Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილმა ცხინვალში ერთი სასამართლო პროცესი წააგო


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა ცხინვალის სასამართლოში ერთი პროცესი წააგო, ამის შესახებ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას თავად აცნობა. დღევანდელი საქმე ეხებოდა თამარ მეარაყიშვილის სარჩელს დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ, სადაც ის მოტივირებულ წერილს და არგუმენტებს ითხოვდა, სხვა საქმესთან დაკავშირებით. პროკურატურა მას საბუთების გაყალბებას და უკანონო გზებით პასპორტის მიღებას ედავება. ამ საქმის გამო სწორედ არგუმენტებს და ახსნას ითხოვდა მეარაყიშვილი, იმის გამო, თუ რატომ უნდა აღძრულიყო მის წინააღმდეგ საქმე. ეს პროცესი 25 ივნისს უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი კვირით პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე კი პროკურატურამ შესაბამისი წერილი წარადგინა, რომელიც თითქოს უკვე გაეგზავნა მეარაყიშვილს, მაგრამ მას ეს არ მიუღია. როცა მეარაყიშვილმა ამის დადასტურება მოითხოვა, პროკურატურამ ფოსტის ცნობაც მიიტანა, რომ თითქოს ეს მოტივირებული წერილი მას 29 ივნისს გაეგზავნა. მეარაყიშვილი მიიჩნევს, ეს წერილი მასთან რომ თავის დროზე მისულიყო, აღარ გაასაჩივრებდა. დღეს მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და მეარაყიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მეარაყიშვილის თქმით, ამ საქმის წაგება არაფერს ცვლის და ძირითადი ბრძოლა ორ საქმეზე მიმდინარეობს. პროკურატურა მას ბრალს საბუთების გაყალბებაში და მმართველი პარტიის მიმართ ცილისწამებაში სდებს. სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ყველა საქმე შეთითხნილია და პოლიტიკური სარჩული უდევს, რადგან მისი აქტივიზმი დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას აღიზიანებს. დღესვე თამარ მეარაყიშვილმა საპროტესტო შიმშილობის აქცია დაიწყო საერთაშორისო და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღების მისაქცევად.

XS
SM
MD
LG