Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასუფთავების იაფი გადასახადი და რუსთაველების დიდი ვალი


რუსთავის ცენტრალური მოედანი
რუსთავის ცენტრალური მოედანი

რუსთავში დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება სათანადოდ ვერ ხდება. ეს იმ პირობებში, როცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, დაახლოებით, სამი მილიონი ლარი იხარჯება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანად. რუსთავის მერია პრობლემის მეტ-ნაკლებად მოსაგვარებლად ე. . ბილინგის სისტემის დანერგვას აპირებს, როცა აბონენტს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა სწრაფი გადახდის აპარატებით შეეძლება.

გადმოწერა


რუსთავში დასუფთავების გადასახადი ფიზიკური პირებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 40 თეთრია, ხოლო კომერციული ობიექტებისთვის - კვადრატულ მეტრზე 17 თეთრი. საქართველოს მასშტაბით ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადია. რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, შარშან დასუფთავების გადასახადის გეგმა 91 პროცენტით შესრულდა, თუმცა იურიდიული თუ ფიზიკური პირების დავალიანება მაინც დიდია და, 2018 წლის მდგომარეობით, დაახლოებით, მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.

რუსთავის ერთ-ერთი ქუჩა
რუსთავის ერთ-ერთი ქუჩა

სამსახურის უფროსმა კიაზო შარიქაძემ 2018 წლის შედეგების განხილვისას, რომელიც მერიამ ცოტა ხნის წინ გამართა, თქვა, რომ დავალიანება 2013 წლიდან დაგროვდა. მთავრობის დადგენილებით, დასუფთავების საგადასახადო დავალიანება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სწორედ 2013 წელს ჩამოეწერა. კიაზო შარიქაძის თქმით, ყველაზე მეტი დავალიანება - მილიონ 300 ათას ლარზე მეტი - მოსახლეობას აქვს.

კიაზო შარიქაძე ამბობს, რომ დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის მისმა სამსახურმა შარშან სასამართლო დავა მოუგო ათ იურიდიულ პირს. რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის უფროსის თქმით, ადმინისტრირებას ართულებს ის ფაქტი, რომ გადამხდელებს არ აქვთ მინიჭებული სააბონენტო ნომრები, როგორც ეს, მაგალითად, ელექტროენერგიისა თუ ბუნებრივი აირის გადასახადის შემთხვევაშია. გარდა ამისა, ყველა მოვალისა და გადამხდელის აღრიცხვა მექანიკურად უწევთ, ამიტომ რუსთავის მერია იწყებს საბილინგო სისტემის დანერგვას, როცა მომხმარებელს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატით შეეძლება.

„2018 წელს დავიწყეთ საბილინგო სისტემის პროგრამის შექმნა. პროგრამა, დღეის მდგომარეობით, მზად არის, სატესტო რეჟიმში მუშაობს. ტექნიკურად მიბმულია თიბისი ბანკთან და საქართველოს ბანკთან, ლიბერთი ბანკთანაც“.

რუსთავის ვიცე-მერის, ბესიკ ტოგონიძის, განმარტებით, ახალი პროგრამა აბონენტებს საშუალებას მისცემს დასუფთავების საფასური დისტანციურადაც გადაიხადონ, -მაგალითად, სმარტფონით, - რაც რეგიონალურ ქალაქებს შორის პირველად რუსთავში ინერგება.

დასუფთავების პრობლემები რუსთავში
დასუფთავების პრობლემები რუსთავში

​ვიცე-მერის, ბესიკ ტოგონიძის, თქმით, საჭიროა რუსთაველების მაქსიმალურად ინფორმირება გადახდის თანამედროვე სისტემის შესახებ. ქალაქის მერ ირაკლი ტაბაღუას იმედი აქვს, რომ საბილინგო სისტემა გააადვილებს დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას, მაგრამ თუ შედეგი ამანაც არ გამოიღო, იძულებული გახდებიან, ეს გადასახადი სხვა კომუნალურ გადასახადებს მიაბან.

რუსთაველები დასუფთავების გადასახადს ამჟამად ბანკების მეშვეობით იხდიან. ზოგი ამას საერთოდ ვერ ან არ აკეთებს, ზოგი კი მთელი წლის გადასახადს ერთად ფარავს

ქალაქის მოვლა და გამწვანება მერიის მიერ დაფუძნებულ „რუსთავის სერვისს“ ევალება. მისი წლევანდელი ბიუჯეტი 7 მილიონი ლარია, საიდანაც 3 მილიონი ლარი დასუფთავებას ხმარდება. როგორც „რუსთავის სერვისში“ ამბობენ, ქალაქის სისუფთავე ადგილობრივ ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება სწორედ იმიტომ, რომ მოსახლეობა თუ იურიდიული პირები დასუფთავების გადასახადს სათანადოდ არ იხდიან.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG