციალურ ანგარიშებში. ძალიან კარგად ვიცით ვითარება და რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ ჩანაწერებს. ასე რომ, გვაქვს ცალკეული შემთხვევებისა და ცალკეულ არეალებში მოვლენათა განვითარების აღწერა.
ვინ არიან ევროკავშირის მონიტორები?
რადიო თავისუფლება - ახლა საქართველოში იმყოფება ევროკავშირის 200-ზე მეტი მეთვალყურე, არა?
ერიკ ჰიუ - დიახ.
რადიო თავისუფლება - როგორ არჩევთ მათ? ვინ არიან ისინი? ვიცი, რომ ეს არის შეუიარაღებელი მისია.
ერიკ ჰიუ - სამოქალაქო, შეუიარაღებელი მისია - ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ერთ-ერთი სამოქალაქო მისია ევროკავშირის „უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის“ (CSPD) ფარგლებში. რაც შეეხება მისიებს, მათი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი არიან, როგორ ევროკავშირი უწოდებს, წარგზავნილები. ისინი დაქირავებული არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ EUMM-ისთვის. მსახურების მინიმალური ვადა ერთი წელია, ხანდახან - ბევრად მეტიც. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც მისიაში მსახურობენ თითქმის დასაწყისიდან, 2008 წლიდან. უმრავლესობა ერთი-ორი წელი რჩება და შემდეგ ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში. ახლა მისიის შემადგენლობაში არიან ევროკავშირის წევრი 23 ქვეყნის წარმომადგენლები, რაც ძალიან კარგია და აჩვენებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდ მონდომებას კარგი შემადგენლობით უზრუნველყონ მისია. წელიწადში სამჯერ გვაქვს, როგორც ჩვენ ვუწოდებთ პოზიციების შევსებისკენ მოწოდება და არსებული კანდიდატებიდან ვარჩევთ საუკეთესოებს. აქ ჩამოსვლის შემდეგ ისინი გადიან წვრთნას. საჭიროა, რომ ისინი სწრაფად გაერკვნენ ვითარებაში. ისინი ახორციელებენ მონიტორინგს, გადიან პატრულირებაზე, აანალიზებენ ინფორმაციას. მისიას სჭირდება გარკვეული გამოცდილების თანამშრომლები. მეთვალყურეთა ერთ მესამედს სამხედრო გამოცდილება აქვს, დაახლოებით მესამედს - პოლიციაში მუშაობის, დანარჩენებს - სხვადასხვა გამოცდილება. მე, მაგალითად, დიპლომატი ვარ. სხვები შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები, ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ვცდილობთ უზრუნველვყოთ ეს მრავალფეროვნება, რადგან ასე ერთმანეთს ვავსებთ.
რადიო თავისუფლება - მეთვალყურეთა უმრავლესობა რუმინეთიდან არის.
ერიკ ჰიუ - დიახ, უდიდესი კონტინგენტია.
რადიო თავისუფლება - შემდეგ მოდის შვედეთი.
ერიკ ჰიუ - დიახ, შვედეთიც კარგად არის წარმოდგენილი.
რადიო თავისუფლება - შემდეგ მოდიან: პოლონეთი, გერმანია, ბულგარეთი, ფინეთი და დიდი ბრიტანეთი, მეოთხე-მეხუთე ადგილებზე. რა გზით წყდება - რომელი ქვეყნიდან რა წილი უნდა მოდიოდეს მეთვალყურეების?
ერიკ ჰიუ - არ არსებობს ფიქსირებული წილი. რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას სხვებზე მეტი წარგზავნილი ჰყავს. ეს დამოკიდებულია მათ პოლიტიკასა და შესაძლებლობებზე, წარგზავნილებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტებზე, აგრეთვე ევროკავშირის CSPD-ს მისიების პრიორიტეტულობაზე. მაგალითად, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მისიები ცენტრალურ აფრიკაში, ჩრდილოეთ აფრიკაში უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ვიდრე EUMM. ასე რომ, არ არის მეთვალყურეების მოწოდების ფიქსირებული მარჟა. ტრადიციულად, რუმინული და შვედური კონტინგენტი ძლიერად იყო წარმოდგენილი. თუმცა, ეს მაჩვენებლებიც იცვლება. ვფიქრობ, ძალიან დადებითი ახალი ამბავია ის, რომ ევროკავშირის მეტი ქვეყანა გვეყოლება მისიაში წარმოდგენილი. თუკი ახლა 23 ქვეყანაა, რამდენიმე დღეში 25-მდე გაიზრდება. ასე რომ, მისიის მუშაობაში თავისი წვლილი შეაქვს ყველას - დაწყებული უდიდესი გერმანიიდან, ყველაზე პატარა სახელმწიფოთი დამთავრებული. ჩვენ გვყავს კოლეგები მალტიდან, კვიპროსიდან. შეიძლება, რომელიმე ქვეყანა რაოდენობრივად მცირედ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ თითოეული მეთვალყურე მნიშვნელოვანია, რადგან მათი მრავალფეროვნება წარმოაჩენს ევროკავშირის მხარდაჭერას ამ მისიის მიმართ. როგორც გითხარით, ჩვენი მისია გახანგრძლივდა კიდევ 2 წლით და ამავე რაოდენობით დავრჩებით. 200 მეთვალყურე არის მინიმალური რაოდენობა, რა დაპირებაც გასცა ევროკავშირმა 2008 წლის სექტემბერში და ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს მთლიანი რაოდენობით - 320 ადამიანით, მათ შორის - შესანიშნავ ქართველ კოლეგებთან ერთად. ისინი გვეხმარებიან მთელი მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაში.
რადიო თავისუფლება - გაქვთ, თუ არა ასაკობრივი ლიმიტი? მინიმალური ასაკი, მაგალითად.
ერიკ ჰიუ - რაღაც მინიმუმის დაცვა ცალკეულ პოზიციაზე საჭიროა. გააჩნია. ზოგიერთ პოზიციაზე საჭიროა გარკვეული გამოცდილება. რა თქმა უნდა, თუკი წარგზავნილი ხარ, რომელსაც მენეჯერობაც ევალება. თუკი დიდ განყოფილებას ხელმძღვანელობ, ან ადგილობრივ ოფისს 70-80 კაცის შემადგენლობით, საჭიროა მენეჯერული გამოცდილება, რაც ნიშნავს, რომ 25 წლის ვერ იქნები. ანუ, არის მინიმალური მოთხოვნები განათლების, გამოცდილების, მომზადების კუთხით. კარგია, თუკი გვეყოლება მონიტორები, რომლებიც ადრე ევროკავშირის, ეუთოს ან გაეროს სხვა მისიებში იყვნენ და აქვთ საერთაშორისო გამოცდილება. გვყავს ძალიან ახალგაზრდა მეთვალყურეებიც და საპენსიო ასაკს მიღწეულებიც, რაც კარგად აბალანსებს ერთმანეთს: ერთ მხარესაა იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც სხვადასხვა მისიაში იყვნენ და მეორე მხარეს არიან ახალგაზრდები უდიდესი ენერგიით, თავიანთ პირველ მისიაზე. კიდევ ერთი განზომილება მეთვალყურეთა შემადგენლობაში არის გენდერული ბალანსი. ჩვენი მისია ყველაზე კარგად არის ამ მხრივ წარმოდგენილი. გენდერული ბალანსის ეს პრაქტიკა ევროკავშირს სხვა მისიებშიც გამოადგება.
რადიო თავისუფლება - როგორი ბალანსი გაქვთ ახლა?
ერიკ ჰიუ - ჩვენი თანამშრომლების დაახლოებით 40% ქალები არიან და მენეჯერულ დონეზეც კარგი მდგომარეობა გვაქვს. ეს მხოლოდ პოლიტიკური ამბიცია არ გახლავთ, არამედ სინამდვილეში ძალიან გვეხმარება ადგილზე მუშაობაში. ვიცით, რომ, როცა ქალი მეთვალყურეები არიან ადგილზე, უფრო იოლია ადგილობრივ ქალებთან კომუნიკაციის დამყარება. მათ განსხვავებული კითხვები და მიდგომები აქვთ და ეს ძალიან სასარგებლოა.
რას ცვლის EUMM-ის ყოფნა გამყოფ ხაზთან?
რადიო თავისუფლება - მაინტერესებს გქონიათ თუ არა შემთხვევები, როცა თქვენი მეთვალყურეების პატრულირებაზე ყოფნის დროს რუსეთის ძალებმა დააკავეს, ან გაიტაცეს ადამიანი? ანუ, რამდენად ადარდებთ მათ არიან, თუ არა ირგვლივ მეთვალყურეები?
ერიკ ჰიუ - ჩვენ ვხმარობთ ტერმინს „დაკავება“.
რადიო თავისუფლება - ვიცი.
ერიკ ჰიუ - ხშირად არ ვართ დაკავებების უშუალო მოწმეები. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა გარკვეულ მანძილზე შევესწარით მოქმედებას, რომელიც დაკავებას ჰგავდა. ვფიქრობ, თუკი მივხვდი თქვენი კითხვის აქცენტს, იქ ჩვენს ყოფნას გარკვეული პრევენციული ეფექტი აქვს იმ მხრივ, რომ, როცა ადგილზე ვართ გასულები, ადამიანების დაკავების ნაკლები ალბათობაა. ჩვენ ვართ სამოქალაქო და შეუიარაღებელი მისია. ასე რომ, არ შეგვიძლია აქტიურად ჩავერიოთ. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი ადგილზე ყოფნა ზრდის ადამიანების უსაფრთხოებას. როცა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ახლოს მდებარე სოფლების მცხოვრებლებს ვეკითხებით, მათი დიდი უმრავლესობა ამბობს: დიახ, ვიცით თქვენი მისიის როლის შესახებ, ვხედავთ თქვენს მანქანებს, ვცნობთ თქვენს მეთვალყურეებს და თავს გაცილებით უსაფრთხოდ ვგრძნობთო. ჩვენი ყოფნა თვალსაჩინოა ადგილობრივებისთვის, თვალსაჩინოა ხაზის მეორე მხარეს მყოფი უსაფრთხოების ძალებისთვის და ვფიქრობ, ეს ახდენს გავლენას ამ არეალში მათ მოქმედებებზე.
რადიო თავისუფლება - შესაძლებელია, რომ ევროკავშირის მეთვალყურეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს? მესმის, რომ მინიმალური რაოდენობა 200 ადამიანია.
ერიკ ჰიუ - ეს არის ევროკავშირის მიერ 2008 წელს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჰყავდეს მინიმუმ 200 მეთვალყურე ადგილზე და ჩვენ ამას ვასრულებთ. ამ ეტაპზე მეთვალყურეების რაოდენობის გაზრდის რაიმე ოპერატიული გეგმა არ არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ისეთი ვითარების გამორიცხვა მომავალში, როცა ევროკავშირი ჩათვლის, რომ ეს საჭიროა და ამისთვის რესურსების გამოყოფა და მისიის მეტი კვალიფიციური კადრით უზრუნველყოფა დასჭირდება. ამ ეტაპზე მისიის ზომა პასუხობს მის ამოცანას. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომელიც მანდატის შესრულებისთვის გვჭირდება. პოტენციურად არის, თუ არა მეთვალყურეთა რაოდენობის გაზრდის ალბათობა? დიახ. არის, თუ არა ასეთი გეგმა ახლო მომავალში? არა.
***
შენიშვნა: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მისი ხელმძღვანელი Administrative Boundary Line (ABL)-ის ქართულ შესატყვისად ხმარობს "ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს". საქართველოს კანონმდებლობაში აღნიშნული ხაზი განმარტებულია, როგორც "გამყოფი ხაზი". შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ ტექსტებში ABL-ის შესატყვისად გამოიყენება - "ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი". ABL-ის თარგმანის ასეთივე ვერსიას შეხვდებით არაერთი საელჩოს, საერთაშორისო და კვლევითი ორგანიზაციის ქართულ ტექსტებში. ინგლისურ ენაში სიტყვა boundary-ს აქვს როგორც "სასაზღვრო", ისე "გამყოფი ხაზი"-ს მნიშვნელობები.