„წეღან ერთი ქალბატონი ძლივს დავარწმუნე, რომ აცრა არის უფასო, - მეუბნება ფოკი ფაჩულია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს, გასცეს პასუხი აცრებთან დაკავშირებულ კრიტიკულ კითხვებს, - ოჯახის წევრებზე, მეზობლებზე, ერთიანად მოიწერა და ბოლოს, რა ღირს აცრაო. სრული შოკი მქონდა...”
შარშან ნოემბერში, ფოკიმ და მისმა თანამოაზრეებმა წამოიწყეს საქველმოქმედო კამპანია „ზამთრის მარაგი”. ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვებს და თანხას უგროვებდნენ. ახლა ონლაინშეხვედრები დაიწყეს, მოსახლეობას კოვიდაცრის მნიშვნელობაზე ელაპარაკებიან და შემდეგ აკეთებენ ფეისბუკვიდეოებს.
რატომ გვყავს ასე ცოტა აცრილი? მისი დაკვირვებით, ზოგს სიღარიბე უშლის, ზოგს შიში, ზოგს ცრურწმენები. ვიღაცას კი უბრალოდ ჰგონია, რომ აცრა მისთვის არ არის. მაგრამ ყველას საერთო გასაჭირი აქვს - მათ ყოყმანს სერიოზულად თითქმის არავინ ეკიდება. ვიღაცები ამუნათებენ, ვიღაცები კი ეჭვებით სპეკულირებენ.
„გვყავს 4375 ოჯახი ბენეფიციარი. აღმოჩნდა, რომ [მათთვის] სულ ერთია, მოკვდებიან თუ არა… სხვა პრობლემები აქვთ. მათთვის უფრო პრიორიტეტულია კვების ნაწილი, მედიკამენტები და მსგავსი ტიპის დახმარებები. ეს საინფორმაციო ჩართულობა, ექიმებთან საუბარი, შეხვედრები… მათ არ აინტერესებთ”.
პირველი ნაბიჯი ხშირად ძალიან რთულია - სანამ მოწვეული ექიმები ადამიანებს უახსნიან, რატომ უნდა აიცრან, ჯერ იმის დასაბუთება უწევთ, რომ პანდემია რეალურია. ფოკი ამბობს - ირგვლივ ადამიანები იღუპებიან, ზოგი კი დღემდე ვერ გრძნობს საფრთხეს, იმიტომ „რომ საფრთხეებზე არავინ ესაუბრებათ, არავინ უხსნით, როგორ მოიქცნენ”.
ზოგისთვის ცხადზე ცხადია - თუკი აქამდე კორონა არ დაემართა, ესე იგი მომავალშიც არ დაემართება. ეს ადამიანები იმუნიტეტს ლიმონით, ნივრით და ჭაჭით იკაჟებენ. ექიმებს მათთვის ცუდი ამბავი აქვთ - ძლიერი იმუნიტეტი კორონავირუსისგან არ დაიცავთ.
ექიმები და აქტივისტები ადამიანებს არწმუნებენ, რომ მათ არავინ იყენებს საცდელ ბაჭიებად, რომ აცრა არ იწვევს უშვილობას, და რომ აცრიდან 45 წუთის გავლის შემდეგ ანაფილაქსიური შოკის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. გაცილებით რთული ასახსნელია, თუ რისგან შედგება თითოეული ვაქცინა.
„[ანოტაციები] კი დაიდო, მაგრამ მათ მოქალაქე ვერ გაიგებს, ამ ანოტაციებს. ჩვენც ექიმებთან ერთად წავიკითხეთ… ანოტაცია იმას ხო არ ნიშნავს, რომ ჩვენს ენაზე წერია… რაღაც სამედიცინო ტერმინებია, საერთოდ აზრზე არ ვართ”, - ამბობს ფოკი.
ზოგჯერ სრულიად მოულოდნელი ახსნა-განმარტებების გაკეთებაც უწევთ.
„გუშინ დავარეგისტრირე ერთი შშმ პირი, თავისი ოჯახით. იმ ოჯახში სამი შშმ პირია. საგარეჯოდან არიან… ეს ოჯახი მაგალითად სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მათთვის არ შეიძლებოდა აცრა, რახანაც შშმ პირები არიან”.
ფოკის გამოცდილება ასახულია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარებულ კვლევებში. მათი შედეგების თანახმად, ვაქცინის გაკეთების თაობაზე ხშირად მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლები ყოყმანობენ.
საინფორმაციო ვაკუუმი
ფოკის არ მოსწონს, რომ ხელისუფლების გასაკეთებელ საქმეს აკეთებს. ამჟამად ქუთაისშია და როგორც ჰყვება, ქალაქის ცენტრში ვაქცინაციის შესახებ ერთი ბანერიც კი არ უნახავს.
სახელმწიფოს საინფორმაციო კამპანია? ის პრაქტიკულად არ გვაქვს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ხელისუფლების შეცდომების ათვლის წერტილს იგი ვაქცინაციის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ხედავს.
ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, „ქვეყანაში არ მიმდინარეობდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ეპიდემიის თაობაზე და რატომ იყო საჭირო პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება სათანადოდ”, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისივე თქმით, ხელისუფლებამ სათანადოდ არც იმაზე იზრუნა, რომ მოქალაქეებს გაეაზრებინათ: „ვაქცინაცია სწორედ სიკვდილისგან გვიცავს, ანუ კი გვიცავს ნაწილობრივ გადადებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან, მაგრამ ყველაზე დიდი დაცვა რისგანაც არის - სიკვდილიანობისგან”.
ამ საინფორმაციო ვაკუუმის ამოვსება ძალიან მნიშვნელოვანი რომაა, დარწმუნებულია მაია ქურციკიძეც, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელია. იგი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ UNICEF-ი საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავს და ამ შეხვედრების შემდეგ ადამიანები იცრებიან.
„როდესაც ადამიანებს უშუალოდ აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ კომპეტენტურ ადამიანებს და მიიღონ პასუხები თავიანთ კითხვებზე, ეს ძალიან კარგად მუშაობს. და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ ხულოში, როდესაც 30 მასწავლებლის ნაცვლად აიცრა 100-ზე მეტი მასწავლებელი. მთლიანად კი, ქედა-შუახევში და ხულოში ერთ დღეში 200-ზე მეტი მარტო მასწავლებელი აიცრა”.
რატომ ვერ ვითვლით კუბოებს?
„ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა?! დავრჩეთ სახლში“, - 2020 წლის 16 აპრილს, ასე არწმუნებდა პაატა იმნაძე ადამიანებს, არ მისულიყვნენ სააღდგომო წირვაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ღელავდა - იმ დღეს, სრული ლოკდაუნის პირობებში, კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან სამი ადამიანი იყო გარდაცვლილი.
2021 წლის 6 აგვისტოს კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა. Ourworldindata-ს თანახმად, უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში, მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. აცრილი ადამიანების პროცენტული წილით კი, ბოლოდან მესამე: სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 4.6%, სანახევროდ - 5.5%.
დიალოგი, რომელიც მუშაობს
როგორ აქარწყლებენ ეჭვებს? „ჩვენი მეთოდი არის ჩაძიება”, - პასუხობს ფოკი. მისი თქმით, თუკი ვინმე ამბობს, რომ მისი ნაცნობი აცრით გარდაიცვალა, ცდილობენ გაარკვიონ, როგორ და რატომ მივიდა ამ დასკვნამდე.
„მერე აღმოჩნდება, რო ეს ადამიანი არ არსებობს, ან გვიყვებიან მოყოლილის მოყოლილის მოყოლილს. ამას იმიტომაც ვაკეთებთ, რო სხვას აღარ მოუყვეს”, - ამბობს ფოკი და განმარტავს, რომ კამპანიის ფარგლებში სკეპტიკოსებს დიალოგს სთავაზობენ.
„ამ ხალხს თუ აუხსნი, თუ ეჭვებს გაუფანტავ, თუ პლატფორმას მისცემ, სადაც თავიანთ შიშებს გადმოაფრქვევენ… ყოველთვის ვთხოვთ, რომ ეს, რაც იციან უარყოფითი დასასრულები, მოყვნენ რაც შეიძლება დეტალურად, ხმამაღლა… დიალოგის შემთხვევაში, ამ ადამიანების უმრავლესობა (აბსოლუტურ უმრავლესობას არ ვამბობ) გონებაში აცრის საჭიროებას უკვე ხედავს”.
„ზამთრის მარაგი" ახლა რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს გეგმავს. ფოკი ამბობს - სახელმწიფოს დახმარებით კიდევ უფრო მეტი ადამიანის დარწმუნებას შეძლებდა, უშუალო მიდგომა გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე მოხელეების განცხადებები.
„კამპანიები გაცილებით მეტს აკეთებენ, ჩვენი დაკვირვებით, ვიდრე ამ სამი მუშკეტერის გამოსვლა და ხალხის დამუნათება, რო აი, თქვენ ხართ იდიოტები, თორე გვეშველებოდა. ეს ვერასდროს იმუშავებს”.
საკუთარი შრომის შედეგებს ახლა თავადვე იმკიან - მსურველებს აცრაზე არეგისტრირებენ, რადგან ზოგს გაჯეტი არ აქვს, ზოგმა კი არ იცის მისი გამოყენება. ამას ათი დღეა აკეთებენ და უკვე „ასზე მეტი” ადამიანი დაარეგისტრირეს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის თანახმად, აცრას მოსახლეობის 45% არ აპირებს.