Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ქალაქის პატარა სათემოები


მე-10 საბავშვო ბაღის დირექტორი ლალი ნოზაძე
მე-10 საბავშვო ბაღის დირექტორი ლალი ნოზაძე

რუსთავში ერთი წლის წინ აშენებული და ახლად გახსნილი მე-10 საბავშვო ბაღის შენობაში შესვლამდე კარგად მოვლილი ეზო დაგხვდებათ - ნაძვის ნერგები, მომცრო დეკორატიული სახლები და მიწაში ჩაფლული სხვადასხვა ფერის საბურავები. ბაღის დირექტორი ლალი ნოზაძე ამბობს, რომ ეს აღსაზრდელების მშობელთა ინიციატივით გაკეთდა.

დიდი ქალაქის პატარა სათემოები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:54 0:00
გადმოწერა

„საბავშვო ბაღში მეთოდურად მიღებულია, რომ ბუნებრივი მასალებით და ხელით ნაკეთი საშუალებებით მოხდეს საბავშვო ეზოს კეთილმოწყობა. დასაწყისისთვის ამ დეკორაციების მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ბაღის მშობლებმა და ადგილობრივმა თანამშრომლებმა“.

ლალი ნოზაძის თქმით, ეზოში ატრაქციონების დადგმაც სურთ და ამაში ფონდი „ორბელიანი“ დაეხმარებათ. ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი, უჩა ვარამაშვილი, ამბობს, რომ, პრაქტიკულად, ეს იქნება სათემო ინიციატივა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება:

„[საბავშვო ბაღის] ეზო გამოყენებულია არა მხოლოდ ბაღის მიზნებისა და სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის, ასევე, იმ [მიმდებარე] უბნის მცხოვრებლები იყენებენ სარეკრეაციო ზონად. შესაბამისად, საერთო ინტერესშია ის, რომ ეზო იყოს უკეთესად მოწყობილი და ინტერესთა ჯგუფებმა გამოიყენონ“.

მე-10 საბავშვო ბაღი
მე-10 საბავშვო ბაღი

5000-ლარიანი პროექტი ფონდ „ორბელიანის“ კონტრიბუციითა და რუსთავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ზოგადად, რუსთავში წელს რამდენიმე სათემო და ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდება. რუსთავის მერიამ და ფონდმა ,,ორბელიანმა“ ხელშეკრულება 22 იანვარს გააფორმეს. პროექტების საერთო ღირებულება 53 800 ლარია. ამ თანხიდან 25 800 ლარს ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს, 28 000 ათასს კი ფონდი საერთაშორისო დონორებისგან მოიძიებს. „ორბელიანის“ დირექტორი ქეთი ხაჩიძე ამბობს, რომ წინასწარ გამოცხადებული კონკურსის დროს მიღებული 45 განაცხადიდან ხუთწევრიანმა ჟიურიმ 14 საუკეთესო შეარჩია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სათემო ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„როგორც კი შენი კარის ზღურბლიდან გადადგამ ფეხს, ის უკვე არის საერთო და ჩემი პასუხისმგებლობიდან გადის. [ჩვენთან] სამწუხაროდ, ასეთი კულტურა და საზოგადოებრივი პრაქტიკაა ის, რომ ამის საპირისპირო მაგალითებს ვხედავთ...მშობლების ინიციატივაა, არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეები ჩართონ პატარა სკოლის სკვერის მოწყობაში, არამედ სამეზობლოში გადიან და ისინი უნდა ჩართონ, ეს არის ძალიან კარგი“.

ქეთი ხაჩიძის თქმით, ფონდს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქვს მსგავსი პროექტების განხორციელების 4-წლიანი გამოცდილება. „ორბელიანისგან“ ინფრასტრუქტურული პროექტისთვის დაფინანსებას მიიღებს ახალგაზრდების ჯგუფიც. მისი ხელმძღვანელის, ნუკრი რამიშვილის, განცხადებით, მცირე თანხით დაფინანსებული ამბიციური პროექტი, დაახლოებით, 1000 შენობის დამისამართებას ითვალისწინებს.

„ვფიქრობთ, ჩაერთვებიან იმ კორპუსების მოსახლეობა, იმ ამხანაგობების წარმომადგენლები, რომელ შენობებზეც მოხდება [სამისამართე] აბრების მიმაგრება. გარდა ამისა, პროექტის განხორციელების პერიოდში ჩაერთვებიან მოხალისეები და ვფიქრობთ, რომ მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა მხატვრებიც - შეირჩევა ხუთი [მხატვარი]. ისინი მოგვეხმარებიან აბრის დიზაინის შექმნაში, მოხატვასა და დამუშავებაში“.

მე-10 საბავშვო ბაღი
მე-10 საბავშვო ბაღი

საკონკურსო ჟიურის წევრის, რუსთავის მერის თანაშემწის, რევაზ ბარბაქაძის შეფასებით, სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო დაფინანსება სათემო ინიციატივებს წაახალისებს, მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე და ხელს უწყობს დამატებითი თანხების მოძიებას. გარდა ამისა, ბარბაქაძის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას არ უწევს ბიუროკრატიული ბარიერების - სახელმწიფო შესყიდვებისა და ოფიციალური ტენდერების - გავლა:

„ეს [სათემო პროექტები] სახელმწიფოს რომ გაეკეთებინა, დაგვიჯდებოდა ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი. დროშიც უფრო გაიწელებოდა. შესაბამისად, დროშიც ვიგებთ, ფასშიც ვიგებთ, დამატებით დაფინანსებასაც ვიზიდავთ...ძალიან კარგი ინიციატივებია“.

ფონდ „ორბელიანის“ პროექტებში მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს. უკვე გამარჯვებული პროექტების ავტორებს, მაგალითად, სურთ ე. წ. მოხეტიალე კინოთეატრის მოწყობა და სოციალური კაფესა თუ ლიტერატურული კლუბის გახსნა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG