„შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი… ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, თუმცა არა უიმედო”, - განცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც თავად ესწრებოდა კომაში მყოფი ახალციხელი ექთნის სამედიცინო კონსილიუმს.
მულტიპროფილური გუნდის მსჯელობაში მონაწილეობდა ის ექიმიც, რომელმაც ადგილზე, ახალციხეში, კლინიკა „იმედში” აღმოუჩინა პირველი დახმარება, სავარაუდოდ, ანაფილაქსიურ შოკში ჩავარდნილ კოლეგას.
28 წლის მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს, საღამოს, ათის ნახევარზე კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა. კომაში იგი დილით, COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში ჩავარდა.
აცრა მან ჟურნალისტების თანდასწრებით 18 მარტს, დაახლოებით 12:15 სთ-ზე, გაიკეთა. ვაქცინაციის დასრულებისთანავე მეგი ბაქრაძემ სატელევიზიო ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ტელევიზიას და მოსახლეობას აცრების გაკეთებისკენ მოუწოდა.
„აუცილებელია ვაქცინაცია, უძლური ვართ მოსახლეობა ამ ვირუსის წინაშე და ამიტომ უნდა ავიცრათ, რათა გადავიტანოთ ეს ვირუსი ისე, რომ არ შეგხვდეს მძიმე ფორმებით. ეშინია მოსახლეობას, მაგრამ არაფერია საშიში, მოვუწოდებ ყველას, რომ აიცრან. აუცილებელია ამის გაკეთება და არაფერი ამაში საშიში არ არის“.
დაახლოებით ნახევარ საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ექთანი შეუძლოდ გახდა. ახლობლების თქმით, ახალგაზრდა ქალმა გონება დაკარგა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, კლინიკის ეზოში მისი ნათესავები შეიკრიბნენ და ოჯახის წევრის ნახვა მოითხოვეს. მას შემდეგ, რაც ახლობლები სამედიცინო დაწესებულებაში არ შეუშვეს, ნათესავებმა კლინიკის რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრიეს.
„ალერგიული აბსოლუტურად არაფერზე არ იყო, გუშინ გაუკეთეს ანალიზები და მისცეს რაღაც ტაბლეტი და მთელი დღე თავი სტკიოდა. ანალგინი დალია და დაიძინა. დილით ადგა, 10 საათზე ვარ ჩაწერილიო და წამოვიდა. თვითონ ექთანია და აქ მუშაობს. აბსოლუტურად არაფერი გადატანილი არ აქვს, არც ვირუსი ჰქონია. ყველა იკეთებს და მეც უნდა გავიკეთოო, თქვა. სრულიად ჯანმრთელი იყო, არაფერი აწუხებდა. რა მოხდა, სხვას არაფერს გვეუბნებიან“, - ამბობს მეგის დედამთილი მანანა კობახიძე.
თბილისიდან გამოძახებულმა კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ექთანი ახალციხიდან დაახლოებით საღამო 6 საათისთვის თბილისში წაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. იმყოფება ხელოვნურ ვენტილაციაზე. გემოდინამიკა არასტაბილურია. მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. ჩვენი პირველი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნეს პაციენტი გამოყვანილი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მომხდარს რეგულირების სააგენტო იკვლევს. სხვადასხვა საკითხთან ერთად უნდა დაზუსტდეს, რამ გამოიწვია ასეთი რეაქცია და გაუწიეს თუ არა კომაში ჩავარდნილ კოლეგას ექიმებმა სათანადო, პროტოკოლით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარება. ანაფილაქსიურ შოკზე, როგორც იშვიათ გვერდით მოვლენაზე აცრის და მათ შორის კოვიდის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ, ცნობილია და, შესაბამისად, არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები ამ ტიპის რეაქციის შემთხვევაზე.
„ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონიდან 41 იყო ანაფილაქსიის ტიპის გვერდითი მოვლენა, ამდენად, ეს არის ერთ-ერთი ცნობილი რეაქცია და მოგეხსენებათ, ვაქცინაცია არცერთ ქვეყანას ანაფილაქსიის გამო არ შეუჩერებია, მაგრამ ჩვენ ექსპერტების დასკვნას დაველოდებით და შემდეგ მივიღებთ ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მომხდარის შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტმა იმსჯელა 28 წლის ექთნის მდგომარეობის გამომწვევ მიზეზზე და საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი არ შეეჩერებინა.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა. 18 მარტის დილის მონაცემებით, სულ აცრილია ჯანდაცვის სფეროს 3054 წარმომადგენელი.