Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი დეპრესია - 2020?


მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი კორონავრუსის (COVID-19) გამო შექმნილ ოპერატიულ შტაბში.
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი კორონავრუსის (COVID-19) გამო შექმნილ ოპერატიულ შტაბში.

როგორ აისახება კორონავირუსის ეპიდემიის შედეგი რუსეთისა და მსოფლიოს ეკონომიკაზე? მოსალოდნელია თუ არა დიდი დეპრესიის მსგავსი კრიზისი, რაზეც გლობალური კარანტინით შეშფოთებული უამრავი ადამიანი ლაპარაკობს? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ჟურნალისტმა, მიხაილ სოკოლოვმა, მოსკოვის სტუდიაში მიიწვია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ვლადისლავ ინოზემცევი, ვაშინგტონიდან და მოსკოვში მოღვაწე გაიდარის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, სერგეი ჟავორონკოვი.

არჩევანი „მკაცრ კარანტინსა“ და ბრიტანულ ვარიანტს შორის

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმდა შეკრებები, მიტინგები, კონცერტები და სპექტაკლები, იხურება მუზეუმები და არქივები. ჯერჯერობით შეზღუდვა არ შეხებია საეკლესიო რიტუალებს, მუშაობენ კაფეები და რესტორნები.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეპიდემია, უკვე მეორე თვეა, გრძელდება, ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ საჭიროა პრევენციაზე მუშაობა. რა გზას დაადგება, საბოლოო ჯამში, რუსეთის ხელისუფლება: ივლის ბრიტანეთის გზით, თუ აირჩევს „მკაცრი კარანტინის“ ევროპულ ვარიანტს?

სერგეი ჟავორონკოვი: "იმედი მაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება ბრიტანული ან სამხრეთკორეული გზით ივლის, იმ გზით, რომელსაც მისდევს აშშ-ის მრავალი შტატი, რადგან ამ პრობლემის მასშტაბი, რამდენადმე გადაჭარბებული მეჩვენება.

მოვახდენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ციტირებას. მან თქვა, გრიპისგან აშშ-ში ყოველწლიურად იღუპება 35-37 ათასი კაცი, ხოლო ახლა ორიოდე თვეში ჩვენთან სულ რამდენიმე კაცი დაიღუპაო. თუნდაც კოეფიციენტის მთელ წელზე ექსტრაპოლაციაც კი არ მოასწავებს კატასტროფას. ამ თვალსაზრისით, შეგახსენებდით, რომ რამდენიმე ხნის წინ, 2014-2015 წლებში, ამბობდნენ, რომ მსოფლიოში ყველაზე საშიში პრობლემა იყო ებოლის ეპიდემია, რომელსაც თან ახლდა მაღალი სიკვდილიანობა, მაგრამ ავიამიმოსვლა კონტინენტებს შორის არ შეწყვეტილა.

რეცესია პრაქტიკულად გარდაუვალია, ვინაიდან ყველა სახის კარანტინი და შემზღუდავი ნორმები, როგორც წესი, შემოღებულია მინიმუმ ერთი-ორი თვით...
ვლადისლავ ინოზემცევი

ჩემი აზრით, ამჟამად მთავრობებმა შესაძლოა თავადვე შეუწყონ ხელი ისეთი პროგნოზის ახდენას, რაც საზიანო იქნება მსოფლიოსა და რუსეთის ეკონომიკისათვის. ანუ პრობლემა დაავადებაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ მასზე ასეთი რეაქციით თქვენ დაანგრევთ საკუთარ ეკონომიკას. აშშ-თან მიმართებით არსებობს ცალკე პრობლემა, რადგან ეს არის ფედერაციული სახელმწიფო, სადაც შტატებს ძალიან დიდი უფლებები აქვთ. ტრადიციულმა შტატებმა, რომლებიც იქ დემოკრატიულ პარტიას უჭერენ მხარს, როგორიც ნიუ-იორკი თუ ნიუ-ჯერსია, კარანტინის მკაცრი ზომები შემოიღეს. გასაგებია, რომ ეს ნეგატიურად იმოქმედებს აშშ-ის ეკონომიკაზე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ, მთლიანობაში, ამერიკაც და რუსეთიც უარს იტყვის რაიმე გაუმართლებელ მკაცრ ზომებზე."

ვლადისლავ ინოზემცევი: "მე სავსებით ვეთანხმები სერგეის, რომ პანიკა მეტისმეტია. ვაშინგტონის მერის ბრძანებით, გუშინ საღამოს რვა საათიდან რესტორნები დაიხურა და ამჟამად დაწყებული აქვთ საჭმლის ადგილზე მიტანა. მუშაობს მეტრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ოფისები უმეტესად დახურულია, მაგრამ არა იმიტომ, რომ მკაცრი მითითება მიეცათ, არამედ ასე გადაწყვიტეს შესაბამისმა ორგანიზაციებმა. საკმაოდ- დაახლოებით, ორი კვირის წინ - გაუქმდა ყველა სახის შეკრება, კონფერენცია, სიმპოზიუმი თუ სხვა თავყრილობა.

