Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის სოფლებში გზის მოასფალტებასა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნისა და გურკელის მოსახლეობა სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემის გადაჭრას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ,რომ ცენტრალური გზისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებას მრავალი წელია ითხოვენ, თუმცა სოფლის პრობლემების გადაჭრას მათ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ჰპირდებიან.

"უკვე რამდენი წელია ეს პრობლემა გვაწუხებს. ხელისუფლებას მხოლოდ საარჩევნოდ ვახსენდებით. ყოველ წელს გვპირდებიან, რომ გზა დაიგება, მაგრამ ვიყავით მერიაში და გვითხრეს, რომ 2019 წლამდე არ გაკეთდება. უამინდობის დროს სასწრაფო დახმარების მანქანა სოფლამდე ვერ მოდის", – ამბობს მარინა გოგოლაძე.

ამორტიზებული გზა, სასმელად უვარგისი წყალი და ქუჩები გარე განათების გარეშე – ეს ახალციხის სოფლების წინუბნისა და გურკელის მოსახლეობის მოუგვარებელი პრობლემებია. ხელისუფლების დაპირება, რომ ორი სოფლის მოსახლეობის პრობლემები გადაიჭრებოდა, კვლავ დაპირებად რჩება. ადგილობრივებმა პრობლემების მოგვარება საპროტესტო აქციების გამართვითაც სცადეს.

"წყალი განსაკუთრებით დაბინძურებულია, როცა წვიმს. რამდენიმე დღის წინ ონკანს ბაყაყი გამოჰყვა. არ იწმინდება სათავე ნაგებობა. ასე მთელი სოფელი დაავადდება", – ამბობს მერი გაჩეჩილაძე.

ადგილობრივთა პრობლემები კარგად იცის ახალციხის მერის წარმომადგენელმა აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში. გრიგოლ ღამბაშიძე ამბობს, რომ დროში გაჭიანურება პროექტის განვრცობამ გამოიწვია.

პროექტი გადაგზავნილია რეგიონულ ფონდში დასაფინანსებლად. ნაწილი ჩვენი ბიუჯეტით, ნაწილი კი მათი ფინანსური დახმარებით უნდა გაკეთდეს. მის განსახორციელებლად თანხა 2019 წელს გამოიყოფა...
გურამ მელიქიძე

ახალციხის ვიცე-მერი წინუბნელებს ჰპირდება, რომ გზის პროექტი შეძენილია და 2019 წელს განხორციელდება, რომელსაც, დაახლოებით, 1 მლნ. ლარი დასჭირდება. რაც შეეხება სასმელ წყალს, გურამ მელიქიძის თქმით, წყალი ტექნიკური დანიშნულების არის და სასმელად არ გამოიყენება. ამ პრობლემის გადაჭრასაც თვითმმართველობა 2019 წელს გეგმავს.

„პროექტი გადაგზავნილია რეგიონულ ფონდში დასაფინანსებლად. ნაწილი ჩვენი ბიუჯეტით, ნაწილი კი მათი ფინანსური დახმარებით უნდა გაკეთდეს. მის განსახორციელებლად თანხა 2019 წელს გამოიყოფა. 6 სოფლის წყლის პროექტია გაკეთებული და მათ შორის არის წინუბანიც. ახლა თანხის მოძიებას ვცდილობთ, ამიტომ პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდში გვაქვს გაგზავნილი“, – ამბობს მელიქიძე.

ახალციხის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ წინუბნელებს იმ გზის პროექტი წარუდგინა, რომლის მოასფალტებასაც ითხოვენ. მელიქიძის თქმით, სამკილომეტრიანი გზა 900 ათას ლარამდე ჯდება, თუმცა მისი გაკეთება მომავალ წელს დაიწყება.

XS
SM
MD
LG