Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვები ფერადი ბუშტების გარეშე - პირველი ივნისის მეორე მხარე


პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ისევე როგორც გასულ წლებში, მედია, სოციალური ქსელი, დღესაც აჭრელებულია ბავშვების მომღიმარი ფოტოებით, ფერადი ბუშტებით, ფუმფულა სათამაშოებით, ბედნიერი მომავლის კეთილი სურვილებით, თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოში მთავარ გამოწვევად დღემდე რჩება ბავშვთა უკიდურესი გაჭირვება, ძალადობა, სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრება, ბავშვთა უფლებების უგულებელყოფა.

გასული წლების მსგავსად, ბოლო ერთ წელშიც, ბავშვებთან დაკავშირებული არაერთი მწვავე თემა იქცა განხილვის საგნად - ბავშვების სიკვდილით დაწყებული, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის გახშირებული შემთხვევებით დამთავრებული.

თამაშისას დაღუპული ბავშვები

13 წლის მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დაიღუპა. ცენტრალურ შადრევანში, რომელიც წინა დღეს საზეიმოდ გახსნა თბილისის მერმა, 13 წლის მარიტა დენის დარტყმით გარდაიცვალა, მასთან ერთად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მარიტას ორმა თანაკლასელმა.

გამოძიებამ საქმეზე ბრალი 9 ადამიანს წაუყენა და 9-ვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მათ შორის ერთი მერიის თანამშრომელი და ერთი იმ კომპანიის ხელმძღვანელია, რომელიც ვაკის პარკში მერიის დავალებით ასრულებდა სამუშაოებს.

ყვავილები ვაკის პარკის შადრევანთან
ყვავილები ვაკის პარკის შადრევანთან

2023 წლის 12 მარტს, ბათუმის ახალ ბულვარში, საბავშვო ბატუტი ქარმა ამოაყირავა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ძმები, თან მოიყოლა. უფროსი, 9 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უმცროსმა, 3 წლის ბავშვმა, თავის მძიმე დაზიანება მიიღო.

ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მომდევნო დღეს გამოძიებამ 65 წლის კაცი დააკავა. შს სამინისტროს განცხადებით, ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილი ბათუმში
შემთხვევის ადგილი ბათუმში

12 წლის ანი იანუშაიტიტე 17 მარტს, დიდ დიღომში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 200 მეტრში იპოვეს გარდაცვლილი. ოჯახი მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ანი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავიდა სასეირნოდ, თვითმხილველების თქმით, ეთამაშა ძაღლებს, იქანავა საქანელაზე, შემდეგ კი გაუჩინარდა.

შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბავშვს სხეულზე 39 სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა. დაზიანებები მას სიცოცხლის პერიოდში ჰქონდა მიღებული და ემთხვეოდა მისი გარდაცვალების დროს - სისხლაჟღენთები და ნაჭდევები სახეზე, ზედა და ქვედა კიდურებზე, ზურგზე.

მართალია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და გამოძიება დღესაც ამ მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ, ანის გარდაცვალების დღესვე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი, შესაძლოა, არა განზრახ მკვლელობის, არამედ საკვების მიღების შედეგად გამოწვეული პირღებინებით, ასფიქსიით იყო გარდაცვლილი.

12 წლის ანის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ანი უბედური შემთხვევის მსხვერპლი არ არის და ის მოკლულია.

როცა ბავშვები ლაპარაკს იწყებენ - წლობით დამალული დანაშაულები - სექსუალური ძალადობა

თუკი მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკას დავეყრდნობით, რომელსაც თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება ავრცელებს, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, ანუ, 12 თვეში, დაწესებულების მომსახურებით ისარგებლა სექსუალური ძალადობის 109 მსხვერპლმა ბავშვმა. სწორედ ამ დაწესებულებაში ხვდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდები, სადაც მათ უტარდებათ სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება. აქვე ტარდება სამართალდამცავების მიერ მოზარდების გამოკითხვებიც.

სექსუალური ძალადობის 109 ბავშვიდან, 12 ბიჭი იყო, დანარჩენი გოგონები. სწორედ ამ რაოდენობის საქმეებზე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები.

სექსუალური ძალადობის ბოლო გახმაურებული შემთხვევები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების 12 თვის სტატისტიკაში ვერ აღირიცხა, აპრილსა და მაისში გასაჯაროვდა.

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 25 წლის ნათესავი კაცი 13 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობდა. მოზარდი ბებიასთან იზრდებოდა. იმავე სახლში, ქირით ცხოვრობდა ოჯახის ნათესავი, ძალადობაში ბრალდებული კაცი.

მოზარდზე სექსუალური ძალადობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბავშვი გაუჩინარდა და ოჯახი მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

სახლში დაბრუნების შემდეგ, 13 წლის გოგომ ოჯახის წევრებს სექსუალური ძალადობის შესახებ უამბო. ოჯახი პოლიციას დაუკავშირდა.

კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

რამდენიმე კვირაში, მედია მოიცვა მოზარდზე სექსუალური ძალადობის განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევამ.

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში დააკავეს მამა და მეზობელი, რომლებსაც მოზარდ გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალი წაუყენეს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული მამა არასრულწლოვან შვილთან ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. არასრულწლოვანს მამის მუქარის სჯეროდა, რის გამოც მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა.

შსს-ს ცნობითვე, არასრულწლოვან გოგოსთან სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა 28 წლის მეზობელიც.

საქმეზე გამოძიება დაიწყო წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით.

დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანუკა ხაფავა ინტეგრირებული ცენტრის ფსიქოლოგია. მას სისტემატურად უწევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობა. ამბობს, რომ ბავშვები, ძალადობის შესახებ ლაპარაკს ძირითადად მათთვის სანდო ადამიანთან, ოჯახის წევრთან, მეგობართან იწყებენ.

მისი თქმით, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს „სუპერ“ ძალის გამონახვა უწევთ საკუთარ თავში, რომ მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ხმამაღლა ალაპარაკდნენ. ანუკა ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები პირდაპირ დახმარების ცხელ ხაზზე, 111-ზე რეკავენ.

ფსიქოლოგის თქმით, საკმაოდ ხანგრძლივია ძალადობა განცდილი ბავშვების რეაბილიტაციის პროცესიც:

„ასეთ დროს ემოციური ფონი საგრძნობლად მომატებულია და მოწყვლადები არიან მცირედი გამღიზიანებლის მიმართაც კი, რაც განპირობებულია, მაგალითად, ოჯახის მხრიდან მხარდაჭერის არ ქონით ან მათი სურვილების ზოგადი უგულებელყოფით. შესაძლოა, თავი იჩინოს სერიოზულმა ფიზიკურმა და ფსიქიკურმა ჯანმრთელობის პრობლემებმაც. ეს ბავშვები ჰიპერსენსიტიურები არიან, აწუხებთ ფიქრი, „ყველა ჩემზე საუბრობს“. ამ დროს დარწმუნებულია, რომ გარშემომყოფთა ყურადღება მხოლოდ მისკენაა მიმართული და ეს ყურადღება აუცილებლად ნეგატიურია. ფიქრობენ, რომ გარშემომყოფები კრიტიკულად აფასებენ. ხშირად ეწყებათ შფოთვა, დეპრესია, ემოციის რეგულაციის სირთულეები, ძილისა და კვების აშლილობა, აგრესია, ენურეზი, კონცენტრაციის გართულება, სოციალური მხარდაჭერის უგულვებელყოფა, მნიშვნელოვანი აქტივობებისთვის თავის არიდება, სუიციდური ფიქრები და ქცევა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ბავშვის მხარდაჭერა, იქნება ეს ოჯახი, მეგობარი, მასწავლებელი, აღმზრდელი, კლასელი თუ სხვა“.

