ამ ამბავს წინ უძღვოდა ინციდენტი, რომლის დროსაც მაწანწალა ძაღლმა პატარა ბავშვი დაკბინა. მუნიციპალიტეტი თითქმის გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დადგა - ერთი მხრივ, ბავშვი მიუსაფარი ცხოველის მსხვერპლი გახდა, მეორე მხრივ კი, პოლიციამ საქმე ცხოველებზე ძალადობის მუხლით აღძრა.
3 დღის წინ დუშეთში სამი მიუსაფარი ძაღლი ერთად მოწამლეს. ერთ-ერთის სიკვდილს ადგილობრივი ანა ცოკილაური თავად შეესწრო. 13 თებერვლის დღის პირველ ნახევარში ანა დუშეთიდან თბილისში მიდიოდა, როცა დაინახა, როგორ დაეცა ქალაქის ცენტრში კავკასიური ნაგაზის ჯიშის ერთ-ერთი ძაღლი და ფართხალი დაიწყო. ძაღლს პირიდან ქაფი გადმოსდიოდა. კრუნჩხვების დაწყებიდან 10 წუთში ნაგაზი მოკვდა. ადგილობრივებმა პოლიცია გამოიძახეს, მათ კი ცხოველის სხეული ექსპერტიზაზე წაიღეს.
"გოჩა დაარქვეს ძაღლს იმ მარშრუტკის მძღოლის პატივსაცემად, რომელსაც ძაღლი სამუშაოს დასრულების შემდეგ სახლში მიჰყავდა. დილითაც სახლიდან ერთად გამოდიოდნენ. რადგან დიდ დროს სამარშრუტო ტაქსის მძღოლებთან ატარებდა, "დისპეჩერსაც" ეძახდნენ", - ჰყვება ანა.
დანარჩენი ორი მიუსაფარი ძაღლიც იმავე დღეს, იმავენაირად მოკვდა და ადგილობრივებსაც ეჭვი გაუჩნდათ, რომ ცხოველები ვიღაცამ ერთდროულად მოწამლა.
გოჩასა და სხვა ქუჩის ძაღლებს დუშეთში კარგი თვალით არ უყურებდნენ. ანა და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ერთნაირ ამბებს ჰყვებიან - ცხოველებზე ძალადობის სცენები არაერთხელ მოხვედრილა ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ კამერებზეც.
"ხან მთვრალი ადამიანები ესხმებოდნენ თავს და ახრჩობდნენ, ხან ზემოდან ახტებოდნენ, ბავშვები ასაფეთქებლებს უფეთქებდნენ. ამ ძაღლს აგრესია უმიზეზოდ არასდროს გამოუმჟღავნებია. უყეფდა მხოლოდ იმ მანქანებს, რომლებიც მარშრუტკის ადგილას შევიდოდნენ", - ჰყვება ცოკილაური.
ძაღლების დახოცვას დუშეთში წინ ინციდენტი უძღოდა. 20 დღით ადრე ერთ-ერთმა ძაღლმა ბავშვს ფეხზე, წვივის არეში უკბინა. დუშეთის მერიაში ამბობენ, რომ ცხოველმა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სხვა ადამიანებიც დაკბინა.
"თვითონ ბავშვი ამბობს, რომ პური გამოაცალა პირიდან. ბავშვმა, რა თქმა უნდა, ეს გააკეთა გაუაზრებლად. ძაღლმაც, რა თქმა უნდა, აღიქვა უარყოფითად და უკბინა. დაგლეჯვა, ფეხის მოჭმა და მსგავსი რამ არ ყოფილა. ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო, რადგან 70 კილოგრამამდე იწონიდა ძაღლი", - ამბობს ანა ცოკილაური.
ბავშვის კბენის შემდეგ ფეისბუკში გავრცელდა ბავშვის დედის აღშფოთებული კომენტარი, სადაც ქალი წერს, რომ მისი შვილის "დაფლეთას" არავის შეარჩენდა.
როგორც თავისუფლებას უთხრეს, ფეისბუკში მუქარის შემცველი შინაარსის გამო მაშინ პოლიციამ ბავშვის დედა და ის რამდენიმე ადამიანი გამოკითხა, რომლებიც ცხოველთა უფლებადამცველებსაც ემუქრებოდნენ.
დუშეთში სამი ძაღლის ერთდროული და ერთნაირი სიკვდილის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
"აგდებ ქუჩაში, ეუბნები, რომ ქუჩაა შენი სახლი, მერე არ აყენებ ქუჩაში, მერე ესვრი რაღაცებს, მერე ჯოხით აწამებ, მერე ქვას ჩაარტყამ… მათი სახლი არის ქუჩა და ქუჩაში მაინც დავაყენოთ. თავშესაფარი ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემას, გადაწყვეტს კანონი, დასჯა და ადამიანის აზრზე მოყვანა", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანები ცხოველებისთვის" დირექტორი, მარინა ბერსენაძე-კაციტაძე.
მომხდარიდან მალევე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც დუშეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლი, დოდო ჩოხელი ერთ-ერთ ცხოველთა დამცველს ესაუბრება და ძაღლების დახოცვას ამართლებს.
"ეს ხომ მერმა არ გააკეთა, გააკეთა ვიღაცა გამწარებულმა ადამიანმა, ხო?.. თქვენ მითხარით, რა უნდა ექნა?.. არა გვაქვს თავშესაფარი, რა უნდა ვქნათ?
[უფლებადამცველი]: თქვენი პოზიციით ამართლებთ მკვლელს? - აბსოლუტურად, კი", - ისმის ჩანაწერში.
ამის გამო ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის წახალისებაში უფლებადამცველები პასუხისმგებლობას დუშეთის მერიასაც აკისრებენ და ჩოხელისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებთ მომხდარი შემთხვევის გამო არსებულ მძიმე ემოციურ ფონს და უმძიმეს ფაქტს, რაც გამოიხატებოდა ცხოველის მიერ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის დაკბენაში, ჩვენთვის მის მიერ გამოხატული პოზიცია არის მიუღებელი და კატეგორიულად ვგმობთ ცხოველთა მიმართ მსგავს დამოკიდებულებას. თავის მხრივ, მასაც გათვითცნობიერებული აქვს საკუთარი შეცდომა", - თქვეს მერიაში.
ცხოველთა უფლებადამცველები დღეს, 16 იანვარს, საქართველოს პროკურატურასთან შეიკრიბნენ და საჩივარიც შეიტანეს. დამნაშავეების დასჯასთან ერთად, ისინი ითხოვენ, გამოძიება არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ პროკურატურამ წარმართოს, რადგან შს სამინისტროს უწყების მიუკერძოებლობაში ეჭვი შეაქვთ. რახან ბავშვის დედა საჯაროდ დაიმუქრა, სამართლის პოვნაში მეუღლეს დავიხმარ, რომელიც პოლიციაში მუშაობსო, ცხოველების უფლებადამცველები ინტერესთა კონფლიქტს ხედავენ.
"ვადასტურებთ, რომ ამ დრომდე არის გარკვეულწილად ჩიხური სიტუაცია. ერთი მხრივ, მიუსაფარი ცხოველები წარმოადგენენ გარკვეულ საფრთხეს მოსახლეობისთვის, ხოლო მეორე მხრივ აუცილებელია, რომ დაცული იყოს ცხოველთა უფლებები", - ნათქვამია დუშეთის მერიის განცხადებაში.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემა დღემდე გადაუჭრელია არა მარტო დუშეთში, არამედ მთელ ქვეყანაში. 8 წლის წინ თბილისში 42 000 მიუსაფარი ძაღლი აღრიცხეს, რამდენია დღეს, განახლებული სტატისტიკა არ არსებობს.
ცხოველთა უფლებადამცველების თქმით, მიუსაფარი ცხოველები ძირითადად ორი მიზეზის გამო მრავლდებიან: უმეტესობა არ არის სტერილიზებული ან კასტრირებული და ძაღლებსა და კატებს პატრონები ქუჩაში ტოვებენ.
"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტით, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომაც წარადგინა, აიკრძალება მეტისების გამრავლება, ჯიშიანი ძაღლების გასამრავლებლად კი პატრონებს ნებართვის აღება თვითმმართველი ორგანოებიდან მოუწევთ. ახალ კანონს სკეპტიკურად უყურებენ ცხოველთა უფლებადამცველები.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი კანონის მიღების შემთხვევაში რეგიონებს დაევალებათ შექმნან სტრუქტურები, სადაც მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია და კასტრაცია ჩატარდება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში იმედი აქვთ, რომ ახალი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტი წელს მოახერხებს.
ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ისჯება 120-დან 240 საათამდე ვადით, ან 6 თვიდან 1 წლამდე შინაპატიმრობით, ჯარიმით ან თავისუფლების 1 წლით აღკვეთით.
იგივე ჯგუფურად ჩადენილი ქმედება, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე, 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობით, ჯარიმით ან თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთით.