სააგენტო „რეს“-ის ცნობით, გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს მრჩეველმა საშინაო საკითხებში სოსლან კოკოევმა, მისმა ცოლმა, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულებით, ელინა მარზოევამ, და კიდევ ერთმა მრჩეველმა პოლიტტექნოლოგიებისა და პიარის მიმართულებით, დავით გაზზათიმ. ადგილობრივმა ანალიტიკოსებმა ყურადღება იმ ფაქტს მიაქციეს, რომ სამივე მოხელეს ბიბილოვის ადმინისტრაციაში საინფორმაციო პოლიტიკისა და პიარის მიმართულება ებარათ და არ სჯერათ, რომ ამ მოხელეებმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვეს. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ბიბილოვი ბოლო დროს შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ფონზე პიარის სპეციალისტების მუშაობით უკმაყოფილო იყო.
სოსლან კოკოევმა გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა:
„დღეს მე და ელინამ სამსახური დავტოვეთ. ყველას ვთხოვ, არ დაუკავშირონ ეს პოლიტიკას ან რაიმე სხვა ინტრიგას. ჩვენი წასვლა დაკავშირებულია მხოლოდ ობიექტურ პირად მიზეზებთან“.
აღსანიშნავია, რომ სოსლან კოკოევს და ანატოლი ბიბილოვს ერთმანეთთან ნათელ-მირონი აკავშირებთ, თუმცა, ნათესაობის მიუხედავად, მის ადმინისტრაცაში დასაქმებული ცოლ-ქმარი სახლში წავიდა.
„მოხელეების ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობა უნდობლად უყურებს“, - ამბობს ადგილობრივი პოლიტიკოსი როლანდ ქელეხსაევი. მისი თქმით, ბიბილოვი საკუთარი პიარტექნოლოგების საქმიანობით უკმაყოფილო იყო და ეს 2 თებერვალს პროკურატურაში შეხვედრისას ხმამაღლაც თქვა, სამხრეთ ოსეთი ინფორმაციული ექსპანსიის ობიექტი გახდაო.
„ჩვენ ვხედავთ დესტრუქციული ძალების მასობრივ შეტევას. სოციალურ ქსელებში ყალბი და ფეიკამბებით ისინი რესპუბლიკის ხელმძღვანელობის, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გაშავებას ცდილობენ“, - თქვა ბიბილოვმა პროკურორებთან შეხვედრისას.
როლანდ ქელეხსაევი მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები საკუთარი პიარრესურსებით ბიბილოვის იმედგაცრუებაზე მიუთითებს.
„თუ რესპუბლიკა ინფორმაციული თავდასხმის ობიექტი გახდა, ესე იგი მისი მოგერიება არავის შეეძლო? და პრეზიდენტის იმედგაცრუება ფეისბუკით ნიშნავს, რომ სახელისუფლებო ბოტები და ტროლები ცუდად მუშაობენ? ესე იგი, ის ამხანაგები, რომლებიც ხელისუფლების, პრეზიდენტის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მუშაობის ინფორმაციულ მხარდაჭერაზე არიან პასუხისმგებელი, არ აწყობს პრეზიდენტს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტი პიარტექნოლოგების ახალ გუნდს ქმნის ან უკვე შექმნა“.
რუსი პიარტექნოლოგების ნაწილი უკვე ცხინვალშია, მათ შორისაა ოკუპირებული ყირიმიდან მოწვეული სერგეი ვესელოვსკი. ადგილობრივი წყაროების თანახმად, ბიბილოვმა ის პირადად დაიქირავა. როლანდ ქელეხსაევის აზრით, ვესელოვსკიმ საკუთარი ტალანტის შესახებ ძალზედ ზედაპირული წარმოდგენა შექმნა. მისი საუბრები „პროქართულ“ და „სოროსელ“ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე, 13 წელია, რესპუბლიკაში აღარ არის აქტუალური. მისი შეფასებები შიდა და გარე საფრთხეების, ხალხის მტრების შესახებ რუსული პროპაგანდის აშკარა კლიშეა. როლანდ ქელეხსაევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ამბობს, რომ ეს ცხინვალში აღარ მუშაობს.
„კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ჩამოსული პიარსპეციალისტები წააწყდებიან, არის ის, რომ შეუძლებელია სამხრეთ ოსეთში მითების შექმნა. ყველა ერთმანეთს იცნობს. ყველამ იცის, ვის უკან რა სახის ისტორია იმალება, რა მოტივები უბიძგებს მათ. ეს თქვენთვის რუსეთის დიდი რეგიონი არ არის. აქ ნამდვილად ვერ იფანტაზიორებ”.
ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა რუს პიარსპეციალისტთა ასეთ შეცდომებს ადგილობრივი სპეციფიკის ცუდად ცოდნით ხსნის. თანამდებობის პირთა გადადგომის მიზეზების შესახებ მას საკუთარი აზრი აქვს:
„პრეზიდენტი ცვლის გუნდის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის კომპონენტზე. ეს აჩვენებს ამ სფეროში იმ გუნდის სრულ მარცხს, რომელსაც ის ახლა შლის. რას ვხედავთ დღეს? იწყება ინფორმაციული ომი იმ მეტ-ნაკლებად ოპოზიციური ელემენტების წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელისუფლების პოტენციური კონკურენტები არიან მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ანუ იწმინდება პოლიტიკური ველი, რომ გაიზარდოს მათი გამარჯვების შანსი. საპრეზიდენტო არჩევნებამდეც კი ამ პიარკამპანიის ჯგუფს მოუწევს როგორმე გადალახოს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც აქ გვაქვს და უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი დაეთანხმოს ახალ კონსტიტუციას და, შესაძლოა, ბიბილოვის პრეზიდენტობის ვადის ჯერ განულებას და შემდეგ პრეზიდენტობის ვადის გაზრდას 7 წლამდე, როგორც ამას საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი გვთავაზობს“.
ინფორმაციული ომი თავად დინა ალბოროვას წინააღმდეგაც დაიწყო. სოციალურ ქსელში იქმნება სპეციალური გვერდები, სადაც რუსული პროპაგანდის სტილში მიმდინარეობს ცხინვალელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების და ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ე. წ. გაშავება. სპეციალურად შექმნილ ვიდეოკლიპებში მათ „პროქართულ“ პირებს და „სოროსის“ მიერ დაფინანსებულებს უწოდებენ. განსაკუთრებული შეტევა დაიწყეს პროექტ „ეხო კავკაზას“ ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ადგილობრივი კაგებეს და ყირიმიდან ჩამოყვანილი პიარტექნოლოგის ხელწერა სოციალური ქსელის ჯგუფებში და გვერდებზე უკვე ჩანს. მისი თქმით, ბიბილოვი რუსეთიდან კიდევ არაერთ პიარსპეციალისტს ელოდება.
„პოლიტიკური კრიზისის დროს ბიბილოვის რეიტინგი აქ მინიმუმამდე დაეცა. ინალ ჯაბიევის მკვლელობა ძალოვანების მიერ და ამის შემდეგ მის მიერ გენპროკურორ ჯაგაევზე ხელის დაფარება სოციალურ ქსელებში შესაბამისად აისახა. ბიბილოვს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს და მას ვერავინ ვეღარ უშველა, მათ შორის ვერც ყირიმელმა ვესელოვსკიმ. ამითაა მისი უკმაყოფილება გამოწვეული და რუსეთიდან ახალ „პიარშიკებს“ ელოდება, ვესელოვსკი სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ახალ გვერდებს და ჯგუფებს ქმნის, მაგრამ აქ მის ხელწერას უკვე ყველა ცნობს. „პროქართულობის“ და „სოროსელობის“ ყვირილით უნდათ ფონს გასვლა, მაგრამ ამას ჯობია სისტემური რეფორმები დაიწყონ, მკვლელობის საქმე სამართლიანად გამოიძიონ და ხალხი ყველაფერს თავისი თვალით დაინახავს, მაგრამ მეეჭვება ბიბილოვმა ეს გააკეთოს“.
ბიბილოვის ახალმა პიარტექნოლოგმა ვესელოვსკიმ მტრის ხატის შექმნით დაიწყო მოღვაწეობა. შექმნეს სახელისუფლებო გვერდი „ჩრება-მედია“ (ჩრებას ადგილობრივები ცხინვალს უწოდებენ), ადგილობრივი პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების გარდა, რუსული პროპაგანდის სტილში. მან მტრულ მედიასაშუალებებად გამოაცხადა რადიო თავისუფლება, პროექტი „ეხო კავკაზა“ , „ჯეიმ ნიუსი“ და „ოს-მედია“, ამ მედიასაშუალებებთან დაკავშირებული ადგილობრივი ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები კი მუდმივად განიცდიან სახელისუფლებო ზეწოლას.