ანუკა ხაფავა ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ საუბარი განსაკუთრებით უჭირთ ბიჭებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის სტერეოტიპული აზროვნებაა, რომელიც ჩვენს კულტურაში არსებობს:

„კვლევები ცხადყოფს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბიჭები ხშირად სტიგმების წინაშე დგებიან, რომლის გადალახვაც უწევთ. პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ ბიჭები ბავშვები არიან, რომ მათ დაცვა სჭირდებათ მათზე ძლიერი ექსპულატატორისგან“.

ანა, დავითი, მათე - უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები 230 ათასზე მეტი ბავშვი

საქართველოში 232 ათასამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი ცხოვრობს. ეს არის ჯანდაცვის სამინისტრის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემი. ამ ბავშვების ოჯახებს არ აქვთ იმდენი შემოსავალი, რომ საკუთარი შვილები გამოკვებონ. ამიტომ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ეს ბავშვები, ყოველთვიურ დახმარებას სახელმწიფო პროგრამიდან იღებენ. ეს კი საქართველოში მცხოვრები 16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის 28,6%-ია. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან, რადგან, სავარაუდოდ, ისინი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ზემოთ იმყოფებიან.

პირველი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები, რომელთა რიცხვი დღევანდელი მდგომარეობით, 232 ათასამდეა, 150 ლარის ნაცვლად, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ, ანუ დაახლოებით იმდენს, რაც საქსტატის ბოლო მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც შედგება 40-მდე დასახელების პროდუქტისგან. მათ შორისაა, მაგალითად, პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს, ქვეყანაში ცხოვრობს 232 ათასამდე 0-დან 16 წლამდე მოზარდი, რომელთა ოჯახებსაც არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ ბავშვებისთვის შეიძინონ, მაგალითად, ხორცი, ყველი, ბოსტნეული.

34 წლის თამარი არ არის გამონაკლისი, რომელიც უკიდურესი გაჭირვების გამო იძულებულია, შვილების გამოსაკვებად დახმარება სოციალურ ქსელში ითხოვოს.

სოციალური ქსელში, სხვადასხვა ჯგუფში, ძალიან ხშირად წააწყდებით პოსტებს, სადაც მშობლები, განსაკუთრებით დედები, შვილებისთვის საკვებს და ტანსაცმელს ითხოვენ. ერთ-ერთი მათგანი იყო თამარიც,

თამარს და მის ქმარს სამი შვილი ჰყავთ - 6 წლის ანა, 3 წლის დავითი და 6 თვის მათე. ოჯახი ყვარლის რაიონში, სოფელ წიწკანაანთსერში, გაუმართავ სახლში ცხოვრობს. სამი თვის წინ, უმცროსი შვილი, მათე რომ ავად გაუხდათ, ისედაც გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდა. მაშინ თამარმა დახმარება სოციალურ ქსელში ითხოვა:

„ბინა თავზე გვენგრევა, ყველა მხრიდან უბერავს და უმძიმეს პირობებს ემატება გაუსაძლისი შიმშილი და ბავშვის ავად ყოფნა, ბავშვს სიცხიანს არც საკვები აქვს და გამუდმებით ტირის რა ვქნა, აღარ ვიცი... ბავშვებს დღეს პურის ნატეხი გავუყავი. გთხოვთ, ადგილზე მობრძანდით, გვნახეთ, რა დღეში ვართ. ოღონდ მოგვეხმარეთ. ვეღარ ვუძლებ ამ ყველაფერს, აღარ შემიძლია შვილების შიმშილის ატანა, ლამისაა თავი მოვიკლა“.

