Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძე რუსეთში, ეჭვები საქართველოში


ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი საფუძველი მისცა ოპონენტების გასაკრიტიკებლად. ხელისუფლება ცდილობს, რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნის მიზნით შექმნილი ოპოზიციური ერთობა კრემლის მოკავშირედ წარმოაჩინოს. „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის მოსკოვში ვიზიტმა უხერხული სიტუაცია შექმნა და ეჭვებიც გააჩინა, მაგრამ, ოპოზიციის თქმით, აპარტიული ერთობა არ დაიშლება, ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად.

რა მიზნით წავიდა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში? რატომ წავიდა სწორედ ახლა, როცა უცხოელი პარტნიორების შუამავლობით დაიწყო დიალოგი ოპოზიციურ ერთობასა და ხელისუფლებას შორის? რა და რატომ აჩენს ეჭვებს? რატომ ზიანდება პროცესი?

ვინ არის კრემლის მოკავშირე?

„გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ნინო ბურჯანაძის ვიზიტს მოსკოვში.

ამ დღეებში ასევე „ქართული ოცნების“ არაერთმა წარმომადგენელმა ჩათვალა საჭიროდ იმის ხაზგასმა, რომ საეჭვოა საარჩევნო სისტემის გარშემო შექმნილი ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლის მოსკოვში ჩასვლა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციური ერთობა კრემლის მოკავშირეობაშიც დაადანაშაულა:

  • „ის ადამიანები, რომლებიც ერთად სხედან მოლაპარაკებათა მაგიდასთან, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი კრემლში გაემგზავრა შეხვედრებისთვის“...
  • „შეაფასეთ ახლა და შეხედეთ მათ განცხადებებს - როგორ ცდილობენ, რომ გაამართლონ... კი არ ცდილობენ, არამედ ამართლებენ მის ამ ქმედებას“;
  • „ვენეციის კომისია, ფაქტია, რომ შეცვალეს მათ კრემლით... რომ კრემლთან შეათანხმონ „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. პროექტი“.

ამავე შინაარსის ბრალდებების რიგშია უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება. 3 დეკემბერს მან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერიც ახსენა - „გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ?! ხომ არ არის მასთან ერთად?!“

მდინარაძეს ვაშაძემ 4 დეკემბერს უპასუხა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს განუცხადა, თბილისში, საკუთარ სახლში იმყოფება და მდინარაძეს უთვლის, რომ ის „პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა“.

ხელისუფალთა კომენტარები არ უკვირს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, რომან გოცირიძეს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელისუფლებამ ამ ბრალდებებით „ტროლების ქარხანაც“ აამუშავა - „დაამზადეს ყალბი ავიაბილეთი და ავრცელებენ, რომ თითქოს, ბურჯანაძესთან ერთად, მოსკოვში წავიდა გრიგოლ ვაშაძეც... მაგრამ ხალხს აღარ სჯერა „ქართული ოცნების“ ტყუილების“.

რაც შეეხება მოსკოვში ვიზიტს, გოცირიძის თქმით, არავის ჰქონდა ილუზია, რომ ნინო ბურჯანაძის პარტია საგარეო-პოლიტიკურ ორიენტირს შეიცვლიდა და რუსეთისკენ აღარ გაიხედავდა.

„ეს ერთობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პოლიტიკურ, იდეოლოგიურ ან რაიმე სხვა სახის გაერთიანებას, ან სამომავლოდ თანამშრომლობას... პარლამენტში ყველა დაადგება თავის გზას. ახლა მუშაობს ლოზუნგი ყველა ერთის წინააღმდეგ და მსგავსი ქმედებები (სამწუხარო, მაგრამ - არაგასაკვირი), ბუნებრივია, ხელს არ შეუშლის ამ იდეის ხორცშესხმას“.

ზოგმა იცოდა და ზოგმაც - არა, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში წასვლას გეგმავდა. არ იცოდა, მაგალითად, „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა და როცა შეიტყო, მისმა პარტიამ პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციურ პარტიათა დიალოგის ფორმატი.

უხერხულობა და ეჭვები

ოპოზიციური ერთობის ფორმატის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს და არც შეთქმულების თეორიების გავრცობა უნდა; მაგრამ რომან გოცირიძე ლაპარაკობს ნინო ბურჯანაძის მიერ ოპოზიციური ერთობისთვის შექმნილ ერთგვარ უხერხულობაზე - ბურჯანაძემ „ქართულ ოცნებას“ სალაპარაკო მასალა მისცა მაშინ, როდესაც:

  • „მთელი რუსეთი იმაზე მუშაობს, რომ როგორმე ივანიშვილი შეინარჩუნოს ხელისუფლებაში“;
  • „ბურჯანაძე შეიძლება მოსკოვში დატუქსონ კიდეც - რატომ უშლის ხელს ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში“.

რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებს, გოცირიძის აზრით, მათ თვალში ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლის გამო - პრორუსული პარტიები რომლები არიან, ყველამ ისედაც იცის“.

ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს „დამაზიანებელს“ უწოდებს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ფაქტი ბევრნაირ ეჭვს აღძრავს:

  • „განსაკუთრებით ცუდი დრო იყო ახლა მოსკოვში წასასვლელად მაშინ, როცა ოპოზიციური ერთობა სამართლიანი საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა“;
  • „ამ გადამწყვეტ ეტაპზე რუსეთს, ცხადია, აქვს სურვილი და ამბიცია, რომ ჩაერიოს პროცესებში და თავის სასარგებლოდ წარმართოს პოლიტიკური სიტუაცია“;
  • „ეს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის იმ კუთხითაც, რომ თითქოს ბურჯანაძემ მოსკოვში რაღაც ინსტრუქტაჟი უნდა მიიღოს შემდგომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით“.

„გადამწყვეტ მომენტებში რუსეთი ყოველთვის ცდილობდა სიტუაციის სათავისოდ გამოყენებასა და გავლენების გამყარებას... ვარდების რევოლუციის დროს იგორ ივანოვიც (საგარეო საქმეთა მინისტრი) გამოგზავნეს თბილისში, პროცესების სათავისოდ შესატრიალებლად. რუსეთი ყოველთვის შეეცდება, რომ საქართველოს ჰყავდეს მთავრობა - დასავლეთის მიმართ სკეპტიკური და რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკის გამტარებელი“, - ამბობს მუჩაიძე.

რატომ წავიდა ბურჯანაძე მოსკოვში?

„ქალბატონი ნინო რუსეთში არის იმისათვის, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების წინაშე მდგარი ძალიან რთული პრობლემები და კონფრონტაცია გადაიზარდოს დიალოგის რეჟიმში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ახვლედიანი - ნინო ბურჯანაძის პარტიის, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი.

ახვლედიანი ასევე ამბობს:

  • ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის დაგეგმვას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდა;
  • ამ ვიზიტს არანაირი კავშირი არა აქვს ოპოზიციურ პარტიათა ერთობის გეგმებთან;
  • საარჩევნო სისტემის საკითხის გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს არანაირი ურთიერთვალდებულებები არ გააჩნიათ და ისინი თავისუფლად განაგრძობენ თავიანთ ჩვეულ საქმიანობას;
  • მოსკოვში არ აინტერესებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური ამბები;
  • მოსკოვში ვიზიტის შესახებ ნინო ბურჯანაძემ საქმის კურსში ჩააყენა ოპოზიციური ერთობა;
  • არაფერი შეცვლილა და როდესაც მოსკოვიდან დაბრუნდება, ნინო ბურჯანაძე ისევ მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციური ერთობის შეხვედრებში.

ბურჯანაძე თბილისში 5 დეკემბერს დაბრუნდება და მხოლოდ ამის შემდეგ განიმარტება: ვის და რაზე ელაპარაკა მან მოსკოვში. ახვლედიანის თქმით, არ იყო დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს პირებთან - „პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის დონეზე, რა თქმა უნდა, არა“.

„დაგეგმილი იყო შეხვედრები პოლიტიკურ წრეებთან, ექსპერტებთან და ტრადიციულად, მედიაც იაქტიურებს - ინტერესი ყოველთვის დიდია“, - ამბობს ახვლედიანი.

  • ხომ არ მოუწევს ნინო ბურჯანაძეს რუსეთის ხელისუფლებასთან განმარტებების გაკეთება იმის გამო, რომ - ის ახლა იმ ოპოზიციურ ძალებთან ერთად არის, რომელთა დასჯასაც მოითხოვდა მოსკოვი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოდან გაძევების გამო?

რადიო თავისუფლების ამ შეკითხვის საპასუხოდ, გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ „მოსკოვში ყველას ესმის“ ამ თემებს შორის სხვაობა და საარჩევნო სისტემის თემაზე მოსკოვიდან დაინტერესება არავის გამოუხატავს.

მანამდე პარტიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ, მაგალითად, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში წამოჭრის ცხინვალის ციხეში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს და „აუცილებლად მწვავედ დააყენებს საკითხს საზღვრისპირა სოფლებიდან ადამიანების გატაცებასთან დაკავშირებით“.

რუსეთის დედაქალაქში ნინო ბურჯანაძე 3 დეკემბერს, შვილთან (ანზორ ბიწაძე) ერთად გაემგზავრა. სხვადასხვა დროს ის არაერთხელ ჩავიდა მოსკოვში და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG