Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელჩი გილმორი და ზაზა გახელაძის საქმე


საოკუპაციო ხაზი
საოკუპაციო ხაზი

ზაზა გახელაძის დაკავებიდან 126 დღე გავიდა. ბოლო დროს მის შესახებ საქართველოში აღარც ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ლაპარაკობენ და აღარც სამოქალაქო სექტორისა. ის, ოჯახის წევრების გარდა, თითქოს ყველას დაავიწყდა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მუშაობაც შეჩერებულია, ასევე გაურკვეველია, მოეწყობა თუ არა ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელიც ნოემბრის ბოლოსკენ არის დაგეგმილი. სწორედ ამ ფორმატებში განიხილებოდა გახელაძის გათავისუფლების საკითხი. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში კი ზაზა გახელაძის საქმე უკვე შესულია და მის სახელს საერთაშორისო ფორუმებზეც ახსენებენ.

ეუთოში აშშ-ის ელჩის, ჯეიმს გილმორის, განცხადებით, პანდემიამ არ უნდა შეაჩეროს პოლიტიკური და სამხედრო გამოწვევების მოგვარება.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციის შესახებ ამერიკელი დიპლომატის განცხადება მოჰყვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეების, - ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლების, - ტოივო კლაარის, რუდოლფ მიხალკას და ჯიჰან სულთანოღლუს ანგარიშს, რომელიც მათ 12 ნოემბერს წარუდგინეს ეუთოს მუდმივ საბჭოს.

აშშ-ის ელჩი ეუთოში ჯეიმს გილმორი
აშშ-ის ელჩი ეუთოში ჯეიმს გილმორი

ჯეიმს გილმორის განცხადებით, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალის შეჭრამ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და უგულებელყო ჰელსინკის დასკვნითი აქტით დაცული პრინციპები, მათ შორის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ძალის გამოუყენებლობისა.

გილმორის თქმით, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მოუწოდებენ გამართოს მოლაპარაკებები იმ ნაბიჯებზე, რომლებიც გადაჭრის კონფლიქტს, აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოაცილებს ამ საშიშროებას რეგიონალურ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით დღევანდელ ურთულეს პერიოდში.

ჯეიმს გილმორის თანახმად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს მოუწოდებენ შეუერთდნენ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ, 10-11 დეკემბერს, დაგეგმილი მოლაპარაკებების 51-ე რაუნდს.

ელჩის განცხადებით, შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, გაიყვანოს ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა.

სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა. რუსეთის პროვოკაციული ქმედებები არის მცდელობა, გააფართოოს გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მშობლიური ქვეყნისგან, საქართველოსგან, იზოლაციაში მოაქციოს. ამ აგრესიას კვლავაც აქვს პირდაპირი და უარყოფითი გავლენა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მოვუწოდებთ რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს, გაათავისუფლონ დაკავებული სამოქალაქო პირები, მათ შორის, ზაზა გახელაძე, და აღადგინონ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმოსვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და თვითნებურ დაკავებებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ“, - განაცხადა გილმორმა.

ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება უკვე ცნობილია ზაზა გახელაძის ოჯახისთვის. ზაზას ცოლი, ირმა ბუთხუზი, საერთაშორისო რეაქციას იმედით შეჰყურებს და ფიქრობს, რომ ქმრის საქმეში მეტი ორგანიზაციისა და ადამიანის ჩართულობა ზაზას გათავისუფლების პროცესს დააჩქარებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხინვალის ციხეში უკეთესია და ის ყავარჯნებისა და ჯოხის გარეშე გადაადგილდება. გარდა ამისა, მან სახაზინო ადვოკატისგან შეიტყო, რომ საქმე ცხინვალის სასამართლოს უკვე გადაეცა და ახლა ამ პროცესის გამართვის მოლოდინშია.

„ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია. ადვოკატის თქმით და ჩვენი მხარეც ადასტურებს, რომ გადააგდო ჯოხი და დამოუკიდებლად შეუძლია გადაადგილება. გვითხრეს, რომ ზაზას საქმე აიკინძა და სასამართლოში შევიდა, მაგრამ კოვიდვითარების გამო იქაური სასამართლო გაჩერებულია და 16 ნოემბრიდან იწყებს მუშაობას და ამ თარიღს ველოდებით. იქნებ დაიწყოს და დაჩქარდეს ეს პროცესი. ჩვენ რას გავაკეთებთ, ნამდვილად არ ვიცი“.

გახელაძის ოჯახისთვის ისიც ცნობილი გახდა, რომ ერთი თვის წინ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ჩაბარებული ამანათი ცხინვალის ციხეში შეიტანეს. ირმა ბუთხუზის თქმით, ამანათში თბილი ტანსაცმელი იყო.

„ამანათის შეგზავნა ერთი თვის შემდეგ მოხერხდა. იქიდან არც საპასუხო წერილი ყოფილა და, როგორც თვითონ თქვეს, წითელი ჯვარი შევიდა საღამოს და დილით უკვე ზაზას გადასცეს ეს ამანათი“.

ორი კვირის წინ ცხინვალიდან ცნობილი გახდა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები და დაკავებული პირები კორონავირუსით დაინფიცირდნენ და ისინი ჯავის საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს. დღეს კი სააგენტო „რესის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და იზოლატორშიც შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ცხინვალში კოვიდ-19-ის მასობრივი გავრცელების ამბებს ყურადღებით აკვირდებიან ზაზა გახელაძის ოჯახშიც, თუმცა ისინი ადვოკატმა დაარწმუნა, რომ ცხინვალის ციხე ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე იზოლატორი, სადაც გარედან შესული უფრო მეტი პირი ხვდება.

„ადვოკატმა დამამშვიდა, რომ ციხე უფრო დაცულია, ვიდრე სხვა ორგანიზაციები და იქ კორონავირუსის საფრთხე ნაკლებიაო. წინასწარი დაკავების იზოლატორში გარედან შეყვანილი ხალხია და ვიდრე მათ ციხეში გადაიყვანენ, იზოლატორში გარკვეულ დროს ატარებენ. დამამშვიდა ადვოკატმა და ვნახოთ, როგორ იქნება საქმე“, - ამბობს ირმა ბუთხუზი.

ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დაჭრილი ზაზა გახელაძე ჯერ საავადმყოფოში იყო, შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. ზაზას ოჯახში ახლა სასამართლოს გამართვას ელოდებიან, ისინი საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ და დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. გახელაძის საკითხს მხარეების წარმომადგენლები „ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო შეხვედრებზე განიხილავენ. მორიგი შეხვედრის გამართვა 24 ნოემბერსაა დაგეგმილი, თუმცა ბოლომდე დაზუსტებული არ არის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ეს შეხვედრა გაიმართება თუ არა.

XS
SM
MD
LG