უმცროსი შვილის ავადმყოფობა ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ოჯახს სამი თვის განმავლობაში შემწეობა შეწყვეტილი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხუთსულიანი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს, მათ შორის, სამ ბავშვზე გათვალისწინებულ 450 ლარს, თამარს მაინც უჭირს შვილების სრულფასოვნად გამოკვება და მათი სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა. განსაკუთრებით უჭირს ექვსი თვის მათესთვის ძვირადღირებული საკვების შეძენა:

„ცუდად რომ გამიხდა და რეანიმაციაში იწვა, ნერვიულობისგან რძე გამიშრა, ამიტომ ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანეს. გამგეობაში შემაქვს ხოლმე განცხადება, რომ ბავშვის საკვების თანხა გამოგვიყონ. აი, წინა კვირაშიც დავწერე განცხადება და ჯერ პასუხი არ მაქვს. აპრილის ბოლოს დამაფინანსეს. რამდენიმე შეკვრა საკვები მომივიდა იმ ფულით. ერთი შეკვრა სამ დღეს ჰყოფნის. მერიდება ხოლმე ასე შეწუხებაც, მაგრამ სხვა გზა არ მრჩება. უფროსებს რაც შეეხება, ვცდილობ, რომ ბავშვებს არ მოვაკლო საკვები, მაგრამ ხორცზე თავს ვიკავებთ, ისეთი ფასები აქვს, ვერ ავუდივართ. მაქსიმუმ, იშვიათად, ერთი ქათამი ვიყიდოთ. აი, ახლაც, მაღაზიაში 300 ლარამდე ნისია გვაქვს“.

თამარის ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამიტომ ოჯახს ფინანსურად ვერ ეხმარება. ძირითადად ბავშვებს იტოვებს ხოლმე, როცა თამარი სამუშაოდ მიდის:

„ცოტა ხნის წინ, სოციალური მომსახურების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, აქვე, საბავშვო ბაღის ეზოს დამლაგებლად დავიწყე მუშაობა, 300 ლარს ვიღებ. ბავშვები ხან თან მიმყავს, ხან ჩემი ქმარი იტოვებს. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე ბავშვობიდან ინვალიდია, ცალი ხელს ვერ იყენებს, ამიტომ მძიმე სამუშაოს ვერ ასრულებს“...

2021 წელთან შედარებით, 2022 წელს 28%-ით გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების რეგისტრირებული რაოდენობა.

დაავადება, რომელმაც უცხო სიტყვა გვასწავლა - აქონდროპლაზია და 17 ბავშვი

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში, ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შემოღებამ გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურებებზე ბავშვების ხელმისაწვდომობა, იუნისეფის მიერ ჩატარებულმა „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ ბოლო ანგარიშმა გამოავლინა, რომ 12 თვეში, ბავშვების 12%-ს კვლავ არ შეეძლო საჭირო სამედიცინო მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ მიღება.

მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ერთმა მეოთხედმა (24.2%) ვერ მიიღო სულ მცირე ერთი აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, ხოლო სხვა ბავშვებში ეს მაჩვენებელი იყო 4.6%. კიდევ უფრო თვალშისაცემია განსხვავებები ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვებსა და სხვა ბავშვებს შორის. გამოკვლევის თანახმად ირკვევა, რომ ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვების 41.5 პროცენტმა მინიმუმ ერთხელ მაინც გამოტოვა საჭირო მკურნალობა, სხვა ბავშვებში ეს მაჩვენებელი 11%-ს უდრიდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზები, თუ რატომ ვერ მიიღო ბავშვმა საჭირო სამედიცინო მომსახურება, იყო ის, რომ დაზღვევა არ ფარავს (66.4%) მომსახურების ხარჯს, ან დაზღვევა ფარავს ნაწილობრივ და ოჯახს არ შეუძლია დარჩენილი თანხის გადახდა (15.8%).

თუკი ორ სიტყვას - ბავშვები და ჯანდაცვა ერთმანეთის გვერდით დავწერთ ან წარმოვთქვამთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელს, ამ ორი სიტყვის ყველაზე მკაფიო კავშირი ერთმა სიტყვამ გამოხატა - აქონდროპლაზია. იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელმაც წელს არა მხოლოდ ამ დაავადების მქონე ბავშვების მშობლები, არამედ საზოგადოების უმრავლესობა გააერთიანა.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

19 დღე და 19 ღამე გაათენეს და დააღამეს აპრილ-მაისში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან, უფრო ზუსტად კი მის გარშემო შემორტყმულ შავ რკინის ღობესთან, ერთადერთი მოთხოვნით - წამალი ბავშვებს!

