Accessibility links

პერსპექტივა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ევჰენ მაგდა: არსებობს ოლიგარქიული კონსენსუსი პოროშენკოს წინააღმდეგ

ევჰენ მაგდა: არსებობს ოლიგარქიული კონსენსუსი პოროშენკოს წინააღმდეგ


ევჰენ მაგდა
ევჰენ მაგდა

უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ქვეყნის ყველაზე პოპულარული შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი. პირველი თვითონვე ითვლება ოლიგარქად, ხოლო მეორე - უკრაინიდან დევნილ ოლიგარქთან დაახლოებულ პირად. რა არის ოლიგარქიული კლანის ასეთი გავლენის მიზეზი უკრაინაში? რატომ ვერ ხერხდება მათი გამიჯვნა ხელისუფლებისგან ? და რატომ არ თაკილობენ დემოკრატიის მოდარაჯე ჟურნალისტები ოლიგარქების კუთვნილ მედიასაშუალებებში მუშაობას? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ევჰენ მაგდა, კიევის "მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი.

ევჰენ მაგდა: ჩვენთან ყველა ოლიგარქს, პრაქტიკულად, აქვს თავისი "ჯენტლმენური კომპლექტი": თავისი მსხვილი ბიზნესი - ეს არის ან მეტალურგია, ან საბანკო სფერო, ან ენერგეტიკა; ეს არის საფეხბურთო კლუბი და, როგორც წესი, სატელევიზიო არხი. ამიტომ ჩვენთან ეს ოლიგარქიული მრავალფეროვნება ქმნის სიტყვის თავისუფლების ილუზიას. და ამ ილუზიამ, სხვათა შორის, დიდწილად განსაზღვრა საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობაც, რადგან, ჩემი აზრით, უკრაინის წამყვანმა ტელეარხებმა ახალი ამბების გამოშვებებში ისეთი საინფორმაციო პოლიტიკა შექმნეს, რომ ვერ იტყვი, ვითარების ადეკვატური ასახვა ხდებოდეს. და ამ ნაცრისფერ-შავ ფონზე, არაორდინარული და ფორმალურად პოლიტიკასთან კავშირის არმქონე ბატონი ზელენსკი ყოველთვის გამოიყურებოდა მიმზიდველად. ამიტომ არსებობს გარკვეული ოლიგარქიული კონსენსუსი პოროშენკოს წინააღმდეგ და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ოლიგარქიულ კონსენსუსში არსებობდეს ბატონ პუტინთან თანამშრომლობის ელემენტიც.

ჩვენი ოლიგარქები კი - პირველ რიგში, უკრაინელებზე ვამბობ - ჯერ კიდევ ცდილობენ დააგროვონ რაც შეიძლება მეტი რესურსი, რათა თავიანთი წესებით ითამაშონ და სახელმწიფოც აიძულონ ამ წესებით ითამაშოს...
ევჰენ მაგდა

კობა ლიკლიკაძე: თქვენ ახსენეთ პუტინი და რუსეთი. მოდი, ასე დავსვათ კითხვა: რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ოლიგარქები დასავლეთში პოსტსაბჭოთა სივრცეზე არსებული ოლიგარქებისაგან? რა არის არსებითი განსხვავება?

ევჰენ მაგდა: ალბათ, ყველაზე დიდი განსხვავება პოსტსაბჭოთა და დასავლელ ოლიგარქებს შორის ისაა, რომ დასავლელებმა დიდი ხნის წინ გაიარეს კაპიტალის დაგროვების პერიოდი და ისწავლეს, როგორ მოახდინონ თავიანთი უფლებამოსილების დელეგირება სხვებზე - პროფესიონალ პოლიტიკოსებზე, პროფესიონალ მმართველებზე. ანუ მორგანებიც, როტშილდებიც და როკფელერებიც, პირველ რიგში, ეს არის სახელები და არა სწრაფვა ნებისმიერი გზით მოგების მოპოვებისაკენ. ანუ ისინი აცნობიერებენ, რომ მათი კაპიტალი შთამბეჭდავია და გავლენას ახდენს. ჩვენი ოლიგარქები კი - პირველ რიგში, უკრაინელებზე ვამბობ - ჯერ კიდევ ცდილობენ დააგროვონ რაც შეიძლება მეტი რესურსი, რათა თავიანთი წესებით ითამაშონ და სახელმწიფოც აიძულონ ამ წესებით ითამაშოს.

