ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა დღეს შეწყვიტა ერთკვირიანი შიმშილობის აქცია. თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა 2 ივლისს დაიწყო მისი უფლებების ხელყოფისადმი პროტესტის ნიშნად და სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანადგომის მოსაპოვებლად. მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში მის ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა, გამოხმაურება კი მხოლოდ სახალხო დამცველისა და ჟურნალისტებისგან იყო. ამბობს, რომ მისი საქმეების განხილვაც სასამართლოში კიდევ დიდხანს არ დაიწყება.
„თავიდან როცა გადავწყვიტე დაწყება, მაშინვე განვაცხადე, რომ ერთკვირიან გამაფრთხილებელ აქციას ვიწყებ. ამ ხნის განმავლობაში ვერ ვიტყვი, რომ რამე შეიცვალა და რაღაც იმედი გამიჩნდა. ჟურნალისტები ყურადღებით ხართ, საზოგადოება, რიგითი ადამიანები. ამათ გარდა არაფერი არ შეცვლილა. მე ვფიქრობ, პირველი სასამართლო პროცესი ჩემს საქმეზე, ალბათ, სექტემბერში გაიმართება. ასეთი პირი უჩანს და საუბრებიდანაც ასე ჩანს“.
ეს არის პროტესტი იმ დუმილზე, რასაც ეს თვეები ვხედავ ჩემი მისამართით. ეს არის პროტესტი იმისთვის, რომ მივიქციო ყურადღება, რომ ვარ თავისუფლებაშეზღუდული. ჩემ მიმართ ყოველ წუთს ირღვევა თავისუფალი გადაადგილების, სამართლიანი სასამართლოს უფლებები.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პროკურატურა თამარ მეარაყიშვილს ბრალად სდებს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ. სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ყველა ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, აკრძალული აქვს ოკუპირებული რეგიონის დატოვება. თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ყველა საქმე გაყალბებულია და 11 თვეა, მისი უფლებები ფეხქვეშ ითელება. სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, დე ფაქტო პროკურატურა არ ჩქარობს სასამართლოში საქმის გაგზავნას და, გაგზავნის შემთხვევაშიც, პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ მორალური ზეწოლა და ყველა ფინანსური რესურსი ამოუწურონ. სწორედ ამის გამო მიმართა მეარაყიშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას:
„ეს არის პროტესტი იმ დუმილზე, რასაც ეს თვეები ვხედავ ჩემი მისამართით. ეს არის პროტესტი იმისთვის, რომ მივიქციო ყურადღება, რომ ვარ თავისუფლებაშეზღუდული. ჩემ მიმართ ყოველ წუთს ირღვევა თავისუფალი გადაადგილების, სამართლიანი სასამართლოს უფლებები. გამუდმებული თავის ტკივილები მაქვს, უძილობა. ბოლოს და ბოლოს, ამდენი სტრესის მერე მე არ ვიცი, რა შეიძლება კიდევ აღმომაჩნდეს. ვითხოვ ყურადღებას, თუნდაც ფეისბუკაქცია იყოს, რომ თამარას თავისუფლება აქვს შეზღუდული, თამარას სჭირდება ადვოკატის მუდმივი მომსახურება, თამარას სჭირდება წამალი და ასე შემდეგ“.
შემაშფოთებელია, რომ სამოქალაქო აქტივისტს უწევს ასეთ უკიდურეს ზომას მიმართოს, როგორიც არის შიმშილობა და ეს მიუთითებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება საერთოდ არანაირი ადამიანის უფლებების სტანდარტებით არ ხელმძღვანელობს.
თამარ მეარაყიშვილის საქმე ცნობილია საქართველოს სახალხო დამცველისთვის. მეარაყიშვილის პრობლემისთვის საერთაშორისო ყურადღების მისაქცევად ომბუდსმენმა ის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრიზზეც წარადგინა. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელ მედეა ტურაშვილის ინფორმაციით, საქმის კურსში ჩაყენებული არიან უცხოელი დიპლომატებიც და მის დასახმარებლად ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება, თუმცა, ტურაშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური არხების გამოყენებით უნდა გაააქტიუროს მცდელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თამარ მეარაყიშვილის უფლებების დასაცავად. გარდა ამისა, ტურაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურამაც უნდა გაააქტიუროს გამოძიება, რომელსაც ის უკვე აწარმოებს მეარაყიშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ზეწოლის ფაქტზე:
„შემაშფოთებელია, რომ სამოქალაქო აქტივისტს უწევს ასეთ უკიდურეს ზომას მიმართოს, როგორიც არის შიმშილობა და ეს მიუთითებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება საერთოდ არანაირი ადამიანის უფლებების სტანდარტებით არ ხელმძღვანელობს. სახალხო დამცველმა უკვე შეაფასა თამარ მეარაყიშვილის მდგომარეობა, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მასზე ზეწოლა, რათა მან შეწყვიტოს კრიტიკა და სულაც დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი. ალბათ, კარგი იქნება მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაააქტიუროს თავისი მცდელობა მოლაპარაკების პროცესში, მათ შორის დიპლომატიური არხების გამოყენებით, რომ კიდევ ერთხელ დააყენოს თამარ მეარაყიშვილის საქმე მათთან. ასევე ვფიქრობ, კარგი იქნება საქართველოს პროკურატურამაც გაააქტიუროს გამოძიება, რომელსაც ის უკვე აწარმოებს მეარაყიშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ზეწოლის ფაქტზე“.
ყოფილი სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა მეარაყიშვილის დასაცავად. მას უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ეს არ გამართლდა. მისი თქმით, თამარ მეარაყიშვილი, დიდი ხანია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნის ობიექტია და პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მას ლოგიკური საფუძველი ჰქონდა:
„დღეს ჩვენ უკვე იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ მას, პროტესტის უკიდურესი საშუალების გარდა, სხვა არაფერი დარჩენია იმისთვის, რომ იმ უმძიმეს მდგომარეობაზე მიაპყროს ყურადღება, რაზეც, წლებია, უკვე ვსაუბრობთ. რეალურად მას რაიმე განსაკუთრებული მხარდაჭერა არ უგრძვნია. უფრო მეტის მოლოდინი მქონდა მე პირადად სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და იქ ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურის, სამოქალაქო აქტივისტის უსაფრთხოებასა და მის უფლებაზე. თუკი მისი უფლებები ვერ დავიცავით, მაშინ რაზეა, ჰო, საუბარი, საერთოდ“.
თამარ მეარაყიშვილი სოციალური ქსელებით მუდმივად წერს ახალგორში შექმნილი პრობლემების, ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობის, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და კორუფციის ფაქტების შესახებ, რის გამოც გახდა ის, მისი აზრით, დე ფაქტო ხელისუფლებისთვის მიუღებელი და მისი დევნა, თითქმის ერთი წელია, გრძელდება.