„გრემის“ 61-ე დაჯილდოებაზე ნომინაციაში „წლის სიმღერა“ Childish Gambino-ს This Is America-მ გაიმარჯვა. ერთი შეხედვით ისტორიული გამარჯვება იყო - პირველად მოხდა, რომ ამ კატეგორიაში პრიზი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელს მისცეს. თუმცა „გრემი“ იმდენად სულ ერთი გახდა ყველასთვის, რომ თავად მუსიკოსი ცერემონიაზე არც კი მისულა. ეგ კი არა, ვიდეოც კი არ ჩაუწერია - „სამწუხაროდ, ლოს ანჯელესში არ ვიმყოფები, თორემ აუცილებლად გეწვეოდითო“.
დარბაზში ვერც ბიონსეს და მის მეუღლეს ნახავდით. არც რიანა ჩანდა სადმე, არც ტეილორ სვიფტი, არც ადელი, არც კანიე. „გრემის“ ედ შირანმა და ჯასტინ ბიბერმაც აუბზუეს ცხვირი. ეგ კი არა, არიანა გრანდემ მიიღო თავისი პირველი „გრემი“ (საუკეთესო პოპ ალბომისთვის) და ისიც კი არ გამოცხადებულა.
გასაკვირი უფრო ის იყო, დარბაზში დრეიკი რომ გამოჩნდა. თუმცა, როდესაც სცენაზე ჯილდოს ასაღებად ავიდა (მისმა God’s Plan-მა საუკეთესო რეპ სიმღერის კატეგორიაში გაიმარჯვა), სამადლობელო სიტყვის ნაცვლად მაყურებელს მიმართა: ამათ რა იციან კარგი და ცუდი მუსიკა, მიდით, ბიჭებო, თქვენსას მიაწექით და „გრემის“ აინუნშიც ნუ ჩააგდებთო (მთლად ეს სიტყვები, ცხადია, არ წარმოუთქვამს, მაგრამ აზრი ეგ იყო). მერე ორგანიზატორებმა სიტყვა გააწყვეტინეს და რეკლამაზე გავიდნენ.
ძალიან ადვილია გაიგო, რატომ შემოსწყრნენ რეპერები „გრემის“. აგერ, უკვე რამდენი წელია, აკადემია ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ არც ესმის ჰიპ-ჰოპის და არც მაინცდამაინც ლეგიტიმურ ჟანრად აღიარებს. მარტო 2014 წლის ფიასკო რად ღირს, როდესაც „საუკეთესო ჰიპ-ჰოპ“ ალბომის პრიზი მაკლემორს მისცეს და არა კენდრიკ ლამარს! ეს ისეთი აბსურდი იყო, რომ თავად Thrift Shop-ის შემსრულებელი წერდა კენდრიკს საბოდიშო მესიჯებს: შენ გეკუთვნოდა ეს ჯილდო, ძმისგულო, რატომ ხელი არ გამიხმა, იმ „გრემის“ რომ ვიღებდი და რატომ მიწა არ გამისკდა და თან არ ჩამიტანაო (მთლად ეს სიტყვები, ცხადია, არ მიუწერია, მაგრამ აზრი ეგ იყო).
თუმცა საქმე მარტო რეპერების წყენაში არ არის. „გრემის“ მუსიკის მოყვარულებში არასდროს ჰქონია კარგი რეპუტაცია. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, აი, ვის არ მიუღია არასდროს „გრემი“ (დაჯილდოება 1959 წლიდან ტარდება): ბიორკს, Queen-ს, ბობ მარლის, სნუპ დოგს, სემ კუკს, Talking Heads-ს, New Order-ს, ნასს, The Doors-ს, ჯიმი ჰენდრიქსს, ABBA-ს, ტუპაკს, ჯენის ჯოპლინს... Led Zeppelin-მა ერთადერთი გრემი 2013 წელს მიიღო (სამაგიეროდ, წელს მისცეს „საუკეთესო როკ ალბომი“ „ზეპელინის“ უნიჭო მიმბაძველ ბავშვებს - Greta Von Fleet-ს).
და, მოდი, ერთსაც გეტყვით. 1969 წელია და „წლის სიმღერაზე“ ნომინირებულია Hey Jude. Hey Jude, ბილ! კონკურენციას უწევს Mrs. Robinson. ორი ისეთი სიმღერაა, რომ შემსრულებლების შეხსენებაც კი არავის სჭირდება. რამ გაიმარჯვა? აი, ამ სიმღერამ, რომლის არსებობა მხოლოდ იმ ხალხმა ვიცით, ვინც დროდადრო grammy greatest fail-ს ვგუგლავთ ხოლმე.
ამ საოცარი უსამართლობების მიუხედავად, „გრემი“ ათწლეულობის განმავლობაში მაინც მნიშვნელოვანი იყო - არა ისე, როგორც „ოსკარები“ კინოსთვის, მაგრამ, მაინც. აი, ბოლო 10 წელი იქნება, რაც ეს ჯილდო უფრო და უფრო არაფრის მთქმელი ხდება. დღეს მუსიკოსებისთვის ვირუსული პოპულარობა და Youtube-ის ნახვები გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე აკადემიის ჯილდო, რომელსაც, ვერც გაიგებ, რაში იძლევიან.
ასე რომ, რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი „გრემის“ შესახებ? არც არაფერი. „გრემი“ სულ მთლად ასცდა თანამედროვე მუსიკის მდინარებას. კეისი მასგრეივსს და კარდი ბის, ალბათ, გაუხარდათ ჯილდოების მიღება, - პრიზი ყველას უხარია, - მაგრამ ვეჭვობ სიხარული დიდხანს გაჰყვეთ. ბოლოს და ბოლოს, „გრემია“, რამე მნიშნელოვანი ხომ არა!