„თავისი სურვილით და ნებით რომ არავინ მიდის, ეს თქვენც ძალიან კარგად გეცოდინებათ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აჭარის რეგიონში ერთ-ერთი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელმა ქალმა, რომელიც თბილისში მიემგზავრება „ქართული ოცნების“ მიერ 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის. საუბარია აქციაზე, რომელსაც მმართველი პარტიის ოფიციალური განმარტებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად მართავენ.
„ასე იყო ასლანის დროს და მიშას დროს... და ახლაც ასეა... მივეჩვიეთ ხალხი ამას და რა ვქნათ?!“ - თავს იმართლებს რესპონდენტი, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გავამჟღავნოთ. იმასაც გვეუბნება, რომ კარგი ურთიერთობა აქვს დაწესებულების დირექტორთან, რომელსაც თანამშრომლების მობილიზება დაავალეს, და არ სურს ხელმძღვანელთან ურთიერთობის გაფუჭება. ამ მიზეზით გვთხოვა, არ დავასახელოთ არც ორგანიზაცია, სადაც მასთან ერთად 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
კიდევ ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული მოქალაქე გვიყვება, რომ თანამშრომლების მობილიზება „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში დაგეგმილ აქციაზე სპეციალური სიებით ხდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი სახელოვნებო სკოლის დირიჟორი სალომე ცეცხლაძე გვეუბნება, რომ ხელმძღვანელი თანამშრომლებს აფრთხილებს, დედაქალაქში წავიდნენ. პირადად მისთვის თბილისში წასვლა არ შეუთავაზებია. სალომე ცეცხლაძე ვარაუდობს, რომ მიზეზი მისი სამოქალაქო პოზიცია, რადგან აქტიურად მონაწილეობს ქაოსური მშენებლობების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში: „თავდაპირველად თანამშრომელმა მკითხა, ვარ თუ არა სიაში. დავინტერესდი, რა სიაში უნდა ვიყო და რისი გაკეთება მომიწევს. ინფორმაცია მივიღე, რომ 14 დეკემბერს თბილისში შეკრებაზე მობილიზაციისთვის არსებობს თანამშრომლების სია. ჩემთვის არ უთქვამს ადმინისტრაციას... აქამდე არასოდეს ყოფილა, რომ ვინმეს სურვილი არ გამოეთქვა წასვლის. ვალდებულება, ჩემი აზრით, სავარაუდოდ, ექნებათ, რომ რახან მუშაობ და დასაქმებული ხარ, ამის გამო გქონდეს უნებლიე სურვილი აქციაზე წასვლის“.
ქობულეთის სახელოვნებო სკოლის დირექტორი ციალა კაკალაძე გვეუბნება, რომ წინასწარ შედგენილი სიები ორგანიზაციაში არ აქვს, თუმცა, თანამშრომლებს შესთავაზა, როგორც თავად უწოდებს, „ევროკავშირისადმი“ მიძღვნილ აქციაზე წასვლა: „5-6-მა ჩემი სკოლიდან გამოთქვა სურვილი და რაიონებიდან, მართალი გითხრათ, არ ვიცი. მე, უბრალოდ, გამოვაცხადე და, ვისაც სურვილი აქვს, წავა. მე მაგის ორგანიზებას აღარ ვაკეთებ. ვისაც უნდა, წავა, ვისაც არ უნდა, არ წავა, პრობლემა არ არსებობს. მე არც ვაძალებ და არც ვთხოვ. თუ სურვილი ექნებათ, გავაკეთებ სიას და წარვადგენ“.
„ქართული ოცნების“ მიერ 14 დეკემბერს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე წასვლა-არწასვლის საკითხს ბათუმში აქტიურად განიხილავენ და ამის მიზეზი საჯარო მოხელეთა მობილიზების შესახებ გავრცელებული ცნობებია.
ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მასალკინი ფიქრობს, რომ ცხარე დისკუსია რეგიონის წარსულის გამოცდილებამ განაპირობა. ბათუმში დღემდე კარგად ახსოვთ ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ხალხის თბილისში წაყვანა კონტრაქციებში მონაწილეობის მიზნით და შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციებისთვის ბათუმელების, როგორც მასალკინი ამბობს, ძალადობრივი მობილიზება: „ამ რეჟიმმა ეს გააგრძელა, მაგრამ უნიჭოდ. ახლა იმდენად აგრესიულად არ ხდება, მაგალითად, ისეთ გამოსაჩენ ადგილებში, როგორიც უნივერსიტეტია, იმიტომ, რომ აქ ბევრი მოლაპარაკე თავია და შეიძლება ინფორმაციამ გაჟონოს. მაგრამ, აი, ქუჩაში რომ მივდივარ, კაცი ლაპარაკობს ტელეფონზე და მის წინ დგას ბრიგადირის მსგავსი ტიპი და იწერს გვარებს. „ხო მოდიხარ? ყველა მივდივართ. ჭამა-სმა მათზეა“, - ეს მოვისმინე ბათუმის ქუჩაში. მერე დამირეკა ახლობელმა და მითხრა ცნობილი ქართული ფრაზა: ნუ, რას იზამ, ყველა მიდის. იგი ერთ-ერთ საჯარო სამსახურში მუშაობს“.
საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს რომ თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ეპატიჟებიან, ამას არც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მალავს, თუმცა, აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღება ყველას თავისუფლად შეუძლია. აჭარიდან ბევრი ვიქნებითო, - ამბობს რიჟვაძე და დედაქალაქში დაგეგმილი შეკრების მიზეზსაც უსვამს ხაზს - ღონისძიება ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნებაო.
რაც შეეხება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა იძულებით წაყვანას, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს მოსთხოვა, ასეთი ადამიანები აჩვენონ: „ერთი ცოცხალი ადამიანი შეგიძლიათ მოიყვანოთ, ვინც ამბობს, რომ აიძულებენ, წავიდეს სადმე თავისი ნების საწინააღმდეგოდ. აბა, მომიყვანეთ და პირადად შევხვდები. ხომ არ შეიძლება, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდეთ მოარულ ხმებზე?! ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში და ყველა მოქმედებს ისე, როგორც ამას თვლის საჭიროდ“.
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ირწმუნება, რომ თბილისში დაგეგმილი აქციის შესახებ თანამშრომლებს მხოლოდ ინფორმაციას აწვდიან და ისინი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ. თავად მერმა, როგორც ამბობს, დიდი სურვილის მიუხედავად, ჯერ ზუსტად არ იცის, მოახერხებს თუ არა თბილისში გამგზავრებას: „რამდენჯერმე მკითხეს, ხომ არ არის ეს კონტრაქციაო. მე განვმარტავ, რომ არ არის. ვერ გეტყვით, რომ მიზანმიმართულად ხდება საჯარო მოხელეების მობილიზება. ადამიანებს ვაწვდით ინფორმაციას. ეს არის არასამუშაო დღე და, თუ სურვილს გამოთქვამენ, ჩავლენ თბილისში და მიიღებენ ღონისძიებაში მონაწილეობას“.
თბილისში გამგზავრებამდე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობა, სხვა რეგიონების მსგავსად, 12 დეკემბერს ბათუმშიც აღნიშნეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალ შენობასთან ევროპის საბჭოს, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები აღმართეს.