Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სჭირდება თუ არა ბათუმს კუნძული, რომელიც ყველაფერს შეცვლის


ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები
ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები

2021 წლის სექტემბერში ბათუმელებმა გაიგეს, რომ ქალაქთან ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის მშენებლობა იგეგმება. ბათუმში იწყება „უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი“ კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი, საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურით.

ითქვა ისიც, რომ პირველ, 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას პროექტში კომპანია „ამბასადორი“ ჩადებს.

2024 წლის იანვარში, ბათუმის მერიაში პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. კვლევა, რომელიც კომპანიის დაკვეთით გაკეთდა, ბათუმელმა აქტივისტებმა დაიწუნეს, მათ ვერ დაინახეს ამ დოკუმენტში ის რისკები, რომელიც 19 ცათამბჯენის მშენებლობას შეიძლება ახლდეს თან.

რადიო თავისუფლება ესაუბრა არქიტექტორ-მგეგმარებელ გიორგი აბაშიძეს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბათუმის გენერალური გეგმის შემუშავებაშიც იყო ჩართული. მან შეისწავლა კუნძულების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

გიორგი აბაშიძე
გიორგი აბაშიძე

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ეწინააღმდეგება თუ არა ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფციას კუნძულის პროექტი?

გიორგი აბაშიძე: იურიდიულად კონფლიქტი არ არსებობს იმიტომ, რომ ზღვა არ არის ქალაქის ტერიტორია, გენგეგმა კი ქალაქის ტერიტორიისთვის მუშავდება. მაგრამ შინაარსობრივად, რა თქმა უნდა.

ეს კუნძული ხომ ქალაქს გადაეცემა და მისი ტერიტორია გახდება. რომც არ გადაეცეს, მაინც მისი პრობლემა იქნება. ქალაქის როგორც სოციალურ-კულტურულ, ისე ეკონომიკურ და ეკოლოგიურ რეალობას ძალიან შეცვლის. მით უმეტეს, ბათუმი პატარაა. ის რომ იყოს უზარმაზარი ეკონომიკური ბრუნვის ქალაქი, მაგალითად, დუბაი, სულ სხვა მოცემულობა იქნებოდა. მაგრამ პატარა ქალაქისთვის ეს მასშტაბი ძალიან დიდია.

როდესაც თქვენ ზღვის პირველ ზოლში აშენებთ უზარმაზარ ჩამკეტ შენობებს, ქალაქის სიღრმეში ზღვის არსებობა უბრალოდ, აღარ აღიქმება. სიღრმეში მცხოვრებთ აღარც კი ახსოვთ, რომ იქ ზღვაა. ეს უფლებების შელახვაა.

ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები
ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები

ადგილობრივებს თავიდან პოზიტიური განცდა ექნებათ, რომ კომერცია გაიზრდება და რაღაც გააქტიურდება, მაგრამ გრძელვადიანად მათი ცხოვრების ხარისხს დაარტყამს.

რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ დუბაი, სადაც ხელოვნური კუნძულები შეიქმნა. როგორია იქაური გამოცდილება და რა გამოდგება ბათუმისთვის?

გიორგი აბაშიძე: ასეთი კუნძულები კეთდება დიდ ქალაქებთან, რომლებსაც ძალიან მსხვილი ეკონომიკა აქვთ. იმისთვის, რომ რეკლამა იყოს და ცნობადობა გააძლიეროს. მაგრამ, ბათუმი ეს შემთხვევა არ არის.

მსხვილი ეკონომიკის მქონე ქალაქებს [კუნძულების] მოვლა-პატრონობა ძალიან ძვირი უჯდებათ. ასეთი პროექტების უმეტესობა ჩავარდა. ძალიან ამბიციურია და სრულად თითქმის არასდროს ხორციელდება.

ბათუმის შემთხვევაში, ეს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშშიც ჩანს, პროექტის შესრულება 15 წელზეა გაწერილი. მაგალითად, ბოლო ეტაპია ვილების აშენება. პროექტის პირველი ეტაპი რასაც გულისხმობს, კუნძულიც კი არა, ნახევრაკუნძულია, არსებული ტერიტორიის გაგრძელება მიწის დაყრით, სადაც 19 ცათამბჯენის ჩადგმას აპირებენ. მერე დანარჩენი გაკეთდება თუ არა, ღმერთმა იცის.

ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის ილუსტრაცია
ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის ილუსტრაცია

თუ ეს არის სარეკლამო პროექტი, რომელმაც ელიტური ტურიზმი უნდა შემოიტანოს კუნძულზე ვილებით, მაშინ რატომ არის მათი მშენებლობა დაგეგმილი 15 წლის შემდეგ? (პროექტის მეორე ეტაპი). და რა იქნება, თუ კომპანიამ პირველი ნაწილი გააკეთა, ეს 19 ცათამბჯენი ააშენა და მერე გამოაცხადა, რომ გაკოტრდა. ვინ არის პასუხისმგებელი?

ბათუმი წყალქვეშ მიმავალი ქალაქია. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მუდმივად უნდა ხდებოდეს მიწის შეტანა გამორეცხვის რისკის გამო. ამის მოვლა-პატრონობა, როგორც ანგარიშიდან ჩანს, შემდეგ ქალაქს დაევალება და ბათუმს რატომ უნდა აინტერესებდეს ამის მოვლა-პატრონობა?!

რადიო თავისუფლება: თქვენ ამ პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშს კრიტიკულად აფასებთ. რა ხარვეზები იპოვეთ ამ დოკუმენტში?

გიორგი აბაშიძე: პირველ რიგში [მთავრობამ] უნდა დაამტკიცოს, სად არის ამ პროექტში საზოგადოებრივი ინტერესი. მაგალითად, ფულის ჩადება მშენებლობაში, საზოგადოებრივი ინტერესი არ არის. შესაბამისად, ამ პროექტის სანებართვო დოკუმენტაციის მხოლოდ კანონის მოთხოვნებით განხილვა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საკმარისად მიჩნევა, სწორი არ არის.

თავად ამ ანგარიშის მიმართ შენიშვნა პირველ რიგში ისაა, რომ პროექტის განხორციელების არეალში აკეთებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და მის გარეთ რა მოხდება, არც კი განიხილავს. თითქოს ეს ეკოლოგიური სივრცე მოჭრილი კუბია, რომელზეც კუნძულს ააშენებენ და გარშემო გავლენა არ ექნება.

კომპანია “ამბასადორის” იურისტი გოჩა კამკია და აქტივისტი ირმა ზოიძე. ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის განხილვა.
კომპანია “ამბასადორის” იურისტი გოჩა კამკია და აქტივისტი ირმა ზოიძე. ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის განხილვა.

ლოგიკური პასუხი ვერ მოვისმინე, რატომ უნდა გაკეთდეს ეს კუნძული კონკრეტულად ბათუმთან. ამბობენ, რომ ჩაკეტილი სივრცე იქნება თავისი სოციალური ინფრასტრუქტურით მდიდრებისთვის... მაშინ რატომ ქალაქთან? თუ ყველაფერი თავისი ექნება, წავიდეს და სადმე სხვაგან ააშენოს. ანაკლიის ადგილას ააშენე...

სინამდვილეში მთელი ეს დასაბუთება ნახევრად ტყუილია. ვინც აკეთებს, იცის, რომ შეჭმას აპირებს ბათუმის ეკონომიკის, მერე კუნძულის მოვლა-პატრონობას შეტენის ქალაქს და მისი პრობლემა აღარაა. გაყიდის და დიდ მოგებას ნახავს. სხვა მიზეზი, რატომ აკეთებს ამას ქალაქთან, არ აქვს. მით უმეტეს, ეკოლოგიურად ძალიან პრობლემური ადგილია, ნავთობით დაბინძურებული ნიადაგია ზღვაში.

ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის საჯარო განხილვა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:38 0:00

რადიო თავისუფლება: კიდევ რა კვლევებია საჭირო, რა უნდა შეისწავლონ სიღრმისეულად, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის გავლენაზე შეიქმნან წარმოდგენა?

გიორგი აბაშიძე: სოციალურ-კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური დასაბუთებები.

  • ეკონომიკურად ხომ არ გამოიწვევს ბათუმში უკვე არსებული სტრუქტურების ოპერირების სირთულეს და შემოსავლების შემცირებას?
  • კუნძულზე ახალი მომხმარებელი ჩამოვა, თუ იმავე სეგმენტს აითვისებს, რაც ბათუმში უკვე არსებობს?
  • თუ ახალ სეგმენტზეა გათვლილი, თან იზოლირებული კუნძულია, ჩაკეტილი სივრცეა და იქ ყველა ვერ შევა, მაშინ ბათუმთან რატომ კეთდება?

კუნძულის მოვლა-პატრონობა მომავალში ბათუმს გადაეცემა, რაც ძალიან დიდი ხარჯია და თუ ახალ მომხმარებელს არ მოიზიდავს, გამოდის, რომ ბათუმის კონკურენტია, რომელიც გამოფიტავს ბათუმის სტრუქტურებს - უკვე არსებულ სასტუმროებს და მრავალსართულიან შენობებს, რომლებიც რატომ აშენდა, არავინ იცის და სინამდვილეში ამ ინფრასტრუქტურის ათვისებაც კი ვერ ხდება რეალურად.

ეს კუნძული ყველაფერს გადაალაგებს - მობილობას, ხალხის ქცევას, ფასებს. ერთი ხელის მოსმით ასეთი პროექტის გაკეთება არ ხდება. მეტი არგუმენტაციაა საჭირო.

მოსამზადებელი სამუშაოები
მოსამზადებელი სამუშაოები

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება სოციალურ-კულტურულ ნაწილს, რას შეცვლის კუნძული ამ თვალსაზრისით ბათუმში?

გიორგი აბაშიძე: ბათუმს ისედაც ძალიან დიდი სოციალურ-კულტურული პრობლემა უდგას. ქალაქი ძალიან სწრაფად გაიზარდა და მასში ფული ძალიან სწრაფად ჩაიდო. კულტურა კი ასე სწრაფად ვერ განვითარდა. აი, მაგალითად, დაბაში ან სოფელში ბევრი ხალხი სწრაფად რომ ჩაიყვანოთ და ბევრი ფული ჩადოთ, ამით ის ქალაქი ვერ გახდება.

ქალაქს აყალიბებს საზოგადოება, რომელსაც მყარი სამოქალაქო აღქმა აქვს, აქვს უნარი უპასუხოს ქალაქის გამოწვევებს და ცვლილებებს და როგორც საზოგადოებამ, რეაქცია მისცეს.

ბათუმის სწრაფად გაზრდას მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის დაკარგვა - ბათუმელები წავიდნენ ბათუმიდან და გამოვიდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების დრო და საშუალება არ ჰქონია. ასეთ პირობებში კი, რაც უფრო მეტ ხალხს შეიყვან ქალაქში და მეტ ფულს ჩადებ, პირიქით, რღვევას იწვევს.

ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები
ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები

ის, რაც ბათუმში დღეს ხდება: მშენებლობების კატასტროფული მასშტაბები, სერვისის ხარისხის დაქვეითება, სოციალური ინფრასტრუქტურის განადგურება, ვანდალიზმის ფაქტების გახშირება, ტურისტებისადმი დამოკიდებულების გაუარესება, ეს აჩვენებს, რომ კულტურა ვერ უძლებს ამხელა ინვაზიას(შეჭრას).

ჩაკეტილი ელიტური უბნების მშენებლობა რომ კატასტროფაა, 20 წლის წინ მივიდნენ ამ დასკვნამდე (განვითარებული ქვეყნები) და ჩვენ ახლა დავიწყეთ ასეთის მშენებლობა.

რადიო თავისუფლება: რატომ იქნება ამ კუნძულის მშენებლობა, როგორც თქვენ ამბობთ, კატასტროფა ბათუმისთვის?

გიორგი აბაშიძე: პირველ რიგში, სოციალურ აღშფოთებას გაზრდის. პირდაპირ ფიზიკურ ძეგლს ვქმნით იმისა, რომ გაჭირვებული და მდიდარი ერთმანეთისგან განსხვავებული არიან.

მეორე - კანონმდებლობა ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორია, მათ შორის ზღვაც, ეკუთვნის ყველას. შექმნა საზოგადოებრივი სივრცეების, სადაც საზოგადოების წევრებს მათი ფინანსური შესაძლებლობიდან და კლასიდან გამომდინარე ან შეუშვებთ, ან არა, თავისთავად დისკრიმინაციული მოცემულობაა.

ხელოვნური კუნძულის პროექტის პრეზენტაცია, ბათუმი, 2022 წ.
ხელოვნური კუნძულის პროექტის პრეზენტაცია, ბათუმი, 2022 წ.

მესამე, იმიტომ, რომ ვანდალიზმისა და კრიმინალური გარემოს განვითარების ერთ-ერთი პირველი მიზეზი არის - ურბანულ საცხოვრებელ რეალობაში შექმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელმიუწვდომელია ადგილობრივი მცხოვრებისთვის. ამის მაგალითები ბათუმში არის და ზოგადად, კურორტებზე ძალიან ხშირია.

XS
SM
MD
LG