Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია: შევიმუშავეთ “გერმანულ მოდელზე” დაფუძნებული კანონპროექტი ეუთო/ოდირთან გასაგზავნად


ოპოზიცია აცხადებს, რომ შეიმუშავა “გერმანულ მოდელზე” დაფუძნებული კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის ხმებს მაქსიმალურად პროპორციულად გადაანაწილებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია - პატრიოტთა ალიანსის გამოკლებით - სახალხო დამცველს სთხოვს, კანონპროექტი ეუთო/ოდირს გადაუგზავნოს იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციას.

“ძლიერნი ამა ქვეყნისა არ აღიარებდნენ, რომ დედამიწა მრგვალია. ბოლოს და ბოლოს მაინც მოუწიათ ამის გაკეთება იმიტომ, რომ მართლაც მრგვალია”, - ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე და აგრძელებს: “ასევე მოუწევს ჩვენს ხელისუფლებას იმის აღიარება, რომ ეს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ოღონდ ამისათვის საუკუნეები არ დაგვჭირდება”.

“ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულით ჩანაცვლების საკონსტიტუციო ცვლილება 14 ნოემბერს ჩააგდეს. საქართველოში პირველი პროპორციული არჩევნები - კონსტიტუციის თანახმად - 2024 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა ოპოზიცია მოითხოვს, საარჩევნო რეფორმა 2020 წლის არჩევნებამდე მოხდეს.

საკონსტიტუციო ცვლილებებით საარჩევნო რეფორმა 2020 წლის არჩევნებამდე ვერ მოესწრება, ამიტომ, როგორც ოპოზიცია ამბობს, მათ სრულიად ახალი მოდელის შემუშავება მოუწიათ.

“ეს კანონპროექტი არის ჩიხიდან გამოსავალი”, - ამბობს პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე და აგრძელებს: “[კანონპროექტი] მაქსიმალურად გამოხატავს პროპორციული არჩევნების მისწრაფებებს და მეორე მხრივ, შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, როგორც კონსტიტუცია ითხოვს”.

ოპოზიცია “გერმანული მოდელის” ქართულ კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად ვენეციის კომისიისთვის მიმართვასაც მოითხოვდა.

ვენეციის კომისია ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანოა საკონსტიტუციო სამართალში და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება. მისთვის მიმართვა მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია, თუმცა “ქართული ოცნება” ამის წინააღმდეგია.

ოპოზიცია ახლა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს და სთხოვს, კანონპროექტი გადაუგზავნოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR), რადგან პოლიტიკოსებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები აქვს ეუთო/ოდირთან და მათ იციან, რომ სახალხო დამცველი აპირებს ოპოზიციის შემუშავებული კანონპროექტის გაგზავნას.

“ამას აქვს გარკვეული პროცედურული წინაპირობები, უპირველეს ყოვლისა, ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, ანუ მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე”, - ამბობს ლომჯარია და აგრძელებს: “შემდეგ, მე მივმართავ ეუთო/ოდირს მოსაზრების წარმოსადგენად”.

გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციის საპარლამენტო წარმომადგენლობა - “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, ასევე “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე - კანონპროექტს დღეს ან ხვალ დაარეგისტრირებს.

“ჩვენ მზად ვართ, რა შენიშვნასაც მივიღებთ ეუთო/ოდირის მხრიდან, გავიზიაროთ და გავითვალისწინოთ ეს შენიშვნებიც კი”, - ამბობს ვაშაძე.

XS
SM
MD
LG