Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი ლიფტების უსაფრთხოებას შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან


„ეს იყო საავარიო დაშვება, ჩაწყვეტა არ ყოფილა ნამდვილად. ზედმეტი წონა იყო და მეთერთმეტე სართულიდან საავარიო დაშვება გაკეთდა. სამი ადამიანი იყო და ძალიან ბევრი ტვირთი. არ უნდა შესულიყვნენ, მაგრამ მაინც იმგზავრეს“, - უყვება რადიო თავისუფლებას ბათუმში, პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების გადაკვეთაზე ახლადაშენებულ, 16-სართულიან კორპუსში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი.

„რომ ჩაწყვეტილიყო და ჩამოვარდნილიყო, ვინმე ცოცხალი გადარჩებოდა?!“ - დასძენს ამავე კორპუსში მცხოვრები შუახნის მამაკაცი. კორპუსის მცხოვრებნი უარყოფენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლიფტი შახტში ჩავარდა და ამბობენ, რომ ერთ-ერთ მიბინადრეს ლიფტით სამშენებლო მასალები გადაჰქონდა.

14 იანვარს მომხდარი ამ შემთხვევის დროს სატვირთო ლიფტში მყოფი სამი ადამიანიდან ექიმების დახმარება ორს დასჭირდა მსუბუქი დაზიანების გამო.

ლიფტის ავარიული დაშვების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რომელიც ეხება სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, კომპანია „ნევ ბათ ჯგუფის“ მიერ აშენებული ეს კორპუსი, სადაც ბინების მფლობელი ოჯახების უმრავლესობა უკვე შესახლებულია, ბათუმის თვითმმართველობას ექსპლუატაციაში ჯერ არ მიუღია. ამასთან, ლიფტის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი კომპანიას წარდგენილი აქვს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. 14 იანვარს მომხდარ შემთხვევას ეს უწყებაც სწავლობს. საქართველოს კანონმდებლობით, სამშენებლო კომპანიებმა სამინისტროს უნდა წარუდგინონ ექსპერტული დასკვნა ლიფტის უსაფრთხოებისა და გამართული მუშაობის შესახებ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ დიასამიძე გვეუბნება, რომ ამ კომპანიისგან მიღებული აქვთ ყველა შესაბამისი დოკუმენტი და სერტიფიკატი, რომელიც რეგისტრირებულია სამინისტროს უწყებრივ რეესტრში: „მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი განყოფილების თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ ვითარებას და ამ ეტაპზე შესწავლა მიმდინარეობს და გამომწვევი მიზეზების დადგენა. ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა სამართლებრივი პროცედურები განხორციელდება“.

შენობის ინსპექტირებასთან დაკავშირებით მერიაში შეტანილი გვაქვს დოკუმენტაცია. ზუსტად არ ვიცი, დამატებით მოითხოვა თუ არა რამე მერიამ.
დავით ლომინაძე


სანქცია კი შესაძლოა, იყოს ჯარიმა ან სიტყვიერი გაფრთხილება. ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წელს აჭარის ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტრომ ბათუმში ლიფტების უსაფრთხოება 18 შენობაში შეამოწმა. ორს ფულადი ჯარიმა დააკისრეს, ხუთს კი სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ავარიული დაშვების მიზეზად მის გადატვირთულობას ასახელებენ სამშენებლო კომპანია „ნევ ბათ ჯგუფშიც.“ გაყიდვების მენეჯერის, დავით ლომინაძის ინფორმაციით, სატვირთო ლიფტით, სადაც გამოკრულია გაფრთხილება, რომ 650 კილოგრამზე მეტის გადატანა დაუშვებელია, „დიდი რაოდენობით კაფელი და მეტლახი გადაჰქონდათ“. ლომინაძის თქმით, ლიფტმა, რომელსაც ტექნიკური ინსპექტირება გავლილი აქვს, დაშვებულზე მეტ ტვირთს ვერ გაუძლო.

მერიის პასუხისმგებლობა კი ამ შემთხვევაში არის პროექტის ნორმების მიხედვით გაცემა და იმ პროექტის შესაბამისად აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება.
ირაკლი მოქია


რაც შეეხება ახლადაშენებული საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებას, დავით ლომინაძე გვეუბნება, რომ მერიას უკვე მიმართეს: „შენობის ინსპექტირებასთან დაკავშირებით მერიაში შეტანილი გვაქვს დოკუმენტაცია. ზუსტად არ ვიცი, დამატებით მოითხოვა თუ არა რამე მერიამ“.

ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში კი აცხადებენ რომ კომპანიას, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სახლის ექსპლუატაციაში მისაღებად ჯერ არ მიუმართავს, მშენებლობისთვის გათვალისწინებული ვადები კი დასრულებული არ არის. რაც შეეხება, ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში შესახლების ფაქტებს, მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ირაკლი მოქია გვეუბნება, რომ ეს მენაშენესა და ბინის მფლობელს შორის მოსაგვარებელი საკითხია: „მყიდველსა და გამყიდველს შორის როცა ხელშეკრულება დგება, იქ მითითებულია თარიღი და პერიოდი როდის ჩაააბარებს მენაშენე ობიექტს ექსპლუატაციაში და იქვე არის ერთ-ერთ მუხლად პირგასამტეხლო, რომლის შემთხვევაში მენაშენე ვალდებულია გადაუხადოს პირგასამტეხლო თითოეულ დღეზე, რამდენი დღეც არ იქნება ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებული. მერიის პასუხისმგებლობა კი ამ შემთხვევაში არის პროექტის ნორმების მიხედვით გაცემა და იმ პროექტის შესაბამისად აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. სხვა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მერიას არ გააჩნია“.

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი რამიშვილი კი გვეუბნება, რომ სანამ სახელმწიფო ორგანო, ამ შემთხვევაში კი, ზედამხედველობის ფუნქციის მქონე მუნიციპალური სამსახური შენობას ექსპლუატაციაში არ მიიღებს, მისი ნებისმიერი სახით გამოყენება კანონდარღევაა: „სანამ სახელმწიფოს მიერ არ მოხდება მზადყოფნის აღიარება მისი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, ასეთი ობიექტის ექსპლუატაცია ნებისმიერი ფრომით არის აკრძალული. თუნდაც, სამშენებლო ღობე მოხსნილი იყოს, ან ეზო კეთილმოწყობილი. ლიფტი, მილგაყვანილობა, გაზი და ა.შ. ყველაფერი უნდა იყოს შემოწმებული და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა არსებობდეს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს ექსპლუატირებული. მანამდე კი ერთი მოსახლის შესვლაც არ შეიძლება. მანამდე მხოლოდ სამშენებლო და ზედამხედველობის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ ასეთ ობიექტზე ყოფნა და ისიც უსაფრთხოების წესების დაცვით“.

XS
SM
MD
LG