Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირების მიუხედავად, კახეთში ე.წ. საბითუმო ბაზარი არ გახსნილა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ე.წ. საბითუმო ბაზარი ამ დრომდე არ გახსნილა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ მეწარმეებს, რომელთაც საადრეო ბოსტნეული მოჰყავთ, კვლავ პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა აქვთ.

გასულ კვირას ლაგოდეხის რამდენიმე სოფელში ბოსტნეულის მწარმოებლებს შეხვდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. სწორედ მან გააკეთა განცხადება, რომ ბოსტნეულის რეალიზაციის გასამარტივებლად კაბალში ე.წ. საბითუმო ბაზარი გაიხსნებოდა და ადგილზე ჩავიდოდნენ დისტრიბუტორები, რაც მოსავლის რეალიზაციის პრობლემას მოხსნიდა. კაბალის ბაზრის ხელძღვანელი მახმად რასულოვი კი დღეს გვეუბნება, რომ საბითუმო ბაზრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე საპარკინგე ადგილები მოაწყვეს, თუმცა სპეციალისტებმა შეამოწმეს და უთხრეს, რომ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომ ახლა სამუშაოები თავიდან დაიწყეს.

„გუშინ რეგიონიდან იყვნენ მოსული და დაათვალიერეს, დღეს ისევ ჩამოვლენ და ნახავენ. თუ ბაზრის ფუნქციონირების უფლებას მოგვცემენ, გვეტყვიან, რა პროგრამით უნდა ვიმუშაოთ. ჯერ არც ის ვიცით, ვინ უნდა მოვიდეს და შეისყიდოს ჩვენი პროდუქცია“.

ადგილობრივ მეწარმეებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ კაბალში ე.წ. საბითუმო ბაზარი დღეს გაიხსნებოდა, ამიტომ გუშინ საღამოს მოსავალი მოკრიფეს, სარეალიზაციოდ მოამზადეს დადღეს ბაზართან მივიდნენ, მაგრამ ბაზრის კარი დაკეტილი დახვდათ.

„ახლა უნდა წავიღო თელავის მხარეს, რომ გავყიდო და ავიღო ორი კაპიკი. ბაზრებიდაკეტილი რომ არის და მანქანები ამ დრომდევერ მოძრაობდნენ, ჩვენ თვითონ გაგვაქვს ცოტ-ცოტაგასაყიდად, მაგრამბაზრები გახსნილი რომ ყოფილიყო, „მარშრუტკები“ თავად მოვიდოდნენ თბილისიდან და ისინი უპრობლემოდ წაიღებდნენ. კიტრის ფასიც დაბალია, ახლა მცირედით მოიმატა, თუმცა წინა დღეებში 70-80 თეთრი ღირდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეწარმემ.

კაბალში დღეს ე.წ. საბითუმო ბაზრის გახსნას სხვა ფერმერებიც მოელოდნენ, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩნენ. ისინი ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა თითქმის ყველა მწარმოებელი დააზარალა და ისინი ბანკიდან აღებული აგროსესხების გადახდას, უბრალოდ, ვერ შეძლებენ.

„დღეს უნდა გაეხსნათ, მაგრამ არ გახსნეს. მიზეზი არ ვიცით.ამბობენ, არ შეიძლებაო. თუკი გაიხსნება, ჩვენც ვიხეირებთ. ხალხი საავტომობილო გზაზე დგას და იქ ყიდის, მაგრამ პატრული ამასაც გვიკრძალავს. პომიდორი ჯერ არ შემოსულა, მაგრამ გვაქვს კიტრი დაკარტოფილი, რომელსაც ვერ ვყიდით. ყველას ბანკის ვალი გვაქვს და თუ ასე გაგრძელდა, მას ვერ გადავიხდით“.

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა. მათ შორის მუშაობის განახლების უფლება მიეცათ ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში, დაახლოებით, 80 აგრარული ბაზარია, მაგრამ მათი უმრავლესობა დღეიდან ფუნქციონირებას ვერ განაახლებს. მინისტრის თქმით, მიზეზი ის არის, რომ ბაზრები ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით დაწესებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. კახელი ფერმერები კი სწორედ ბაზრების დახურვას ასახელებენ ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც ბოსტნეულის რეალიზაციას ვერ ახერხებენ და ზოგ შემთხვევაში მოსავალი სათბურებში ლპება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG