Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვის „პუტინიზაცია“ - ე. წ. საკონსტიტუციო რეფორმა და „პრეზიდენტობის“ ვადის გაზრდა


„ბიბილოვი პუტინის გზას დაადგა“, „ბიბილოვს ოსების პუტინობა მოუნდა“, - ამ შინაარსის კომენტარები სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად ჩნდება.

დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელი რჩება, ბიბილოვმა კი ე. წ. საკონსტიტუციო რეფორმაზე დაიწყო საუბარი. მან ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუმცა ოსური საზოგადოებისთვის ბევრი საკითხი ბუნდოვანია. ცხინვალელებმა ამ ე. წ. რეფორმების ბიძგის მიმცემად დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევის განცხადება მიიჩნიეს. მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში საპრეზიდენტო ვადა ბიბილოვისთვის ჯერ უნდა განულდეს, შემდეგ კი საპრეზიდენტო მმართველობა 7-წლიანი გახდეს. ამ განცხადების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი ბიბილოვმა წამოიწყო, მისი ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ეს არის პუტინის გზა და ბიბილოვს მარადიული პრეზიდენტობა მოუნდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ჯერ პოლიტიკური კრიზისი არ მოგვარებულა, ბიბილოვის რეიტინგი ეცემა და პარლამენტში დეპუტატების ერთი ნაწილის შესვლა სულაც არ ნიშნავს, რომ ვითარება განიმუხტა.

ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ წევრი, დავით სანაკოევი, ერთ-ერთი იყო იმ თოთხმეტი პარლამენტარიდან, ვინც ხუთი თვის განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდა ე. წ. პარლამენტის სესიებს. ამ გზით, გაფიცული დეპუტატები ცდილობდნენ, დე ფაქტო პრეზიდენტს საკონსტიტუციო უმრავლესობის ნება შეესრულებინა და თანამდებობიდან გადაეყენებინა გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი, რომელიც პასუხისმგებელია ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის გამოძიებაზე. ბიბილოვმა დეპუტატების მოთხოვნები არ შეასრულა, თუმცა ისინი საპარლამენტო სამუშაოს მაინც დაუბრუნდნენ.

დავით სანაკოევის თქმით, აქცია შეჩერდა არა იმის გამო, რომ დეპუტატებმა საკუთარ პოზიციებს გადახედეს, არამედ იმის გამო, რომ შეშფოთდნენ, მათ არყოფნაში რას სჩადიოდა მმართველი პარტია „ედინაია ოსეტია“. ბიბილოვის მომხრე პარლამენტარებმა ქვა ქვაზე არ დატოვეს საპარლამენტო პროცედურებიდან, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამიტომ, სანაკოევის თქმით, მთავრობის მოწინააღმდეგეები დაბრუნდნენ სესიებზე, რათა არ დაუშვან სახელმწიფო სისტემის ჩამოშლა:

რაც არ უნდა მოვუწოდოთ მათ წესრიგისკენ, მათ დაარღვიეს კანონი. ამის შემდეგ, რაც ჩვენ 16 თებერვალს ვნახეთ (სხდომის ჩატარება და კანონების მიღება კვორუმის გარეშე), მათგან ყველაფერს ველით. ამავე დროს, მათ იციან, რომ დაარღვიეს კანონი, კონსტიტუცია, კეთილი განზრახვის ნიღბის ქვეშ ჩაიდინეს უკანონობა. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ აპირებენ ყველაფრის დალაგებას. ალბათ, ადამიანებს, უბრალოდ, არ ესმით საკუთარი პასუხისმგებლობა”.

დავით სანაკოევის თქმით, ყველაფერი დანარჩენი მაინც იგივეა: კრიზისი არ დასრულებულა, რადგან მიზეზები არ გამქრალა - პრეზიდენტმა და მმართველმა პარტიამ მათი აღმოფხვრა არც კი სცადეს. ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იმსახურებს ნდობას, მათ არ გაუუქმეს არცერთი პუნქტი ოპონენტების მიმართ მუქარისა და სისხლის სამართლის საქმეების გრძელი სიიდან, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებისა და მათი ნათესავების წინააღმდეგ გამოაქვეყნა. ეს საქმეები, ალბათ, საკუთარ საათს არჩევნების მოახლოებისას ელოდება.

დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, იმ ხალხის მიმართ, ვინც ბიბილოვის განზრახვას მარადიული პრეზიდენტობის შესახებ ხელს შეუშლის. მაგალითად, დე ფაქტო გენერალური პროკურატურა დავით სანაკოევს ადანაშაულებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ოლესია კოჩიევას მიმართ ცილისწამებაში, რომელიც მან, სავარაუდოდ, 2018 წლის საარჩევნო დებატების დროს ჩაიდინა. პარლამენტის ვიცე-სპიკერს, „სახალხო პარტიის“ წევრ ალექსანდრე პლიევს ბრალი ედება ყალბი დოკუმენტის მომზადებაში, რომელიც მან, სავარაუდოდ, 15 წლის წინ შეადგინა.

ამ „დეპუტატებმა“ პარლამენტის ხელმძღვანელობას უკვე მიმართეს, რომ მათი საქმეები სხდომაზე განიხილონ და პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, აძლევენ თუ არა პროკურატურას სანაკოევისა და პლიევის მიმართ საქმის წარმოების უფლებას. ჯერ უცნობია, მოუხსნიან თუ არა ამ ე. წ. დეპუტატებს იმუნიტეტს.

