ამ ასი დღის განმავლობაში გახელაძე ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში მკურნალობდა, მოგვიანებით იზოლატორში გადაიყვანეს და წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მიუხედავად იმისა, რომ სამ თვეზე მეტი უკვე გასულია, ცხინვალში გახელაძის სასამართლო პროცესის გამართვა ჭიანურდება. დაკავებულის ცოლი ირმა ბუთხუზი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ცხინვალიდან მას ზაზას სახაზინო ადვოკატი დაუკავშირდა და სასამართლო პროცესის გამართვა ოქტომბრის ბოლოს ივარაუდა.
„ადვოკატმა მითხრა, რომ ფეხზე ჭრილობა უფრო უკეთესად აქვსო. მალე სრულად მოურჩებაო. აქამდე ექსპერტიზის პასუხს ელოდებოდნენ. თოფის და დაკავების დროს გასროლილი ტყვიის ტრაექტორიის ექსპერტიზას. თოფის ექსპერტიზა მოსულია, მაგრამ არ მაქვს უფლება, რომ გელაპარაკოთო, სხვა ექსპერტიზებიც უნდა ჩატარდეს, მაგრამ არ ვიცი, როდის მოხდებაო - ასეთი პასუხები გამცა ადვოკატმა. რაც შეეხება ამანათს, ზაზასთან ის წითელი ჯვრის მეშვეობით გავაგზავნეთ, მაგრამ ვერც ისინი გვეუბნებიან, ციხეში როდის მიაწვდიან“, - ამბობს ირმა ბუთხუზი.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე ორჯერ მოინახულეს და ოჯახის მიერ გაგზავნილი წერილები გადასცეს. საპასუხო წერილები მათ ცხინვალიდან გამოიტანეს და ოჯახს მიაწოდეს. ამის შემდეგ ოჯახმა ცხინვალის ციხეში ამანათიც გაგზავნა, თუმცა ციხეში ის ჯერ არ შეუტანიათ.
25 სექტემბერს, 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლებამ ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლა სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი, რომელმაც დაახლოებით 20 დღე ზაზა გახელაძესთან, ერთ საკანში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ მღებრიშვილი სავალდებულო კარანტინში იმყოფებოდა, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი ზაზა გახელაძის ცოლს შეხვდა, ცხინვალის ციხის ამბები უამბო და ზაზას დანაბარებიც გადასცა. ხვიჩა მღებრიშვილი მანამდე რადიო თავისუფლებას ესაუბრა ციხეში გატარებული დღეების შესახებ და ზაზასთან ურთიერთობის დეტალებიც გაიხსენა.
„ზაზას კამერაში ერთი ოსი ბიჭი იჯდა. მერე ის გაათავისუფლეს. მე უკვე მორიგეებს ვიცნობდი, ბადრაგში ერთი ძველი ნაცნობიც გამოჩნდა. ჰოდა, ამ მორიგეებს ვთხოვე, რომ კაცი "კასტილებითაა" და ბევრი გასაჭირი აქვს და გადავალ მის კამერაში, რომ ცოტა დავეხმარო-მეთქი. თან ზაზამ რუსული არ იცის და უძნელდებოდა. მე ვიცი რუსული და გადამიყვანეს. ექიმს მეძახდა, პერეკისით ვამუშავებდით ჭრილობას. ბოლოს ყოველდღე თვითონ იხვევდა ჭრილობას. ექიმი ხან უხვევდა, ხან არა, ხან ეზარებოდა. ბოლო ორ კვირაში ძალიან კარგად უხორცდებოდა ჭრილობა. კიდევ კარგი, ძვალში არ მოხვდა. აკაემის ავტომატიდან ესროდნენ და ძვალს დაუშლიდა, რომ მოხვედროდა, ისეთი მსხვილი ტყვიაა. რბილში იმხელა ჭრილობა ჰქონდა, რომ, როგორც თვითონ მითხრა, თავიდან ღვინის ჭიქა ჩაეტეოდაო. კარგად შეუხორცდა და ეგ კარგია. იმ ოცი დღის განმავლობაში, რაც ერთად გავატარეთ, ძალიან ნერვიულობდა, ბავშვები ენატრებოდა. კოდექსის წიგნი დევს კამერებში, ზაზამ რუსული არ იცის და მე მთხოვა, მიდი, აბა, ჩემი მუხლის სროკი წამიკითხეო. სულ ორი სტრიქონი იყო. წავიკითხე, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, ვფიქრობ, რა ვუთხრა, 12-დან 20 წლამდე წერია. ვეუბნებოდი, ვერა ვკითხულობ-მეთქი. როგორ ვერა კითხულობო. არადა, დაინახა, რომ წავიკითხე. დამაძალა, მითხარიო და ვუთხარი. რომ ვუთხარი, განერვიულდა. ვაიმედებდი, თან სხვებისგან ყველა დეტალი და პროცედურა ვიცოდი. ვუთხარი, რომ ყველა ვარიანტში გაგასამართლებენ, ვითომ კანონის მიხედვით, და მერე გაგიშვებენ-მეთქი. "სროკის" მოცემის არ შეგეშინდეს-მეთქი, იმიტომ რომ ყველასთან ასე ხდება და მერე ან ამნისტიით, ან რაღაცა მოლაპარაკებით გამოგიშვებენ-მეთქი“.
ციხიდან გამოსვლამდე ხვიჩა მღებრიშვილმა ზაზა გახელაძე ერთი საათით ადრე ნახა. მათ მცირე დროით გასაუბრებაც მოასწრეს.
„გამოსვლამდე ერთი საათით ადრე "პრაგულკაზე" ზაზას გავძახე, რომ გავდიოდი და ოჯახთან დამაბარა, ჩემებს უთხარი, რომ ფეხი დაუცხრაო. ჩემი გათავისუფლების დრო რომ ახლოვდებოდა, მოიწყინა. ვგრძნობდი ამას და ვაიმედებდი. ვეხუმრებოდი, ვახალისებდი. მერე ვხუმრობდით, "სროკი" რომ დაგიმატონ და აქედან ერთად გაგვიშვანო?! - მეუბნებოდა ზაზა. იქ არიან ქართველები. ბესტაევია ერთი (გენადი ბესტაევი, ზარდიაანთკარის მცხოვრები), კიდევ ერთი ლაშაა მარნეულიდან. რვაჯერ არის დაჭერილი. იქ, ცხინვალში, ბაბო ჰყავს და მასთან უნდა რომ დარჩეს, მაგრამ უკან, საქართველოში, უშვებდნენ ხოლმე და ახლა "სროკზეა". არა მარტო ეს ქართველები, ოსებიც ციხეში ნორმალურად გვექცევიან, ციხეში ეროვნების მიხედვით არ გვარჩევდნენ. იქ არის ციხის მაყურებელი და არავის ჩაგრავენ“.
ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დაჭრილი ზაზა გახელაძე ჯერ საავადმყოფოში იყო, შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. ზაზას ოჯახში ახლა სასამართლოს გამართვას ელოდებიან, ისინი საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ და დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. გახელაძის საკითხს მხარეების წარმომადგენლები ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრებზე განიხილავენ, მორიგი შეხვედრის გამართვა ნოემბერშია დაგეგმილი.