რაც შეეხება ავიამიმოსვლას, როგორც ითქვა, მართლაც შეწყვეტილია აქტიური მიმოსვლა ევროპასთან, გამონაკლისია კანადის გავლით ფრენები დიდი ბრიტანეთის მიმართულებით. მაღაზიები მუშაობენ და არ შეიძლება ითქვას, რომ აქ რაღაც გაუგონარი დეფიციტია“.

რამდენად სანდოა რუსეთის ოფიციალური სტატისტიკა?

ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა, ვალერი სოლოვეიმ, რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსისგან დაღუპულია 1600 კაცი. უბრალოდ, მათ სხვა დიაგნოზით გარდაცვალება დაუდგინეს. ხოლო კორონავირუსით დაავადებულია არა 147 კაცი, როგორც რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, არამედ, დაახლოებით, 130-დან 160 ათას კაცამდე.

რამდენად სანდოა რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დინამიკაზე?

სერგეი ჟავორონკოვი: "ვფიქრობ, რომ ისინი აკეთებენ იმას, რაც ხელს აძლევთ. ჩემი აზრით, ამ რიცხვის შესამცირებლად მრიცხველს საწინააღმდეგო მიმართულებით ატრიალებენ კარგა გვარიანად. ჩემი წარმოდგენით, ათასობით მსხვერპლზე რომ იყოს საუბარი, სოციალური ქსელის საშუალებით ჩვენ მოვისმენდით ამ სამწუხარო ამბების შესახებ, რადგან იმ ადამიანებს ეყოლებოდათ ნათესავები, რომლებიც ამაზე ილაპარაკებდნენ. ჩანს, აქ ყველაფერი თავის რიგზე ვერაა როგორც დაღუპულთა რიცხვის შეფასების, ისე სამედიცინო სტატისტიკის მხრივ“.

პრობლემა დაავადებაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ მასზე ასეთი რეაქციით თქვენ დაანგრევთ საკუთარ ეკონომიკას...
სერგეი ჟავორონკოვი

ვლადისლავ ინოზემცევი: "ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის თვალსაზრისით, სრულიად ვეთანხები სერგეის. თანამედროვე სამყაროში, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად სოციალურ ქსელებში ცხოვრობს, ინფორმაციის გაცვლა, ასე თუ ისე, ხდება და ისეთ ქალაქშიც კი, როგორიც მოსკოვია, პრაქტიკულად შეუძლებელია 10-20 კაცის სიკვდილის დამალვა.

ამიტომ, სავსებით სავარაუდოა, რომ გაცილებით იმაზე უფრო დიდია კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, ვიდრე ახლა გვეუბნებიან, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ვირუსით დაინფიცირებულთა უმრავლესობაში, დაავადება მიმდინარეობს საკმაოდ მსუბუქ ფორმებში ან, საერთოდ, შეუმჩნევლად. აქედან გამომდინარე, შემოწმების ქვეშ ვერ ექცევა ვირუსის მატარებელი ადამიანების, სულ მცირე, რამდენიმე პროცენტი“.

გლობალური რეცესიის შესაძლო გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე

რა შეიძლება დაუპირისპიროს რუსეთის ხელისუფლებამ გლობალურ რეცესიას, რომელიც, როგორც ჩანს, ახლოვდება არსებული კარანტინების, გადაზიდვების შემცირების, ადამიანების მიმოსვლისა და სხვა მრავალი შეზღუდვის გამო? როცა ამ შეკითხვას სვამდა, ჟურნალისტმა მიხაილ სოკოლოვმა ახსენა ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასის მკვეთრი ვარდნა (ბოლო მონაცემებით, ერთი ბარელის ფასია 26$) და რუსეთის ეროვნული ვალუტის, „რუბლის“, სწრაფი დევალვაცია.

სერგეი ჟავორონკოვი: "აქ პრობლემაა რუსეთის ხელისუფლება. მიუხედავად 590 მილიარდი დოლარის მოცულობის ოქროსა და ვალუტის მარაგისა, ის ძალიან ძუნწია. ხელისუფლებას არ უნდა გაიღოს არც ერთი კაპიკი, რადგან მიაჩნია, რომ კარგად იცის, როგორ უნდა დახარჯოს ის. მაგალითად, არსებობს ასეთი ეროვნული პროექტი: სახელმწიფო მოხელეებისათვის სმარტფონების შესყიდვა სავალდებულო სამამულო პროგრამული უზრუნველყოფით.მათ ხომ ამის (სმარტფონების) გარეშე არსებობაც ვერ წარმოუდგენიათ. ცხადია, ისეთი სფეროები, როგორიცაა ავიაგადაზიდვები, ტურიზმი და ავტომობილების გაყიდვა, მნიშვნელოვანი სფეროები, კრიზისის დროს ყოველთვის ზარალდებიან. დიდი ხანია, ჩვენი ავიაკომპანიები სვამენ საკითხს, რომ გაუქმდეს შიდა გადაზიდვებზე 10 %-იანი დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი). ამის გამო, სხვათა შორის, საერთაშორისო გადაზიდვები უფრო იაფდება, ვიდრე შიდა, მაგრამ არ სურთ კაპიკის ხელიდან გაშვება. არადა, ეს საჭიროა თუნდაც იმავე მცირე ბიზნესისთვის. მეგობრებო, აიღეთ და მოსკოვში გააუქმეთ ვაჭრობის მოსაკრებელი მცირე ბიზნესისთვის. ის არაფერი საჭირო არაა. მოსკოვის ბიუჯეტში იგი შეადგენს 0,00 %-ს.

სინამდვილეში, რუსეთში ძალიან მაღალია გადასახადები. მავნებლური მითია, თითქოს რუსეთში დაბალი გადასახადები იყოს. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი ჩვენთან 13 %-ია, მაგრამ, ამასთან, ივიწყებენ, რომ ერთიანი სოციალური გადასახადი 30 %-ს უდრის. ჩვენში საწარმოები გადასახადებზე ხარჯავენ შემოსავლის 49 %-ს. შედარებისთვის: ამერიკაში იგი შეადგენს 43 %-ს. კიდევ უფრო ნაკლებია ევროპის ბევრ ქვეყანაში. 30 %-ია დიდ ბრიტანეთში. რუსეთში მაღალია გადასახადები. საჭიროა მათი შემცირება“.

2020 წლის კრიზისიდან რუსეთი ვერ გამოვა 2024 წელს, ან გამოვა, საუკეთესო შემთხვევაში, ნულოვანი ეკონომიკური ზრდითა და სამწლიანი რეცესიით გამოწვეული ცხოვრების დონის მკვეთრი დაქვეითებით...
ვლადისლავ ინოზემცევი

ვლადისლავ ინოზემცევი: „რეცესია, როგორც ჩანს, პრაქტიკულად გარდაუვალია, ვინაიდან ყველა სახის კარანტინი და შემზღუდავი ნორმები, როგორც წესი, შემოღებულია მინიმუმ ერთი-ორი თვით. ამერიკისა და ევროპის ეკონომიკა ნორმალურ რეჟიმს რეალურად დაუბრუნდება არა უადრეს ზაფხულის დასაწყისისა. პირველი შედეგები ჩვენ დავინახეთ ჩინეთში იანვარ-თებერვალში, დავინახეთ ეკონომიკის ვარდნა 14 %-ით და ინვესტიციების ვარდნა 25 %-ით. ანუ არსებითად საუბარია იმაზე, რომ, ჩემი აზრით, წლის შედეგით ვერც ერთი წამყვანი ქვეყნის ეკონომიკა ვერ შეძლებს ზრდის ჩვენებას. რუსეთში ვითარება კიდევ უფრო რთული იქნება, ვინაიდან კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიას ემატება დაბალი ფასი ნავთობზე, რაც ჯერ სავსებით არ იგრძნობა, მაგრამ სადღაც მაისში აშკარად საგრძნობი იქნება.ამიტომ ვფიქრობ, რომ რეცესია გარდაუვალი იქნება. რუსეთის ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ, როგორც სამართლიანად აღნიშნა სერგეიმ, ისინი ყოველ კაპიკს უფრთხილდებიან. ასეთი შიშიც წმინდად რუსულ სპეციფიკას წარმოადგენს.

საქმე ისაა, რომ თუ ავიღებთ 2008 წლის კრიზისს დასავლეთში და ამჟამინდელი კრიზისის დასაწყისს, ჩვენ, პირველ ყოვლისა, დავინახავთ, თუ როგორ მოქმედებენ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები - ესაა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შერბილება და განაკვეთების მკვეთრი დაწევა.

აშშ-მა უკვე უზრუნველყო 700 მილიარდი დოლარის მიმართვა ეკონომიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოჰყვება შეღავათიანი დაფინანსების დამატებითი ზომები. საუბარი პრაქტიკულად იმაზეა, რომ დასავლეთში, სადაც სამთავრობო რეზერვების ცნება პრაქტიკულად არ არსებობს, საწარმოები და კომპანიები მსგავსი კრიზისული ვითარებიდან გამოჰყავთ შეღავათიანი დაფინანსებით, განაკვეთების ლამის განულებითა და საკმაოდ გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების გაცემით.

რუსეთში კი ეს მეთოდი, ტრადიციულად, არგმოყენება. ჩვენ დავინახეთ, რომ 2014 წელს ცენტრალურმა ბანკმა 17 %-მდე გაზარდა განაკვეთი. ახლაც უკვე ჩანს, თუ როგორ ზრდიან ბანკები განაკვეთებს იპოთეკასა და სამომხმარებლო სესხებზე.

... 2020 წლის კრიზისიდან რუსეთი ვერ გამოვა 2024 წელს, ან გამოვა, საუკეთესო შემთხვევაში, ნულოვანი ეკონომიკური ზრდითა და სამწლიანი რეცესიით გამოწვეული ცხოვრების დონის მკვეთრი დაქვეითებით. ამიტომ, როგორ შეძლებს „ჩვენი ნაციონალური“ ლიდერი მოსახლეობის დარწმუნებას 2024 წლისთვის, რომ მას ალტერნატივა არ ჰყავს, ეს დიდი შეკითხვაა“.

XS
SM
MD
LG