ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ორი რუსთაველი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობასთან 25 თებერვალს, პროცესის დაწყების წინ, საპროტესტო აქცია გამართეს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით.
არჩილ ანთიძე და გოდერძი მახარაშვილი 9 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან რუსთავში, რუსთაველის ქუყჩაზე, ძვირად ღირებული ავტომობილის ქურდობის მცდელობის ბრალდებით. ისინი 2018 წლის 28 მაისს დააკავეს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გივი შანიძემ, განაცხადა, რომ პროკურატურას არ გააჩნია არავითარი მტკიცებულება დაკავებულთა წინააღმდეგ.
„რიგითი მოქალაქეები ვართ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ჩვენ ვითხოვთ დაკავებულთა უპირობო გათავისუფლებას“, თქვა გივი შანიძემ.
პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ეკავა პლაკატი: „მოსამართლევ, გამოიტანეთ სამართლიანი და ობიექტური განაჩენი!“
სასამართლო პროცესის წინ პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა განაცხადა, რომ პროკურატურა ითხოვს ორივე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას სს კოდექსის 177 მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ქურდობის მცდელობას.
„საგამოძიებო უწყებას აქვს მოწმეთა ჩვენებები, ნაწილობრივი მტკიცებულებები“, თქვა პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა.
ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ ანთიძის ადვოკატის, შორენა ბაღაშვილის მტკიცებით, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულთა შემხებლობა ავტომობილთან არ დასტურდება. ასევე წინააღმდეგობაშია საქმეში ჩართული გამომძიებლისა და ექსპერტკრიმინალისტის ჩვენება.
„დღეს დაცვის მხარეს გადმოეცა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც [ავტომობილზე] აღებული [ბრალდებულთა] სუნის ნიმუში, ოდოროლოგიური ნიმუში, ადასტურებს, რომ არჩილ ანთიძე და გოდერძი მახარაშვილი არ შეხებიან „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს“, თქვა ადვოკატმა შორენა ბაღაშვილმა.
ადვოკატები ბრალდების მხარის ყველა მოწმის ჩვენების გადმოცემას ითხოვენ.