გარდა ამისა, გამოძიება გრძელდება მკვლელობებსა და ტერორთან დაკავშირებულ სხვა შემთხვევებზე. გენერალური პროკურატურა ცდილობს, ამ საქმეებთან დააკავშიროს პარტია „ნიხასის“ ლიდერი და საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის ყველაზე კონკურენტული სავარაუდო მოწინააღმდეგე, ალან გაგლოევი. ეს არის ნაღმები, რომლებიც პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტების ფეხქვეშ დადეს, ამბობს დავით სანაკოევი, „ეხო კავკაზასთან“ საუბარში:

„ყველა ეს სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლებისთვის გადანახული რესურსია. მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, როდესაც მათ მოუნდებათ, მით უმეტეს, რომ კანონის დარღვევა გახდა ნორმა. ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რაც მათ სურთ. თავის ბოლო ინტერვიუებში პრეზიდენტი ამბობს, რომ კრიზისი არ არის, ყველაფერი ნორმალურადაა. სინამდვილეში, პირიქითაა - ნდობის კრიზისი მხოლოდ გაუარესდა. არაფერია დავიწყებული, არაფერი დაბრუნებულა ნორმაში. ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო უარესი ხდება. შეიცვალა მხოლოდ ფორმა. დეპუტატების შესვლა პარლამენტში არ ნიშნავს, რომ ისინი ყველაფერზე შეთანხმდნენ. ამის საწინააღმდეგოდ, ამ სხდომაზე პრეტენზიები იქნა წაყენებული ყველას მიმართ, ვინც დაარღვია კანონი და პარლამენტის რეგლამენტი. ვიმედოვნებდით, რომ ისინი შემხვედრ ნაბიჯს გადმოდგამდნენ და სიტუაციის გამოსწორებას დაიწყებდნენ, მაგრამ ამის გაკეთება არ სურთ. კრიზისი არსად წასულა. ახლა ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი მანიპულაცია და რაღაც სახის ”რეფორმები”, რომლებიც დაკავშირებულია მომავალ არჩევნებთან ან პრეზიდენტობის ვადის გაზრდასთან, კრიზისს მწვავე ეტაპზე დააბრუნებს“.

ოკუპირებულ რეგიონში ბიბილოვის ხისტ პოლიტიკას და ძალისმიერი მეთოდებით ოპონენტების დევნას შეშფოთებით ადევნებენ თვალს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები. ერთი მათგანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ე. წ. რეფორმების გზაზე ბიბილოვმა უკვე დაიწყო, როცა რუსეთიდან პიარტექნოლოგები ჩამოიყვანა:

„საგარეო საქმეთა მინისტრ მედოევის განცხადება საპრეზიდენტო ვადების გაზრდის თაობაზე, საზოგადოებაში ნიადაგის მოსინჯვა იყო. ამ იდეაზე ბიბილოვის დუმილი ნიშნავს, რომ მას კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება მოუნდა, თუმცა ინალ ჯაბიევის მკვლელობის გამო წარმოქმნილი კრიზისი დაეწია და ეს პროცესი შეაფერხა. ბიბილოვის რეიტინგი დაეცა, ამიტომ მან დამხმარე ძალა რუსეთიდან პიარტექნოლოგების სახით გამოიძახა, რომლებსაც რთული ამოცანა აქვთ. მათ ჯერ კრიზისი უნდა ჩააქრონ, ბიბილოვის იმიჯი უნდა გამოასწორონ და შემდეგ ე. წ. რეფორმების მიმართ საზოგადოებრივი განწყობები შეცვალონ, რაც წარმოუდგენელ ამოცანად მიმაჩნია, რადგან სოციალურ ქსელებში საზოგადოება საკუთარ აზრს უკვე აფიქსირებს და ის წინააღმდეგია ვადის გაგრძელების. ამას აქ „პუტინიზაციის პროცესი“ უწოდეს. თუმცა ბიბილოვი ძალისმიერ მეთოდებზე მიდის. არ არის გამორიცხული, ოპოზიციის ლიდერები დაიჭიროს და ძალით გაიტანოს თავისი, მაგრამ ეს ხომ ისედაც წარმოქმნილ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს“.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ოსურმა საზოგადოებამ კარგად იცის, რას წარმოადგენს ბიბილოვი და რა დონეზეა ახლა მისი რეიტინგი:

„ახლა ბიბილოვის რეიტინგი ნულზეა, პარლამენტშიც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ამიტომ გაუჭირდება ადგილობრივი საზოგადოების დარწმუნება, რომ საპრეზიდენტო ვადის გაზრდა რაიმე სიკეთეს წარმოადგენს მათთვის. ბიბილოვი მხოლოდ რუსეთს უმტკიცებს ერთგულებას და დირექტივასაც იქიდან ელოდება. თუ პუტინისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩემთვისო, - ამ კატეგორიით აზროვნებს ახლა ბიბილოვი და იცის, რომ ამ პროცესში მხოლოდ რუსეთი თუ ჩაერევა და მეტი ვერავინ. ამიტომ ნიადაგი მოსინჯეს, ახლა მოქმედებაზე გადადიან, თუმცა ოსური საზოგადოება, არ მგონია, ამ ამბავს ასე მარტივად შეეგუოს“.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება, თუმცა მანამდე ბიბილოვი დაჟინებით მოითხოვს ე. წ. საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას. სამოქალაქო აქტივისტები კი ითხოვენ, რომ ყველაფერი საჯაროდ წარიმართოს, საკონსტიტუციო კომისია კომპეტენტური სპეციალისტებით დაკომპლექტდეს და პროექტი სახალხოდ განიხილონ, სადაც საზოგადოება საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებს.

XS
SM
MD
LG