Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 50-მდე მუშა გაიფიცა


მუშების გაფიცვა
მუშების გაფიცვა

მუშებმა უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე იმის გამო, რომ, მათი თქმით, დამსაქმებელი მათ შრომით უფლებებს არღვევს და, უკვე რამდენიმე თვეა, კვირაში 74 საათს, თვეში კი 29 დღეს ამუშავებს და, ამასთანავე, ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ ანაზღაურებს. გაფიცულების განცხადების თანახმად, 1 მაისიდან მათ ახალ შრომით ხელშეკრულებებზე უნდა მოეწერათ ხელი, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა პირობა დღემდე არ შეასრულეს:

„ამ კონტრაქტით აღარ გვინდა მუშაობა, იმიტომ რომ დასვენება არ გვაქვს და გადავიღალეთ. კვირა დღეც სამუშაო დღედ ჩაგვითვალეს და ანაზღაურებაზე ეს არ აისახა“, - ამბობს რომან მახარაძე.

ედიშერ სუთიძე: „დღეში 10 საათი გვამუშავებდნენ და ანაზღაურება ძალიან დაბალია, 5 საათს გვინაზღაურებენ. თვეში კი ორი დღე გვქონდა დასვენება“;

„დღეში 11 საათს ვმუშაობდით და თვეში 500 ლარი გვქონდა ანაზღაურება“;

ნოშრევან მგელაძე: „ეს არც ერთ კანონში არ წერია, რომ თვეში 30-ვე დღე იმუშაოს ადამიანმა! შაბათ-კვირა თუ არა, კვირა დღე მაინც უნდა იყოს დასვენების დღე, რომ ადამიანმა განტვირთვა გააკეთოს და მეორე დღეს გამოვიდეს და იმუშაოს“;

რამაზ ტარიელაძე: „ყველას ოჯახი ჰყავს და ყველას უნდა, რომ ოჯახსაც შეხედოს, რაღაცა წვლილი შეიტანოს და თან არჩინოს, სამსახურშიც იყოს“;

„გასაგებია, მუშაობა რომ გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი უფლებები დაირღვეს“;

ირაკლი შარაშიძე: „ყველაფერს ვაკეთებთ აქ, შენობებს ვაშენებთ, გაყვანილობასაც ვაკეთებთ, გზებს ვაკეთებთ, ტერიტორიას ვზომავთ, ყველა სამუშაოს ვასრულებთ“;

ეს პრობლემებია აქ: დამსაქმებელი არ ითვალისწინებს საქართველოში მოქმედ შრომის კოდექსს, საკუთარი კოდექსი აქვთ შემუშავებული, რითაც ხელმძღვანელობენ. როგორც ჩანს, მათ ხელისუფლება ლობირებს და ყველაფრის ბატონ-პატრონად თვლიან თავს...
იაშა გურგენიძე

„ადრე თვეში ოთხი დღე იყო დასვენება, ახლა ორი დატოვეს, დანარჩენი დღეები სულ ვმუშაობთ და ანაზღაურება იგივე - 600-750 ლარი. ჩვენ ვითხოვთ სამუშაო საათებს დილის 8 საათიდან საღამოს 6-მდე!“ - აცხადებდნენ გაფიცული მუშები.

მათი მოთხოვნები მოისმინეს აჭარის პროფკავშირების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დამსაქმებელთან მოლაპარაკებები სცადეს, თუმცა კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში გაირკვა, რომ ხელმძღვანელი ბათუმში არ იმყოფება, ორშაბათს დაბრუნდება და დასაქმებულთა მოთხოვნებს შეასრულებს. პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს პირობაც მისცეს, რომ გაფიცულ მუშებს სამსახურიდან არ დაითხოვენ, სამუშაო ადგილებზე დაბრუნება კი დღესვე შესთავაზეს, რაზეც მუშებმა უარი განაცხადეს მანამდე, ვიდრე დამსაქმებელი მათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის შრომით ხელშეკრულებებს არ გაუფორმებს. შრომითი კოდექსი კი ამ შემთხვევაში უხეშად ირღვევაო, განაცხადა მოლაპარაკებებში მონაწილემ, მშენებელთა დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარე იაშა გურგენიძემ:

„ეს პრობლემებია აქ: დამსაქმებელი არ ითვალისწინებს საქართველოში მოქმედ შრომის კოდექსს, საკუთარი კოდექსი აქვთ შემუშავებული, რითაც ხელმძღვანელობენ. როგორც ჩანს, მათ ხელისუფლება ლობირებს და ყველაფრის ბატონ-პატრონად თვლიან თავს. როგორ შეიძლება მუშამ იმუშაოს დღეში 13-14 საათი და მას მიზერული ანაზღაურება მისცე? ამასთან, შაბათ-კვირასაც ამუშაო და ზეგანაკვეთური ანაზღაურება არ მისცე? ეს არის ყოვლად მიუღებელი მონური შრომა“.

გაფიცული მუშები სამუშაოს ასრულებდნენ თურქულ კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთისთვის“, რომლის დამკვეთი, თავის მხრივ, „საავტომობილო გზების დეპარტამენტია“. უწყებაში აცხადებენ, რომ დამსაქმებლისა და მუშების ურთიერთობაში ვერ ჩაერევიან, რადგან ეს მათი შრომითი ურთიერთობაა, ვითარების გარკვევის შემდეგ კი მხოლოდ რეკომენდაციით მიმართავენ კომპანიას, რომელსაც სამუშაოს შესრულების ვალდებულება აქვს აღებული.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს. პროექტის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულდეს.

XS
SM
MD
LG