Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალგაზრდებს აინტერესებთ პოლიტიკა" - საქართველოში პირველი ღიად ფემინისტური და ქვიარ პარტია დაფუძნდა


მწვანე პარტიის დაფუძნების ცერემონია კლუბში "მტკვარზე"
მწვანე პარტიის დაფუძნების ცერემონია კლუბში "მტკვარზე"

საქართველოში პირველი ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკური პარტია შეიქმნა. მემარცხენე ცენტრისტული პარტია "მწვანეები" 27 ნოემბერს კლუბში "მტკვარზე" ფემინისტური და პოლიტიკური დრეგ პერფორმანსის თანხლებით დაფუძნდა.  

პარტიის დაფუძნების პროცესი 25-დან 35 წლამდე 15-მდე ახალგაზრდამ წამოიწყო, რომელიც ამჟამად 100-ზე მეტ წევრს აერთიანებს. პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, პერფორმანსსა და after party-ს 300-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის ქვიარ თემის წარმომადგენლები.

"მწვანე" პარტიის დაფუძნების ცერემონია კლუბში "მტკვარზე"
"მწვანე" პარტიის დაფუძნების ცერემონია კლუბში "მტკვარზე"

საქართველოს არჩევნების ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური პოსტისთვის ლესბოსელი კანდიდატი იბრძოდა, 2017 წლის არჩევნები იყო. მაშინ რესპუბლიკურმა პარტიამ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე იურისტი და აქტივისტი ნინო ბოლქვაძე წარადგინა. თუმცა ის საკრებულოში ვერ მოხვდა.

რატომ გადაწყვიტეს "მწვანეებმა" პოლიტიკაში წასვლა, ვისი მხარდაჭერის იმედი აქვთ და რატომ ფიქრობენ, რომ გამოხატავენ ქართული საზოგადოების ნაწილის პოზიციას - ამ და სხვა თემებზე რადიო თავისუფლებას ახალი პოლიტიკური პარტიის თანადამფუძნებელი 27 წლის თამარ ჯაყელი ესაუბრა.

თამარ ჯაყელი
თამარ ჯაყელი

მან განათლება ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი შვედეთში მიიღო. სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს და საზოგადოებრივ ეკოლოგიას ლუნდის უნივერსიტეტში. საქართველოში დაახლოებით 5 თვის წინ დაბრუნდა, როგორც თავად ამბობს - სამუდამოდ.

რატომ გადაწყვიტეთ, საზოგადოებრივი მოძრაობა პარტიად გარდაგექმნათ?

ჩვენ [საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანები" - რ.თ] რამდენიმე აქტივისტური ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ რაღაც ეტაპზე გავაანალიზეთ, რომ ძალიან რთულია როგორც აქტივისტმა მიაღწიო იმხელა წარმატებას, როგორც ეს შეიძლება პოტენციურად პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების უმეტესობა საზოგადოებისთვის ძალიან დიდი ნაწილის წუხილს ვერ ასახავს. ამას კვლევებიც აჩვენებს. საქართველოს მოქალაქეები ელიან ახალ, ფუნდამენტურად განსხვავებული დღის წესრიგის მქონე პარტიას.

რა თემები იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტია "მწვანეებისთვის"?

ევროპის მწვანე პარტიები, საიდანაც ჩვენ გვაქვს შთაგონება აღებული, არიან ძალიან პროგრესული, თანასწორობაზე ორიენტირებული პარტიები: ფემინისტური, ღიად ქვიარ ადამიანების მხარდამჭერი. საქართველოში მწვანეთა პარტიას, რომელიც ახლაც არსებობს ფორმალურად, ყოველთვის აკლდა ეს პროგრესული ხედვები. იყო მხოლოდ ეკოლოგებისა და გარემოსდამცველების პარტია. ჩვენ თანაბრად მნიშვნელოვნად ვთვლით იმას, რომ ეს პარტია იყოს როგორც ეკოლოგიური და კლიმატის საკითხებზე ორიენტირებული… ასევე, თანასწორობის საკითხები: ქალთა უფლებები, ქვიარ ადამიანების, შშმ პირთა უფლებები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დაცვა, სოციალური საკითხების წამოწევა. ორი მთავარი მიმართულება გვაქვს - გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები. "მწვანეები თანასწორობისთვის" - ეს არის ჩვენი სლოგანი.

ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წევრი მარკეტა გრეგოროვა "მწვანე" პარტიის დაფუძნების ცერემონიაზე შეკრებილებს მიმართავს
ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წევრი მარკეტა გრეგოროვა "მწვანე" პარტიის დაფუძნების ცერემონიაზე შეკრებილებს მიმართავს

რატომ ეს მიმართულებები?

[ქართველი] პოლიტიკოსების რაღაც ნაწილს საერთოდ არ სჯერა კლიმატის ცვლილების, არადა, ეს არის ჩვენი და მთელი მსოფლიოს მეცნიერების გადმოსახედიდან უმთავრესი პრობლემა, რაც ჩვენს და მომავალ თაობებს უდგას.

ასევე, არ არის პარტია, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს სოციალურ, ფემინისტურ, ლგბტქ ადამიანების მხარდამჭერ პოზიციებს. პარტიების დიდი ნაწილისთვის სულერთია, მაგალითად, სად დაბინავდება რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტი, ან როგორ იცხოვრებს პენსიონერი. ჩვენ გავაჟღერებთ ყველა ჩაგრულის ხმას, თუმცა ასევე ყოველთვის ვიტყვით, რომ ჩვენ თვითონ ვართ ქვიარ ადამიანები. მე თვითონ ვარ ღიად ქვიარი ქალი და ჩემი ხმა პოლიტიკაში არ ისმის და მინდა, რომ, პირველ რიგში, გულწრფელი ვიყო საკუთარ თავთან და არასდროს არ დავკარგო ეს პოპულიზმის სახელით.

დასაწყისში თქვენ თქვით, რომ მოიგეთ რამდენიმე აქტივისტური ბრძოლა, რომელ ბრძოლებს გულისხმობთ?

უმთავრესი გამარჯვება ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დიღმის ტყის კამპანია იყო. დიღმის ტყეში, 3 წლის წინ მთელი ზაფხული გვქონდა მასშტაბური კამპანია, სადაც რამდენჯერმე დავბანაკდით კიდეც. რამდენიმე ასეული ადამიანი მოვიდა, კამპანია იყო ონლაინსივრცეშიც. კომპანია "ანაგს" იქ დიდი სავაჭრო ცენტრი და უზარმაზარი რესტორანი უნდა აეშენებინა, რაც სრულად დაარღვევდა ადგილობრივ ლანდშაფტს… საპარკინგე ზონად გადაიქცეოდა ეს ტყე. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ფიზიკურად იქ დარჩენითა და აქციებით გავაჭიანურეთ ეს პროცესი და შემდეგ უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეაჩერა [მშენებლობა].

რა არ მოგწონთ დღევანდელ პოლიტიკაში? რაში ხედავთ ნაკლს?

პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი ქართველი ხალხის რეალობას დაშორებულია. ისინი არ დადიან საჯარო ტრანსპორტით, ისინი არ ცხოვრობენ სიღარიბეში, მათთვის სულერთია ის საკითხები, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ადარდებს. მე მგონი, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ხედავს, რომ პოლიტიკოსები არ არიან გულწრფელები და არ გამოხატავენ მათ რეალურ წუხილებს. ნაკლებია ახალგაზრდების ჩართულობა ფორმალურ პოლიტიკაში.