კობა ლიკლიკაძე: ხშირად გაიგონებთ, რომ, პოსტსაბჭოთა ოლიგარქებისგან განსხვავებით, დასავლეთში მდიდარი ადამიანები, ე.წ. ოლიგარქები, თითქოს არ ილტვიან პოლიტიკისკენ. მაგრამ არსებობს დონალდ ტრამპის მაგალითი, ანდა ანდრეი ბაბიშისა, რომლის პარტიამ აქ, ჩეხეთში, ორჯერ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. რით არის განპირობებული ელექტორატის ასეთი განწყობა- უფრო მეტად ენდოს ოლიგარქებს, დასავლეთშიც კი, ვიდრე ტრადიციულ პოლიტიკურ ძალებს?

ევჰენ მაგდა: იცით, საქმე ისაა, რომ უკრაინის რეალობაში ოლიგარქი შეიძლება არცთუ იშვიათად ტოვებდეს "კეთილი ბიძიას" შთაბეჭდილებას მაშინ, როცა მედიასაშუალებები, რომლებიც მას და მისი ამქრის წევრებს ეკუთვნის, ხელისუფლების დესაკრალიზაციის თანმიმდევრულ პოლიტიკას აწარმოებენ, ანუ ხშირად წარმოსახავენ ხელისუფლებას ჭუჭყიან საქმესთან კავშირში. მაგალითად, სარგებლობენ იმით, რომ უკრაინაში ხშირად არაეფექტურია სტრატეგიული კომუნიკაციები და მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი რუსეთთან, რის გამოც სახელმწიფოს რამდენიმე ფრონტზე ერთბაშად უხდება ბრძოლა. ჩვენ არ გვყოფნის თანმიმდევრულობა. ჩვენი ახლანდელი სახელმწიფოებრიობა ეფუძნება სახელმწიფოს არარსებობის პირობებში განვითარების ასწლიან ისტორიას და ვფიქრობ, რომ თქვენც, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ეს გესმით, ამას თქვენც გრძნობთ.

გვჭირდება ბრძოლა ოლიგარქიულ კაპიტალთან, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: თუ უკრაინა ამ ბრძოლას განახორციელებს კონფისკაციის გზით, მაშინ საერთოდ ინვესტორების გარეშე დავრჩებით. უბრალოდ, კერძო საკუთრება რომ წმინდაა - ეს არის პრინციპი, რომელიც მთელ ცივილიზებულ სამყაროში არსებობს...
ევჰენ მაგდა

კობა ლიკლიკაძე: დიახ, ჩვენც გვყავს საკუთარი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, შემდეგ წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ, როგორც ამბობენ, კულისებიდან მართავს სახელმწიფოს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ არსებობენ კარგი და ცუდი ოლიგარქები, თუ, საბოლოო ჯამში, ყველა არის ბოროტება დემოკრატიისათვის, ბოროტება სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის?

ევჰენ მაგდა: მე უკრაინელ ოლიგარქებში ვხედავ მთავარ წინააღმდეგობას, რომელიც ხელს უშლის უკრაინის დაახლოებას, ვთქვათ, ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებთან. რატომ? იმიტომ, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის საფუძველი მცირე და საშუალო ბიზნესია. ჩვენი ოლიგარქიული წესები აფრთხობს პოტენციურ ინვესტორებს უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან. ამიტომ გვჭირდება ბრძოლა ოლიგარქიულ კაპიტალთან, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: თუ უკრაინა ამ ბრძოლას განახორციელებს კონფისკაციის გზით, მაშინ საერთოდ ინვესტორების გარეშე დავრჩებით. უბრალოდ, კერძო საკუთრება რომ წმინდაა - ეს არის პრინციპი, რომელიც მთელ ცივილიზებულ სამყაროში არსებობს. ანუ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინაში ოლიგარქიის გავლენის შესამცირებლად საჭიროა დრო და საჭიროა კონსულტაციებით დახმარება იმავე ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან იმაში, თუ როგორ შევზღუდოთ ოლიგარქები და, ამასთან, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის, ნაციონალური ბურჟუაზიის გავლენა. როდესაც ის გაიზრდება, როგორც ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, სულ უფრო მეტად დაიცავს საკუთარ ინტერესებს, ისევე როგორც სახელმწიფოს ინტერესებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG