Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში, სოფელ კაბალში „საბითუმო ბაზარი" მოეწყობა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში, სადაც მოსახლეობის უმეტესობას კიტრის მოსავალი მოჰყავს და კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა რეალიზაციის პრობლემა შექმნა, სოფლის მეურენობის მინისტრის მოადგილე ჩავიდა. სოლომონ პავლიაშვილი ბოსტნეულის მწარმოებლებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ 27 აპრილიდან სოფელ კაბალში ფერმერებისა და დისტრიბუტორებისთვის ე.წ. „საბითუმო ბაზარი" მოწყობა, რაც მოსავლის ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესს გაამარტივებს.

ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის თქმით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მერია გასცემს საშვებს იმ ფერმერებისთვის, ვისაც ყოველდღიურ რეჟიმში კიტრის მოსავლის მიღება და მისი რეალიზება უწევთ.

კაბალელი ფერმერების პრობლემაზე რადიო თავისუფლებამ 22 აპრილს დაწერა. მახმად ისმაილოვს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ავტოტრანსპორტით მიმოსვლის აკრძალვის გამო, კიტრის უხვი მოსავალი უფუჭდებოდა და საშვის მიღებას ვერ ახერხებდა.

დღეს, 23 აპრილს ისმაილოვს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახლში მიუტანეს სპეციალური საშვი, რომლითაც ავტოტრანსპორტით გადაადგილებას და მოსავლის რეალიზაციას შეძლებს. მახმად ისმაილოვმა საშვის მიღების შესახებ დღეს, გვაცნობა. კიტრის მოსავლის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. დღიურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 80-100 ტონა კიტრი იკრიფება.

XS
SM
MD
LG