ერდოანის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა თურქეთს სასარგებლო შედეგებიც მოუტანა და ნატოს სამიტის მიმდინარეობისას მან [11-12 ივლისი] არაერთი დაპირება მიიღო.
რუსეთი დილემის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა კრემლში თურქეთთან ურთიერთობების გაგრძელების იმედს გამოთქვამენ, რაც, ამ ეტაპზე, ექსპერტებისთვის არცთუ სახარბიელო პერსპექტივად გამოიყურება.
რა მიიღო და რას ელოდება თურქეთი?
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს ვილნიუსის სამიტის მიმდინარეობისას, თურქეთმა არაერთი ხელშესახები შედეგის მიღწევა შეძლო:
- ევროკავშირის სტრუქტურებმა გადაწყვიტეს თურქეთთან პრობლემური ურთიერთობების გადახედვა;
- შვედეთი მხარს დაუჭერს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროკავშირთან თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებას;
- შვედეთი სრულად ითანამშრომლებს თურქეთთან „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) წლების მანძილზე დილემად ქცეულ საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც უკვე ბევრი გააკეთა;
- ნატო და თურქეთი ერთად გააკონტროლებენ ტერორიზმის საფრთხეებს და შეიქმნება სპეციალური მაკოორდინირებელი სტრუქტურა;
- შეერთებული შტატები, კონგრესთან შეთანხმებით, თურქეთს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს, რასაც ანკარა ოფიციალურად 2021 წლის ოქტომბრიდან ითხოვდა.
ჯერჯერობით უცნობია, რას მიიღებს თურქეთი ევროკავშირისგან, მას შემდეგ, რაც, შვედეთის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესის განახლება მოითხოვა. სხვადასხვა წყარო იუწყება სავიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნის შესახებაც.
თურქეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობის „ისევ წინა პლანზე წამოწევისა“ და „ურთიერთობებისთვის ახალი იმპულსის მინიჭების“ შესახებ იუწყება ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. ტვიტერზე მისი განცხადება 10 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. ევროპულმა საბჭომ მიმართა ევროკომისიასა და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს - წარმოადგინონ ანგარიში სტრატეგიული და შორსმჭვრეტელი ხედვით.
12 ივლისს რეჯეპ ტაიპ ერდოანი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა. ურზულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე დაწერა, რომ განსახილველ საკითხებს შორის იყო „ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობები“.
„ერდოანმა კარგად იცის, რომ ვერც ხვალ და ვერც ზეგ, თურქეთი ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. მისი გზავნილი - „ჩვენ ევროკავშირში და შვედეთი ნატოში“ - უფრო იყო შიდა მოხმარებისთვის“, - გვეუბნება თურქეთის საკითხების სპეციალისტი ქამრან მამედოვი. მისი შეფასებით, ერდოანმა უკვე დაიწყო მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის [2024 წელს გაიმართება] და პროდასავლელი ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობს.
„ერდოანი ხედავს, რომ ამომრჩევლებში - განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, იზმირში, სტამბოლსა თუ ანკარაში, ახალგაზრდების დიდ ნაწილს უფრო დასავლეთთან დაახლოება აინტერესებს და განათლების მიღება ევროკავშირსა და ამერიკაში სურს“, - ამბობს მამედოვი და ამატებს, რომ „ერდოანის ამჟამინდელ კაბინეტში, მის მოყვანილ მინისტრებს [მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს] და ეროვნული ბანკის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს - ყველას დასავლეთთან აქვს კავშირები“.
„[ეს არის] ისტორიული ნაბიჯი, რომელიც სასარგებლოა ნატოს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისთვის, ამ კრიტიკულ დროში. ეს ჩვენ გვხდის უფრო ძლიერსა და დაცულს“, - თქვა ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მას შემდეგ, რაც თურქეთმა თანხმობა განაცხადა შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე.
ამ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდნენ ალიანსის წევრი სახელმწიფოები და ითქვა, რომ ანკარის თანხმობამ ზემოქმედება მოახდინა უნგრეთზეც და ის აღარ აპირებს უარის თქმას შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ერდოანმა კარგად ივაჭრა დასავლეთის ქვეყნებთან და დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესში ის მოსკოვის გაბრაზებას არ მოერიდა.
სიგნალი რუსეთს
პრეზიდენტ ზელენსკის სტამბოლში ჩასვლის შემდეგ, ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო:
- თურქეთის პრეზიდენტმა მას „აზოვსტალის“ მცველები - რუსეთის მიერ ტერორისტებად აღიარებული მეომრები - გადასცა, რომლებიც, რუსეთთან შეთანხმებით, ომის დასრულებამდე არ უნდა დაბრუნებულიყვნენ უკრაინაში;
- თურქეთის პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. „უკრაინა უდავოდ იმსახურებს ნატოს წევრობას“, - თქვა ერდოანმა, 8 ივლისს.
- ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში უკვე დაიწყო „ბაირაქთარების“ ქარხნის მშენებლობა, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, რომლის ფარგლებშიც - ბრძოლებში სახელგანთქმული თურქული უპილოტო საფრენი აპარატების უკრაინული ძრავებით გამოშვება იგეგმება.
უკვე ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი - 10 ივლისს, თურქეთი დათანხმდა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას და შესაბამისი დოკუმენტის პარლამენტში სწრაფად რატიფიცირების ხელშეწყობის პირობაც დადო.
უსიამოვნო ამბები კრემლის გაღიზიანებას ერთმანეთის მიყოლებით, სწრაფი ტემპით იწვევდა.
სახელმწიფო ტელეარხების წამყვანებისა თუ სტუმრების ნაწილი ხმამაღალი ტონით მოითხოვდა, რომ სრულად გაწყვეტილიყო კავშირი თურქეთთან. ითქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ეთამაშება, ამასხარავებს და სოციალურ ქსელებში ამ თემაზე შექმნილი სახალისო ანიმაციაც ფართოდ გავრცელდა.
რატომ გადაწყვიტა თურქეთმა, გადაედგა რუსეთისთვის მტკივნეული ნაბიჯების მთელი წყება? რა სიგნალს უგზავნის ანკარა მოსკოვს?
„თურქეთი ხედავს რუსეთის მდგომარეობას, სისუსტეს, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა „პრიგოჟინის ამბოხის“ მიმდინარეობისას და მას შემდეგ... და ახლა თურქეთს შეუძლია უფრო მკაფიოდ იმოქმედოს... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი ნატოს წევრი და ერთ-ერთი მთავარი საყრდენია“, - ეუბნება ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი რადიო თავისუფლებას და იხსენებს თურქეთის პრეზიდენტის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას - რომ თუკი რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავა [ვადა 17 ივლისს იწურება], ანკარა თავისი ძალებით დაიცავს უკრაინული ხორბლით დატვირთული გემების უსაფრთხოებას, „რამაც შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს“.
შეშფოთებისა და საპასუხო ნაბიჯებით დამუქრების მიუხედავად, მოსკოვი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს.
პუტინის პრესმდივანმა, პესკოვმა განაცხადა, რომ ნატოს წევრ თურქეთს ალიანსთან თავისი ვალდებულებები აქვს, მაგრამ - შვედეთის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება „ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია“, რის მიღმაც არსებობს თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობები, „რომლებიც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნისთვის“.
კრემლის მხარდამჭერების ნაწილი იმედოვნებს, რომ კიდევ ნახავს პუტინისა და ერდოანის თანამშრომლობას, რასაც ანკარის მხრიდან ძირითადად ეკონომიკური ინტერესები უდევს საფუძვლად.
CNN-ი ვარაუდობს, რომ ერდოანი არ შეწყვეტს „დიდ გეოპოლიტიკურ თამაშს“ და ვისაც ამის არ სჯერა, „დიდი ალბათობით, იმედგაცრუებული დარჩება“.
„საბოლოოდ, ეკონომიკა ვერ განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის სტრატეგიას... გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი და თურქეთი არ არიან ერთმანეთის მოკავშირე. სადაც ისინი სიტუაციური მოკავშირეები იყვნენ, გრძელვადიანად მათი ინტერესები არ ემთხვეოდა არც ყარაბაღში, არც სირიაში, არც ლიბიაში და არც სხვაგან“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, რომლის ხედვითაც, თურქეთმა ბოლო გადაწყვეტილებებით რუსეთთან კონფრონტაციისთვის მზადყოფნაც გამოხატა.
სააგენტო „ანადოლუს“ მიხედვით, 12 ივლისს, ნატოს სამიტის შეჯამების დროს, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ის კვლავ მზად არის შეასრულოს შუამავლის როლი უკრაინა-რუსეთის ომის სწრაფად დასასრულებლად.
უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, და კვლავ ძველ აზრზეა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის გეგმის შესაბამისად, რაც რუსეთის მიერ უკრაინის მთელი ტერიტორიის დეოკუპაციას გულისხმობს.
უკრაინის ელჩმა თურქეთში, ვასილი ბოდნარმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უთხრა, რომ, მათ შორის - „აზოვსტალის“ მცველების გადაცემისას, ანკარას კიევისთვის არაფერი მოუთხოვია.