Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გამოფენილი პლაკატები "ქიმიური შეტევის" შესახებ იუწყებიან


ფარნავაზ მეფის ქუჩაზე გამოკრულ ფერად პლაკატებზე გამოსახულია ბათუმის პორტი და აქვე წერია, რომ ქიმიური შეტევა უკავშირდება საზღვაო ნავსადგურში ღია ცის ქვეშ აზოტისა და დაუმუშავებელი გოგირდის გადატვირთვას და დასაწყობებას, ბათუმის პორტში მასის გადამუშავებისას კი წარმოიქმნება პუდრისებრი მტვერი და ქარის მიერ მისი გაბნევა მავნე შედეგებს იწვევს ადამიანის ორგანიზმისა და ეკოსისტემისთვის.

პლაკატების გაკვრის ინიციატორი ჯერჯერობით დაუდგენელია. ასევე არ არის ცნობილი, ვინ შექმნა სოციალურ ქსელში გვერდი, სახელწოდებით „ქიმიური შეტევა ბათუმზე“, სადაც მსგავსი შინაარსით ვიდეორგოლი 3 მაისს გავრცელდა.

საქართველოს პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტიდან შემოვიდა მომართვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ხდება გარკვეული ტიპის ტვირთის მიღება და დამუშავება, რა დროსაც ეს ზეგავლენას ახდენს გარემოზე...
ნატო დავითაძე

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში კი 8 მაისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის წარმომადგენლები არაგეგმიური შემოწმების მიზნით შევიდნენ, მიმართვის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნავსადგურში ხდება სხვადასხვა სახის მშრალი ტვირთის გადაზიდვა და გარკვეული სახის ნივთიერება ვრცელდება ჰაერში.

აჭარისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსი ნატო დავითაძე ამბობს, რომ მიმართვა მიიღეს საქართველოს პარლამენტისგან:

„საქართველოს პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტიდან შემოვიდა მომართვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ხდება გარკვეული ტიპის ტვირთის მიღება და დამუშავება, რა დროსაც ეს ზეგავლენას ახდენს გარემოზე. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მითითების საფუძველზე ხდება ბათუმის საზღვაო ნავსადგურზე გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობისა და გარემოსდაცვითი კუთხით დადგენილი მოთხოვნების შესრულების არაგეგმიური შემოწმება“.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საკითხით დავინტერესდით, ზედამხედველობის სამსახურიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არაგეგმიურად შევიდნენ შემოწმებაზე. პორტიდანაც მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ საშიში და ადამიანის სიცოცხლისთვის საგანგაშო არაფერია...
სოფო გუჯაბიძე

ნატო დავითაძე ამბობს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურს აქვს გარემოზე ზედამხედველობის ნებართვა, რომელიც გაცემულია გარკვეული ტვირთების დამუშავებაზე, რაც გულისხმობს მიღებას, სათანადოდ დასაწყობებასა და გატანას, 25 მაისამდე კი შეამოწმებენ, რამდენად დაცულია ნებართვით გათვალისწინებული პირობები და სრულდება თუ არა დადგენილი ნორმები. თუმცა კითხვაზე, იმავე ნებართვით შეუძლია თუ არა ბათუმის პორტს ქიმიური ნივთიერების დამუშავება, ნატო დავითაძე პასუხს არ იძლევა.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში კომენტარს არ აკეთებენ, სატელეფონო საუბარში კი აცხადებენ, რომ მსგავსი შინაარსის შეტყობინებაზე ოფიციალური წერილი კომიტეტიდან არ გასულა.

მთავრობის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფორმაცია, თითქოს ბათუმზე ქიმიური შეტევა ხორციელდება, გაზვიადებულია და მას მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო გუჯაბიძემ განაცხადა, რომ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ბათუმის პორტიდან მოიპოვეს, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში და საგანგაშო არაფერი მუშავდება:

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საკითხით დავინტერესდით, ზედამხედველობის სამსახურიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არაგეგმიურად შევიდნენ შემოწმებაზე. პორტიდანაც მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ საშიში და ადამიანის სიცოცხლისთვის საგანგაშო არაფერია. რაც შეეხება გვერდს სოციალურ მედიაში, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ვფიქრობ, რომ გაზვიადებულია, ახლად შექმნილია ეს გვერდი და ემსახურება მოსახლეობის დაშინებასა და შეცდომაში შეყვანას“.

სოფო გუჯაბიძისავე თქმით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და შესაბამისი უწყებები გამოარკვევენ, ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას და რა მიზნით.

XS
SM
MD
LG