Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესტაევის პატიმრობა და დოლუაშვილის გათავისუფლება ერგნეთის შეხვედრამდე


გენადი ბესტაევის ნათესავებმა და მეზობლებმა აქამდე იცოდნენ, რომ ის ცხინვალის ციხეში ორწლიან სასჯელს იხდიდა, თუმცა 2 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე. წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

სუს-ის შეფასებით, უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს, შიშისა და დაუცველობის განცდის გააჩინოს მოსახლეობაში.

ოკუპაციის ხაზთან არსებულ სოფელ ზარდიაანთკარში ერთი წლის და ოთხი თვის წინ გენადი ბესტაევი დააკავეს. 2017 წლის შემდეგ ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ის უკვე მეხუთედ იყო დაკავებული. სოფელში, ბესტაევის ეზოში, საოკუპაციო მავთულხლართია გაბმული და სახლში მისვლისას მას ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებდნენ ხოლმე. ბესტაევს სოფელში ბიძაშვილები ჰყავს, და სხვა სოფელშია გათხოვილი, ცოლ-შვილი კი ცხინვალში ცხოვრობს. წინა შემთხვევებში მის გასათავისუფლებლად ნათესავებმა თანხა შეკრიბეს და ცხინვალის ციხიდან გამოიყვანეს. ზარდიაანთკარელები აცხადებენ, რომ გენადი ბესტაევი აუტანელ პირობებში ცხოვრობდა. ეზოში მავთულხლართი ჰქონდა გაბმული და ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით დასახმარებლად მიმართავდა, თუმცა უშედეგოდ. ბოლო დაკავებისას მას ე.წ საზღვრის დარღვევის გარდა ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდასაც ედავებოდნენ. გენადი ბესტაევი ცხინვალის ციხეში მისივე მეზობელმა მირიან თაზიაშვილმაც მოინახულა, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. მირიან თაზიაშვილმა გათავისუფლების შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გენადი სასამართლოსა და გათავისუფლების მოლოდინში იყო, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, გენადი ბესტაევს აქამდე თავისუფლების აღკვეთა მისჯილი არ ჰქონდა და ცხინვალის ციხეში მას სასჯელს წინასწარი გამოძიების საბაბით წელიწადისა და ოთხი თვის განმავლობაში უხანგრძლივებდნენ. ცხინვალის ციხის ყოფილი პატიმარი, მირიან თაზიაშვილი, ამბობს, რომ ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდება გამოგონილია.

ზარდიაანთკარელ ცისანა თაზიაშვილის თქმით, გენადი ბესტაევს ხშირად იმის გამო აკავებდნენ, რომ მავთულხლართი მის კართანაა გაბმული და სახლში ყოველი მისვლისას ძალაუნებურად ეგრეთ წოდებულ საზღვარს არღვევდა.

5 მარტს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს დააყენებენ. შეხვედრის წინ და ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების ვიზიტისას დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის მცხოვრები მალხაზ დოლუაშვილი სამი დღის წინ უკანონოდ დააკავეს. როგორც სუს-ი აღნიშნავს, ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დოლუაშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. გათავისუფლების შემდეგ დოლუაშვილმა თქვა , რომ სამარტოო საკანში იმყოფებოდა და საქართველოს სხვა მოქალაქეები არ უნახავს.

„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული 5 მარტს ჩანიშნულ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.

საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გამოგონილი მიზეზებით განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ერთ-ერთი ბოლო მოქალაქე, ვისაც მანამდე ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობა მიუსაჯეს, ზაზა გახელაძეა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG