„აშხარაცუიცი“ მეშვიდე საუკუნის სომხური ხელნაწერია. ის სომხეთის, საქართველოს, კავკასიის ალბანეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ისტორიულ გეოგრაფიასა და კარტოგრაფიაზე უნიკალურ ინფორმაციას შეიცავს. ამ მანუსკრიპტის მნიშვნელობაზე ჟურნალისტი მაირბეკ ვაჩაგაევი ესაუბრა გურამ გუმბას, რომელიც ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიოლოგიის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი და თვითაღიარებული აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელია.
- „აშხარაცუიცის“ რამდენი რედაქცია არსებობს?
- შემორჩენილია ორი: მოკლე და ვრცელი. ვრცელი მხოლოდ ერთი ხელწერილია, მოკლე კი - სამოცამდე.
- ჩრდილოეთ კავკასიის რომელი ხალხების შესახებ არის ინფორმაცია ამ ხელნაწერში?
- მასში კავკასიის თითქმის ყველა ხალხია ნახსენები. „ჩრდილოეთი კავკასია“ ან „სამხრეთი კავკასია“ ეს პირობითი ცნებებია, შედარებით თანამედროვე. კავკასიის მთავარი ქედი არასდროს იყო გასაყარი, ეთნიკური ან პოლიტიკური საზღვარი კავკასიის ხალხებისთვის. ერთი და იგივე ხალხი ჩრდილოეთ კავკასიაშიც ცხოვრობდა და სამხრეთშიც. თავად ამ განსაზღვრებას „ჩრდილოკავკასიელი ხალხი“ სამეცნიერო ლიტერატურაში არ გამოვიყენებდი.
- მაშინ მათ როგორ არჩევდნენ?
- „კავკასიელი ხალხი“, ტერმინოლოგია მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამბობთ, „კავკასიელი ხალხი“ და „ჩრდილოკავკასიური ენების ოჯახი“. ეს როგორ გავიგოთ? ამას რომ კითხულობ, გგონია, ეს ხალხი იქ მუდამ ცხოვრობდა, რაც არასწორია.
ადრე კავკასიური ენების ოჯახს იბერიულ-კავკასიური ერქვა. შემდეგ შემოვიდა ტერმინი „ჩრდილოკავკასიური ენების ოჯახი“. ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი აქვს. იბერიულ-კავკასიური და ქართველური ენების ჯგუფი ხშირად საერთოკავკასიურია. შემდეგ ქართველმა, რუსმა და დასავლელმა მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ კავკასიური ენების ოჯახი ცალკეა და კიდევ არის აფხაზურ-ადიღეური და ნახურ-დაღესტნური. ისინი ერთ ოჯახში გააერთიანეს. ახლა იმასაც ამბობენ, რომ აფხაზურ-ადიღეურიც ცალკე ენების ჯგუფია.
ცნობილმა ეთნოლოგმა სერგეი არუთუნოვმა შემოიღო ტერმინი „ძირძველი-კავკასიური ენები“. ეს ეხება ხალხებს, რომლებიც კავკასიის ძირძველი მოსახლეები არიან. ეს არის აფხაზურ-ადიღეური (კავშირშია ხათურ ენასთან) და ნახურ-დაღესტნური (კავშირშია ხურიტო-ურარტულ ენებთან) ენების ჯგუფები. ვფიქრობ, ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა კავკასიის ხალხების ენების აღსანიშნად.
როდესაც ვამბობთ, „კავკასიელი ხალხი“, მათაც ვგულისხმობთ, ვინც აქ რაღაც დროის მერე მოვიდნენ. თურქულენოვანი, ირანულენოვანი ტომები - ყარაჩაელები, ბალყარელები, ყუმუხები, ნოღაელები, ოსები - რა თქმა უნდა, ესენიც კავკასიელი ხალხია, რადგან მათი ეთნოგენეზი კავკასიაში ჩამოყალიბდა. მაგრამ, როდესაც ძირძველი-კავკასიური ენების ოჯახზე ვსაუბრობთ, ის ხალხები უნდა ვიგულისხმოთ, რომლებიც კავკასიაში გაჩნდნენ - ეს არის ხათურ-აფხაზურ-ადიღეური და ხურიტო-ურარტული-ნახურ-დაღესტნური ენები.
- რომელი ხალხებია ნახსენები „აშხარაცუიციში“?
- ეს არის უნიკალური წყარო, რომელიც დროის ორ მონაკვეთს ასახავს: ჩვ.წ.აღ.-მდე პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარს და ახალი წელთაღრიცხვის მეხუთე-მეშვიდე საუკუნეებს.
პირველ ნაწილში ძირითადად კავკასიაში არსებული პოლიტიკური სიტუაციაა მოთხრობილი. საუბარია იმ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებზე, რომლებიც მაშინ არსებობდა. იქ ნახსენებია ნახური გაერთიანება ცენტრალურ კავკასიაში, აორსები და აორსული გაერთიანება (აორსები არიან ირანულენოვანი ტომები, რომლებიც ჩვ.წ.აღ.-მდე ვოლგის დაბლობებზე ცხოვრობდნენ, იყვნენ მომთაბარეები, სარმატული ტომებიდან - რედ.). მაშინდელ ეპოქაზე ანტიკური წყაროები დიდ გავლენას ახდენდნენ: ამ წყაროების წარმოდგენით, მდინარე თერგი პირდაპირ კავკასიის ქედის ქვეშ მიედინებოდა. მათი წარმოდგენით, დაღესტანი კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში შედის. ეს რუკები ასახავს, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ანტიკურ ავტორებს კავკასიის ეთნოპოლიტიკაზე.
მეორე ნაწილს რაც შეეხება, იქ თითქმის ყველა ის ხალხია ჩამოთვლილი, რომელიც დღეს კავკასიაში ცხოვრობს. დასავლეთიდან დაწყებული, იქ არიან ქაშაგები, ჯიქები ანუ ადიღეური ხალხი, შემდეგ აფხაზები. ამ წყაროში პირველად გვხვდება სახელი, რომლითაც აფხაზები აფხაზეთს მოიხსენიებენ - აფსნი.
შემდეგ ცენტრალური კავკასია, აქ დაახლოებით ოცი ტომია ჩამოთვლილი. ტრაქტატის პირველ ნაწილში ნახების სახელმწიფო გაერთიანებაა ნახსენები, რომელსაც ნახჩიმატიანი ერქვა. ძველი აფხაზები და ძველი ადიღეელები მას მთავარი ტოტემის სახელს (მალხი) უწოდებდნენ, დაღესტნელები კი მესახს ეძახდნენ. ეს ჩვ.წ.აღ.-მდე პირველ ათასწლეულში ხდებოდა. მაგრამ უკვე ჩვენი ათასწლეულის შუაში, ამ გაერთიანების დაშლის შემდეგ, ის სახელწოდებები გვხვდება, რომლებიც, ჩემი აზრით, ნახურ ტომებს უნდა მივაკუთვნოთ. ასეთი უკვე ცამეტია, სტავროპოლიდან დაწყებული, ყუბანითა და ანდის ქედით დამთავრებული.
ამ დროს ნახურ ტომებთან ერთად გამოჩნდნენ ირანელი ხალხებიც. უკვე იმ დროს გაჩნდნენ ალანებიც და თურქული ტომებიც. ცენტრალური კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, თერგის აღმოსავლეთით უკვე საერთო სახელწოდებები გვხვდება, მაგალითად, ალანები და ძურძუკები. შემდეგ მოდის დაღესტანი, აქ ოცამდე ტომია ნახსენები.
- თქვენ ალანები ახსენეთ, რა წერია ამ წყაროში მათ შესახებ?
- პირველად ისინი ნახსენები არიან ცენტრალური კავკასიის დასავლეთით. მეორედ ალანური გაერთიანებები თერგის აღმოსავლეთით იხსენიება.
„აშხარაცუიცში“ ასახულია ორი პოლიტიკური გაერთიანება, რომლებიც ადრეულ შუა საუკუნეებში არსებობდა, დასავლეთალანური და აღმოსავლეთალანური. ტერმინი „ალანები“ აქ ეთნიკური მნიშვნელობით არ არის ნახსენები, არამედ პოლიტიკურით. იქ იყვნენ იასებიც და დიგორებიც, როგორც ორი ტომი, რომლებიც ერთ წარმონაქმნად ჩამოყალიბდა, ალანების სახელწოდებით. ანუ ეს კრებსითი სახელია ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ტომებისთვის.
ჩრდილოეთ კავკასიის დღევანდელი ხალხების ცალკეული წარომადგენლები, ყარაჩაელები, ბალყარელები, ოსები, ინგუშები და ნაკლებად ჩეჩნები - გამეტებით იბრძვიან ძველი ალანების მემკვიდრეობისთვის. ეს არაფერ კარგის მომასწავებელი არ არის. ასე ვიტყოდი: ალანები არც ოსები იყვნენ, არც ბალყარელები, არც ყარაჩაელები, არც ინგუშები და ჩეჩნები. მაგრამ ყველა ეს ხალხი ალანებია. ეს მათი საერთო სახელწოდებაა.
- თქვენი დისერტაცია ვაინახური ტომების ცხოვრების არეალს ეხებოდა ჩვ.წ.აღ.-მდე პირველი ათასწლეულიდან ჩვენს ერამდე. სომხეთის გეოგრაფიის რომელ ისტორიულ პერიოდში გამოჩნდა პირველად სიტყვა ქისტი, ნახჩმატიანი და ძურძუკი (ვაინახური ტომების ტერმინები)?
- ეს ტერმინები „აშხარაცუიცში“ უკვე არის. ისინი გამოიყენება ადრეულ შუა საუკუნეებთან მიმართებით, მეხუთე-მეშვიდე საუკუნეებში. ეს და სხვა ნახური ტერმინი ნახსენებია არა მხოლოდ „აშხარაცუიცში“, არამედ უფრო ადრეულ წყაროებშიც. იგივე ძურძუკები, ნახჩმატიანები და ქისტები მეხუთე საუკუნის სხვა წყაროებშიც გვხვდება, მაგრამ ამ ტერმინებს მეორე საუკუნის მოვლენების აღსაწერად იყენებენ.
ქისტები ურარტუს წყაროებშიც არიან ნახსენები, დღევანდელი ჩრდილო-დასავლეთ ყარაბაღის ტერიტორიაზე. საიდუმლო არაა, რომ იქ ადრე კავკასიური ტომები სახლობდნენ, მათ შორის, ნახური და დაღესტნური. იქ დღემდე შემორჩენილია ტოპონიმები და ეთნონიმები, რომლებსაც ნახურ და დაღესტნურ ტომებთან აქვთ საერთო.
მოვსეს ხორენაცი, სომხური ისტორიოგრაფიის მამა, წერს მოვლენებზე, რომლებიც ჩვ.წ.აღ.-მდე მეოთხე საუკუნეში მოხდა და ხმარობს ტერმინს „ქუსტი“, „ქისტის“ მნიშვნელობით. სწორედ აკადემიკოსმა ერემიანმა მიმაქცევინა ყურადღება, რომ ქუსტები ის ქისტები არინ, რომლებსაც „აშხარაცუიცში“ ახსენებენ. იგივე შეიძლება ითქვას ნახჩიმატიანსა და ძურძუკებზე, რომლებიც სხვა წყაროებშიც გვხდება. ამ რუკებზე, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოქვეყნდა სომხურ ენაზე, ნახჩიმატიანი ტბა ვანთან არიან. ასევე რამდენჯერმე გვხვდება ტერმინი „ნახჩავანი“. არის ერთი სომხური წყაროც, რომელიც ჩამოთვლის რა სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებს, ახსენებს „ნახჩერს“, ეს ჩვ.წ.აღ.-მდე პირველ ათასწლეულში ხდება.