Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზია: გაფიცვისთვის მზადება სიტყვის თავისუფლების დასაცავად


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების აქცია. 2019 წლის დეკემბერი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების აქცია. 2019 წლის დეკემბერი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 90-მდე ჟურნალისტი, რომლებიც ალტერნატიულ პროფკავშირში არიან გაერთიანებული, მაუწყებლის მენეჯმენტთან კოლექტიურ დავას იწყებს. პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილმა მაუწყებლის ადმინისტრაციას დღეს ოთხი მოთხოვნის შემცველი განცხადებით მიმართა. თუ მენეჯმენტი ჟურნალისტებთან 21 დღის განმავლობაში ვერ მოილაპარაკებს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტთა ნაწილი გაიფიცება. მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ ოთხი საკითხიდან ორი მენეჯმენტმა უპირობოდ უნდა შეასრულოს:

„უპირობოდ უნდა აღდგეს საშტატო ნუსხაში შეტანილ ცვლილებებამდე არსებული სტატუსკვო. საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი და მოადგილე მაია მერკვილაძე უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილას და გაუქმდეს გადაწყვეტილებები მათი ამ თანამდებობებიდან ჩამოშორების შესახებ. ამის შემდეგ კი უნდა ვიმუშაოთ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნაზე“.

ალტერნატიული პროფესიული კავშირი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა იანვარში შექმნეს - მას შემდეგ, რაც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. ახლად არჩეული დირექტორი ჟურნალისტებმა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში დაადანაშაულეს და არაერთი საპროტესტო აქცია მოაწყვეს, ხოლო მას შემდეგ, რაც კოხრეიძემ ჯერ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძის შტატი გააუქმა და შემდეგ სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, პროფკავშირმა გაფიცვისთვის დაიწყო მზადება. როგორც მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, ჟურნალისტების შრომითი უფლებების უკიდურესი ფორმით დაცვა უპრეცედენტოა, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება სიტყვის თავისუფლების დაცვას:

„სტრესული გარემოა შექმნილი ტელევიზიაში. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს და მრჩეველთა საბჭოს. ადამიანები ვართ შიშით იმის მოლოდინში, რომ თავისუფალ სიტყვას შეგვიზღუდავენ. გვეშინია, რომ სამსახურიდან გაგვიშვებენ. ამას ემატება არაჯანსაღი სამუშაო პირობები. ამას ემატება კიდევ მოლოდინი იმისა, რომ ყოველ პარასკევს ახალი სპეცოპერაცია იქნება“.

„სპეცოპერაციას“ კი ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელი უწოდებს მაუწყებლის დირექტორ გიორგი კოხრეიძის მიერ გასულ პარასკევს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის, თანამდებობიდან მოულოდნელ გათავისუფლებას, რასაც იმავე საღამოს ჟურნალისტების მდუმარე აქცია მოჰყვა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „მთავარში“. ჟურნალისტებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით: „ტელევიზიაში სუსია“. გადაცემის წამყვანმა განმარტა, რომ ეს არის პროტესტი ბოლო ერთი თვის მანძილზე მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამო, რომელიც, მისივე თქმით, არის „შტურმი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და მასში დირექტორი გიორგი კოხრეიძე და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი, თამილა დოლიძე და სოსო სტურუა - მონაწილეობენ, რომლებიც პარტია „ქართული ოცნების“ წარდგენით არიან მაუწყებლის მრჩევლები“.

ჟურნალისტების პროტესტის მიუხედავად, იმავე საღამოს, დირექტორის გადაწყვეტილებით, საინფორმაციო სამსახურს ახალ რედაქტორად ტელევიზიის ერთ-ერთი ჟურნალისტი, ფირუზ ბოლქვაძე გაეცნო, რასაც მოჰყვა მასთან ჟურნალისტების სიტყვიერი დაპირისპირება. ისინი დღესაც უარს აცხადებდნენ მასთან საქმიან ურთიერთობაზე. მათგან ერთ-ერთი, თეონა ხარაბაძე, ამბობს, რომ საინფორმაციო სამსახურმა ორშაბათს დღის განრიგი ფირუზ ბოლქვაძის გარეშე დაგეგმა და ასე აპირებს მუშაობის გაგრძელებას:

„ფირუზ ბოლქვაძის მითითებებს არ შევასრულებთ, იმიტომ რომ მან გადააბიჯა პრინციპებსა და ადამიანებს. მასთან არსებობს კითხვის ნიშნები. ჟურნალისტების 90 %-ის განწყობა არის ასეთი, რომ მასთან ჩვენ თანამშრომლობას არ ვაპირებთ“.

თავად ფირუზ ბოლქვაძემ, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ახლად დანიშნულმა რედაქტორმა, თქვა, რომ საქმეს 3 მარტიდან შეუდგება. მისივე თქმით, მისი მთავარი მიზანია, ამ ვითარებაში არ დაზარალდეს არც საზოგადოებრივი მაუწყებელი და არც მაყურებელი:

„მე არ ვაპირებ ჩემს კოლეგებთან მუდმივ კონფრონტაციაში ყოფნას. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ ჩვენ ერთად არ ვიმუშაოთ - მით უმეტეს, რომ მრავალი წლის მანძილზე ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ნდობით აღჭურვილ სარედაქციო პოლიტიკას ერთად ვაყალიბებდით. თუ მათ აქვთ პრობლემა ჩემთან დაკავშირებით, ვურჩევ, რომ პერფორმანსების ნაცვლად მოამზადონ დასაბუთებული არგუმენტების წერილი მენეჯმენტის მისამართით, თუ რატომ არ უნდათ ჩემთან მუშაობა“.

აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილ ვითარებას უკიდურესად კრიზისულად მიიჩნევს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, გია ქარცივაძე. მისი აზრით, შექმნილი ვითარება იძლევა იმის საფუძველს, რომ მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს, მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადოს:

„ვერ ასრულებს პროგრამულ პრიორიტეტებს, არ ასრულებს ბიუჯეტს, თანამშრომლებს დევნის, დაუსაბუთებლად სამსახურიდან ათავისუფლებს. ამას დამატებული თანამშრომლების შანტაჟი. ჭორებზე და ტყუილზეა აგებული მთელი მისი მმართველობის სისტემა. ამ დრომდე ერთი დადებითი ინიციატივა არ წარმოუდგენია, ერთი პოზიტიური საკადრო ცვლილება არ განუხორციელებია. ოთხი თვე გადის და არაფერი არ გაუკეთებია. ვერ მართავს. პირიქით, აფუჭებს სიტუაციას“.

იმისათვის, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი მრჩეველთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგში დადგეს, ორი მრჩევლის თანხმობაა საჭირო, უნდობლობის გამოცხადებას კი ხუთი მრჩევლიდან, სულ მცირე, სამის ხმა სჭირდება. რეგიონალური მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში კი სამი წევრი - სოსო სტურუა, გიგა ჩხარტიშვილი და თამილა დოლიძე - „ქართული ოცნების“ კვოტითაა წარდგენილი; ერთი წევრი (გია ქარცივაძე) „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგინებითაა და ერთიც - დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით, რომელსაც თამარ წილოსანი წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG