ეს იმასაც ნიშნავს, რომ 14-წლიანი მმართველობისა და ხუთი პრემიერ-მინისტრის გამოცვლის შემდეგ, ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ დამამცირებელი მარცხი იწვნია და ოპოზიციაში მოუწევს გადასვლა.
ამ სტატიაში წაიკითხავთ, ვინ მოდის ბრიტანეთის ხელისუფლებაში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის.
რამ გამოიწვია უპრეცედენტო გამარჯვება?
BBC-ის ეგზიტპოლის თანახმად, ლეიბორისტები თემთა პალატაში 650-იდან 410 მანდატს მიიღებენ, კონსერვატორები კი 131-ს.
ამაზე მეტი მანდატი ლეიბორისტებმა ისტორიაში მხოლოდ ორჯერ მიიღეს, კონსერვატორებს კი ასეთი ცუდი შედეგი არასდროს ჰქონიათ.
ანალიტიკოსები ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო წარმატებას, პირველ ყოვლისა, მმართველი ძალით უკმაყოფილებას მიაწერენ.
„აშკარად ფართო და ძალიან ღრმაა კონსერვატორებით უკმაყოფილება. აქ მთავარი საკითხი ცხოვრების ღირებულებაა, თუმცა საქმე გვაქვს სკანდალებთან და გახრწნასთანაც“, - ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, ურსულა ჰაკეტი.
გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი და საქართველოს ყოფილი ელჩი ბრიტანეთში, ამ არჩევნებს 1997 წლის საპარლამენტო არჩევნებს ადარებს, როდესაც დღევანდელივით, ლეიბორისტებმა კონსერვატორები დიდი სხვაობით დაამარცხეს და 18 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.
„1997 წელს თან ახლდა ძალიან დიდი მოლოდინები, დიდი ოპტიმიზმი, რასაც ხელს უწყობდა ახალგაზრდა, დინამიური ლიდერი, ტონი ბლერი და ლეიბორისტული პარტია თავისი დაპირებებით რადიკალური ცვლილებების შესახებ. დღევანდელი მომენტი განსხვავდება იმით, რომ ეს ოპტიმიზმი, მოლოდინები ბევრად უფრო ნაკლებია.
მიზეზი, რის გამოც ლეიბორისტული პარტია მიიღებს, როგორც მოსალოდნელია, უპრეცედენტოდ დიდ უპირატესობას პარლამენტში, არის არა განსაკუთრებული წინასაარჩევნო პროგრამა ან დაპირება, რომელსაც შეიძლება აჰყოლოდა ამომრჩეველი, არამედ იმ 14-წლიანი მმართველობით გადაღლა და იმედგაცრუება, რომელიც მათ აკავშირებთ კონსერვატორებთან“, - ამბობს გიორგი ბადრიძე რადიო თავისუფლებასთან.
ლეიბორისტებმა იხეირეს ბრიტანული საარჩევნო სისტემის თავისებურებითაც - თემთა პალატა არაპროპორციულად, სრულად მაჟორიტარული წესით აირჩევა. როგორც წესი, ეს გამარჯვებულს უწყობს ხელს და პირველ ადგილზე გასული პარტიის მანდატების წილი იმაზე მეტია, ვიდრე მიღებული ხმების.
გარდა ამისა, წლევანდელ არჩევნებზე მმართველ პარტიას ძვირად დაუჯდა ბრექსიტის მხარდამჭერი პოლიტიკოსის, ნაიჯელ ფარაჟის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება. ფარაჟის „რეფორმის პარტიამ“ თავად ბევრი მანდატი ვერ მოიპოვა (ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ოთხი), მაგრამ კონსერვატორებს იმდენი ხმა წაართვა, რომ ბევრ ოლქში ლეიბორისტებს გამარჯვება გაუმარტივდათ და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი საპარლამენტო მანდატი მიიღეს.
ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი?
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ლეიბორისტების ლიდერი, სერ კირ სტარმერი დაიკავებს.
კირ სტარმერი 61 წლის იურისტია, რომელიც მუდამ ხაზს უსვამს, რომ მუშათა კლასის ოჯახში გაიზარდა და ლეიბორისტული პარტიის პირველი ლიდერის, კირ ჰარდის სახელი დაარქვეს.
20 წელზე ხანგრძლივი საადვოკატო კარიერის შემდეგ, სტარმერმა საჯარო სამსახურში გადაინაცვლა, როცა 2008 წელს საჯარო ბრალდებათა დირექტორად დაინიშნა - ბრიტანეთში ეს რაგნით მესამე საპროკურორო თანამდებობაა.
მომავალი პრემიერ-მინისტრი სწორედ ამ თანამდებობაზე გატარებული ხუთი წლისთვის დააჯილდოვეს სერის ტიტულით.
იმავე წლის ბოლოს კირ სტარმერმა პოლიტიკაში შეაბიჯა - დეკემბერში აირჩიეს ლეიბორისტების კანდიდატად ცენტრალური ლონდონის იმ ოლქში, სადაც თავად ცხოვრობს, 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი მარტივად შეძლო თავის ოლქში მოგება და თემთა პალატის წევრი გახდა.
სტარმერი ლეიბორისტული პარტიის წინა რიგებში მომდევნო წელსვე აღმოჩნდა, როცა მაშინდელი ლიდერის, ჯერემი კორბინის ჩრდილოვან კაბინეტში ევროკავშირიდან გასვლის ჩრდილოვანი მდივანი გახდა (ბრიტანეთში ოპოზიციას ჩრდილოვანი კაბინეტი ჰყავს, მიდ წევრებს კონკრეტული სფერო აქვთ ჩაბარებული, რომელშიც მთავრობას ოპონირებას უწევენ და ალტერნატიულ ხედვას წარმოადგენენ).
ამდენად, სწორედ კირ სტარმერს უწევდა პარტიის პოზიციის ჩამოყალიბება და გაჟღერება იმ დროისთვის ყველაზე ყბადაღებულ საკითხზე - ბრექსიტზე.
მას შემდეგ, რაც ლეიბორისტებმა ჯერემი კორბინის მეთაურობით 2019 წლის არჩევნებში დიდი სხვაობით წააგეს, სტარმერმა ლეიბორისტების ლიდერის არჩევნებში მარტივად გაიმარჯვა და 2020 წლის აპრილში ოპოზიციის ლიდერი გახდა.
სტარმერი ზომიერი, ცენტრისტი-მემარცხენეა. გასული ოთხი წლის განმავლობაში ის ცდილობდა, რომ ლეიბორისტული პარტიისთვისაც ამგვარი იმიჯი დაებრუნებინა თავისი მეტად სოციალისტი წინამორბედის წარუმატებლობის შემდეგ.
შეიცვლება უკრაინის მხარდაჭერა?
ეს გულისხმობდა, მათ შორის, ლეიბორისტული პარტიის პოზიციების ცვლილებას საგარეო პოლიტიკაზე. ოპოზიციის ლიდერობისას, ჯერემი კორბინს ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთისადმი რბილი დამოკიდებულების გამო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი კორბინი ამბობდა, რომ დასავლეთს უკრაინის შეიარაღება უნდა შეეწყვიტა.
ამის საპირისპიროდ, კირ სტარმერი ომის წლის თავზე, 2023 წლის თებერვალში უკრაინაში ჩავიდა, კიევში შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მოინახულა ბუჩა და ირპენი.
სტარმერმა მაშინ თქვა, რომ ლეიბორისტები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერას ისევე გააგრძელებდნენ, როგორც ამას უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული კონსერვატორების მთავრობა აკეთებდა.
„ხაზი გავუსვი, რომ ლეიბორისტული პარტია მხარს უჭერს და შეინარჩუნებს იმ თავდაცვის, საწვრთნელ და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რომელსაც ბრიტანეთის ამჟამინდელი მთავრობა უზრუნველყოფს.
ამ კონფლიქტის განმავლობაში არაერთხელ მითქვამს, რომ ამაზე პოლიტიკურ პარტიებს შორის განსხვავება არ იქნება“, - განაცხადა სერ კირ სტარმერმა უკრაინაში შარშანდელი ვიზიტისას.
იგივე გაიმეორა მან წელს, 24 თებერვალს, რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრიდან ორი წლის თავზე გაკეთებული მიმართვისას:
„იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, ბრიტანეთი მუდამ დაუჭერს მხარს უკრაინას. ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რადგან უკრაინელი ხალხი სწორედ ამას იმსახურებს“.
…და საქართველო?
გიორგი ბადრიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ კიდევ ერთი საკითხი, რაც ლეიბორისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, საერთაშორისო დახმარების ზრდაა.
მართლაც, ლეიბორისტული პარტია გეგმავს, რომ ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა მთლიანი ეროვნული შემოსავლის (მეშ) 0.7%-ს დაუბრუნდეს.
2023 წელს ბრიტანეთის საერთაშორისო დახმარებამ 15,37 მლრდ ფუნტი (54,70 მლრდ ლარი) შეადგინა. მთლიანი ეროვნული შემოსავლის 0.7% რომ ყოფილიყო, 18,55 მლრდ ფუნტი (66 მლრდ ლარი) იქნებოდა.
თუმცა გიორგი ბადრიძეს ეჭვი ეპარება, რომ საქართველო ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ამით სარგებლობას შეძლებს:
„ბრიტანეთის ხელისუფლებამ, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-სგან განსხვავებით უფრო პასიურ როლს იკავებდა ["ქართული ოცნების"] ხელისუფლების მიერ გადადგმული ანტიდემოკრატიული ნაბიჯების კრიტიკაში, მანაც კი ბოლოს გააკეთა პირდაპირი განცხადებები, რომლებშიც აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ძალიან დიდი შეშფოთებით აკვირდება დემოკრატიის მდგომარეობის უკუსვლას საქართველოში.
აქედან გამომდინარე, ბრიტანეთის საგარეო დახმარების ზრდა შეიძლება სულაც არ აისახოს ქვეყანაზე, რომელშიც დემოკრატიის უკუსვლას ხედავენ“, - ამბობს დიპლომატი რადიო თავისუფლებასთან.
ბადრიძე ფიქრობს, რომ ორივე ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს შანსი ექნება, ბრიტანეთთან ურთიერთობები გააღრმაოს ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისითაც.
მისი თქმით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ საქართველოს ჰქონდა შანსი, რომ ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულება გაეფორმებინა, რაც არ გამოიყენა:
„ამ ხელისუფლებამ არ გამოიყენა ბრექსიტის ერთ-ერთი დადებითი მხარე, რომელიც ის იყო, რომ ევროკავშირთან შედარებით კიდევ უფრო ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეექმნა [ბრიტანეთთან], რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა“.
გარდა ამისა, გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ ბრიტანეთი „მზად არის, უსაფრთხოების სფეროში ძალიან სერიოზული თანამშრომლობა დაიწყოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებითან“.
ამ კონტექსტში, ის საუბრობს ბრიტანეთს, პოლონეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის 17 თებერვალს გაფორმებულ უსაფრთხოების პაქტზე.
ხელშეკრულება, რომელსაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერთი კვირით ადრე მოეწერა ხელი, ითვალისწინებდა თანამშრომლობას ყირიმის დეოკუპაციის, კიბერ- და ენერგოუსაფრთხოებისა თუ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერების კუთხით.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 7 აპრილს, პოლონეთმა და ბრიტანეთმა ამ ხელშეკრულების ფარგლებში შექმნეს ერთობლივი კომისია უკრაინისთვის იარაღის გადასაცემად.
რადიო თავისუფლება 2022 წლის თებერვალში, ხელშეკრულების გაფორმებამდე წერდა, რომ ამ ალიანსში საქართველოს მონაწილეობაზე საუბარი იყო 2022 წლის 9-10 თებერვალს, ქართული საპარლამენტო დელეგაციის ლონდონში ვიზიტისას.
„კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ აქტიურად იმუშაოს, რათა ეს შესაძლებლობები, რომლებიც ახლა, ამ ეტაპზე იქმნება, სათანადოდ იყოს გამოყენებული.
საქართველოს ადგილთან მიმართებით, რაც მე შთაბეჭდილება დამრჩა, ამ ეტაპზე აზრის ფორმირება არ მომხდარა და სწორედ იმისთვის არის აქტიურობა საჭირო“, - ამბობდა მაშინ დეპუტატი თეონა აქუბარდია.
მომდევნო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს ალიანსში მონაწილეობასთან დაკავშირებით სიახლე არ ყოფილა.
„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია ამ შესაძლებლობისადმი და მე ვივარაუდებ, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის პირობებში, უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობები ძალიან სერიოზულად შეიძლება გაღრმავდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ბადრიძემ.
ბრიტანეთის ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი საქმიანობას უახლოეს დღეებში შეუდგებიან, - სერ კირ სტარმერს უკვე ელიან NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც აშშ-ის დედაქალაქში 9 ივლისს დაიწყება.
ფორუმი