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიასთან
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიასთან

მანამდე იყო 65-დღიანი აქციები ჯანდაცვის სამინისტროსთან. საერთო ანგარიშით, მშობლების 16-თვიანმა ბრძოლამ, რომელსაც აპრილსა და მაისში საზოგადოების დიდი ნაწილიც შეუერთდა, ქალაქის ცენტრში გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია, შეიძლება ითქვას, რომ შედეგი გამოიღო - ჯანდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკებები დაიწყო ფარმაცევტულ კომპანია BioMarin-თან, რომელმაც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტი VOXZOGO („ვოსორიდიტი“) შექმნა.

საპროტესტო აქცია, 2023 წლის აპრილი
საპროტესტო აქცია, 2023 წლის აპრილი

ახლა, ძვირადღირებულ მედიკამენტს, რომლის წლიური დოზა ერთი ბავშვის სამკურნალოდ 240 ათასი დოლარი ჯდება, საქართველოში მცხოვრები აქონდროპლაზიით დაავადებული 17 ბავშვი ელოდება.

მათთან ერთად ელოდება მედიკამენტს 2 წლის გაბრიელი და მისი დედა, სალომე გაბელაშვილი. ამ ეტაპზე, წამლის შემოტანის ზუსტი დრო უცნობია. სალომე ამბობს, რომ მშობლები წამალს სექტემბერ-ოქტომბერში ელიან. სწორედ ეს დრო დაასახელეს მათ მედიკამენტის შემოტანის მაქსიმალურ ვადად:

სალომე გაბელაშვილი შვილთან ერთად
სალომე გაბელაშვილი შვილთან ერთად

„ჩვენ სწორედ ამ პირობით შევწყვიტეთ აქციები. მაისის დასაწყისში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შექმნილ იშვიათი დაავადებების მართვის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ოთხი მშობელი და მათ შორის, მეც ვესწრებოდი, მივხვდით, რომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით საქმის კეთება, კომპანიასთან მოლაპარაკება დაიწყო. თუმცა, ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. საბჭოს სხდომებს, რომლებიც გრძელდება, კვლავ დავესწრებით და მივაღწევთ მიზანს - მედიკამენტის საქართველოში შემოტანას. რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ჯერ კიდევ ვერ ვამბობთ, მედიკამენტის შემოტანის ვადებსო. მიმდინარე კვირაში უნდა დაინიშნოს საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც ოთხი მშობელი დავესწრებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ კონკრეტული ვადები. არანაირად აღარ არის რთული, რომ მინიმუმ თვე მაინც დაასახელონ, როდის შემოიტანენ წამალს. საზოგადოებას შეიძლება ვერ უთხრან საჯაროდ ვადები, მაგრამ მშობლებს უნდა გვითხრან, კონკრეტულად რა ნაბიჯები იდგმება, რა კეთდება. როდემდე ვერ გვეტყვიან ამ ვადებს? ჩვენ გვესმის, რომ 10 და 20 დღეში ვერ დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ სექტემბერს აღარ უნდა გასცდეს, რადგან იმ ბავშვებს, რომლებსაც ძალიან ეჩქარებათ მედიკამენტის მიღება, ეს მედიკამენტი უნდა მიიღონ“.

სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველ ივნისს გავრცელდა, ვკითხულობთ:

  • რომ საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ იკვეთება ბავშვების მიმართ ძალადობის პრევენცია, ძალადობის შესაძლო ფაქტების იდენტიფიცირება და აღნიშნულზე სათანადო რეაგირება.
  • რომ ქვეყანაში მოქმედი პროგრამები არასაკმარისია სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათი გრძელვადიანი მხარდაჭერისა და სოციალური ფუნქციის ამაღლებისთვის.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, პირველი ივნისი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, 1950 წლიდან აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ინიციატივით დაწესდა.

XS
SM
MD
LG