ახალგაზრდებს აინტერესებთ პოლიტიკა, უბრალოდ ვერ ხედავენ პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლა გამოხატავენ მათ წუხილებს. ვერ ხედავენ მათ შორის ახალგაზრდა პოლიტიკოსებს. კი, შეიძლება ახალგაზრდული ფრთა ჰქონდეს რომელიმე პარტიას ძლიერი, მაგრამ ბოლოს როდის გახსენდებათ, რომ 27 და 30 წლის ადამიანებმა დააარსეს პოლიტიკური პარტია სრულიად დამოუკიდებლად, მიწიდან ამოზრდილი დიდი ფულისა და ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე?

პოლიტიკური პარტია "მწვანეების" გუნდი. პარტიის ყრილობაზე "მწვანეების" აღმასრულებელი კომიტეტის წვრებად: 27 წლის თამარ ჯაყელი, 33 წლის თორნიკე კუსიანი და 35 წლის ნინო გოგოჭური აირჩიეს.
პოლიტიკური პარტია "მწვანეების" გუნდი. პარტიის ყრილობაზე "მწვანეების" აღმასრულებელი კომიტეტის წვრებად: 27 წლის თამარ ჯაყელი, 33 წლის თორნიკე კუსიანი და 35 წლის ნინო გოგოჭური აირჩიეს.

როგორ ფინანსდება თქვენი პარტია?

ჩვენ არ გვყავს არც ვინმე ბიზნესმენი, რომელიც გვაფინანსებს და არ გვყავს არც ვინმე ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც გვერდში გვიდგას. აქამდე ვიყავით არასამთავრობო ორგანიზაცია და ჩვენი მთავარი დამფინანსებელი იყო შვედეთის მწვანეთა პარტიასთან აფილირებული პოლიტიკური ფონდი. ახლა, როცა პარტიად გარდავიქმნებით, ჩვენ მოგვიწევს, რომ ვიპოვოთ პოლიტიკური დაფინანსება და ვთხოვთ ადამიანებს შემოწირულობებით დაგვეხმარონ. ჩვენი დამფინანსებლები იქნებიან სავარაუდოდ ის ადამიანები, ვინც იქნებიან ჩვენი ამომრჩევლები. ჩვენ ვიცით, რომ პარტიად გარდაქმნით, რა დაფინანსებაც გვაქვს ახლა, იმის დიდ ნაწილს ვკარგავთ, იმიტომ, რომ ოფიციალურად არ აქვს უფლება ბევრ ფონდს, რომ დააფინანსოს პოლიტიკური პარტია. ასე რომ, რეალურად ჩვენთვის ფინანსურად წამგებიან ნაბიჯს ვდგამთ ამ წუთას, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს და ეს ნაწილი ნამდვილად იქნება გამოსარკვევი, თუ როგორ შეგვიძლია მოვიზიდოთ ის რაღაც მინიმალური დაფინანსება, რომ ვაწარმოოთ მინიმალური კამპანია მაინც.

როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებს გამოხატავთ თქვენ?

ჩვენი სამიზნე ჯგუფი არის 16-დან 35 წლამდე ადამიანები, ქალები და ჩაგრული ჯგუფები, განსაკუთრებით ქვიარ ადამიანები… ასევე, გვინდა მხარი დავუჭიროთ, მაგალითად, მუშებს ჭიათურაში, უბრალოდ მათგანაც ველით სოლიდარობას. მხოლოდ მაშინ შევძლებთ მათ და მსგავსი ჯგუფების რეპრეზენტაციას, თუკი ჰომოფობიას გადალახავენ.

თქვენ აპირებთ მონაწილეობა მიიღოთ 2024 წლის არჩევნებში, გაქვთ პარლამენტში მოხვედრის იმედი?

ძალიან გაგვიხარდება, თუ [ამ არჩევნებზე] ერთ ადამიანს მაინც შევიყვანთ პარლამენტში. ძალიან რთული იქნება ის, რომ ეგრევე კანონპროექტები გავიტანოთ, თუმცა ჩვენ დავიწყებთ ქალების, ქვიარების, პროგრესული ადამიანების ხმების გაჟღერებას.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG